გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1285-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - ზაზ--–-------ა;
წარმომადგენელი - სოფ----------ავა;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
წარმომადგენელი - ლაშ---------–---;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი -სალ--------------ია;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა ;
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 იანვრის N------ დადგენილება.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 აპრილის №----- ბრძანება.
მოსარჩელის განმარტებით, ის არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, გლ-------------------------------------ში ოჯახთან ერთად. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. 1993 წელს მისი მშობლები, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები ჩასახლდნენ თბილისში, გ-–--------------–---–ი, სს ,,ტ------–----’’ ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც დღემდე ცხოვრობენ. მათ საცხოვრებელ ფართთან ახლოს, ხევძმარის ქუჩაზე, მამამისი დაეუფლა მიწის ნაკვეთს, რომელიც იყო შემოკავებული მსუბუქი ღობით და ჩადგმული იყო კაპიტალური შენობა-ნაგებობა ბეტონის საძირკვლით. მათ მიერ ჩადგმული იქნა ხის კონსტრუქციის ფიცრული შენობა-ნაგებობა. 1994-1995 წლებში მათ ეზოში არანაირი დამატებითი სამუშაოები არ უწარმოებიათ, მხოლოდ უვლიდნენ და ფლობდნენ მას. 2016 წლის 6 დეკემბერს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ მათ ტერიტორიაზე და შეადგინეს N------ მითითება და დაევალათ ობიექტის დემონტაჟი 10 დღის ვადაში, რაც მოსარჩელისა და მისი ოჯახის მიერ არ განხორციელდა, რადგან ეს ნაგებობა თავის დროზე მათ მიერ არ ყოფილა აშენებული, ის აშენებული დახვდათ 1993 წელს, რის შემდეგაც ფლობდნენ მას. 2016 წლის 19 დეკემბერს შედგენილ იქნა N------ შემოწმების აქტი, ხოლო 2017 წლის 27 იანვრის დადგენილების საფუძველზე მოსარჩელე დაჯარიმდა 10 000 ლარით. აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 აპრილის №----- ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილ წერილობით შესაგებლებში განმარტეს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ზაზ--–-------ა (პ/ნ 6----------) არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ზაზ--–-------ა არის სოციალურად დაუცველი პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 15);
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადების თარიღი: 26.02.2018 წ. (ს.ფ. 16);
3.1.2. 2016 წლის 6 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარდა ადგილზე დათვალიერება ქ-------–----------------------ში. დათვალიერების ოქმის მიხედვით, ქ-------–----------------------ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ზაზ--–-------ას მიერ აშენებულია კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.12.2016 წლის ადგილზე დათვალიერების N4------------- ოქმი (ს.ფ. 69-70);
3.1.3. 2016 წლის 6 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა N------ მითითება, რომლის მიხედვითაც ქ-------–----------------------ის მიმდებარედ (ს.კ. 0----------------ის მიმდებარედ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია კაპიტალური ნაგებობა, ბეტონის საძირკველი, ფიცრული ნაგებობა, ხის კონსტრუქციები, ლითონის ბოძები და მსუბუქი კონსტრუქციის ღობე. დარღვევის გამოსწორების მიზნით ზაზ--–-------ას დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით. დარღვევის გამოსასწორებლად განისაზღვრა 10 კალენდარული დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.12.2016 წ. N------ მითითება (ს.ფ. 18);
3.1.4. 2016 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა N------ შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც 2016 წლის 6 დეკემბრის N------ მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 19.12.2016 წ. N------ შემოწმების აქტი (ს.ფ. 19);
3.1.5. 2017 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა ზეპირი მოსმენა, რა დროსაც ზაზ--–-------ას წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზაზ--–-------ა მიწის ნაკვეთით სარგებლობს დიდი ხანია, ნაკვეთი დაკავებულ იქნა დაახლოებით 2002 წელს. დღეისთვის მიმდინარეობს საკრებულოში წარმოება მიწის ლეგალიზების თაობაზე და ელოდება პასუხს. ასევე აღნიშნა, რომ მითითებაში ნახსენები სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია 2007 წლამდე ზაზ--–-------ას მიერ. სამუშაოები განხორციელებულია მიწის დაკავების დროს და მას შემდგომ არავითარი სამუშაო არ განხორციელებულა. მხარემ ითხოვა წარმოების გადადება საკრებულოს პასუხის მიღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 24.01.2017 წლის N------ ოქმი (ს.ფ. 62-63);
3.1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 იანვრის N------ დადგენილებით, ზაზ--–-------ა დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ-------–----------------------ის მიმდებარედ (ს.კ. 0----------------ის მიმდებარედ) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის. კერძოდ, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, ბეტონის საძირკველის მოწყობისთვის, ფიცრული ნაგებობის, ხის კონსტრუქციების, ლითონის ბოძებისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის განთავსებისთვის. ამავე, დადგენილებით ზაზ--–-------ას დაევალა ქ-------–----------------------ის მიმდებარედ (ს.კ. 0----------------ის მიმდებარედ) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (კაპიტალური ნაგებობის, ბეტონის საძირკველის, ფიცრული ნაგებობის, ხის კონსტრუქციების, ლითონის ბოძების და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის) დემონტაჟი. ზაზ--–-------ას დაევალა ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 იანვრის N------ დადგენილება (ს.ფ. 20-22);
3.1.7. 2017 წლის 13 თებერვალს ზაზ--–-------ას წარომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 იანვრის N------ დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.02.2017 წ. ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 106-108);
- ბარათი (ს.ფ. 105);
3.1.8. 2017 წლის 22 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენა, ზაზ--–-------ას საჩივართან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.02.2017 წლის ზეპირი მოსმენის სხდომის N--------------10 ოქმი (ს.ფ. 163-164);
3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 აპრილის N1-962 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ზაზ--–-------ას წარმომადგენლის 2017 წლის 13 თებერვლის N--------------10 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 იანვრის N------ დადგენილება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 27.04. 2017 წ. N1-962 ბრძანება (ს.ფ. 24-31);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც ზაზ--–-------ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 იანვრის N------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 აპრილის №----- ბრძანება - წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზაზ--–-------ას ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 იანვრის N------ დადგენილების ბათილად ცნობა. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ზაზ--–-------ა დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ-------–----------------------ის მიმდებარედ (ს.კ. 0----------------ის მიმდებარედ) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის. კერძოდ, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, ბეტონის საძირკველის მოწყობისთვის, ფიცრული ნაგებობის, ხის კონსტრუქციების, ლითონის ბოძებისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის განთავსებისთვის. ამავე, დადგენილებით ზაზ--–-------ას დაევალა ქ-------–----------------------ის მიმდებარედ (ს.კ. 0----------------ის მიმდებარედ) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (კაპიტალური ნაგებობის, ბეტონის საძირკველის, ფიცრული ნაგებობის, ხის კონსტრუქციების, ლითონის ბოძების და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის) დემონტაჟი. ზაზ--–-------ას დაევალა ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ, ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, 2016 წლის 6 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა N------ მითითება, რომლის მიხედვითაც ქ-------–----------------------ის მიმდებარედ (ს.კ. 0----------------ის მიმდებარედ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია კაპიტალური ნაგებობა, ბეტონის საძირკველი, ფიცრული ნაგებობა, ხის კონსტრუქციები, ლითონის ბოძები და მსუბუქი კონსტრუქციის ღობე. დარღვევის გამოსწორების მიზნით ზაზ--–-------ას დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით. ხოლო 2016 წლის 19 დეკემბერს შედგენილ იქნა N------ შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც 2016 წლის 6 დეკემბრის N------ მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა.
6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
6.5. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ-------–----------------------ის (ს.კ. 0---------------) მიმდებარედ არსებული ტერიტორია არ წარმოადგენს კერძო საკუთრების ობიექტს და შესაბამისად, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ უნებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობა განხორციელებულია სახელმწიფო ტერიტორიაზე.
მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევად არის მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა.შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები. ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის იმ განმარტებას, რომ ის არ არის უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი და 1993 წელს მასა და მის ოჯახს ნაგებობა აშენებული დახვდათ და მათ არანაირი დამატებითი სამუშაოები არ უწარმოებიათ, მხოლოდ უვლიდნენ და ფლობდნენ მას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.01.2017 წლის N------ სხდომის ოქმი, რა დროსაც ზაზ--–-------ას წარმომადგენელმა განმარტა, რომ მითითებაში ნახსენები სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია 2007 წლამდე ზაზ--–-------ას მიერ. სამუშაოები განხორციელებულია მიწის დაკავების დროს და მას შემდგომ არავითარი სამუშაო არ განხორციელებულა. მხარემ ითხოვა წარმოების გადადება საკრებულოს პასუხის მიღებამდე. აღნიშნული ადასტურებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზაზ--–-------ა სამშენებლო სამართალდარღვევის განმახორციელებელი პირია.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 27 იანვრის N------ დადგენილებით, ზაზ--–-------ა დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ-------–----------------------ის მიმდებარედ (ს.კ. 0----------------ის მიმდებარედ) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის. კერძოდ, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, ბეტონის საძირკველის მოწყობისთვის, ფიცრული ნაგებობის, ხის კონსტრუქციების, ლითონის ბოძებისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის განთავსებისთვის. ამავე, დადგენილებით ზაზ--–-------ას დაევალა ქ-------–----------------------ის მიმდებარედ (ს.კ. 0----------------ის მიმდებარედ) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (კაპიტალური ნაგებობის, ბეტონის საძირკველის, ფიცრული ნაგებობის, ხის კონსტრუქციების, ლითონის ბოძების და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის) დემონტაჟი. ზაზ--–-------ას დაევალა ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
6.6. სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.
ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არის შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად. ამავე მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა განმარტებულია შემდეგნაირად - მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ;
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მშენებლობის განხორციელება (კერძოდ, ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, რომელიც არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების შეკეთება; გ) ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.
სასამართლო აქვე მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-10 პუნქტით კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების (ორთოფოტოების, ფოტოსურათების) და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე ქ. თბილისში, ხევძმარის ქ. N1-ის მიმდებარედ (ს.კ. 0----------------ის მიმდებარედ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განათავსა კაპიტალური ნაგებობა, ბეტონის საძირკველი, ფიცრული ნაგებობა, ხის კონსტრუქციები, ლითონის ბოძები და მსუბუქი კონსტრუქციის ღობე.
აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები კი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია ზაზ--–-------ას არ გააჩნია.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზაზ--–-------ას დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 იანვრის N------ დადგენილება კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელის იმ განმარტებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას მიმართული ჰქონდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის, რათა დაიკანონოს ფართი - სასამართლო განუმარტავს მოსარჩელეს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს გარემოება, თუ პირი მითითებით განსაზღვრულ ვადაში განცხადებით მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით და არა საკუთრების აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნას არანაირი შემხებლობა არა აქვს და ვერ შეაჩერებს უნებართვო შენობა-ნაგებობის გამო პირის დაჯარიმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესს, თუ დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ მიმართა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნებართვოდ აშენებულ შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების საფუძვლები. ამდენად მოსარჩელის არგუმენტები აღნიშნულის საფუძველზე უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოპასუხის იმ პოზიციას, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე დადგენილების მიღების შემდეგ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობა არ არის სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება თავისთავად არ გულისხმობს მასზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის კანონიერ ჩარჩოში მოქცევას.
6.7. მოსარჩელე მხარის მეორე მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 აპრილის №----- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ზაზ--–-------ას წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 აპრილის №----- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილ ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ზაზ--–-------ას სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ზაზ--–-------ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, არ არსებობს მხარეებზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზაზ--–-------ას სარჩელი მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი