გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.02.2019
საქმის ნომერი
330217716001626970
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330217716001626970 (2/38690-16)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე ა----–-----------ი

წარმომადგენლები თ----------–--–---–ი, დ------------–-------ე

 

მოპასუხე ი-----–----------ე

წარმომადგენელი ც---------------ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი-----–----------ისათვის, შპს ,,G-----’’-ისა და პარტნიორ ა----–-----------ისათვის მიყენებული ზიანის - 696 074 ლარის ანაზღაურების დაკისრება

 

(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია, იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტ.2, ს.ფ. 347-361)

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ა----–-----------ის განმარტებით, იგი 2012 წლიდან თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას, კერძოდ თურქეთში დაფუძნებული ფირმა ,,პ--------ის’’ მეშვეობით, სხვადასხვა საქონელს აგზავნიდა სარეალიზაციოდ, რასაც გადახდის გადადების წესით, იძენდა თურქულ საწარმოებში. 2012 წლის ოქტომბრის თვეში ა----–-----------მა ი-----–----------ესთან ერთად დააფუძნა შპს ,,G-----’’ წილობრივი მონაწილეობით 70-30%-ზე, სადიგოვის უპირატესობით. საწარმოს დირექტორად ა----–-----------ის ნების შესაბამისად დაინიშნა ი-----–----------ე.

 

მოგების განაწილების და ზოგადად ფირმის საქმიანობასთან დაკავშირებით ა----–-----------სა და ი-----–----------ეს შორის დიდი ხანია წარმოშობილია უთანხმოება, რამეთუ მოპასუხე და მის მიერ დანიშნული ბუღალტერი მოსარჩელეს არ აძლევენ საშუალებას გაეცნოს საზოგადოების მთლიან ფინანსურ საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციას. შპს ,,ჯ-------ში’’ მოსარჩელის პარტნიორობის მანძილზე მისი მონაწილეობით არ შემდგარა არც ერთი კრება, არ განაწილებულა დივიდენდი წილობრივად ან სხვაგვარად.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს როგორც პარტნიორსა და საზოგადოების დირექტორს, მასთან შეუთანხმებლად და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ი---------–--ასთან ერთად 50-50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული აქვს ფირმა ,---------’ იმავე მისამართზე, რომელზეც მოქმედებს ი---------–--ას მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს ,,ს--------------------ი’’. აღსანიშნავია, რომ ხსენებული შპს-ები რეალიზაციას უკეთებენ ისეთსავე ან იგივე საქონელს, რასაც შპს ,,G-----’’.

 

მოსარჩელის მითითებით, აუდიტორული დასკვნის თანახმად: ა) შპს ,,G-----“-ის მიერ დაარსების დღიდან 2017 წლის 3 იანვრამდე (დირექტორობიდან მოპასუხის ჩამოცილებამდე) იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულებამ შეადგინა 739 115.79 ლარი; ბ) ორგანიზაციის დაარსების დღიდან - 2017 წლის 3 იანვრამდე რეალიზებულია 756 616.4 ლარის საქონელი. გ) საქონლის რეალიზაციის შედეგად დაარსების დღიდან - 2017 წლის 3 იანვრამდე შესულია 302 311 ლარი, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით 14 115 ლარი; დ) სალაროს ნაშთი 2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 12 844 ლარს; ე) 2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით გამოვლინდა დებიტორული დავალიანება 568 015 ლარის ოდენობით; ვ) სასაქონლო ნაშთი სარეალიზაციო ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 115 214.84 ლარს.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ მიყენებულ ზიანს შეადგენს დებიტორული დავალიანების თანხა (568 015 ლარი), რამდენადაც დებიტორების განმარტებით, თანხა უკვე ანაზღაურებული აქვთ ი. ბრეგვაძისათვის, ასევე სალაროს ნაშთი (12 844 ლარი), რაც რეალურად არ არსებობს და ნაშთად ნაჩვენები საქონლის ღირებულება (115 214.84 ლარი), სულ 696 074 ლარი, საიდანაც 87 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში მხოლოდ შპს ,,პ--------ის’’ სასარგებლოდაა გადასახდელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2012 წლის ოქტომბერში მხარეთა მიერ დაფუძნდა შპს ,,G-----’’, წილობრივი მონაწილეობით 70%-30%-ზე, ამასთან ი-----–----------ე საზოგადოების დირექტორად დაინიშნა მხარეთა ერთობლივი ნების საფუძველზე და გაუგებარია მოსარჩელის მითითება სხვა საფუძვლებთან დაკავშირებით. მოპასუხის მტკიცებით 70% წილის მესაკუთრე პარტნიორი ვერ იქნებოდა იძულებული მისი ნების საწინააღმდეგოდ დირექტორად დაენიშნა 30% წილის მესაკუთრე. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ზეპირი ფორმით RS.GE-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე ინფორმაციის მოპოვება. ი-----–----------ემ ასევე აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება ფირმის საქმიანობასთან და მოგების განაწილებასთან დაკავშირებით, ამავდროულად სინამდვილეს არ შეესაბამება მოსარჩელის მტკიცება, თითქოს მას არ გააცნეს საწარმოს ფინანსური დოკუმენტები. მოპასუხის განმარტებით, შპს ,,G-----’’-ს არ ჰყავს დანიშნული ბუღალტერი. მძღოლ-დისტრიბუტორის, მუშახელის, საწყობის გამგისა და ყველა საქმიანობას შპს ,,G-----’’-ში თავად დირექტორი ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ი-----–----------ესა და ა----–-----------ს ბოლო დრომდე ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ, მოსარჩელე არაერთგზის არის საქართველოში ნამყოფი და ყველა მისი ვიზიტი დირექტორ და პარტნიორ ი-----–----------ის მიერ არის ფინანსურად ანაზღაურებული (სასტუმრო, კვება, რესტორნები, გართობა...). ასევე საყურადღებოა, რომ მოსარჩელე ა----–-----------ს ი-----–----------ისათვის მიცემული აქვს 2---------–------------ სანოტარო მინდობილობა, სადაც მოსარჩელე, ი-----–----------ეს ანიჭებს შპს ,,G-----’’-ის 70% წილის მესაკუთრის - პარტნიორის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, რათა მონაწილეობა მიეღო შპს ,,G-----’’-ის და შპს ,,რ-----–----–--ს’’ პარტნიორთა კრებებზე იმ საკითხებთან დაკავშირებით რომლებიც შეეხება შპს ,,რ-----–----–--ს’’ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონებისა და შპს ,,რ-----–----–--ში’’ შპს ,,G-----’’-ის კუთვნილი 30% წილის მართვასა და განკარგვას.

 

მოპასუხის განმარტებით, ა----–-----------ისათვის თავიდანვე იყო ცნობილი შპს ,,ს--------------------თან’’ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა და აღნიშნული ვერ მიიჩნევა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად. ამასთანავე მოპასუხის მტკიცებით, ერთ მისამართზე საწარმოს საქმიანობის განხორციელება, ვერ მიიჩნევა ზიანის მიმყენებელ ქმედებად.

 

მოპასუხემ დაადასტურა, რომ მას და ი---------–--ას 50-50% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ჰქონდათ ფირმა ,,ფ-----ი’’, რის შესახებაც ინფორმირებული იყო ა----–-----------ი, თუმცა ამის საჭიროება არც არსებობდა, რადგანაც შპს ,,G-----’’-ის წესდებით და დირექტორად ი-----–----------ის დანიშვნის ხელშეკრულებით (ბრძანებით) მას აკრძალული არ ჰქონია ისეთი ფირმის შექმნა ან მონაწილეობა, რომელიც ივაჭრებდა იმავე საქონლით, რომლითაც ვაჭრობდა შპს ,,G-----’’. მოპასუხეს არ დაურღვევია არც ურთიერთდამოკიდებულ პირთა შესახებ საკანონმდებლო დათქმები და არც კონკურენციის წესები, რადგანაც შპს ,,ფ-----ი’’ წარმოადგენდა საცალო საქონლით მოვაჭრე საწარმოს (იმავე საქონლით, რასაც ვაჭრობდა შპს ,,G-----’’), ხოლო მოსარჩელე კი წარმოადგენს საბითუმო წესით მოვაჭრე საწარმოს, უფრო მეტიც შპს ,,ფ-----ი’’ სავაჭრო-საცალო პროდუქციას იძენდა თავად მოსარჩელე საწარმოსაგან იმავე ფასებში, როგორც სხვა შემსყიდველი საწარმოები და საწინააღმდეგო მოქმედების ნაცვლად სერიოზული სარგებელი მიიღო შპს ,,ფ-----ისაგან’’.

 

მოპასუხის მტკიცებით, ფაქტი იმის შესახებ, რომ შპს ,,ფ-----ი’’ განთავსებული იყო იმავე მისამართზე, სადაც მოქმედებდა ი---------–--ას სხვა საწარმო - შპს ,,ს--------------------ი’’ საერთოდ არ მიანიშნებს არანაირ საკანონმდებლო დარღვევას და თუკი მოსარჩელე მიუთითებს ურთიერთდამოკიდებულ პირთა სამართლებრივ სტატუსზე და ეკონომიკურ შედეგებზე ასეთი საკითხი არ არის შემხებლობაში დავის საგანთან და ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი საკითხია, შემოსავლების სამსახურის მიერ სარჩელით მიმართვის შემთხვევაში, შესაბამისად გაუგებარია მითითებული ფაქტების კონკრეტულ შემთხვევაში მოხმობა.

 

ი-----–----------ის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ე.წ. ,,საფინანსო ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნა’’ თავისი შინაარსით ვერ ასახავს შპს ,,G-----’’-ის საქმიანობის შედეგებს, წარმოადგენს მოსარჩელის მიერ დასმულ კითხვებზე მხოლოდ და მხოლოდ პასუხებს და არ ახლავს არანაირი შეფასება. ამასთან, გარდა იმისა, რომ ამ კითხვების და შესაბამისად მასზე გაცემული პასუხების ერთობლიობის საფუძველზე შეუძლებელია ანალიზი გაუკეთდეს და შესაბამისად შეფასდეს შპს ,,G-----’’-ის საქმიანობის ფინანსური შედეგი ან მენეჯმენტის პროფესიონალიზმის ხარისხი, დასკვნაში წარმოდგენილი ციფრები არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან როგორც აუდიტორი აღნიშნავს დაეყრდნო დამკვეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას.

 

მოპასუხის მტიცებით, წარმოდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელია პასუხი გაეცეს მასში დასმულ შეკითხვებს, N1 შეკითხვასთან მიმართებით მოპასუხემ განმარტა, რომ დასკვნით არ არის გათვალისწინებული საცალო გაყიდვები, რაც შეცვლიდა მითითებულ მაჩვენებელს. აუდიტორულ დასკვნაში შეფასებულ მე-2 საკითხთან მიმართებით, მოპასუხემ განმარტა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა არ ავალდებულებს გადამხდელს ამოარტყას სალაროს ჩეკი იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციის დროს გამოიწერება დღგ-ს ანგარიშფაქტურა და ესეთ შემთხვევში ნაღდი ანგარიშსწორებისას გამოიწერება სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და არ აღირიცხევა პორტალ RS.GE-ზე, შესაბამისად აუდიტორისათვის აღნიშნული ინფორმაცია (როგორც თვითონ აღნიშნავს) მიწოდებული არ ყოფილა და ნაღდი ანგარიშსწორებით შესულ თანხებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მას წარუდგინა მოსარჩელემ ვერ დაადგენდა, ხოლო თუ აღნიშნული ვერ დადგინდა, შესაბამისად დასკვნაში მოცემული მე-5 კითხვა სალაროს ნაშთის ოდენობის შესახებ არაზუსტია. ასევე, ავტომატურად არაზუსტია მე-6 კითხვის პასუხი, რადგან დებიტორული დავალიანება წარმოადგენს რეალიზაციას გამოკლებული გადახდა და თუ გადახდი ოდენობა ვერ დაადგინა აუდიტორმა, დებიტორულ დავალიანებასაც ვერ დაადგენდა.

 

მოპასუხის მტკიცებით, მიუხედავად უზუსტობებისა, მხოლოდ ეს ინფორმაცია არ იძლევა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის სურათს, დამკვეთის მიერ კითხვები დასმულია ტენდენციურად და მოსარჩელეს სურს სასამართლო შეიყვანოს შეცდომაში, მაშინ როდესაც კომპანიის ფინანსური მდგომარეობის დადგენის საერთაშორისოდ დადგენილი წესი არსებობს, რომლის შესაბამისად მხოლოდ გარკვეული ფინანსური ელემენტების საფინანსო ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნით ,,გასაღება’’, ყოველგვარი ანალიზისა და დასკვნების გარეშე და ისიც დაანგარიშებული არითმეტიკულად უზუსტოდ სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ უნდა იქნეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მაინც გაიზიარებს აუდიტის ზემოაღნიშნულ დასკვნას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ დასკვნით დგინდება მხოლოდ დებიტორული დავალიანების არსებობა და არა ზიანი. სავარაუდოდ, მოსარჩელეს ზიანად მიაჩნია დებიტორული დავალიანების არსებობა (და არა საქონლის დანაკლისი), რაც არასწორია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დებეტი მოვალედ ყოფნას ნიშნავს აქტივია და არა ზიანი, რადგანაც დებიტორული დავალიანების ამოღება შესაძლებელია, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე საკანონმდებლო დათქმების საფუძველზე, ზიანი კი (დელიქტი) გარკვეულ სამართლებროვ წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

 

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ი-----–----------ე 2017 წლის იანვრიდან აღარ წარმოადგენს სადავო ფირმის ხელმძღვანელს, შესაბამისად ამ პერიოდიდან ა----–-----------ს შეეძლო ეზრუნა დავალიანების იძულებითი წესით ამოღება. მოპასუხის მტკიცებით, ა----–-----------თან შეთანხმების გარეშე, არც ერთი საქონელი ნისიად არ გაცემულა. საქართველოს სინამდვილეში კი, ისეთი ბიზნესის წარმოება, რომელიც დაკავშირებულია ელექტრო-გაყვანილობის და მასთან დაკავშირებული პროდუქციის საბითუმო რეალიზაციასთან, საქონლის ნისიად გაყიდვის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან, მოვალე პირები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არიან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში მოსარჩელესთან და ახდენენ კიდეც დავალიანების დაფარვას, მანამდე, ვიდრე ი-----–----------ეს გაათავისუფლებდნენ დაკავებული თანამდებობიდან.

 

მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელე შეგნებულად მალავს საკმაო ოდენობის თანხების მიღების და შენატანის სახით განხორციელებული ფინანსური ოპერაციის ფაქტებს, რაც შესაბამისად არასწორად არის ასახული მის სასარჩელო განცხადებაში. ი-----–----------ის განმარტებით, მან შპს ,,G-----’’-ს ასესხა თანხა - 282 218.92 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ასახულია სათანადო წესით საწარმოს ბალანსზე და დაბეგრილია შესაბამისი მოქმედი საკანონმდებლო (საგადასახადო) წესით. მოპასუხეს დღემდე არ დაბრუნებია მითითებული თანხა. მოპასუხის მტკიცებით, პარტნიორის მიერ საწარმოს ანგარიშზე თანხის შეტანა ადასტურებს მის კეთილსინდისიერებას. გარდა აღნიშნულისა, ი-----–----------ეს, როგორც საზოგადოების დირექტორს არ მიუღია კუთვნილი ხელფასი რამდენიმე წლის მანძილზე, კერძოდ მის მიერ მიღებულია მხოლოდ 8 თვის ხელფასი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,G-----’’ (ს------------) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია (რეგისტრაციის თარიღი - 2---------წ.), რომლის პარტნიორები არიან აზერბაიჯანის მოქალაქე ა----–-----------ი (70% წილის მესაკუთრე პარტნიორი) და ი-----–----------ე (30% წილის მესაკუთრე პარტნიორი). საწარმოს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობას ახორციელებდა 30% წილის მესაკუთრე, დირექტორი - ი-----–----------ე.

 

3.1.2. საზოგადოების ძირითადი საქმიანობის საგნად განისაზღვრა საქონლის იმპორტი და დისტრიბუცია. საწარმოს იურიდიულ მისამართად რეგისტრირებულია - საქართველო, ქ. თბილისი, ძ---–-------–-------------, ძმ. ზ-----–-–---–ების ქ. N37.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 5-6).

- წესდება (ტ.1, ს.ფ. 50-55)

 

3.1.3. შპს ,,G-----’’-ის მისამართად მითითებული უძრავი ნივთის, მდებარე - ქ. თბილისი, ძმ. ზ-----–-–---–ების ქ. N37, ს/კ 0---------------------- მესაკუთრეა ი-----–----------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 7-8);

 

3.1.4. ი-----–----------ისა და ი---------–--ას 50-50% წილობრივი მონაწილეობით 2013 წლის 29 აპრილს დაარსდა შპს ,---------’, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობასაც ახორციელებდა ი-----–----------ე. საწარმოს იურიდიულ მისამართად რეგისტრირებულია - საქართველო, ქ. თბილისი, ვ---------------–--- რაიონი, შ-----–--------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 16-17).

 

3.1.5. ქ. თბილისში, ვ---------------–--- რაიონში, შ-----–---------------ში რეგისტრირებულია ასევე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,ს--------------------ი’’, რომლის 100% წილის მესაკუთრე და ამავდროულად დირექტორია ი---------–--ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 18-19).

 

3.1.6. შპს ,---------’ და შპს ,,ს--------------------ი’’, მსგავსად შპს ,,G-----’’-ის დაკავებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციით. ამასთან, კონკრეტული საწარმოები ახორციელებენ საქონლის საცალო რეალიზაციას განსხვავებით შპს ,,G-----’’-ისა, რომელიც დაკავებული იყო პროდუქციის საბითუმო მიწოდებით.

 

3.1.7. შპს ,,ს--------------------ი’’ უშუალო სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყო შპს ,,G-----’’-თან, რომლისგანავ პერიოდულად ყიდულობდა საყოფაცხოვრებო ტექნიკას და შეძენილი საქონლის ღირებულები ანაზღაურებას ახორციელებდა ეტაპობრივად რეალიზაციის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. 2014 წლის 30 მარტის შედარების აქტის შესაბამისად, 01.01.2013-30.03.2014 შესადარებელ პერიოდზე შპს ,,ს--------------------ის’’ დავალიანება შპს ,,G-----’’-ის მიმართ შეადგენდა 64 956 ლარს, რაც აღიარებულია მოვალე სუბიექტის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შედარების აქტი (ტ.1, ს.ფ. 118);

 

3.1.9. შპს ,,G-----’’-ის პარტნიორებმა - ა----–-----------მა და ი-----–----------ემ 2015 წლის 13 იანვარის პარტნიორთა კრებაზე მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება შეეძინათ შპს ,,რ-----–----–--ს’’ 30% წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1---------წ. კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 133);

 

3.1.10. პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ,,G-----’’-მა, ს--–-------------- ერთად 2015 წლის 13 იანვარს შეიძინა შპს ,,რ-----–ისაგან’’ შპს ,,რ----–----–--ს’’ 100% წილი, კერძოდ კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,რ----–----–--ს’’ 70% წილი საკუთრებაში გადაეცა ს--–----------, ხოლო 30% წილი შპს ,,G-----’’-ს. ამავე ხელშეკრულებაში გაცხადდა, რომ ნასყიდობის საგანი არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით, კერძოდ შპს ,,რ-----–ს’’ ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 173 841.22 ლარის ოდენობით. წილის ნასყიდობის გაფორმებისა და პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,რ-----–----–--ს’’ დირექტორად დაინიშნა ი-----–----------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1---------წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 123);

-1---------წ. შპს ,,რ-----–ის’’ პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 129-130/ 137);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 149-150).

 

3.1.11. ა----–-----------სა და ი-----–----------ეს შორის არსებობდა ნდობით აღჭურვილი ურთიერთობა, რასაც მოწმობს 2015 წლის 7 ნოემბერს ა----–-----------ის მიერ ი-----–----------ეზე მინდობილობის გაცემა, რომლის ფარგლებშიც ა----–-----------მა გამოავლინა ნება, მისი როგორც შპს ,,G-----’’-ის 70% წილის მესაკუთრის სახელით ი-----–----------ეს მონაწილეობა მიეღო შპს ,,G-----’’-ის და შპს ,,რ-----–----–--ს’’ პარტნიორთა კრებებზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება შპს ,,რ-----–----–--ს’’ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონებისა და შპს ,,რ-----–----–--ში’’ შპს ,,G-----’’-ის კუთვნილი 30%-იანი წილის მართვასა და განკარგვას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.11.2015წ. მინდობილობა (ტ.3, ს.ფ. 66);

 

3.1.12. 2016 წლის 23 მაისს შპს ,,რ----–----–--ს’’ პარტნიორებს შპს ,,G-----’’-ს (წარმოდგენილი ი-----–----------ის სახით) და ს--–-------- შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც შპს ,,G-----’’-მა კუთვნილი 30% წილი საკუთრებაში გადასცა ს--–--------, რის შედეგადაც მის საკუთრებაში აღირიცხა შპს ,,რ----–----–--ს’’ 100% წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.05.2016წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 146-147);

- 23.05.2016წ. შპს ,,რ----–----–--ს’’ პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 143-144);

 

3.1.13. შპს ,,G-----’’-ის პარტნიორებს ა----–-----------სა და ი-----–----------ეს შორის წარმოიშვა გაუგებრობა საწარმოს საქმიანობასა და შემოსავლებთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა მხარეთა დაპირისპირება.

 

3.1.14. 2016 წლის 7 დეკემბერს ა----–-----------მა წერილობით მიმართა იმ დროისთვის საწარმოს დირექტორს ი-----–----------ეს და განუმარტა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, შპს ,,G-----’’-ის მართვისა და კომერციული საქმიანობის წარმართვისას, დირექტორის მიერ დაშვებულია დარღვევები, რაც შესაძლოა გახდეს სამართალდამცავი ორგანოების მსჯელობის საგანი. ამას გარდა, ა----–-----------მა აღნიშნა მისი პრეტენზია მოგების განაწილებასა და დირექტორის მიერ ინტერესთა კონფლიქტის დარღვევასთან მიმართებით, რაც ზიანის მომტანია საზოგადოებისა და მისთვის, როგორც პარტნიორისათვის. წერილის ფარგლებში, ა----–-----------მა მიუთითა საწარმოს წესდების 3.2 პუნქტზე და მოითხოვა პარტნიორთა საერთო კრების მოწვევა, რომლის დღის წესრიგის განსახილველ საკითხად მიუთითა - დირექტორის გამოწვევა და ახალი დირექტორის დანიშვნა, თანახმად წესდების 3.6 პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნქტისა. ამავე წერილით შპს ,,G-----’’-ის 70% წილის მესაკუთრემ აცნობა პარტნიორთა საერთო კრების ჩატარების თარიღი და ადგილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 07.12.2016წ. წერილი (ტ.1, ს.ფ. 61/ტ.2, ს.ფ. 365).

 

3.1.15. ა----–-----------მა, 2016 წლის 7 დეკემბერს ი-----–----------ეს ასევე წერილობით მოსთხოვა საწარმოს დოკუმენტაციის გაცნობა, მისი წარმომადგენლების თანდასწრებით და განუსაზღვრა ვადა მითითებულ მოთხოვნასთან მიმართებით შესაბამისი რეაგირებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 07.12.2016წ. წერილი (ტ.1, ს.ფ. 62/ტ.2, ს.ფ. 366).

 

3.1.16. 2016 წლის 13 დეკემბერს, მას შემდგომ, რაც გავიდა პასუხის მისაღებად დათქმული ვადა ა----–-----------მა კვლავ მიმართა ი-----–----------ეს საწარმოს დოკუმენტაციის გაცნობის მოთხოვნით, ამასთან განუმარტა, რომ მის მიერ გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება აუდიტორულ კომპანიასთან, რათა მისი მეშვეობით შეფასდეს საწარმოს საქმიანობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.12.2016წ. წერილი (ტ.1, ს.ფ. 63/ტ.2, ს.ფ. 367).

 

3.1.17. 2016 წლის 15 დეკემბერს გაიმართა შპს ,,G-----’’-ის დამფუძნებელ პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა მხოლოდ 70% წილის მესაკუთრე ა----–-----------ი. კრებაზე განსახილველ საკითხს შეადგენდა საწარმოს დირექტრის გამოწვევისა და ახალი დირექტორის დანიშვნა, თუმცა შპს ,,G-----’’-ის 30%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის კრებაზე გამოუცხადებლობის გამო გადაიდო პარტნიორთა კრება და განისაზღვრა ახალი თარიღის ცნობების ვალდებულება გამოუცხადებელი პარტნიორისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.12.2016წ. კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 69);

 

3.1.18. 2016 წლის 16 დეკემბერს ა----–-----------მა დამატებით მიმართა წერილობით ი-----–----------ეს და აცნობა, საწარმოს პარტნიორთა კრების ახალი თარიღი, რომელზე განსახილველ საკითს კვლავ შეადგენდა დირექტორის გამოწვევა და ახალი დირექტორის დანიშვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.12.2016წ. წერილი (ტ.2, ს.ფ. 368);

 

3.1.19. 2016 წლის 27 დეკემბერს გაიმართა შპს ,,G-----’’-ის მორიგი სხდომა, რომელსაც კვლავ ესწრებოდა მხოლოდ 70% წილის მესაკუთრე პარტნიორი ა----–-----------ი, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით შპს ,,G-----’’-ის დირექტორობიდან გათავისუფლდა ი-----–----------ე და მის ნაცვლად დაინიშნა, 70% წილის მესაკუთრე ა----–-----------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.12.2016წ. კრების ოქმი (ტ.2, ს.ფ. 370);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 195-196).

 

3.1.20. 2017 წლის 20 თებერვალს, ი-----–----------ემ წერილობით მიმართა ა----–-----------ის წარმომადგენლებს, მათ მიერ მოთხოვნილი საწარმოს დოკუმენტაციის მიწოდებასთან მიმართებით და აცნობა, რომ უახლოეს მომავალში მიაწოდებდა საწარმოს სრულ დოკუმენტაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20.02.2017წ. წერილი (ტ.1, ს.ფ. 194);

 

3.1.21. 2017 წლის 19 მარტს, ი-----–----------ემ ელ-ფოსტის მეშვეობით, დ------------–-------ეს (Mail: ----------------------) გაუგზავნა შპს ,,G-----’’-ის საბუღალტრო დოკუმენტები ფაილის სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19.03.2017წ. ელ-წერილი (ტ.1, ს.ფ. 193);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. აუდიტორული კომპანია - ,-----–---–------------------ 2----–-–------------–-- დასკვნაში აღნიშნულია, რომ იგი მომზადდა შპს ,,G-----“-ის დირექტორის ა----–-----------ის დაკვეთით და მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, კერძოდ საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით დამკვეთის მიერ წარდგენილი იქნა:

- შპს ,,G-----’’-ის მიერ განხორციელებული იმპორტირებულ საქონელზე გამოწერილი 7 ერთეული საბაჟო დეკლარაცია;

- ელექტრონულ ვებ-პორტალ ,,RS.GE’’-ზე შპს ,,G-----’’-ის გვერდზე წვდომის უფლება;

- შპს ,,G-----’’-ის საბანკო ანგარიშების ამონაწერები არსებულ ანგარიშებზე EXCEL-ის ფორმატით დაარსების დღიდან 2018 წლის 11 აპრილამდე.

 

საფინასო-ეკონომიკური ექსპერტიზის წინაშე დაისვა 7 შეკითხვა და შესაბამისად აუდიტორული დასკვნით შეფასდა საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

 

I - რა რაოდენობის, დასახელებისა და ღირებულების საქონელი იქნა იმპორტირებული და ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი შპს ,,G-----“-ის მიერ დაარსების დღიდან (2---------წ.) – 2017 წლის 3 იანვრამდე?

აღნიშნულთან მიმართებით დასკვნაში აღინიშნა, რომ წარდგენილი დოკუმენტების, კერძოდ საბაჟო დეკლარაციების და ვებ-პორტალ ,,RS.GE’’-ს შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,G-----“-ის მიერ დაარსების დღიდან 2017 წლის 3 იანვრამდე იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენს 739 115.79 ლარს. [დასკვნას თან ერთვის დანართის სახით (N1), დეტალური ინფორმაცია იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის დასახელებებისა და რაოდენობის შესახებ].

 

II - რა რაოდენობისა და ღირებულების საქონელი იქნა რეალიზებული შპს ,,G-----“-ის მიერ დაარსების დღიდან (2---------წ) – 2017 წლის 3 იანვრამდე?

აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, ელექტრონულ ვებ-პორტალ ,,RS.GE’’-ზე შპს ,,G-----“-ის გვერდის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ორგანიზაციის დაარსების დღიდან - 2017 წლის 3 იანვრამდე რეალიზებულია 756 616.4 ლარი. [დასკვნას თან ერთვის (დანართი N2), დეტალური ინფორმაცია რეალიზებული საქონლის დასახელებების და რაოდენობის შესახებ, ცხრილის სახით].

 

III - რეალიზაციის შედეგად რა რაოდენობის თანხებია შესული შპს ,,G-----“-ის საბანკო ანგარიშებზე დაარსების დღიდან - 2017 წლის 3 იანვრამდე?

დასკვნის შესაბამისად, შპს ,,G-----“-ის საბანკო ანგარიშების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ დაარსების დღიდან - 2017 წლის 3 იანვრამდე, საქონლის რეალიზაციის შედეგად შესულია 302 311 ლარი.

 

IV - რეალიზაციის შედეგად რა თანხებია შესული შპს ,,G-----“-ის ნაღდი ანგარიშსწორების გზით დაარსების დღიდან - 2017 წლის 3 იანვრამდე?

აუდიტორულ დასკვნაში კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მიეთითა, რომ ელექტრონულ ვებ-პორტალ ,,RS.GE’’-ზე შპს ,,G-----“-ის გვერდის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საკონტროლო სალარო აპარატის მეშვეობით საქონლის რეალიზაციის შედეგად დაარსების დღიდან - 2017 წლის 3 იანვრამდე შესულია 14 115 ლარი. [შესულ თანხებთან მიმართებით ინფორმაცია, ,,RS.GE’’-ზე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ცხრილი სახით თან ახლავს დასკვნას (დანართი N4)]

 

V - რა რაოდენობით ფიქსირდებოდა სალაროს ნაშთი 2017 წლის 3 იანვარს?

აუდიტორულ დასკვნაში აღინიშნა, რომ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, სალაროს ნაშთი 2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 12 844 ლარს.

 

VI - განისაზღვროს 2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით არსებული დებიტორული დავალიანების შესახებ ნაშთები.

აუდიტორულ დასკვნაში კონკრეტულ საკითხთან მიმართებით აღინიშნა, რომ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, კერძოდ საბანკო ამონაწერების, ვებ-პორტალ ,,RS.GE’’-ზე არსებული ინფორმაციის დამუშავებით 2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით გამოვლინდა დებიტორული დავალიანება 568 015 ლარის ოდენობით. [დასკვნას თან ერთვის დეტალური ინფორმაცია, კონკრეტული დებიტორული დავალიანების შესახებ ცხრილის სახით (დანართი N5)].

 

VII - არსებული სასაქონლო ნაშთების განსაზღვრა 2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით, როგორც რაოდენობრივი, ასევე თანხობრივი მაჩვენებლით.

კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორულ დასკვნაში აღინიშნა, რომ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე განისაზღვრა არსებული სასაქონლო ნაშთები 2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით, როგორც რაოდენობრივი, ასევე თანხობრივი მაჩვენებლებით და თანხობრივი ჯამური მაჩვენებელი სარეალიზაციო ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 115 214.84 ლარს.

 

ა----–-----------ის სასარჩელო მოთხოვნა აერთიანებს მითითებული აუდიტორული დასკვნის V-VII ნაწილში არსებულ მოთხოვნებს, კერძოდ მოსარჩელის მითითებით, ი-----–----------ეს საწარმოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ჯამში - 696 074 ლარი, რაც მოიცავს ა) 12 844 ლარის ოდენობით სალაროს ნაშთს, ბ) 568 015 ლარის ოდენობით დებიტორული დავალიანებასა და გ) 115 214.84 ლარის ოდენობით სასაქონლო ნაშთის თანხობრივი მაჩვენებელს.

 

სასამართლო აუდიტორულ დასკვნას აფასებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე დასკვნის შინაარსისა და შესასწავლი საკითხის გათვალისწინებით იზიარებს კონკრეტულ დასკვნაში მოცემულ ინფორმაციას და სწორედ აღნიშნულ დასკვნაზე დაყრდნობით განსაზღვრავს მოთხოვნის ოდენობას. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში დასკვნით გამოკვლეული საკითხი მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, რის გასაქარწყლებლადაც მოწინააღმდეგე მხარის მხოლოდ ზეპირი განმარტებები ვერ გამოდგება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის შედავებას, რომელიც მიმართულია საქმეში წარმოდგენილ ერთადერთ აუდიტორულ დასკვნასთან მიმართებით, თითქოს მას ვერ მიენიჭება მტკიცებულებითი მნიშვნელობა, მისი არასრულობისა და იმ საფუძვლიდან გამომდინარე, რომ დასკვნის შედგენისას არ არის გამოკვლეული საწარმოს სრული ფინანსური დოკუმენტაცია, რის საწინააღმდეგოდაც მოპასუხე შედავების ახორციელებს ზეპირი ფორმით, მაშინ როდესაც საკითხი ეხება და მოიცავს იმგვარ ფინანსურ საკითხებს, რის შესაფასებლადაც მოითხოვება სპეციალური ცოდნა, რაც მოითხოვს შესაბამის განათლებას და მხოლოდ მოპოვებული ინფორმაცია ვერ გახდება დასკვნის გაბათილების საფუძველი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწვეული სპეციალისტის მიერ ზოგადი განმარტებები ვერ გახდება წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის გამაბათილებელი, რამეთუ დასკვნით შეფასებულია საწარმოს ფინანსური დოკუმენტები და იგი შეიცავს კონკრეტულ მონაცემებს საწარმოსთან მიმართებით, შესაბამისად სპეციალისტის ზოგადი განმარტება ვერ გახდება დასკვნაში მითითებული კონკრეტული თანხების გამაქარწყლებელი. იმ ვითარებაში, თუ მხარე რეალურად დაინტერესებული იყო სრული და ჭეშმარიტი მონაცემების მიღებით, უპირველესად მის ინტერესს წარმოადგენდა მიეწოდებინა აუდიტორისათვის ყველა დოკუმენტი, ან ჩაეტარებინა ალტერნატიული აუდიტორული შემოწმება, რის საფუძველზეც სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მიეცემოდა შესაძლებლობა შეეფასებინა და ერთმანეთთან შეპირისპირების შედეგად გაეზიარებინა მათგან უფრო სრული და სარწმუნო მტკიცებულება, რაც მხარეს არ განუხორციელებია.

 

აღსანიშნავია, რომ აუდიტორულ დასკვნაში არსებულ მონაცემებს ვერ გააბათილებს ვერც საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ:

- მოწმე გიორგი სულაძემ განმარტა, რომ ი-----–----------ე მისი ბავშვობის მეგობარია, იგი ასევე იცნობს მოსარჩელე ა----–-----------ს, როგორც შპს ,,G-----’’-ის პარტნიორს. მითითებულ საწარმოს გიორგი სულაძე უწევდა ბუღალტრულ დახმარებას, იგი არ ყოფილა დასაქმებული და მხოლოდ არაოფიციალურად ეხმარებოდა მის მეგობარს - ი-----–----------ეს, უშუალოდ დოკუმენტაციას ხელს არ აწერდა. მოწმის მითითებით, საწარმო, როგორც საქართველოში მოქმედი სხვა საწარმოები მუშაობდა კონსიგნაციის წესით. კომპანია პერიოდულად ახდენდა საქონლის მიწოდებას სხვადასხვა სუბიექტისათვის, რომლებიც ასევე პერიოდულად ახორციელებდნენ მიღებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებას. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ი-----–----------ე პერიოდულად ახდენდა ინვესტიციას, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე. მოწმეს გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურება არ მიუღია.

- მოწმე ლ------------–---–-- ჩვენებით, ის და ი-----–----------ე იყვნენ პარტნიორები, ეწეოდნენ სამშენებლო სამუშაოებს. შპს ,,G-----’’-ის დაარსებისას ი-----–----------ემ მას შესთავაზა სამეწარმეო საქმიანობის ერთობლივად განხორციელება და იგი ეხმარებოდა კონკრეტულ საწარმოს დისტრიბუციაში. მოწმის მითითებით კომპანიიდან აღალი სადიგივისა და ი-----–----------ესთან შეუთანხმებლად საქონელი არ იყიდებოდა. ი---------–--ასთან მიმართებით მოწმემ განმარტა, რომ ა----–-----------ი იცნობდა კონკრეტულ პირს. ლ------------–---–-- განმარტებით, იგი შეთანხმებული იყო, რომ ფიქსირებული ხელფასი დაერიცხებოდა მას შემდგომ, რაც აეწყობოდა საქმიანობა, მან დაახლოებით 6-7 თვე იმუშავა კონკრეტულ საწარმოში.

 

მითითებული პირების მიერ მიცემული ჩვენება, ვერ აბათილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნას დავალიანების ოდენობასთან მიმართებით და ასევე ვერ წარმოშობს ი-----–----------ის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საკმარის საფუძველს. კერძოდ, მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებით არ დგინდება ი-----–----------ის კეთილსინდისიერება და მისი, როგორც საწარმოს დირექტორის მხრიდან დაკისრებული ფიდუციური მოვალეობების გულისხმიერი შესრულება, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, მიუხედავად საწარმოში არსებული ფინანსური მდგომარეობისა. საგულისხმოა, რომ საქმეზე დაკითხული ორივე მოწმეს უპირველესად ნაცნობობა აკავშირებდა ი-----–----------ესთან, კერძოდ გ------------–---- რომელიც ბუღალტრულ დახმარებას უწევდა საწარმოს სრულიად უსასყიდლოდ არის ი-----–----------ის ბავშვობის მეგობარი, ხოლო ლ------------–---–-- განმარტების შესაბამისად, ის და ი-----–----------ე სხვა საწარმოში იყვნენ პარტნიორები, რაც ამ თვალსაზრისითაც კონკრეტული პირების ჩვენებებს სუბიექტურს ხდის და რეალურად არ წარმოაჩენს არსებულ მდგომარეობას, რაც ამ თვალსაზრისითაც გამორიცხავს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების გაზიარების შესაძლებლობას.

 

ი-----–----------ის, როგორც საწარმოს დირექტორის არაკეთილსინდისიერება დასტურდება არაერთი გარემოებით, კერძოდ საგულისხმოა, რომ ი-----–----------ისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ა----–-----------ის ინიციატივა აუდიტორული დასკვნის მომზადებასთან მიმართებით, ასევე მოპასუხე გარკვეული დროის მანძილზე არ აწვდიდა საწარმოს ფინანსურ დოკუმენტაციას 70% წილის მესაკუთრე პარტნიორს, რაც მის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა. აღნიშნული ამყარებს ეჭვს კონკრეტული სუბიექტის არაკეთილსინდისიერებასთან მიმართებით, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ ი-----–----------ე, როგორც თვითონ აღნიშნავს ყველა გადაწყვეტილებას ა----–-----------თან ერთად იღებდა, მაშინ მას საწინააღმდეგო აუდიტორულ შემოწმებასა და დოკუმენტაციის მიწოდებასთან მიმართებით არ უნდა ჰქონოდა, რადგანაც, ნებისმიერ შემთხვევაში მას, როგორც საწარმოს დირექტორს ევალებოდა მიეწოდებინა საწარმოს ფინასური დოკუმენტაცია პარტნიორისათვის, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია კონტროლი გაუწიოს საწარმოს საქმიანობას, თანახმად ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.10 და 46.4 მუხლებისა.

 

ამასთან, შპს ,,ს--------------------თან’’ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა სასამართლოს მიხედულებით წარმოშობს ი-----–----------ის არაკეთილსინდისიერად მიჩნევის საფუძველს, რამეთუ კონკრეტული საწარმო რეგისტრირებულია იმ საწარმოს იურიდიულ მისამართზე, რომლის 50% წილის მესაკუთრეა ი-----–----------ე, ამავდროულად კონკრეტული საწარმოს 100% წილის მესაკუთრე ი---------–--ა, ი-----–----------ესთან ერთად ფლობს მეორე კომპანიას, რაც ცხადია წარმოშობს მათ დაკავშირებულ სუბიექტებად მიჩნევის საფუძველს, რაც სასამართლოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უქმნის საფუძველს მიიჩნიოს პასუხისმგებლად ი-----–----------ე მოთხოვნებთან მიმართებით. გარემოება, რომ ა----–-----------ისათვის ცნობილი იყო მითითებული კავშირების შესახებ არ დასტურდება, შესაბამისად იმ ვითარებაში, როდესაც ი-----–----------ე მეორე პარტნიორთან შეუთანხმებლად ახორციელებდა მსგავსი ტიპის სამეწარმეო საქმიანობას აღნიშნული ეწინააღმდეგება საწარმოს ინტერესებს და შესაბამისად საზიანოა 70% წილის მესაკუთრე პარტნიორისათვის.

 

საგულისხმოა, ასევე გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილია 1--------- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება, რომელშიც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმულია - შპს ,,რ-----– კაბლო’’. კონკრეტული საქმე ეხებოდა ორ მეწარმე სუბიექტს შორის დავას მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასთან დაკავშირებით, კერძოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქონებაში განთავსებული იყო მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები, თავის მხრივ კი აღნიშნული უძრავი ნივთი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით მფლობელობაში ჰქონდა გადაცემული შპს ,,რ-----– კაბლოს’’, რის გამოც იგი ჩაბმული იყო დავაში მესამე პირად. განჩინებაში აღნიშნულია - ,,როგორც სააპელაციო სასამართლოში გამოირკვა, შპს ,,რ-----– კაბლო’’ აცხადებს საკუთრების უფლებაზე პრეტენზიას იმ ნივთებზე, რომელთა გამოთხოვასაც ითხოვდა მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამისათვის, მას თავის მოთხოვნა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, უნდა დაეფიქსირებინა სარჩელით ან უკიდურეს შემთხვევაში მოსაზრების სახით მაინც. სასამართლოს მთავარ სხდომამდე მას არც სარჩელი და არც მისი მოსაზრება, თუნდაც შესაგებლის სახით არ წარმოუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მას პასუხისათვის ვადაც განუსაზღვრა გზავნილის მეშვეობით. მესამე პირი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რასაც იგი დაგვიანებით ხსნის (აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის). პალატა მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, საპატიოა თუ არა მისი გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე, შპს ,,რ-----– კაბლოს’’ არ განუხორციელებია მისი მოთხოვნის მარეალიზებელი საპროცესო მოქმედებები, შესაბამისად, შეუძლებელია მისი პოზიციების გათვალისწინება მოხდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ.’’ საყურადღებოა, რომ განჩინებაში აღნიშნულია მესამე პირის მხრიდან მისთვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განუხორციელებლობა, პროცესზე არ გამოცხადება და სათანადო შედავების განუხორციელებლობა, რაც მეტყველებს ი-----–----------ის არაკეთილსინდისიერ და არაგულისხმიერ დამოკიდებულებას მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა მიმართ.

 

საგულისხმოა, ასევე გარემოება, რომ მოპასუხე აპელირებს იმგვარ გარემოებებზე, რომ მას კარგი ურთიერთობა აკავშირებდა მოსარჩელესთან და საქართველოში სტუმრობისას თვითონ უზრუნველყოფდა ა----–-----------ის გამასპინძლებისათვის საჭირო თანხებს, მათ შორის კვებისა და სასტუმროში განთავსებისათვის საჭირო თანხებს, რის დასტურადაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ფოტოსურათების ასლები, რაც ცხადია ვერ უზრუნველყოფს მითითებული ფაქტის დადასტურებას და აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს შეეძლო წარმოადგინა შესაბამისი ქვითრები, ამასთან მითითებულ გარემოებაზე აპელირება არარელევანტურია და ვერ გახდება მოთხოვნის გამომრიცხველი საფუძველი, რამეთუ იმ შემთხვევაში, თუ ი-----–----------ე სწევდა დიდ თანხებს, საწარმოს ხარჯზე აღნიშნული უნდა ყოფილიყო ცნობილი ა----–-----------ისათვის, რათა თვითონ გადაეწყვიტა მისაღები იყო თუ რა საწარმოს სახსრების ამგვარი ხარჯვა.

 

ამდენად, მოხმობილი გარემოებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე სასამართლო ი-----–----------ეს მიიჩნევს პასუხისმგებელ პირად სალაროს ნაშთისა (12 844 ლარი) და სასაქონლო ნაშთის თანხობრივ მაჩვენებელთან (115 214.84 ლარი) მიმართებით. რაც შეეხება, მოთხოვნას 568 015 ლარის ოდენობით დებიტორული დავალიანების ნაწილში, მითითებული ვერ დაექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამეთუ დებიტორული დავალიანება ვერ მიიჩნევა საწარმოს პასივად (ზიანად), რომელთან მიმართებითაც შესაძლოა დირექტორს დაეკისროს პასუხისმგებლობა, დებიტორული დავალიანება გულისხმობს სხვა სუბიექტების მიმართ მოთხოვნის არსებობას, რაც სამოქალაქო კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე, სსკ-ს 147-ე და 152-ე მუხლების საფუძველზე ექცევა ქონების ცნებაში და შესაბამისად აღნიშნული წარმოადგეს საწარმოს აქტივს, რომელთან დაკავშირებითაც პასუხისმგებლობაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე კონკრეტულ მოთხოვნასთან მიმართებით განმარტავს, რომ იგი ამოღებულია უშუალოდ ი-----–----------ის მიერ და აღნიშნული საწარმოს ბალანსზე არ ასახულა, რის გამოც მას უნდა დაეკისროს მითითებული თანხა საწარმოს სასარგებლოდ. მხედველობაშია მისაღები, რომ მოთხოვნის ავტორს აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა არ წარმოუდგენია. მხარეს მითითებულის დასადასტურებლად შეეძლო წარმოედგინა კონკრეტული სუბიექტების მხრიდან ი-----–----------ის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მისი მხრიდან არ წარმოდგენილა. ამასთან, მოსარჩელეს არც იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია, რომ კონკრეტული დებიტორული დავალიანების ამოღება შეუძლებელია, რის გამოც კონკრეტულ ნაწილში მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აუდიტორული დასკვნა (ტ.2, ს.ფ. 309-342);

- 09.02.2016წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ტ.3, ს.ფ. 55-64).

- მოწმეთა ჩვენება;

- სპეციალისტის ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა----–-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე, 152-ე მუხლები

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-9, 44-ე, 46-ე მუხლები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8-9 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამეწარმეო საქმიანობის სუბსტანციური კერძო-სამართლებრივი ცნება განსაზღვრულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით: „სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.“ სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეს (სხვა სიტყვებით - მეწარმეს) წარმოადგენს გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით მოწყობილი საწარმო. კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი“. ამდენად, ქართული სამეწარმეო სამართალი, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს ინდივიდუალურ მეწარმეს, როგორც ფიზიკურ პირს და საზოგადოებებსა და კოოპერატივს, როგორც იურიდიულ პირებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.07.2006წ. გადაწყვეტილება, საქმე N1/2/378, ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება, არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს საწარმოს ვალდებულებებს პარტნიორის (პარტნიორის) მიმართ და პარტნიორის უფლებებს საზოგადოებაში. ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 46-ე მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანი მოგების მიღებაა. პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღებაა - დივიდენდის სახით.

 

მოხმობილი კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ შპს ,,G-----’’ დაფუძნდა 2012 წლის 24 ოქტომბერს, რომლის პარტნიორები არიან აზერბაიჯანის მოქალაქე ა----–-----------ი (70% წილის მესაკუთრე პარტნიორი) და ი-----–----------ე (30% წილის მესაკუთრე პარტნიორი). საწარმოს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობას 2017 წლის იანვრამდე ახორციელებდა 30% წილის მესაკუთრე, დირექტორი - ი-----–----------ე, რომელსაც 70% წილის მესაკუთრე ა----–-----------ისაგან დამატებით მინიჭებული ჰქონდა მინდობილობა, რათა უზრუნველეყო საწარმოს საქმიანობის სრულად წარმართვა.

 

6.2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, ასეთის არსებობისას, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებთან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის ვადით. შესაძლებელია ამ ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ იქნეს კომპენსაცია, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ამ ხელშეკრულებით.

 

ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 პუნქტში დასახელებულ პირებს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს საზოგადოების მიმართ გააჩნიათ ფიდუციური მოვალეობები, ერთის მხრივ, საზოგადოების საქმეებს გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით არ გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობის შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. დასახელებული ნორმა საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისითაცაა მნიშვნელოვანი და პასუხს იძლევა კითხვაზე - მსგავს შემთხვევაში, თუ როგორ უნდა განაწილდეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, საყურადღებოა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც ზრუნვის მოვალეობას მოითხოვს დირექტორისაგან, რაც გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა, ,,ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის’’ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.

 

კანონის 9.6 მუხლსა და დირექტორის ფიდუციურ მოვალეობასთან მიმართებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორი) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება. გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს, დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. დირექტორს გონივრულად უნდა სწამდეს, რომ მოქმედებს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ფიდუციური მოვალეობის საფუძველი, კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ თანამედროვე საკორპორაციო სამართალში დიდი მნიშვნელობა ენიჭება „სამეწარმეო განსჯის წესს“ ანუ, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საწარმოს დირექტორები მოქმედებდნენ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერებისა და ინფორმირებულობის პრინციპის დაცვით, შესაბამისად, დირექტორების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, გადალახოს აღნიშნული პრეზუმფცია. საკასაციო პალატის განმარტებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“)...ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან. ფიდუციური ვალდებულებები (ერთგულება და გულისხმიერება (ზრუნვა) მოითხოვს ხელმძღვანელისგან (დირექტორისგან), არ იმოქმედოს ინტერესთა კონფლიქტის დროს საწარმოს ინტერესების საპირისპიროდ, ასევე არ განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება საწარმოს ინტერესებს (მოგების მაქსიმიზაციას). დამოუკიდებელი (ინტერესთა კონფლიქტის გარეშე) მოქმედი დირექტორის ქმედების (სამეწარმეო გადაწყვეტილების მიღებისას) შეფასებისას გამოიყენება ე.წ. ,,მართებული სამეწარმეო გადაწყვეტილების პრეზუმფცია’’ (იხ., სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.; Nას-1307-1245-2014, 06.05.2015წ.; Nას-687-658-2016, 06.11.2018წ.)

 

6.3. წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანია საწარმოს დირექტორის მიერ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად საწარმოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ დერივაციული სარჩელი, უფლებას აძლევს აქციონერს, აგრეთვე, საზოგადოების პარტნიორებს გააკონტროლონ დირექტორის საქმიანობა. შეიძლება ითქვას, რომ დერივაციული სარჩელი კორპორაციული მართვის ამოცანების განხორციელების მიზნებსაც ემსახურება. აღსანიშნავია, რომ კორპორაციულ-სამართლებრივ კონტექსტში ხელმძღვანელი (დირექტორი) საწარმოს და არა მისი აქციონერების / პარტნიორების მინდობილი პირი - მისი ფიდუციარია. აქციონერების /პარტნიორების ურთიერთობა კი განპირობებულია სწორედ ,,საწარმოს საუკეთესო ინტერესით’’, ვინაიდან სწორედ აქციონერია /პარტნიორია საწარმოს წარმატების მთავარი მოსურნე და მისი მთავარი მოსარგებლე (ბენეფიციარი) (იხ., ჯუღელი გ., დირექტორთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე ახალი სასამართლო პრაქტიკის შედარებით სამართლებრივი მიმოხილვა. ჟურ. ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა; აგრეთვე, იხ., Emanuel S., Emanuel L., Corporations, Aspen Publishers Online, New York, 2009, 46-78; Modern Company Law for a Competitive Economy Final Report (London: DTI, 2001), paras. 6.19-6.40, Shareholder Litigation: Common Law, 212-249 / სუსგ. Nას-687-658-2016, 06.11.2018წ.)

 

ამდენად, დერივაციული სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე გამოდის საწარმოს წარმომადგენლად. კონკრეტულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ სარჩელის აღძვრისას ა----–-----------ი არ ყოფილა საწარმოს დირექტორი, ხოლო 2017 წლის იანვრიდან იგი წარმოადგენს კონკრეტული საწარმოს დირექტორს, შესაბამისად იგი უფლებამოსილია მოითხოვოს საწარმოს სასარგებლოდ ვალდებულების შესრულება არა მხოლოდ როგორც პარტნიორმა დერივაციული სარჩელის ფარგლებში, არამედ ედავოს ყოფილ დირექტორსა და საწარმოს მოქმედ პარტნიორს, როგორც ამჟამინდელმა დირექტორმა და შესაბამისად საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს ი-----–----------ის არაკეთილსინდისიერებასა და საწარმოს მიმართ ნაკისრი ფიდუციური მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას, რაც წარმოშობს მის პასუხისმგებლობას საწარმოს წინაშე. კერძოდ, კონკრეტული პირის მიერ დარღვეულია, როგორც ა) გულმოდგინების, ასევე - ბ) ერთგულებისა და გ) კეთილსინდისიერების პრინციპი. უპირველესად გასაკიცხია, ა----–-----------ისაგან ფარულად შპს ,---------’-თან და შპს ,,ს--------------------თან’’ კავშირი, რაც რეალურად ეწინააღმდეგებოდა შპს ,,G-----’’-ის ინტერესებს. კერძოდ, შპს ,,საუკეთესო არჩევანი’’ რეგისტრირებულია იმ საწარმოს (შპს ,---------’) იურიდიულ მისამართზე, რომლის 50% წილის მესაკუთრეა ი-----–----------ე, ამავდროულად კონკრეტული საწარმოს 100% წილის მესაკუთრე ი---------–--ა, ი-----–----------ის პარტნიორის (50% წილის მესაკუთრე) შპს ,---------’-ში, რაც ცხადია წარმოშობს მათ დაკავშირებულ სუბიექტებად მიჩნევის საფუძველს, რაც სასამართლოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უქმნის საფუძველს დადასტურებულად მიიჩნიოს საწარმოს დირექტორის - ი-----–----------ის მხრიდან ფიდუციური მოვალეობის დარღვევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც - ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია და ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია. ი-----–----------ის კავშირი შპს ,---------’-თან და შპს ,,საუკეთესო არჩევანთან’’ გავლენის მომხდენია შპს ,,G-----’’-ის საქმიანობის პირობებსა და ეკონომიკურ შედეგებზე.

 

გარდა აღნიშნულისა, ი-----–----------ის მხრიდან საწარმოს წინაშე არსებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ის წინააღმდეგი იყო აუდიტორულ შემოწმებაზე და გარკვეული პერიოდის მანძილზე უარს აცხადებდა პარტნიორისათვის კომპანიის საფინანსო დოკუმენტაციის გადაცემაზე, მაშინ როდესაც იგი საწარმოს არა მხოლოდ დირექტორი იყო, არამედ ა----–-----------ის მიერ მასზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილი იყო 100%-ის ფარგლებში ემოქმედა საწარმოს სახელით. ამავდროულად, კონკრეტული სუბიექტის არაგულმოდგინე დამოკიდებულებას ადასტურებს მის მიერ, როგორც შპს ,,რ-----–----–--ს’’ დირექტორის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოვლინდა სამოქალაქო დავაზე შესაბამისი საპროცესო უფლებების გამოუყენლობაში. კონკრეტული საწარმოს 30% წილის მესაკუთრე იყო შპს ,,G-----’’, შესაბამისად მითითებული დაკავშირებული იყო შპს ,,G-----’’-ის ინტერესებთან.

 

ამდენად, მოხმობილი გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებენ ი-----–----------ის, როგორც საწარმოს დირექტორის არაკეთილსინდისიერებას, რაც არსებულ ზიანთან მიმართებით წარმოშობს მის პასუხისმგებლობას საწარმოს სასარგებლოდ, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავად პასუხისმგებლობის მოცულობის განსასაზღვრად სასამართლო ეყრდნობა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტორული კომპანია - ,-----–---–------------------ 2----–-–------------–-- დასკვნას, რომლის V-VII ნაწილს დაამყარა 696 074 ლარის ოდენობით სასარჩელო მოთხოვნა ა----–-----------მა, რაც მოიცავს ა) 12 844 ლარის ოდენობით სალაროს ნაშთს, ბ) 568 015 ლარის ოდენობით დებიტორული დავალიანებასა და გ) 115 214.84 ლარის ოდენობით სასაქონლო ნაშთის თანხობრივ მაჩვენებელს. ამასთან, სასამართლო კონკრეტულ დასკვნაზე დაყრდნობით მიზანშეწონილად მიიჩნევს მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და ი-----–----------ეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მხოლოდ ა) სალაროს ნაშთისა (12 844 ლარი) და ბ) სასაქონლო ნაშთის თანხობრივ მაჩვენებელთან (115 214.84 ლარი) მიმართებით. რაც შეეხება, მოთხოვნას 568 015 ლარის ოდენობით დებიტორული დავალიანების ნაწილში, მითითებული ვერ დაექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამეთუ დებიტორული დავალიანება ვერ მიიჩნევა საწარმოს პასივად (ზიანად), რომელთან მიმართებითაც შესაძლოა დირექტორს დაეკისროს პასუხისმგებლობა, დებიტორული დავალიანება გულისხმობს სხვა სუბიექტების მიმართ მოთხოვნის არსებობას, რაც სამოქალაქო კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე წარმოადგენს აქტივს და არა პასივს, რომელთან დაკავშირებითაც პასუხისმგებლობაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.

 

დებიტორული დავალიანება გულისხმოს მოთხოვნის უფლების ქონას. თავად მოთხოვნა კი ერთიანდება ქონების ზოგად ცნებაში, კერძოდ სსკ-ს 147-ე მულის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. სსკ-ს 152-ე მუხლის თანახმად, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე. ანალოგიურად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლი 30-ე ნაწილის თანახმად, ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა, ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს. ამდენად, საწარმოს მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ვერ მიიჩნევა ზიანად და ვერ წარმოშობს პირის პასუხისმგებლობას მის ანაზღაურებასთან მიმართებით.

 

საგულისხმოა, რომ მოსარჩელე კონკრეტულ მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ იგი ამოღებულია უშუალოდ ი-----–----------ის მიერ და აღნიშნული საწარმოს ბალანსზე არ ასახულა, რის გამოც მას უნდა დაეკისროს მითითებული თანხა საწარმოს სასარგებლოდ. მხედველობაშია მისაღები, რომ მოთხოვნის ავტორს აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა არ წარმოუდგენია. ამასთან, მოსარჩელეს არც იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია, რომ კონკრეტული დებიტორული დავალიანების ამოღება შეუძლებელია, ან/და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 8.29 მუხლის საფუძველზე მიჩნეულ იქნეს უიმედო ვალად. იმ შემთხვევაში თუ საწარმოს შეუნარჩუნდება მოთხოვნის უფლება კონკრეტული სუბიექტების მიმართ და ამავდროულად აღნიშნულ თანხას ამოიღებს ი-----–----------ისაგან წარმოიშობა თანხის 2-ჯერ მიღების საფუძველი, რაც უსაფუძვლოდ გაამდიდრებს მოთხოვნის ავტორს, რის გამოც კონკრეტულ ნაწილში მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.).

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე ა----–-----------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელე ა----–-----------ის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 3 000 ლარი (ტ.1, ს.ფ. 73), ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 28)

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 540 ლარის ანაზღაურება. ხოლო, გადახდილი 2460 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, ი-----–----------ეს (პ--------------) აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული, ქ. თბილისში, ძ---- ზ-----–-–---–ების ქ. №37-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №0----------------------) - №1 ბინის და 10,19 კვ.მ. სარდაფის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

სსსკ-ის 1991-ე მუხლით რეგულირებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის შესაბამისად - გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედი და დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, არ არსებობს ამ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა----–-----------ის სარჩელი ი-----–----------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ი-----–----------ეს შპს ,,G-----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს სალაროს ნაშთის - 12 844 ლარისა და საქონლის ნაშთის - 115 214.84 ლარის გადახდა;

 

3. ა----–-----------ის მოთხოვნა ი-----–----------ისათვის, როგორც შპს ,,G-----’’-ის, ისე პარტნიორ ა----–-----------ის სასარგებლოდ 568015 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში - არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე ი-----–----------ეს მოსარჩელე ა----–-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 540 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და 50 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებისათვის.

 

5. ა----–-----------ის მიერ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2 460 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე