გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5301-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი: ნინო მაღალდაძე, მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე: ია------------------------------ (Y-------------------------, დაბ: 14.02.1---წ.);
წარმომადგენელი: გი-------–---------ი;
მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი: მა--------–-----–---;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 2------------ს № 0------------- შეტყობინება;
1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 1-----–-სს სომალის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ია------------------------------მა (Y-------------------------, დაბ: 14.02.1---წ.) საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
2017 წლის 31 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ია------------------------------ს ჩაუტარა ანკეტირება და განმცხადებელი დაარეგისტრირა თავშესაფრის მაძიებელ პირად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ია------------------------------ის 2017 წლის 1-----–-სის განცხადება (ს.ფ. 139);
-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (ს.ფ. 129-138);
3.1.2. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2017 წლის 07 ნოემბერს ია------------------------------თან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ სომალის რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით მუსლიმი სუნიტი, ეთნიკურად სომალელი, ო--------ს ტომის წარმომადგენელი, ია------------------------------ დაიბადა 1--- წლის 1------------–ს, სომალის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. მოგადიშუში. იგი დაოჯახებამდე ქ. მოგადიშუში დედასთან, ერთ დასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო დაოჯახების შემდეგ თავისი ძველი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ამჟამად, განმცხადებლის დედა, დედმამიშვილები და მისი ოთხი შვილი კვლავ ზემოხსენებულ მისამართზე განმცხადებლის დედის სახლში ცხოვრობენ, რომელთაგან განცხადებლის დედა და და დიასახლისები არიან, ხოლო ძმა პატარა ს----------------------- მაღაზიას ფლობს. ია------------------------------ს საქართველოში ოჯახის წევრები არ ყავს. მას არანაირი განათლება არ აქვს მიღებული. მისი სამუშაო გამოცდილება დაკავშირებულია დედის საკუთრებაში არსებულ ტანსაცმლის მაღაზიასთან, საიდანაც მას ტანსაცმელი გაჰქონდა და ხელზე ყიდდა.
ია------------------------------ი წარმოშობის ქვეყნის დატოვების მიზეზად რამდენიმე გარემოებას ასახელებს, რომელთაგან ერთ-ერთი მისი და მისი მეუღლის სხვადასხვა ტომისადმი კუთვნილება იყო. კერძოდ, განმცხადებელი ო--------ს ტომის წარმომადგენელია, ხოლო მისი მეუღლე თუმალის ტომის, რაც მისი თქმით, სომალის ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მოსაზრების თანახმად, მიუღებელი იყო, რის გამოც განმცხადებლისა და მისი მეუღლის ახლობლებს შორის არსებობდა დაპირისპირება.
განმცხადებლის მომდევნო პრობლემა დაჯგუფება ,,ალ-შაბააბის“ მიერ მისი მეუღლის მკვლელობასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ია------------------------------ის თქმით, მისი მეუღლე ერთ-ერთ სახელმწიფო სამხედრო სამსახურის დაცვაში მუშაობდა, რის გამოც მას პრობლემები ჰქონდა ,,ალ-შაბააბთან“, რადგან აღნიშნული ჯგუფის წევრები სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ადამიანებს არამუსლიმებად აღიქვამდნენ, რის გამოც მეუღლეს სამსახურიდან წასვლას თხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებოდნენ. თავშესაფრის მაძიებლის თქმით, მუქარების მიუხედავად მისი მეუღლე სამსახურიდან არ წამოსულა, რადგან ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო მისი სამსახური იყო. ია------------------------------ი აღნიშნავს, რომ დაჯგუფების წევრები, მუქარის მიზნით მათ სახლში ორჯერ იმყოფებოდნენ. 2015 წლის ივლისში კი სახლიც დაუწვეს, რასაც მისი რვა შვილიდან, ოთხი შვილის სიცოცხლე შეეწირა. სახლის დაწვის შემდეგ იგი ოჯახის წევრებთან ერთად საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში გადავიდა, რის შემდეგაც მუქარები კვლავ გაგრძელდა. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ დაახლოებით 2016 წლის დეკემბერში ,,ალ-შაბააბის“ ათი წევრი მის სახლში ღამით შეიჭრა და მისი მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გარდაცვალების დღესვე მასთან მივიდნენ მეუღლის შეიარაღებული ნათესავები და მის მოკვლას შეეცადნენ, თუმცა ია------------------------------მა თავის დაცვა შეძლო. თავდასხმა განმეორდა 5-10 დღის შემდეგ, თუმცა განმცხადებელმა ამჯერადაც მოახერხა თავის დაცვა, გარდაიცვალა მისი ბიძაშვილი. თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ მეორე თავდასხმიდან ოთხ დღეში, მას საკუთარი ოჯახის წევრები დაესხნენ თავს და იმის გამო, რომ სხვა ტომის წარმომადგენელზე იქორწინა, სახლი გადაუწვეს. ამ შემთხვევიდან დაახლოებით, 10-14 დღეში, იგი საცხოვრებლად სხვა ნაქირავებ ბინაში გადავიდა, რის შემდეგაც დაახლოებით ორ კვირაში სომალი დატოვა და გაემგზავრა დუბაიში. ია------------------------------ი მიუთითებს, რომ მას ,,ალ-შაბააბის“ წევრები ქმრის გარდაცვალების შემდეგაც ემუქრებოდნენ, ვინაიდან სომალში არსებული ტრადიციის თანახმად, ქმრის გარდაცვალებიდან 4 თვის შემდეგ ქალს იძულებით აქორწინებენ. მისი განცხადებით, მას ჯერ კიდევ თავისი მეუღლის დასაფლავების რიტუალის შესრულების დროს განუცხადეს იქვე ახლოს მყოფმა ,,ალ-შაბააბის“ წევრებმა, რომ უნდა ექორწინა. განცხადებლის თქმით, აღნიშნული დაჯგუფების წევრებმა მანამ, სანამ სახლს მეორედ დაუწვავდნენ, განუცხადეს, რომ მისთვის მამაკაცი, რომელზეც უნდა ექორწინა, უკვე შერჩეული ჰყავდათ.
ია------------------------------ი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მან წარმოშობის ქვეყანა დატოვა, მისი ოჯახის წევრებს საფრთხე არ შექმნიათ. მისი თქმით, მათთან ,,ალ-შაბააბის“ წევრები უბრალოდ მიდიოდნენ და განმცხადებლის ადგილსამყოფელს კითხულობდნენ ხოლმე. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, იგი დუბაიში 1 თვე იმყოფებოდა, რა დროის განმავლობაშიც დამლაგებლად მუშაობდა. ერთი თვის შემდეგ კი დუბაი დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა, რადგან მისი თქმით, დუბაიში ყოფნის დროს იქ მცხოვრები ხალხის მხრიდან ცუდ დამოკიდებულებას გრძნობდა.
განმცხადებელი საქართველოში ელექტრონული ვიზის მეშვეობით 2017 წლის 16 იანვარს შემოვიდა. მას წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება არ სურს, რადგან შიშობს, რომ დაბრუნების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება თავისი ქმრის ნათესავებისგან და ასევე დაჯგუფება ,,ალ-შაბააბისგან“, რადგან მეუღლის ნათესავები ქმრის გარდაცვალებაში მასზე დაქორწინების გამო განმცხადებელს ადანაშაულებენ, ხოლო ,,ალ-შაბააბის“ წარმომადგენლები კი თავიანთ წარმომადგენელზე ძალით დააქორწინებენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (ს.ფ. 129-138);
-თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების ოქმი (ს.ფ. 116-128);
3.1.3. დადგენილია, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილებამ ია------------------------------ის საქმეზე შეადგინა დასკვნა. დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად თავშესაფრის მაძიებელმა გადმოსცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გასაუბრების დროს. დასკვნაში განმარტებულია, რომ სომალის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ია------------------------------ (Y-------------------------, დაბ: 14.02.1---წ.) ვერ აკმაყოფილებს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
სომალის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ია------------------------------ (Y-------------------------, დაბ: 14.02.1---წ.) ვერ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად.
ამდენად, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სომალის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ია------------------------------ს (Y-------------------------, დაბ: 14.02.1---წ.) უარი ეთქვას, როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 92-105);
3.1.4. მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, (UNHCR-ის პოზიცია სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში დაბრუნების პროცესთან დაკავშირებით (I განახლებული ვერსია), 2016 წლის მაისი) მოგადიშუში და სომალის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ზოგადი სიტუაცია კვლავ ცვალებადია. შეინიშნება კონფლიქტის სხვადასხვა დინამიკა, რომელშიც მონაწილეობენ ალ შაბაბი, ტომთა შეიარაღებული ჯგუფები და ინტერკლანური დაპირისპირებული ჯგუფები. არსებული ინფორმაციის თანახმად, დესტაბილიზაციის ძირითადი ფაქტორი არის ძალადობა დაპირისპირებულ ტომთა და თემთა შეიარაღებულ ჯგუფებს შორის. კონფლიქტის შედეგად კვლავ მძიმე ზიანი ადგება სამოქალაქო მოსახლეობას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტთან დაკავშირებული ძალადობის შედეგად იღუპებიან სამოქალაქო პირები, ადგილი აქვს მათ დასახიჩრებას, ფართოდ არის გავრცელებული სექსუალური და გენდერზე დაფუძნებული ძალადობა ქალთა და ბავშვთა მიმართ. არსებული ინფორმაციის შესაბამისად, სომალიში სამთავრობო ძალები, აფრიკის კავშირის მისიის (AMISOM) ჯარები და ტომთა შეიარაღებული ჯგუფები უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს, მკვლელობის, გაუპატიურების, სექსუალური ძალადობის სხვა ფორმების და სექსუალური ექსპლუატაციის ჩათვლით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალ-შაბაბი, რომელიც სომალის შეიარაღებული ძალების (SNAF) და სომალიში აფრიკის კავშირის მისიის (AMISOM) წინააღმდეგ იბრძვის, კვლავ მთავარ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. 2014-2015 წლებში რამდენიმე მასიური თავდასხმა მოხდა მოგადიშუს სამოქალაქო მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სასტუმროების, სამთავრობო შენობების, მოგადიშუს საავადმყოფოსა და საერთაშორისო აეროპორტის ჩათვლით. 2015 წელს მოგადიშუში საგრძნობლად იმატა თავდასხმებმა ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებზე. დაფიქსირებულია 120 ძალადობრივი ინციდენტი. 2014 წელს ეს მაჩვენებელი იყო 75. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალ-შაბაბს ადანაშაულებენ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის, გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმების, ბავშვთა იძულებითი რეკრუტის, ალ-შაბაბის წევრებზე იძულებითი ქორწინების, სამოქალაქო თავისუფლებათა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (UNHCR-ის პოზიცია სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში დაბრუნების პროცესთან დაკავშირებით (I განახლებული ვერსია), 2016 წლის მაისი) (ს.ფ. 21-47);
3.1.5. მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ,,სომალიში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ადამიანის უფლებათა საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტის 2017 წლის 6 სექტემბრის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად სექსუალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ზიანის მომტანი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების წინააღმდეგ განხორციელებული პროგრესული პოლიტიკისა და ფედერალურ და სახელმწიფო დონეზე მიღებული კანონმდებლობისა, სომალის საზოგადოებაში არსებული კლანური სისტემა, რომელზედაც დიდი გავლენა აქვს ტრადიციების დამცველ მამრობითი სქესის წარმომადგენელ უხუცესებს, კვლავ დაბრკოლებებს უქმნის ქალთა უფლებებით სარგებლობას. სომალიში გრძელდება ალ-შაბააბის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები, რომელიც ასუსტებს, საფრთხეს უქმნის და უკუაქცევს მიღწევებს სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით სარგებლობის კუთხით.
სომალიში არსებული ვითარების შესახებ ,,Freedom House“-ის მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში სომალელ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები, რადგან მთავრობამ და საერთაშორისო ძალებმა გაათავისუფლეს ტერიტორიები ალ-შაბააბის კონტროლისგან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოგადიშუსა და სხვა ქალაქებში ფუნქციონირებს უნივერსიტეტები და უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო მხარდაჭერით, აქვთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა. ამასთანავე, მიუხედავად სომალის ძალებისა და აფრიკის კავშირის მისიის ერთობლივი ქმედებებისა, ალ-შაბააბი მაინც აქტიურად არის წარმოდგენილი სახელმწიფოში. 2016 წლის განმავლობაში აღნიშნული დაჯგუფება თავს დაესხა როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე სამხედრო პირებს. სხვა დარღვევები, როგორიცაა უკანონო დაპატიმრება, მკვლელობები და განურჩეველი თავდასხმები, რომელსაც მოყვა სამოქალაქო პირების დაშავება, ფიქსირდებოდა როგორც სამთავრობო ძალებისგან, ასევე კლანური დაჯგუფებებისგან. აღნიშნულ არამდგრად გარემოში გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (ს.ფ. 159-169);
3.1.6. გასაუბრების მასალებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 2------------ს მიღებული იქნა N 0------------- შეტყობინება, რომლის თანახმადაც ია------------------------------ს უარი ეთქვა საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 2------------ს № 0------------- შეტყობინება (ს.ფ. 88-89);
3.1.7. სომალიში გაეროს დახმარების მისიის (UNSOM) 2017 წლის დეკემბრის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი, რის შედეგადაც: იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა; თან ახლავს ინფრასტრუქტურის ნგრევა; მილიონობით ადამიანის იძულებით გადაადგილება და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის შეფერხება. არსებული კონფლიქტისა და ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ, ასევე, იუწყება საერთაშორისო არასამთავრებო ორგანიზაცია Human Rights Watch.
მძიმე უსაფრთხოების მდგომარეობა სომალიში ძირითადად განპირობებულია დაუსრულებელი შეიარაღებული კონფლიქტით - სახელმწიფო სამხედრო შენაერთებსა (სომალის ნაციონალური არმია SNA, რომელსაც მხარს უჭერს სომალიში აფრიკის გაერთიანების მისიის (AMISOM) სამხედრო ძალები) და ანტი-სამთავრობო ელემენტებს შორის, სადაც ძირითად ძალას ისლამისტური სამხედრო დაჯგუფება ალ-შაბააბი (Al-Shabaab - Harakat al-Shabaab al-Mujahideen) წარმოადგენს.
UNSOM-ის ზემოთ ნახსენები ანგარიშის მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 14 ოქტომბრამდე 4,585 სამოქალაქო მსხვერპლი დაფიქსირდა, მათ შორის 2,078 გარდაცვლილი და 2,507 დაჭრილი.
მშვიდობიანი მოსახლეობა ხდება, როგორც არამიზანმიმართული დაბომბვების და თვითმკვლელების აფეთქების მსხვერპლი, ასევე, რიგ შემთხვევებში მოქალაქეები პირდაპირ ხდებიან ანტი-სამთავრობო ჯგუფების სამიზნეები.
შეიარაღებული კონფლიქტის გარდა, უსაფრთხოების მდგომარეობას ქვეყანაში კიდევ უფრო ამძიმებს კლანებს შორის დაპირისპირებები, რასაც თან სდევს გასამართლების გარეშე მკვლელობები, გამოძალვა, თვითნებური დაკავებები და გაუპატიურების ფაქტები.
სომალიში გაეროს დახმარების მისიის (UNSOM) ანგარიშის მიხედვით, ხშირი იყო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, როგორც სახელისუფლებო ძალების, ასევე ანტი-სამთავრობო დაჯგუფებების, კლანური მილიცეიბისა და ISIL/ISIS-ის გავლენის ქვეშ მყოფი შენაერთების მხრიდან. აღნიშნული დარღვევები მოიცავდა: მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებს და მათზე სხვა სახის თავდასხმებს, სექსუალური და გენდერული ხასიათის ძალადობას, თვითნებურ დაკავებებსა და დაპატიმრებას, გატაცებას, წამებასა და ბავშვთა მიმართ განხორციელებულ მძიმე დარღვევებს.
სომალის ჰუმანიტარული სააგენტოს ქვეყნის დირექტორის განცხადებით, 1----იან წლებთან შედარებით უსაფრთხოების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა, სიტუაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში ისევ ბუნდოვანი რჩება. როგორც სჩანს, ალ-შაბააბმა ტაქტიკა შეცვალა და პატარ-პატარა და ხშირი თავდასხმების მაგივრად, ახლა უფრო მასშტაბურ, კარგად დაგეგმილ ოპერაციებს ახორციელებს.
ქალაქში არსებულ ზოგად ძალადობრივ ფონზე, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არიან: იმ კლანების წარმომადგენლები, რომლებიც მოგადიშუში უმცირესობას წარმოადგენენ, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირები და განსაკუთრებით - მარტოხელა ქალები, რომლებიც არცერთი კლანის მფარველობის ქვეშ არ იმყოფებიან. სხვადასხვა პირველად წყაროზე დაყრდნობით, DRC/DIC საკუთარ 2017 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები მხოლოდ ალ-შაბააბის მიერ არ ხდება. მაგალითისთვის, გაუსამართლებლად ადამიანის სიკვდილით დასჯა და იძულებით გადაადგილების ფაქტები ასევე ფიქსირდება მთავრობის მიერ მათ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. ალ-შაბააბის მებრძოლთა ოჯახის წევრები საფრთხედ არიან მიჩნეულნი და პერმანენტულად ხდება მათი გაძევება ამ ტერიტორიებიდან. თუმცა მოგადიშუს გარკვეულწილად AMISOM და სომალის ფედერალური მთავრობა აკონტროლებს. 2017 წლის ფაქტის დამდგენი მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოგადიშუს ქალაქის ადმინისტრაციული მმართველი სუბიექტი ჰყავს და ის შედარებით აქტიურადაც ფუნქციონირებს.
მოგადიშუში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი შენაერთები არიან: სომალის პოლიციური ძალები (SPF), AMISOM-ის პოლიცია და ჯარი, სომალის ნაციონალური არმია (SNA) და ნაციონალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტო (NISA). სომალის პოლიციური ძალები წინა წლებთან შედარებით უკეთესად ოპერირებენ და აღჭურვილობაც გაიუმჯობესეს. ისინი დედაქალაქის ყველა უბანში არიან განაწილებულები. AMISOM-ის სახმედრო ძალების დედაქალაქში განთავსება ძირითადად იმ მიზანს ემსახურება, რომ ალ-შაბააბმა ვერ მოახერხოს ამ ტერიტორიების თავის კონტროლქვეშ მოქცევა. DRC/DIC-ის კვლევაში გამოკითხული ერთ-ერთი წყაროს მოსაზრებით, AMISOM-ი რომ მოგადიშუდან გავიდეს, ქალაქი რამდენიმე დღეში დაეცემა. მიუხედავად იმისა, რომ ალ-შაბააბს სამხედრო შენაერთები დედაქალაქში არ ჰყავს, მათი გავლენა მოგადიშუში მაინც საგრძნობია. ღამით, განსაკუთრებით გარეუბნებში და ისეთ ადგილებში სადაც AMISOM-ის რაზმები არ არის განთავსებული, ალ-შაბააბის წევრები თამამად გადაადგილდებიან და მოსახლეობისგან გადასახადებსაც (ზაკატი) კი კრებენ. ამასთანავე, სომალის სუსტი მართლმსაჯულების სისტემის გამო (ზოგი წყარო მას უფუნქციოდ/უმოქმედოდ -“non-functioning“, კი მოიხსენიებს), ხშირია მოსახლეობის მხრიდან ალ-შაბააბის სასამართლოებზე მიმართვის ფაქტებიც.
საერთო ჯამში, სახელისუფლებო უსაფრთხოების ძალები მაინც არ არის საკმარისი მთელი ტერიტორიის მოსაცავად და მის გასაკონტროლებლად. ამასთან ხშირია ალ-შაბააბის მიერ ძალოვანებისაგან ინფორმაციის მიღების ფაქტები, დაშინების ან მოსყიდვის საშუალებით. შესაბამისად, ალ-შაბააბს მაინც აქვს შესაძლებლობა რეგულარულად მოახდინოს თავდასხმები და განახორციელოს კომპლექსური ოპერაციები.
რაც შეეხება ბოლო პერიოდის ცვლილებებს, გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიშის თანახმად, 2017 წლის თებერვალში მშვიდობიანად ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურმა ხელშეწყობამ დააჩქარა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების მოძლიერება. როგორც სჩანს, 2017 წლის მეორე კვარტალში უსაფრთხოების მგომარეობაც შედარებით გამოსწორდა. წინა წლებთან შედარებით, შემთხვევებმა იკლო რამადანის პერიოდშიც. ასევე, დაიწყო მოსახლეობის, მათ შორის კლანური პოლიციების, ბანდებისა და მეწარმეების, განიარაღების მასშტაბური ღონისძიებები. მთავარ ქუჩებზე განთავსდა 20 CCTV კამერა. დაგეგმილია კიდევ 200 ასეთი კამერის დამონტაჟება. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მოგადიშუს სტაბილიზაციის გეგმის (Mogadishu Stabilization Plan) ფარგლებში, კერძოდ, რადიკალი ელემენტების განსადევნად შეიქმნა ქვედანაყოფი - მოგადიშუს სტაბილიზაციის მისია (Mogadishu Stabilization Mission), სადაც კარგად გაწვრთნილი, სხვადასხვა კლანის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული 1500 მებრძოლი შედის.
სომალიში ადამიანის უფლებების სიტუაციის გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ბოლო 2018 წლის 19 ივლისის ანგარიშის თანახმად, სომალიში ქალთა უფლებების საკითხი ისევ პრობლემურად რჩება. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია ადეკვატური კანონმდებლობის არარსებობით, კანონის და წესრიგის დაცვის პრობლემებითა და შესაბამისი ფუნქციური ინსტიტუტების ნაკლებობით. კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა იძულებით გადაადგილება, ახალგაზრდული დაჯგუფებებისა და ამოუცნობი ფორმიანი კაცების მიერ ჩადენილი გაუპატიურებები, ასევე ახალგაზრდა გოგონების იძულებითი დაქორწინება და გენიტალიების დამახინჯების ტრადიცია, კიდევ უფრო ამძიმებს ქალთა უფლებების მდგომარეობას სომალიში.
დამოუკიდებელმა ექსპერტმა ხაზი გაუსვა ტრადიციული მართლმსაჯულების მექანიზმების როლს ქალების წინააღმდეგ მიმართული სექსუალური და გენდერული ხასიათის ძალადობასთან დაკავშირებით. მისი გადმოცემით, ქალების მიმართ ჩადენილი ასეთი დანაშაულები ფართოდაა გავრცელებული და თან დაუსჯელი რჩება. ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა 2017 წლის ოქტომბერში პუნტლენდში უსაფრთხოების ძალების წევრის მიერ ახალგაზრდა გოგოზე თავდასხმის ფაქტი, რის შემდეგაც, გადმოცემის თანახმად, არც არავინ დაუკავებიათ და არც სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში (2017 წლის შესახებ) აღნიშნულია, რომ სომალიში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ქალთა უფლებების კუთხით არსებული ვითარება. სამთავრობო ძალები, შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები და კაცები უნიფორმებში აუპატიურებდნენ ქალებსა და გოგონებს. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ძალების ზოგიერთი წევრი დააკავეს, დაუსჯელობა მაინც დომინირებდა. მართალია, კანონი კრძალავს გაუპატიურებას და ითვალისწინებს 15 წლიან პატიმრობას, თუმცა მთავრობა კანონს ეფექტურად ვერ ახორციელებს. UNICEF-ის ცნობით, გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა უკანასკნელი წლის მანძილზე. გაუპატიურების ფაქტების გარდა, პრობლემური იყო ქალის გენიტალიების დამახინჯების პრაქტიკაც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრაქტიკა კონსტიტუციით განიხილებოდა, როგორც წამებასთან გათანაბრებული სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა, მაინც, ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ფაქტები ფართოდ იყო გავრცელებული.
ფიზიკური ძალადობის პრობლემის გარდა, უნდა ითქვას, რომ ქალებს არ გააჩნდათ თანასწორი უფლებები. ისინი განიცდიდნენ დისკრიმინაციას განათლებაში, პოლიტიკაში, განსახლებაში. 2016 წლის მაისში მინისტრთა საბჭომ შეიმუშავა ეროვნული პოლიტიკა გენდერულ საკითხებზე, რასაც უნდა გაეზარდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, მოეხდინა მათი ეკონომიკური გაძლიერება და განათლებაში ჩართულობა, თუმცა, პოლიტიკის განხორციელება არ დაწყებულა. აქვე საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა რომ არსებული კანონები, ასევე შარიათის წესები აძლევენ ქალს უფლებას საკუთრებაში ჰქონდეს და განკარგოს ქონება, სხვადასხვა სამართლებრივი, კულტურული და საზოგადოებრივი ბარიერები ხშირად აბრკოლებდა ქალებს ზემოაღნიშნული უფლებების გამოყენებისგან.
ზემოთ აღნიშნული წყაროების მსგავსად, Human Rights Watch-იც საუბრობს ქალების მიმართ ძალადობაზე და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები რჩებიან სექსუალური და გენდერული ძალადობის რისკის ქვეშ. აღნიშნული საფრთხე მომდინარეობს შეიარაღებული პირების, მათ შორის სამთავრობო ჯარისკაცებისა და მილიციის, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. გაეროს ცნობით, სექსუალური ძალადობის ინციდენტები იძულებით გადაადგილებულთა დასახლებებში 2017 წლის მანძილზე გაიზარდა.
გენდერული ძალადობის პრობლემებს ეხებიან Amnesty International-ი და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი, რომელთა ცნობით, გენდერული ძალადობა სომალიში გრძელდებოდა. ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, ქალები სომალიში არიან მაღალი რისკის ქვეშ გახდნენ სახელმწიფოს თუ საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციის თუ გენდერული ძალადობის მსხვერპლი. ძალიან ცოტა დაცვის მექანიზმი არსებობს იმ ქალებისთვის, რომლებიც არიან იძულებით გადაადგილებული და არ გააჩნიათ კლანური კავშირები.
რაც შეეხება სომალიში შიდა გადაადგილების საკითხს, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება სომალელისთვის გადაადგილდეს სამხრეთ-ცენტრალურ სომალიში. შიდა გადაადგილება კონფლიქტიდან და ჰუმანიტარული კატასტროფიდან გამომდინარე ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. 1,1 მილიონ ადამიანზე მეტი არის დღეისთვის სომალის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული, თუმცა ამა თუ იმ პირის შიდა გადაადგილება შესაძლოა შეზღუდული იყოს ფინანსური რესურსების სიმწირის ან კლანური კავშირების არქონის გამო. სომალელები ძირითადად თავიანთი კლანების განსახლების ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რაც ხშირად მათი ფიზიკური თუ სოციალური დაცვის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. ანგარიში აღნიშნავს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, კლანური კავშირები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ უსაფრთხოების და ბაზისურ სერვისებზე წვდომის, მათ შორის საკვებსა და საცხოვრებელზე წვდომის კუთხით. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა სამხრეთ-ცენტრალურ სომალიში აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ურბანულ ცენტრებს ფედერალური მთავრობა, სომალის არმია, რეგიონული გვარდია ან აფრიკის კავშირის სომალის მისია აკონტროლებს, ტერიტორიებს შორის გადაადგილებისას ალ-შაბაბის კონტროლირებადი გზებისა და ტერიტორიების გავლა ხდება საჭირო. მთავრობასთან და დასავლეთის ორგანიზაციებთან კავშირის მქონე პირები ალ-შაბაბის მხრიდან განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან და ვერ გადაადგილდებიან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი დასკვნა
სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს. კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ - ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, სადავო აქტის გამოცემის დროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის, ია------------------------------ის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 2------------ს № 0------------- შეტყობინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან - ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
მოცემული კანონის მე-15 მუხლი ადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ანუ სახეზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიცაა საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
სასამართლო მითითებული მუხლის დეფინიციის განმარტებისათვის ასევე მოიხმობს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველი მუხლს, რომლის თანახმად ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.
დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.
შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.
მანამ, სანამ სასამართლო დაადგენს შიშის ობიექტურს საფუძველს, სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირს არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი წარმოშობის ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. შესაბამისად ზემოთხსენებულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებასთან - საფუძვლიან შიშთან ერთად სახეზე უნდა იყოს დევნა.
სასამართლო მიუთითებს ასევე ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.
ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე წარმოშობის ქვეყნის დატოვების მიზეზად რამდენიმე გარემოებას ასახელებს. კერძოდ, ი-----------------------------რი მიუთითებს, რომ ეშინია დაჯგუფება ,,ალ-შაბააბის“ წევრების, რომლებმაც მეუღლე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამო მოუკლეს, ხოლო 2015 წლის ივლისში სახლი დაუწვეს, რასაც მისი რვა შვილიდან, ოთხი შვილის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, აღნიშნავს, რომ დაჯგუფების წევრები ძალით დაქორწინებას აიძულებენ, შესაძლოა იგი მოიტაცონ და ,,ალ-შაბააბის“ რომელიმე ყაჩაღ წევრზე იძულებით დააქორწინონ. მოსარჩელის განმარტებით, საფრთხე ემუქრება ასევე მეუღლის ნათესავების მხრიდანაც, რომლებთანაც დაპირისპირება აქვს იმის გამო, რომ იგი სხვა ტომის წარმომადგენელია და რომლებიც მას მეუღლის სიკვდილში ადანაშაულებენ, ისინი ორჯერ დაესხნენ თავს, მოკვლის მიზნით, თუმცა ორივე შემთხვევაში მოსარჩელემ თავის დაცვა ახლობლების დახმარებით მოახერხა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ი-----------------------------რი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების არსებით პრობლემად ასახელებს იმ გარემოებას, რომ სომალიში დაბრუნების შემთხვევაში მას აიძულებენ დაქორწინდეს დაჯგუფება ,,ალ-შაბააბის“ წევრზე, მისი ნების გარეშე. ასევე მიუთითებს, რომ საფრთხე ემუქრება მეუღლის ნათესავების მხრიდანაც, რომლებიც მის სიკვდილში ადანაშაულებენ, რადგან მან არ უთხრა მეუღლეს სახელმწიფო სამსახურიდან წამოსულიყო, რაც გახდა სწორედ მისი მკვლელობის მიზეზი. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ თავად განმარტა, რომ მისი სომალიში ცხოვრება პრობელემებს უქმნიდა მისი ოჯახის წევრებსაც, ვინაიდან ,,ალ-შაბააბის“ დაჯგუფების წევრებს მისი ძალით გათხოვება სურდათ, რის გამოც დედამ ფული შეუგროვა და უთხრა სასწრაფოდ დაეტოვებინა ქვეყანა. ამდენად, მოსარჩელე ია------------------------------ი მიუთითებს წარმოშობის ქვეყანაში მისი, როგორც ქალის, გენდერული ნიშნით დევნაზე.
სასამართლო მიუთითებს სომალიში ადამიანის უფლებების სიტუაციის გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ბოლო 2018 წლის 19 ივლისის ანგარიშზე, რომლის თანახმად, სომალიში ქალთა უფლებების საკითხი ისევ პრობლემურად რჩება. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია ადეკვატური კანონმდებლობის არარსებობით, კანონის და წესრიგის დაცვის პრობლემებითა და შესაბამისი ფუნქციური ინსტიტუტების ნაკლებობით. კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა იძულებით გადაადგილება, ახალგაზრდული დაჯგუფებებისა და ამოუცნობი ფორმიანი კაცების მიერ ჩადენილი გაუპატიურებები, ასევე ახალგაზრდა გოგონების იძულებითი დაქორწინება და გენიტალიების დამახინჯების ტრადიცია, კიდევ უფრო ამძიმებს ქალთა უფლებების მდგომარეობას სომალიში. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ხაზი გაუსვა ტრადიციული მართლმსაჯულების მექანიზმების როლს ქალების წინააღმდეგ მიმართული სექსუალური და გენდერული ხასიათის ძალადობასთან დაკავშირებით. მისი გადმოცემით, ქალების მიმართ ჩადენილი ასეთი დანაშაულები ფართოდაა გავრცელებული და თან დაუსჯელი რჩება. ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა 2017 წლის ოქტომბერში პუნტლენდში უსაფრთხოების ძალების წევრის მიერ ახალგაზრდა გოგოზე თავდასხმის ფაქტი, რის შემდეგაც, გადმოცემის თანახმად, არც არავინ დაუკავებიათ და არც სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულა.
ასევე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშზე (2017 წლის შესახებ), სადაც აღნიშნულია, რომ სომალიში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ქალთა უფლებების კუთხით არსებული ვითარება. სამთავრობო ძალები, შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები და კაცები უნიფორმებში აუპატიურებდნენ ქალებსა და გოგონებს. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ძალების ზოგიერთი წევრი დააკავეს, დაუსჯელობა მაინც დომინირებდა. მართალია, კანონი კრძალავს გაუპატიურებას და ითვალისწინებს 15 წლიან პატიმრობას, თუმცა მთავრობა კანონს ეფექტურად ვერ ახორციელებს. UNICEF-ის ცნობით, გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა უკანასკნელი წლის მანძილზე. გაუპატიურების ფაქტების გარდა, პრობლემური იყო ქალის გენიტალიების დამახინჯების პრაქტიკაც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრაქტიკა კონსტიტუციით განიხილებოდა, როგორც წამებასთან გათანაბრებული სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა, მაინც, ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ფაქტები ფართოდ იყო გავრცელებული. ფიზიკური ძალადობის პრობლემის გარდა, უნდა ითქვას, რომ ქალებს არ გააჩნდათ თანასწორი უფლებები. ისინი განიცდიდნენ დისკრიმინაციას განათლებაში, პოლიტიკაში, განსახლებაში. 2016 წლის მაისში მინისტრთა საბჭომ შეიმუშავა ეროვნული პოლიტიკა გენდერულ საკითხებზე, რასაც უნდა გაეზარდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, მოეხდინა მათი ეკონომიკური გაძლიერება და განათლებაში ჩართულობა, თუმცა, პოლიტიკის განხორციელება არ დაწყებულა. აქვე საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა რომ არსებული კანონები, ასევე შარიათის წესები აძლევენ ქალს უფლებას საკუთრებაში ჰქონდეს და განკარგოს ქონება, სხვადასხვა სამართლებრივი, კულტურული და საზოგადოებრივი ბარიერები ხშირად აბრკოლებდა ქალებს ზემოაღნიშნული უფლებების გამოყენებისგან.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზემოთ აღნიშნული წყაროების მსგავსად, ,,Human Rights Watch“-იც საუბრობს ქალების მიმართ ძალადობაზე და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები რჩებიან სექსუალური და გენდერული ძალადობის რისკის ქვეშ. აღნიშნული საფრთხე მომდინარეობს შეიარაღებული პირების, მათ შორის სამთავრობო ჯარისკაცებისა და მილიციის, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. გაეროს ცნობით, სექსუალური ძალადობის ინციდენტები იძულებით გადაადგილებულთა დასახლებებში 2017 წლის მანძილზე გაიზარდა.
გენდერული ძალადობის პრობლემებს ეხებიან Amnesty International-ი და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი, რომელთა ცნობით, გენდერული ძალადობა სომალიში გრძელდებოდა. ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, ქალები სომალიში არიან მაღალი რისკის ქვეშ გახდნენ სახელმწიფოს თუ საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციის თუ გენდერული ძალადობის მსხვერპლი. ძალიან ცოტა დაცვის მექანიზმი არსებობს იმ ქალებისთვის, რომლებიც არიან იძულებით გადაადგილებული და არ გააჩნიათ კლანური კავშირები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 2------------ს N 0------------- შეტყობინებით, ია------------------------------ს უარი ეთქვა საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
შეტყობინებაში მიეთითა, რომ განმცხადებლის მიერ დასახელებული საფრთხეები, რომლებიც მეუღლის გარდაცვალებას, მისი გარდაცვალების გამო ,,ალშაბააბის“ მიერ განმცხადებლის იძულებით გათხოვებასა და მეუღლის გარდაცვალებაში მისი ნათესავების მიერ თავშესაფრის მაძიებლის დადანაშაულების გამო მათი მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს უკავშირდება, სამინისტრომ არ მიიჩნია სანდოდ, რადგან აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გასაუბრებისა და ანკეტირების დროს მიწოდებულ ინფორმაციებს შორის გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხასიათის მქონე შეუსაბამობები, რომლებიც დამაჯერებლად არ იქნა ახსნილი. შეტყობინებაში ასევე მითითებულია, რომ საქმის მასალების, განმცხადებლის ინდივიდუალური პროფილის, სანდოობის ანალიზისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ განმცხადებელს არ ემუქრება სასიკვდილო განაჩენი ან სიკვდილით დასჯის საფრთხე. ასევე სამინისტრომ მიიჩნია, რომ მისი ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, განმცხადებლის მიმართ ადგილი არ ექნება ადამიანის უფლებების დარღვევისა და წამების ფაქტებს. ამასთან, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით სომალიში ჯერ კიდევ ადგილი აქვს გარკვეული ხასიათის პრობლემებს, იქ არსებული ვითარება ვერ შეფასდება როგორც განურჩეველი ძალადობა. თანაც, განცხადებელს არ გააჩნია რაიმე ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოება, რომ რისკ ჯგუფების განსაკუთრებულ კატეგორიაში მოექცეს. ასევე, კლანური კავშირების სიძლიერიდან გამომდინარე, მისი დაცვის ხარისხი იქნება მაღალი, რადგან განმცხადებელს აქვს ძლიერი კლანური კავშირები და მოგადიშუში ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ია------------------------------ი მისი გენდერული ნიშნით დევნაზე მიუთითებს, ხოლო სომალიში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით გასაჩივრებულ აქტში ნამსჯელი არ არის, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღო შეტყობინება მოსარჩელის ლტოლვილის ან/და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობით, დამატებით უნდა გამოიკვლიოს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით სომალის რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა და ამ კუთხით მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 2------------ს № 0------------- შეტყობინება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ” და „უ” ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 32-ე, 2125 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-9, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 2------------ს № 0------------- შეტყობინება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებ: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი