გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2019
საქმის ნომერი
160210018002599042
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN2/758-18

160210018002599042

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 თებერვალი, 2019 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე - შპს ,,A-----a”

წარმომადგენელი - გო----------------–---–ი (არ გამოცხადდა)

მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე- შპს ,,ტ---.’’

წარმომადგენელი - თე-----–-----ი (არ გამოცხადდა)

დავის საგანი ძირითადი სარჩელით – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

დავის საგანი შეგებებული სარჩელით –ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ტ---.-სთვის’’ მოსარჩელე შპს ,,A-----a-ს” სასარგებლოდ 105 383.25 ლარის გადახდის და მიუღებელი შემოსავლის სახით 4215 ლარის დაკისრება.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის თებერვლის თვეში, შპს ,,A-----a-ს” და შპს ,,ტ----ს’’ შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლითაც, შპს ,,A-----a-ს” 2017 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით საკუთარი ავტომანქანით უნდა მიეწოდებინა მოპასუხისთვის მშენებლობისთვის საჭირო მზა ბეტონი ნაწილი ანტიფრიზით და ნაწილი ანტიფრიზის გარეშე მა-------–-ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაშიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა შესაბამის ოდენობის თანხა 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

 

შპს ,,A-----a-მ” შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, გადასცა მოპასუხეს მოთხოვნილი რაოდენობის და ხარისხის 174 691,5 ლარის ღირებულების საქონელი, მოპასუხემ კი სრულად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, გადაიხადა მხოლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულების ნაწილი 69 308.25 ლარი და გადასახდელი დარჩა 105 383.25 ლარი.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით დადგა ზიანი, კერძოდ, ვერ გაფართოვდა წარმოება, ვერ მიიღო შემოსავალი, კერძოდ, კი მოსარჩელის განმარტებით მიღებული თანხის კომერციულ ბანკში განთავსებით მიიღებდა ყოველწლიურ სარგებელს 8 % -ის ოდენობით (რაც განსაზღვრულია სასამართლო პრაქტიკით (სუსგ 16.01.2017 წლის N ას - 762-730-2016), შესაბამისად, 2018 წლის იანვრიდან (როდესაც უნდა მომხდარიყო თანხის სრული გადახდა) დღემდე გავიდა 6 თვე და შემოსავალი იქნებოდა 105383/100X0.5X 8=4215 ლარი.

 

1.2. მოპასუხის პოზიცია

 

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეშად დარღვევის გამო, მოპასუხე მხარეს არ ეკისრებოდა სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა. მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონელი, მშენებლობისთვის საჭირო მზა ბეტონის ნაწილის ანტიფრიზით და ნაწილი ანტიფრიზის გარეშე არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ ხარისხს, რის გამოც დაგების შემდეგ ბეტონი დასკდა და მისი ამ სახით გამოყენება შეუძლებელი გახდას. შპს ,,ტ---.-ს’’ მოუხდა დაგებული ბეტონის საფარის აყრა და ბეტონის ხელმეორედ დაგება, ამდენად მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის გამო არამართლზომიერია.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,ტ---.-მ’’ მიმართა შპს ,,A-----a-ს” და შეატყობინა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგების შესახებ, შესთავაზა მიყენებული ზიანის ანაზაღაურების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვა. მოსარჩელე თავდაპირველად დაეთანხმა აღნიშნულ მოთხოვნას, თუმცა შემდეგ მოსარჩელის მიერ უპასუხოდ იქნა დატოვებული ყველა წინადადება.

 

მხარემ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 40 000 ლარის ოდენობით გადახდილია, ხოლო დარჩენილი 65 000 ლარის დაკისრების ვალდებულება მათ არ გააჩნიათ, რადგან უხარისხო ბეტონის მიწოდების გამო კომპანიამ განიცადა ფინანსური ზარალი.

 

2. მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში (სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებული)

 

2.1. დაეკისროს შპს ,,A-----a-ს” შპს ,,ტ---.-სთვის’’ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 51506.16 ლარის ოდენობით;

 

მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე: გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად, მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სადახლოს ტერიტორიაზე შპს ,,ტ---.-ს’’ დაევალა 4235 კვ.მ. გზის მოწყობა, საიდანაც 4184 კვ.მ. იყო სავალი ნაწილი, რასაც ჭირდებოდა 670 კუბური მეტრი ბეტონი, ხოლო 49 კვ.მ. მიერთება, რსაც ჭირდებოდა 7.8 კუბური მეტრი ბეტონი.

 

2017 წლის თებერვლის თვეში ქ.მარნეულში შპს ,,ტ---.-ს’’ და შპს ,,A-----a-ს’’ შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,A-----a-ს” 2017 წლის თებერვლიდან-ოქტომბრის ჩათვლით შპს ,,ტ---.-სთვის’’ უნდა მიეწოდებინა მშენებლობისთვის საჭირო მზა ბეტონი, პროდუქტის მიწოდების ადგილად განისაზღვრა მა-------–-ს მუნიციპალიტეტი, სადგური სადახლო. ერთი კუბური ბეტონის ღირებულებად განისაზღვრა 130 ლარი. მხარის მიერ მიწოდებული ბეტონის ნაწილი არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ ხარისხს, რამაც გამოიწვია დაგებულ ბეტონზე ბზარების გაჩენა.

 

2017 წლის 5 მაისს შპს ,,ტ----ს’’ მიმართა მა-------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოთხოვა ხარვეზის უმოკლეს დროში აღმოფხვრა. ზემოაღნიშნულ წერილს ერთვოდა სსიპ ლევანს სამხარაულის სახელმწიფოს სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ბეტონს აღენიშნებოდა ქაოტურად ორიენტირებული ბზარები. ვინაიდან მოპასუხის მიერ მიწოდებული ბეტონი არ შეესაბამებოდა მხარეებს შორის შეთანხმებულ ხარისხს, იგი დასკდა, რის გამოც შპს ,,ტ---.-ს’’ მოუხდა აეყარა საფარის უვარგისი ნაწილი, ხელმეორედ შეესყიდა ბეტონი და ხელახლა დაეგო გზა. შპს ,,ტ---.-ს’’ მიერ ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს------ ბეტონისგან’’ შეძენილ იქნა 328 კუბური მეტრი ბეტონი, რაც საჭირო იყო უვარგისი საფარის შესაცვლელად და პროექტის დასასრულებლად.

 

მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე წარმოადგინა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა ერთ კვადრატულ მეტრზე უკვე დაგებული არმირებული ბეტონის საგზაო საფარის აყრისა და ახალი არმირებული ბეტონის საგზაო საფარის მოწყობის სამუშაოების პირდაპირი დანახარჯების ფაქტიური ღირებულებები. შესაბამისად შპს ,,ტ----ს’’ მტკიცებით აღნიშნული დანახარჯი შეადგენს 51 506 ლარს, რაც უნდა დაეკისროს შპს ,,A-----a-ს’’. (იხ. შეგებებული სარჩელი, ახსნა-განმარტება)

 

2.2. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

 

შპს ,,ტ----ს’’ გზის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებდა დადგენილი სტანდარტების დარღვევით, მათ ვერ დაიცვეს ყინვის პერიოდში ბეტონის მოვლის პირობები, რითაც არღვევდა ბეტონის გამყარებისათვის დადგენილ წესს. ასეთ ვითარებაში ბეტონი ვერ მიაღწევდა იმ ხარისხს, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. ამდენად, ბეტონის ხარისხის დაკარგვა გამოწვეულია შეგებებული სარჩელის ავტორის ბრალით. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეს მიეწოდებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხის ბეტონი, ხოლო მოპასუხეს, რომ დაეცვა ბეტონის გზის საფარის მოწყობისთვის დადგენილი წესები და სტანდარტები ბეტონის სიმკვრივე მიაღწევდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხარისხს. ამასთან, თუკი შპს ,,ტ----სთვის'' დაუყოვნებლივ გახდა ცნობილი, რომ ბეტონის იყო ნაკლის მქონე, მათ აღარ უნდა გაეგრძელებინათ თანამშრომლობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე შპს „A-----a“ და მოპასუხე შპს „ტ---“ რეგისტრირებულნი არიან სამეწარმეო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 21-25)

 

3.1.2. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის (NAT160004899) ჩატარების შედეგად, შპს „ტ----ს“ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სადგური სადახლოს ტერიტორიაზე, დაევალა 4234 (ოთხი ათას ორას ოცდათოთხმეტი) კვ.მ. გზის მოწყობა, საიდანაც 4185 კვ. მ. იყო სავალი ნაწილი, რასაც სჭირდებოდა 670 კუბური მეტრი ბეტონი, ხოლო 49 კვ.მ. მიერთება, რასაც სჭირდებოდა 7.8 კუბური მეტრი ბეტონი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N17 (ტ.1. ს.ფ. 175-179)

- 24.01.2017 წლის N01/2017 ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 180-181)

3.1.3. 2017 წლის თებერვლის თვეში ქ. მარნეულში შპს „A-----a-სა“ და შპს ტ---.-ს „ შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლითაც შპს „A-----a-ს“ 2017 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით საკუთარი ა/მანქანით უნდა მიეწოდებინა მოპასუხისათვის მშენებლობისათვის საჭირო მზა ბეტონი ნაწილი ანტიფრიზითა და ნაწილი ანტიფრიზის გარეშე, მოთხოვნილი ოდენობით, მა-------–-ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაშიც მოპასუხეს უნდა გადაეხდა შესაბამისი ოდენობის თანხა მიწოდების დამთავრებისთანავე, 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება, 08.01.2019 წლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი

3.1.4. შპს „A-----a-ს“ მიერ შპს „ტ----ს’’ 2017 წლის 7 თებერვალს 10-ჯერ მიეწოდა B22.5 (M 300) ანტიფრიზიანი ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1562 ლარი;

2017 წლის 8 თებერვალს 6- ჯერ მიეწოდა B22.5 (M 300) ანტიფრიზიანი ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ 5 შემთხვევაში შეადგინა 1562 ლარი, ხოლო 1 შემთხვევაში 355 ლარი;

2017 წლის 16 თებერვალს 4-ჯერ მიეწოდა B22.5 (M 300) ანტიფრიზიანი ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1562 ლარი;

2017 წლის 18 თებერვალს 8-ჯერ მიეწოდა B22.5 (M 300) ანტიფრიზიანი ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ 5 შემთხვევაში შეადგინა 1562 ლარი, ხოლო 3 შემთხვევაში 1420 ლარი;

2017 წლის 19 თებერვალს 9-ჯერ მიეწოდა B22.5 (M 300) ანტიფრიზიანი ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ 3 შემთხვევაში შეადგინა 1562 ლარი, 3 შემთხვევაში 1136 ლარი, 2 შემთხვევაში 1420 ლარი, ხოლო 1 შემთხვევაში 1704 ლარი;

2017 წლის 20 თებერვალს 2-ჯერ მიეწოდა B22.5 (M 300) ანტიფრიზიანი ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1278 ლარი;

2017 წლის 4 მარტს 4-ჯერ მიეწოდა B22.5 (M 300) ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ 2 შემთხვევაში შეადგინა 1485 ლარი, 1 შემთხვევაში 1350 ლარი, ხოლო 1 შემთხვევაში 202.5 ლარი;

2017 წლის 7 მაისს 4-ჯერ მიეწოდა B22.5 (M 300) ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ 3 შემთხვევაში შეადგინა 1300 ლარი, ხოლო 1 შემთხვევაში 1170 ლარი;

2017 წლის 13 მაისს 4-ჯერ მიეწოდა B22.5 (M 300) ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ 3 შემთხვევაში შეადგინა 1300 ლარი, ხოლო 1 შემთხვევაში 1170 ლარი;

2017 წლის 25 მაისს 4-ჯერ მიეწოდა B22.5 (M 300) ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ 2 შემთხვევაში შეადგინა 1300 ლარი, ხოლო 2 შემთხვევაში 1170 ლარი;

2017 წლის 1 სექტემბერს 5-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1280 ლარი,2017 წლის 7 სექტემბერს 4-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1280 ლარი;

2017 წლის 8 სექტემბერს 2-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1280 ლარი;

2017 წლის 11 სექტემბერს 7-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1280 ლარი;

2017 წლის 17 სექტემბერს 7-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1280 ლარი;

2017 წლის 18 სექტემბერს 6-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1280 ლარი;

2017 წლის 19 სექტემბერს 4-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1280 ლარი;

2017 წლის 7 ოქტომბერს 4-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1280 ლარი;

2017 წლის 8 ოქტომბერს 5-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1280 ლარი;

2017 წლის 9 ოქტომბერს 7-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1280 ლარი;

2017 წლის 11 ოქტომბერს 4-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1280 ლარი;

2017 წლის 20 ოქტომბერს 3-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ შეადგინა 1280 ლარი;

2017 წლის 21 ოქტომბერს 5-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ 2 შემთხვევაში შეადგინა 1280 ლარი, 2 შემთხვევაში 1152 ლარი, ხოლო 1 შემთხვევაში 1024 ლარი;

2017 წლის 22 ოქტომბერს 5-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ 2 შემთხვევაში შეადგინა 1280 ლარი, 1 შემთხვევაში 1152 ლარი, ხოლო 2 შემთხვევაში 896 ლარი;

2017 წლის 23 ოქტომბერს 6-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ 3 შემთხვევაში შეადგინა 1280 ლარი, 2 შემთხვევაში 1152 ლარი, ხოლო 1 შემთხვევაში 1024 ლარი;

2017 წლის 24 ოქტომბერს 4-ჯერ მიეწოდა B30 ბეტონი, თითოეული მიწოდების ღირებულებამ 3 შემთხვევაში შეადგინა 1280 ლარი, ხოლო 1 შემთხვევაში 1152 ლარი.

 

2017 წლის 15 სექტემბერს შპს „ტ----ს მიერ შპს „A-----a-სთვის“ გადახდილი იქნა 13500 ლარი.

2017 წლის 19 ოქტომბერს შპს „ტ----ს შპს „A-----a-სთვის“ მიერ გადახდილი იქნა 20000 ლარი.

2017 წლის 29 ოქტომბერს შპს „ტ----ს მიერ შპს „A-----a-სთვის“ გადახდილი იქნა 1500 ლარი.

2017 წლის 31 ოქტომბერს შპს „ტ----ს მიერ შპს „A-----a-სთვის“ გადახდილი იქნა 31808.25 ლარი.

2017 წლის 6 ნოემბერს შპს „ტ----ს მიერ შპს „A-----a-სთვის“ გადახდილი იქნა 2500 ლარი.

შპს „A-----a-ს“ მიერ შპს „ტ----ს“ 2017 წლის 7 თებერვლიდან 2017 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით მიწოდებული ბეტონის (ანტიფრიზით და ანტიფრიზის გარეშე) ღირებულებამ შეადგინა 174691.50 ლარი, საიდანაც შპს „ტ----ს“ მიერ შპს „A-----a-სთვის“ ჯამში გადახდილი იქნა 69308.25 ლარი, ხოლო გადაუხდელმა თანხამ შეადგინა 105 383.25 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღრიცხვო ბარათი (ტ.1. ს.ფ. 116-118)

 

3.1.5. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ შპს ,,A-----a”-ს მიერ მიწოდებულ ბეტონს შპს ,,ტ---.’’ მიწოდებისთანავე იყენებდა მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სადგური სადახლოს ტერიტორიაზე გზის მოსაწყობად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი (ძირითადი, შეგებებული), შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N17 (ტ.1. ს.ფ. 175-179)

- 24.01.2017 წლის N01/2017 ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 180-181)

 

3.1.6. 2017 წლის 10 ივნისს შპს „სამშენებლო კომპანია მაგისტრალის“ დირექტორს გიორგი ბზიშვილსა და შპს „ტ----ს“ დირექტორს ზურაბ ახვლედიანს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, მასზედ, რომ შპს „სამშენებლო კომპანია მაგისტრალთან“ 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული N01/2017 ხელშეკრულების თანახმად შპს „ტ----მ’’ 2017 წელს შეასრულა მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ სადგურ სადახლოში მისასვლელ გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის (მე-2 ეტაპი) სამუშაოების შესყიდვა - NAT16004899 სამუშაოები. ასანაზღაურებელმა თანხამ კი შეადგინა 166 233.21 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.06.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.1. ს.ფ. 182)

- ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები (ტ.1. ს.ფ. 183-187)

 

3.1.7. 2017 წლის 5 მაისს მა-------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა შპს „ტ---.-ს’’ მის დაგებულ ბეტონზე ბზარების გაჩენის გამო, ხარვეზის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრის მოთხოვნით, წერილს თან ერთვოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ბეტონს აღენიშნებოდა ქაოტურად ორიენტირებული ბზარები. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სადგური სადახლოს ტერიტორიაზე გზის მოსაწყობად გამოყენებული ბეტონის საფარი დასკდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მა-------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 11.05.2017 წლის N03/5234 წერილი ((ტ.1. ს.ფ. 347)

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა N002459917 (ტ.1. ს.ფ. 348-375)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.2. სადავო გარემოების დასადასტურებლად (მიწოდებული საქონელი იყო ნაკლის მქონე (დაბალი ხარისხის) მოპასუხემ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 3 მაისის დასკვნაზე, უწინარესად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ამ ექსპერტიზის კვლევის საგანი არ ყოფილა ბეტონის ხარისხის დადგენა მიწოდების მომენტში და ამდენად, არც დასკვნა შეიცავს ამ საკითხზე რაიმე მსჯელობას. ეს გარემოება თავიანთ განმარტებებში დაადასტურეს დასკვნის შემდგენელმა ექსპერტებმაც. ამ ექსპერტიზას უნდა დაედგინა ბეტონის მარკიანობა და მიმდინარე სამუშაოების ვიზუალური შეფასების ხარისხი.

 

ხსენებული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ სულ აღებულ იქნა 6 ნიმუში. გამოცდილი ბეტონის ნიმუშების კუმშვაზე სიმტკიცის მნიშვნელობები იცვლება 14.73 მპა-დან (ბეტონის მარკა 150, ბეტონის კლასი ბ12.5) 39.81 მპა-მდე (ბეტონის მარკა 400, ბეტონის კლასი ბ30) შპს ,,A-----a”-ს მიერ მიწოდებული ბეტონის სამი ნიმუშიდან, ერთ შემთხვევაში ბეტონის მარკიანობა განისაზღვრა მ250-ით, ერთ შემთხვევაში მ150-ით, ხოლო მესამე შემთხვევაში მ400-ით, ბეტონის ერთი ნიმუში ვერ გამოიცადა, რადგან მას არ ჰქონდათ სტანდარტით დაყალიბების ასაკი 28 დღე-ღამე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა-–--------------–--ემ, სხდომაზე განმარტა, რომ ის პერიოდი როდესაც ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა, არ იყო ბეტონის დაგებისთვის შესაფერისი, რადგან დაბალი ტემპერატურის დროს ბეტონი ნელა მტკიცდება, იმისთვის რომ ბეტონმა მიაღწიოს თავის საბოლოო მარკიანობას საჭიროა 28 დღე-ღამე, ამასთან ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ტემპერატურა აღწევს + 20 გრადუსს. ამასთან ბეტონს დასხმისას სჭირდება ვიბრირება, რათა ფორების გამოთავისუფლდეს წყლისგან და შემდეგ ყინვაში მისი დახეთქვა არ მოხდეს. ასევე, იმ შემთხვევაში თუკი დაბალი ტემპერატურის გარემო პირობებში ხორციელდება ბეტონის დასხმა საჭიროა მოხდეს მისი ანტიფრიზით გაჯერება და ასევე ბეტონის გზის ზედაპირის ნახერხით დათბუნება. ექსპერტმა იქვე აღნიშნა, რომ ანტიფრიზი მოქმედებს მხოლოდ -5 გრადუს ტემპერატურამდე. მანვე მიუთითა, რომ ბეტონის სიმტკიცის და საბოლოო მარკიანობის მისაღწევად მასზე არ უნდა მოხდეს მძიმე საგნების გატარება. მა-–--------------–--ემ ასევე აღნიშნა, რომ მეოთხე ნიმუში ასევე აღებულ იქნა დაბზარული ზედაპირიდან, თუმცა ამ ნიმუშის სიმტკიცე აღწევდა 400 მარკას,სასამართლომ ასევე მოუსმინა მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სადგური სადახლოს ტერიტორიაზე გზის მოწყობის სამუშაოთა მწარმოებელ ნუ-------------ეს, რომელმაც სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გზის დაგების პერიოდს დაემთხვა ყინვა, შესაბამისად საჭირო იყო ბეტონში ანტიფრიზის შერევა, რაც აძვირებდა ბეტონის ღირებულებას, თუმცა მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ აღნიშნულზე. ბეტონის მიწოდებას ახდენდა ორი კომპანია, თუმცა მოცემულ შემთხვევაში შპს ,,A-----a-ს” მიერ მიწოდებული ბეტონის საფარი დასკდა, რადგან ბეტონი არ იყო შეთანხმებული კლასის და მარკის.

 

მოწმის მტკიცებით, ბეტონის დაშლა ასევე გამოიწვია ყინვამ. შპს ,,A-----a-ს” დირექტორმა მათ გარანტია მისცა, რომ ბეტონს დამატებული ექნებოდა ანტიფრიზი, რაც შესაძლებელს გახდიდა ყინვაში ბეტონის დაგებას, თუმცა საპირისპირო ვითარება შეიქმნა. ნუ-------------ემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ ბეტონის დაგების პირობები სრულად იყო დაცული, დასხმისას ბეტონის ვიბრირება ხდებოდა, რათა ფორები არ დარჩენილიყო მასში, ასევე ცელოფნის პარკითაც დათბუნდა ზედაპირი. მისი ინფორმაციით ბეტონის დაგებიდან 3-4 დღეში მასზე მანქანები გადაადგილდებოდნენ იმის მიუხედავად, რომ ბეტონის საბოლოო მარკიანობის მისაღწევად საჭირო იყო 20-25 დღის გასვლა.

 

მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ბეტონის საფარის დასკდომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს შპს ,,A-----a-ს” დირექტორს, რომელმაც იხილა მისი კომპანიის მიერ მიწოდებული ბეტონის დაშლისა და ცალკეულ შემთხვევებში დაბზარვის სურათიც. ამ ვითარების გამო განხორციელდა 90 მეტრიანი საფარის აყრა და შპს ,,ს------ ბეტონისგან’’ მიწოდებული ბეტონით გზის ხელახლა მოწყობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული დასკვნა არ ადასტურებს გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ბეტონი, მიწოდების მომენტში არ იყო შეთანხმებული ხარისხის. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მა-–--------------–--ემ განმარტა, ის მიზეზები, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა ბეტონის საბოლოო მარკის მიღწევაში და ასეთ მიზეზებად დასახლდა, როგორც დაბალი ტემპერატურა, რომელსაც ვერ უმკლავდება ანტიფრიზიც კი, ასევე, დათბუნების არ ქონა, ახლად დაგებულ ბეტონის ზედაპირზე მძიმე საგნების გადაადგილება და ა.შ. შესაბამისად, ექსპერტმა მიუთითა იმ დამატებით ფაქტორებზე, რამაც შეიძლება განაპირობოს ბეტონის სიმტკიცის (მარკიანობის) დაცემა. შესაბამისად, მითითებული ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის განმარტებით ირკვევა, რომ ბეტონის ხარისხი, მისი დასხმის შემდეგ, შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს, თუ არ ხდება მისი სათანადოდ დაყალიბება და მოვლა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი მონაცემები ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით, არ ასახავს ბეტონის ხარისხს მისი მიწოდების მომენტში. მოგვიანებით აღებული ბეტონის სინჯების მიხედვით ჩატარებული ექსპერტიზა ვერ გამოდგება იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ბეტონი მიწოდების მომენტშიც იყო უხარისხო, რადგან, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ბეტონის ხარისხი, მისი დასხმის შემდეგ, შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს, თუ არ ხდება მისი სათანადოდ დაყალიბება და მოვლა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომ მოსაჩელემ მას მიაწოდა უხარისხო ბეტონი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა

- ექსპერტ მა-–--------------–--ის ჩვენება (2019 წლის 8 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი)

- მოწმე ნუ-------------ის ჩვენება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2.2. შპს ,,ტ---.-ს’’ დაკვეთით 2017 წლის 14 თებერვალს შპს ,,ტორენტის’’ სამშენებელო ტესტირების ლაბორატორია ბინულის მიერ განხორციელდა შპს ,,A-----a-ს” მიერ მიწოდებული სასაქონლო ბეტონის ნიმუშის გამოცდა. ოქმის მიხედვით, ბეტონის ფაქტიური სიმტკიცე 7 დღის ასაკში აკმაყოფილებდა საპროექტო მარკას ბ 22.5. საქმეში წარმოდგენილი 15.02.2017, 07.03.2017. 08.03.2017. 16.03.2017, 18.03.201719.03.2017.20.03.2017 და 01.04.2017 თარიღებში შედგენილი ბეტონის ნიმუშის გამოცდის ოქმები ასევე ასახავს, იმ გარემოებას, რომ შპს ,,A-----a-ს” სასაქონლო ბეტონი 7 დღის ასაკში აკმაყოფილებდა საპროექტო მარკას ბ 22.5.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბეტონის ნიმუშის გამოცდის ოქმები (ტ.1. ს.ფ. 443-460)

 

3.2.3. შპს ,,A-----a-ს” მიერ შესრულებული იქნა ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხეს გადაეცა მოთხოვნილი რაოდენობისა და ხარისხის 174691.50 ლარის ღირებულების ბეტონი (ანტიფრიზით და ანტიფრიზის გარეშე) მოპასუხემ კი სრულად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, გადაიხადა მხოლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულების ნაწილი 69308.25 ლარი და დღემდე გადასახდელი დარჩა 105383.25 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტ.1. ს.ფ. 26-30)

- სასაქონლო ზედნადებები (ტ.1. ს.ფ .31-115)

- გადახდის სააღრიცხვო ბარათი (ტ.1. ს.ფ .116-118)

- ტრანსპორტირების ცხრილი (ტ.1. ს.ფ . 119-121)

 

3.2.4. ვინაიდან შპს ,,ტ---’’ ვერ ადასტურებს მიწოდებული ნივთის ნაკლს, რაც გამორიცხავს ამ საფუძვლით სადავო ხელშეკრულებიდან გასვლისა და ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის გადახდაზე უარის თქმის მართლზომიერებას, არ არსებობს 1268 კვ.მ. გზის საფარის აყრისა და მისი ხელახლა დაგებისთვის გაწეული ხარჯის (20/12/2018 წლის N5008113518 საინჟინრო დასკვნის თანახმად ერთ კვადრატულ მეტრზე უკვე დაგებული არმირებული ბეტონის აყრის და ახალი არმირებული ბეტონის საგზაო საფარის მოწყობის სამუშაოების პირდაპირი დანახარჯია 40.61 ლარი) 51 506 ლარის ოდენობით შპს ,,A-----a-სთვის” დაკისრების საფუძველი.

 

3.2.5. მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ შპს ,,A-----a-სთვის” გადახდილ იქნა ბეტონის საფასურის ნაწილი 40 000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო, 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების, კერძოდ, მოპასუხისათვის 105 383.25 ლარის ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების დადასტურება, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა, ხოლო ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს, მყიდველ მხარეს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში ძირითადი სარჩელით მოპასუხემ მიუთითა, რომ 40 000 ლარის ნაწილში ვალდებულება იქნა შესრულებული, ნასყიდობის საფასური ნაღდი ანგრიშსწორებით იქნა გადახდილი, თუმცა ამის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში 40 000 ლარის მოსარჩელისათვის გადახდის მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეზე იყო, რაც მან ვერ გასწია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 477-ე, 483, 487-488-ე, 491-ე, 405-ე, 494-ე, 495-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ გამომდინარეობს შპს ,,A-----a”-სა და შპს ,,ტ---.-ს’’ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმად შპს ,,A-----a”-მ იკისრა ვალდებულება შპს ,,ტ---.-სთვის’’ B22.5 (M-300 ხარისხის) კლასის ბეტონის მიწოდების შესახებ მყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად. მიწოდების ადგილად განისაზღვრა მა-------–-ს რაიონის სადგური სადახლოს ტერიტორია, მიწოდებული საქონლის ფასის გადახდა უნდა განხორციელებულიყო უნაღდო/ნაღდი ანგარიშსწორების გზით ეტაპობრივად, ყოველ 7 დღეში, მიღებული საგნის რაოდენობის პროპორციულად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე ,,A-----a”-ს ხელშეკრულებიდან წარმოეშვა მყიდველისთვის საქონლის მიწოდების ვალდებულება, მოპასუხე შპს ,,ტ---.-ს’’ კი - მისთვის საქონლის საფასურის გადახდის, ასევე მიწოდებული საქონლის მიღების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 483-ე მუხლის მიხედვით, საქონელი მიღებულად ჩაითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.

 

მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს ,,A-----a”-მ შპს ,,ტ---.-ს’’ 2017 წლის 7 თებერვლიდან 2017 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით მიაწოდა ბეტონი (ანტიფრიზით და ანტიფრიზის გარეშე) რომლის ღირებულება, შეადგინა 174691.50 ლარი, საიდანაც შპს „ტ----ს“ მიერ შპს „A-----a-სთვის“ ჯამში გადახდილი იქნა 69308.25 ლარი, ხოლო გადაუხდელმა თანხამ შეადგინა 105 383.25 ლარი. მოპასუხემ უარი განაცხადა დარჩენილი ნაწილის ღირებულების გადახდაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გამყიდველის მიერ ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, კერძოდ, გამყიდველმა მიაწოდა ნივთობრივად ნაკლის მქონე ნივთი. აღნიშნულის გამო, განხორციელდა უკვე დაგებული ბეტონის საფარის შეცვლა და ახალი ბეტონის საფარის მქონე გზის მოწყობა.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულ ზოგად განსაზღვრებაში მითითებულ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შინაარსს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის ვალდებულებების მიმართ აკონკრეტებს ამავე კოდექსის 487-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ხოლო, 488-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე უარს აცხადებს მიწოდებული ბეტონის ღირებულების ნაწილის (105383.25 ლარის) ანაზღაურებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას გამყიდველმა მიაწოდა ნაკლიანი ნივთი; კერძოდ, მოპასუხის მოსაზრებით, მიწოდებული ბეტონი იყო ხელშეკრულებით განსაზღვრულზე ნაკლები მარკიანობის. რის გამოც მოუხდათ ბეტონის საფარის შეცვლა და განიცადეს ზიანი 51 506 ლარის ოდენობით.

 

ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის მიზნით, სასამართლომ დაადგინა და აფასებს ფაქტობრივი გარემოებებს იმის შესახებ: 1. მიწოდების მომენტში ადგილი ჰქონდა თუ არა შპს ,,A-----a’’-ს მიერ შპს ,,ტ---.-სთვის’’ ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული ხარისხისაგან განსხვავებული ხარისხის - დაბალი სიმკვრივის ბეტონის (ნაკლიანი ნივთის) მიწოდების ფაქტებს; 2. შპს ,,ტ---.-ს” (მყიდველი), როგორც მეწარმე სუბიექტს, ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, მოწოდების მომენტში შეემოწმებინა ბეტონის ხარისხი.

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსგავსი ტიპის დავებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებას და იმ გარემოების დადგენას ბეტონი მიწოდების მომენტშივე იყო უხარისხო, თუ მისი მარკიანობის დაწევა დაკავშირებულია ბეტონის დაყალიბებისა და მოვლის პირობების დარღვევასთან, რაზეც გამყიდველმა პასუხი არ უნდა აგოს. გამოკვლეული მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ ბეტონის ხარისხი დამოკიდებულია: გამოყენებული მასალის ხარისხზე, ბეტონის ნარევის შემადგენლობის სწორ შერჩევაზე, გარემო ტემპერატურაზე, მომზადების და დაყალიბების პროცესების დაცვაზე. თუ ბეტონის დაყალიბებისა ან მისი მოვლის პროცესში დაირღვევა გარკვეული წესები, ბეტონის სიმტკიცე მნიშვნელოვნად კლებულობს. ამდენად, მიწოდების მომენტში ბეტონი შეიძლება იყოს ხარისხიანი, მაგრამ დაყალიბებისა და მოვლის პირობების დარღვევის გამო, მოხდეს მისი ხარისხის (მარკიანობის) მნიშვნელოვანი კლება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პოზიცია ეფუძნება სწორედ იმ გარემოებას, რომ მის მიერ მიწოდებული ბეტონი მიწოდების მომენტში იყო შეთანხმებული ხარისხის, ხოლო, მოგვიანებით, მოპასუხის მიერ გამოყენებული ბეტონიდან აღებული ნიმუშების მიხედვით ჩატარებული ექსპერტიზა ვერ დაადგენდა მიწოდების მომენტში ბეტონის ნაკლს. ამდენად, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოსარჩელისაგან მიღებული ბეტონი მიწოდების მომენტისათვის არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს, ეკისრება მოპასუხეს, რომელიც სწორედ ამ გარემოებაზე მითითებით უარს აცხადებს ნასყიდობის ფასის ანაზღაურებაზე.

 

სადავო გარემოების დასადასტურებლად (მიწოდებული საქონელი იყო ნაკლის მქონე (დაბალი ხარისხის)) მოპასუხემ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე. სასამართლო კვლავ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ამ ექსპერტიზის კვლევის საგანი არ ყოფილა ბეტონის ხარისხის დადგენა მიწოდების მომენტში და ამდენად, არც დასკვნა შეიცავს ამ საკითხზე რაიმე მსჯელობას. ასეთი სახის ინფორმაციას შეიცავს შპს ,,ტ---.-ს’’ დაკვეთით 2017 წლის 14 თებერვალს შპს ,,ტორენტის’’ სამშენებლო ტესტირების ლაბორატორია ბინულის მიერ განხორციელებული შპს ,,A-----a-ს” მიერ მიწოდებული სასაქონლო ბეტონის ნიმუშის გამოცდის ოქმები. ოქმების მიხედვით, ბეტონის ფაქტიური სიმტკიცე 7 დღის ასაკში აკმაყოფილებდა საპროექტო მარკას ბ 22.5.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომ მოსაჩელემ მას მიაწოდა უხარისხო ბეტონი, შესაბამისად არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის შესაბამისად ზიანის დაკისრების მავალდებულებელი გარემოებები, ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი შპს ,,A-----a’’-ს ქმედებასა და შპს ,,ტ---.-სთვის’’ მიყენებულ ზიანს შორის. შესაბამისად, წარმოდგენილი ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებით მთლიანად გამოირიცხა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, შპს ,,ტ---.’’ („მყიდველი“) ვალდებულია, შპს ,,A-----a’’-ს („გამყიდველი“) გადაუხადოს ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილი - 105 383.25 ლარი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

6.4. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

აღსანიშნავია, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული, კერძოდ: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლო ამ შემთხვევაშიც მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიღების შესაძლებლობას და ამ სახის ზიანის მიყენება მოპასუხისთვის იყო სავარაუდო. ამდენად, სასამართლოს დასკვნით მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების საფუძველი გამოკვეთილი არ არის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამასთან 53-ე მუხლის მიხედვით დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია თანხა 3287 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს „ტ---.-ს“ შპს ,,A-----a-ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

შპს ,,A-----a-ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შპს ,,ტ---.ს’’ შპს ,,A-----a-ს” სასარგებლოდ დაეკისროს 105 383.25 ლარის გადახდა;

შპს ,,A-----a-ს” მოთხოვნა შპს ,,ტ---.სთვის’’ მიუღებელი შემოსავლის სახით 4215 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

შპს ,,ტ---.ს’’ უარი ეთქვას შპს ,,A-----a-სთვის” მიყენებული ზიანის სახით 51 506.16 ლარის დაკისრების თაობაზე.

შპს ,,ტ---.ს’’ შპს ,,A-----a-ს” სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

შპს ,,ტ---.ს’’ შპს ,,A-----a-ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2000 ლარის გადახდა წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

შპს ,,A-----a-ს” დაუბრუნდეს სარჩელის წარდგენისას 2018 წლის 17 აგვისტოს სს ,,თიბის ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 287.94 ლარის ოდენობით, მიმღების ანგარიში: 300093150;

შპს ,,ტ---.ს’’ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 1902 ლარიდან 1545.18 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ამასთან, შპს ,,ტ---.ს’’ დაუბრუნდეს შეგებებული სარჩელის წარდგენისას 2018 წლის 8 ნოემბერს სს ,,საქართველოს ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 356.82 ლარის ოდენობით, მიმღების ანგარიში: 300093150;

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი