გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2019
საქმის ნომერი
210210118002259950
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210118002259950

საქმე №2/33-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06.03. 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე: ში----- გ--------

წარმომადგენელი: ნი----–---- თე--------–---–ი, ვა---– უნ------–---–ი;

მოპასუხე: ის----- კუ--------ი

წარმომადგენელი: და---- მე-----–---–ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სარჩელის მოთხოვნები:

 

1.1.მოპასუხე ის----- კუ--------ს მოსარჩელე ში----- გ--------ს სასარგებლოთ დაეკისროს 14 000 (თოთხმეტი ათასი ) ლარის გადახდა.

 

სარჩელის დასაბუთება

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 2015 წლის ოქტომბრის თვეში 14 000 (თოთხმეტი ათასი) ათასი ლარი უპროცენტო სესხად გადასცა თავის დეიდაშვილს ის----- კუ--------ს, რომელსაც ეს თანხა უნდა დაებრუნებინა ერთი თვის განმავლობაში. თანხის გადაცემა მოხდა თანასოფლელის რო---– გ--------ს საცხოვრებელ სახლში. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა სესხად გადაცემული თანხა მოპასუხემ მას არ დაუბრუნა და ითხოვს ამ თანხის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის არც ზეპირად და არც წერილობით სესხის ხელშეკრულება არ დადებულა და შესაბამისად, არ გააჩნია მოსარჩელის რაიმე სასესხო დავალიანება. მანვე განმარტა, რომ მითითებული თანხა მოსარჩელემ სესხად გადასცა ალ------ მა-------ს, რომელმაც სანოტარო წესით აღიარა მოსარჩელის ვალი 14 000 ლარის ოდენობით და ამის თაობაზე შედგენილი იქნა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ. ვალის აღიარების ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ში----- გ--------ს განცხადების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება ალ------ მა-------ოვის მიმართ და ამავე თანხაზე მოსარჩელე ითხოვს თანხის დაკისრებას მოპასუხეზე.

 

მოწმეთა ჩვენებები:

 

მოწმეების სახით დაკითხულებმა რა---- გა------მა და რო---– გა------მა განმარტეს, რომ დაახლოებით 2015 წელში რო---– გ--------ს საცხოვრებელ სახლში მოსარჩელემ თანხა გადასცა ის----- კუ--------ს, მაგრამ რა ოდენობით და რა დანიშნულებით მოხდა თანხის გადაცემა მათ ვერ მიუთითეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის ოქტომბრის თვეში ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულება ში----- გ--------ს და ის----- კუ--------ს შორის 14 000 (თოთხმეტი ათასი) ათასი ლარი უპროცენტო სესხად გადაცემის შესახებ არ დადებულა და ეს თანხა ში----- გა------ს მოპასუხე ის----- კუ--------ისათვის არ მიუცია სესხად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალის აღიარების ხელშეკრულება

- მხარეთა განმარტებები

 

3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თანხა მოსარჩელემ სესხად გადასცა ალ------ მა-------ს, რომელმაც სანოტარო წესით აღიარა მოსარჩელის ვალი 14 000 ლარის ოდენობით და ამის თაობაზე ში----- გ--------ს და ალ------ მა-------ს შორის შედგენილი იქნა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალის აღიარების ხელშეკრულება

- სააღსრულებო ფურცელი

- მხარეთა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ

ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი

შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე 316-ე,317-ე, 361-ე, მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 10--ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.

 

მოსარჩელე მხარემ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მხარეთა შორის დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 14 000 ლარი სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, რაც აღნიშნული მუხლის შესაბამისად, იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება საკმარისი არ არის. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებაც ვერ დაადასტურეს სესხის ხელშეკრულების არსებობა. მოწმეებმა ვერ დაადასტურეს, რა ოდენობით და რა დანიშნულებით მოხდა თანხის გადაცემა მოპასუხეზე.

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული მუხლის თანახმად, ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად მტკიცების თვირთი ეკისრება მოსარჩელეს. მოსარჩელემ ვერ წარუდგინა სასამართლოს იმის დასადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება, რომ მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო უპროცენტო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც მოსარჩელემ გადასცა მოპასუხეს 14 000 ლარი. ამავე დროს საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით შედგენილი ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ სარჩელში მითითებული თანხა მოსარჩელემ სესხად გადასცა არა მოპასუხეს, არამედ ალ------ მა-------ს, რომელმაც სანოტარო წესით აღიარა მოსარჩელის ვალი 14 000 ლარის ოდენობით და ამის თაობაზე შედგენილი იქნა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ. ვალის აღიარების ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო თავად ში----- გ--------ს განცხადების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გამოწერილი იქნა სააღსრულებო ფურცელი და ამის საფუზველზე დღეისათვის მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება ალ------ მა-------ოვის მიმართ. ამრიგად, მოსარჩელემ თავად განსაზღვრა მევალე და სააღსრულებო ფურცლით ითხოვს ალ------ მა-------ოვისაგან 14 000 ლარის სესხის დაბრუნებას და ამავე დროს სასამართლოში დავობს მოპასუხე ის----- კუ--------ის მიმართ ამავე თანხის დაკისრებაზე. ამდენად, მოსარჩელე ცდილობს მიიღოს არა 14 000 ლარი, არამედ 28 000 ლარი, რაც თავისთავად გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოასარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია სახ. ბაჟი 420 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სახ. ბაჟი და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯები არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს და რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიებად გამოყენებული იქნა მოპასუხის ქონებაზე გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის შესახებ აკრძალვა. იმის გამო, რომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებას უარი ეთქვა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მოსარჩელე ში----- გ--------ს სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ის----- კუ--------ის მიმართ, 14 000 (თოთხმეტი ათასი ) ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე ში----- გ--------ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 420 (ოთხას ოცი) ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის (საქმე №2.33-18წ) განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოიხსნას ამ განჩინებით დადგენილი საგნის გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის შესახებ აკრძალვა უძრავ ქონებაზე, მდებარე: რაიონი სა---------, სოფელი დუ---------, ქუჩა 3------–---- საკადასტრო კოდი: N 5-.0-.5-.0---

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე