გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/36576-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს ს------–----- დ-–-------–--- საქართველოს ს-----------------–-–--
წარმომადგენელი - მ-------------ა
მოპასუხე - შპს „G----------------------ი“
წარმომადგენელი - მ--------------ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შპს „G----------------------ის“ საქართველოს ს-----------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს საურავის - 3 194.10 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ს------–----- დ-–-------–--- საქართველოს ს-----------------–-–--სა და შპს „G----------------------ის“ შორის 2018 წლის 17 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------ ხელშეკრულება.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 17 იანვრის N1------ ხელშეკრულებისა და 2018 წლის 5 სექტემბრის N2------ წერილის საფუძველზე, მოპასუხეს 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 11 700 ლარის ღირებულების 15 000 კგ ფქვილი, რომლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად.
2018 წლის 13 სექტემბერს მიწოდებულ იქნა 10 000 კგ ხორბლის ფქვილი; 2018 წლის 24 სექტემბერს მიწოდებული იქნა 5 000 კგ ხორბლის ფქვილი.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, ვინაიდან ბოლო მიწოდება განხორციელდა 13 დღის დაგვიანებით.
შპს „G----------------------ისათვის“ დასაკისრებელი საურავის ოდენობამ შეადგინა 3 194.10 ლარი.
საურავის დაკისრების შესახებ შპს „G----------------------ის“ ეცნობა 02.10.2018 წელს N2------ წერილით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. საურავი უნდა ჩარიცხულიყო სახელმწიფო ხაზინაში ერთი თვის ვადაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „G----------------------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ჯარიმის ოდენობა არის დიდი და არ შეესაბამება ანალოგიურ საქმეებზე ანალოგიურ საქმეებზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. ასევე არ დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ ჯარის ოდენობა დათვლილია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა კონკრეტულად შესასრულებელი ვალდებულებიდან.
მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ფქვილის ღირებულება და ნაცვლად 39 ლარისა გახდა 50 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ მაინც შეარულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება. რაც შეეხება 13 დღით დაგვიანებას - ეს მხარეთა შორის იყო შეთანხმებული და მოპასუხის ქმედების გამო მოსარჩელეს არანაირი პრობლემა არ შექმნია.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ უნდა დაეკისროს 76,05 ლარის გადახდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ს------–----- დ-–-------–--- საქართველოს ს-----------------–-–--სა (მყიდველი, მოსარჩელე) და შპს „G----------------------ის“ (გამყიდველი, მოპასუხე) შორის 2018 წლის 17 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გამყიდველს მყიდველისათვის წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად უნდა მიეწოდებინა ხორბლის ფქვილი.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის ვადის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 163 800 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------ ხელშეკრულება (ს.ფ 17-21);
- ფასების ცხრილი (ს.ფ. 22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 17 იანვრის N1------ ხელშეკრულებისა და 2018 წლის 5 სექტემბრის N2------ წერილის საფუძველზე, გამყიდველს 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 11 700 ლარის ღირებულების 15 000 კგ ფქვილი, რომლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, კერძოდ, 2018 წლის 13 სექტემბერს გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა 10 000 კგ ხორბლის ფქვილი, ხოლო 2018 წლის 24 სექტემბერს -5 000 კგ ხორბლის ფქვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ 24-25)
- მხარეთა ახსნა განმარტება.
3.1.3. გამყიდველმა მყიდველს პროდუქტი მიაწოდა 13 დღის დაგვიანებით. ვადაგადაცილების გამო მყიდველმა გამყიდველს დაარიცხა საურავი (პირგასამტეხლო) 3 194.10 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სა-----------------------------------–--------------------–--ს 02.10.2018 წერილი (ს.ფ.26-27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ საქართველოს ს-----------------–-–-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხემ იკისრა პროდუქტის მიწოდების ვალდებულება მოსარჩელისათვის. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხემ ბოლო მიწოდება განახორციელა 13 დღის დაგვიანებით (3.1.1-3.1.3 პუნქტები).
6.2 სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის ვადის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იხ. სუსგ ას-491-471-2016).
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).
სასამართლო ეთანხმება მოპასუხეს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,15% - შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016).
სასამართლო არ ეთანხმება მოპასუხის მოსაზრებას, რომ მას უნდა დაეკისროს 76,05 ლარის გადახდა და განმარტავს, რომ სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს იმგვარად, რომ თავისი მთავარი დანიშნულება - ვალდებულების შემდგომი დარღვევის პრევენცია და ვადის გადაცილებით მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება - არ დაკარგოს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება 76,05 ლარამდე არაგონივრულია. სასამართლო ასევე არ ეთანხმება მოპასუხის მტკიცებას, რომ პირგამსატეხლო გამოანგარიშებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ბოლო მიწოდებიდან და განმარტავს, რომ ხელშეკრულების მხარეებმა თავად განსაზღვრეს პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი. ისინი შეთანხმდნენ, რომ დათვლა მოხდებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ხელშეკრულების ნებისმიერ პირობაზე, რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა ვადის დარღვევით, ვადაგადაცილების ხანგრძლივობას, მოსარჩელის ინტერესს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა არის 500 ლარი, რომლის გადახდაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 55-ე, 46-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს------–----- დ-–-------–--- საქართველოს ს-----------------–-–-ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,G----------------------ის" მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,G----------------------ის" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს------–----- დ-–-------–---ს საქართველოს ს-----------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს საურავის - 500 ლარის ანაზღაურება;
3. შპს ,,G----------------------ის" დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რომელიც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.
7. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაიშვება, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია