გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15416-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე შპს ”მ----------------------”
წარმომადგენელი ან----------–---–-
მოპასუხე ოთ------------- (არ გამოცხადდა),გი-----------–-–---–-
დავის საგანი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ოთ-------------სა და გ------------–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა 4 800 ლარი, სარგებელი - 3 628.8 ლარი და პირგასამტეხლო 2 364 ლარი.
1.2. მოპასუხეებს ოთ-------------სა და გ------------–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი 50 ლარი და სააღსრულებო წარმოების ხარჯი 100 ლარი.
2017 წლის 25 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nდ-–---------, რომლის საფუძველზე ამავე დღეს გაფორმდა შეთანხმების სესხის გადაცემის შესახებ და მოსარჩელემ მოპასუხეზე გასცა სესხი 4 800 ლარის ოდენობით სარგებლოს 5.4%-ის დარიცხვით.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ვა-–------------–---–ის კუთვნილი ავტომობილი - ალფა რომეო 1---
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში, თვეში 306 ლარის გადახდით ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი არცერთი თვის გადასახადი. 22.12.2017წ მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემას, თუმცა ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ასევე გ------------–-–---–თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 21 000 ლარით. ვალდებულების შესრულების მიზნით შეტყობინება გაეგზავნა ასევე თავდებსაც 2018 წლის 23 აპრილს, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა.
გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 22.03.2018 შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 27.02.18 დაიწყო სააღსრულებო წარმოება. თუმცა ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა და ის შეიძლება ფაქტობრივად აღარც არსებობდეს. მოპასუხეებს - ოთ-------------სა და გ------------–-–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ სააღსრულებო წარმოების ხარჯი 150 ლარის ოდენობით.
სარჩელის აღძვრის დროსათვის მოპასუხეებს ოთ-------------სა და გ------------–-–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ სესხის ძირითადი თანხა 4 800 ლარი.
ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის დაბრუნების ვალდებულება. ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც. ვინაიდან 25.04.2017 წლიდან სესხი ვადაგადაცილებაშია, მოპასუხეებს ოთ-------------სა და გ------------–-–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასრგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ 2017 წლის 25 აპრილისა და ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4%, რაც შეადგენს 259.2 ლარს. ვადაგადაცილების თარიღიდან სარჩელის წარდგენამდე გასულია სრული 14 თვე, რის გამოც დარიცხული სარგებელი შეადგენს 3 628.8 ლარს.
მოპასუხეებს ოთ-------------სა და გ------------–-–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ პირგასამტეხლო თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 6 ლარის ოდენობით. 2017 წლის 06 აპრილიდან გასულია 396 კალენდარული დღე, შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 2 364 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ოთ-------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
მოპასუხე გ------------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში და აღნიშნა, რომ მან რამდენჯერმე მიმართა შპს „მ----------------------“ ავტომანქანის გადაცემის თაობაზე, თუმცა მათი მხრიდან აღნიშნულ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 25 მარტს შპს „მ----------------------ა“ და ოთ-------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება ND----------, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 5.4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4800 ლარის ოდენობით.
კრედიტის ვადა იყო 36 თვე და ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 306 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები.
3.1.2. ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სესხის დაბრუნება და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება იმდაგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები.
3.1.3. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა ვა-–------------–---–ის კუთვნილი ავტომობილი - ალფა რომეო 1---
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
3.1.4. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის დაბრუნების ვალდებულება. ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
3.1.5. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოგირავნის მოთხოვნიდან ან გირავნობის მოწმობის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში დამგირავებელი არ უზრუნველყოფს მოგირავნისათვის ავტომობილის მფლობელობაში გადაცემას, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მსესხებელი უპირობოდ მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
3.1.6. ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, მოგირავნისათვის გირავნობის საგნის იძულებითი წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მსესხებელს/დამგირავებელს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
3.1.7. 2017 წლის 25 მარტს შპს „მ----------------------ა“ და ოთ-------------ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იმავე დღეს შპს „მ----------------------ა“ და გ------------–-–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება.თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 21 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სოლიდარული თავდებობის შესახებ წერილობითი განცხადება.
3.1.8. გირავნობის საგნის კრედიტორის მფლობელობაში გადაცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 22.03.2018 შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 27.02.18 დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
გირავნობის მოწმობის საფასურის სახით შპს "მ-----------------------" გადაიხადა 50 ლარი. სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო წარმოების საფასურის სახით 100 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- გირავნობის მოწმობა.
- განცხადება იძულებით აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ.
- ცნობები.
- საგადასახადო დავალება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების ო--------------ისა და გი-----------–-–---–-ს დავალიანება შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ შეადგენს - სესხის ძირითადი თანხა 4 800 ლარი, სარგებელი - 3 628.8 ლარი და პირგასამტეხლო 2 364 ლარი.
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების 3.4 გათვალისწინებულ იქნა ვადაგადაცილების ჯარიმა, გადახდის ვადის 1-5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 12 ლარი, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის - 6 ლარი, რომლის დაფარვაც გაგრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (გადახდების ისტორია, გაფრთხილების წერილები) საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც სხვა დავალიანების არსებობის ფაქტს დაადასტურებდა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 361-ე, მე-400, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება: თუ: ა. შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებდა ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
დადგენილია რომ მხარეებს შპს „მ----------------------ა“ და ოთ-------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, შპს „მ-----------------------“ იკისრა ვალდებულება მსესხებლის სასარგებლოდ გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. შპს „მ-----------------------“ გასცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, რაც მსეხებელმა აითვისა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, არ დააბრუნა კრედიტის თანხა დადგენილ ვადებში. ამდენად, მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება, რაც განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად. აღნიშნული გარემოება, კი კრედიტორს შპს „მ----------------------“ ანიჭებს უფლებამოსილებას მოსთხოვოს მსესხებელს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხა 4800 ლარი და მასზე დარიცხული პროცენტის 3 628.8 ლარის გადახდევინება. ამასთან, ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მასვე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობის საგნის იძულებითი წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 150 ლარის გადახდა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, დადგენილია მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა. შესაბამისად, არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 2 364 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და აღემატება მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიურად გადასახდელი სარგებლის საპროცენტო განაკვეთის ოდენობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ათჯერ უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 236.4 ლარით.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „მ----------------------ა“ და მოპასუხე გ------------–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, თავდებმა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ 2017 წლის 25 მარტს დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ თავდებობით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, მსესხებლის მიერ დარღვეულია საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება.
ამდენად, კრედიტორი უფლებამოსილია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების - 8815.2 ლარის ოდენობით (4800 ლარი ძირი თანხა, 3628.8 ლარი პროცენტი, 236.4 ლარი პირგასამტეხლო, 150 ლარი გირანობის საგნის იძულებითი წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები) შესრულება, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად მოითხოვოს თავდების - გი-----------–-–---–-საგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (8815,2 ლარი) 264.45 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ”მ----------------------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს ოთ-------------სა და გ------------–-–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა 4 800 ლარი, სარგებელი - 3 628.8 ლარი და პირგასამტეხლო 236.4 ლარი.
1.2. მოპასუხეებს ოთ-------------სა და გ------------–-–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 150 ლარის გადახდა გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოებისათვის გადახდილი საფასურის ასანაზღაურებლად.
2. მოპასუხეებს ოთ-------------სა და გ------------–-–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ 264.45 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია