გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
140210017001965071
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 140210017001965071

საქმე №2/826-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე _ გ------ი ბ---------ე

წარმომადგენელი – ნ--ო ბ---------ე

მოპასუხე _ ქალაქ გორის მ----–----–--------------ა

წარმომადგენელი - გ------ი ბ---------–---–ი

მესამე პირი - ა(ა)იპ ქალაქ გორის მ----–----–--------------ის ს-–-------------ი

წარმომადგენელი - ნ--ო დ--–---–---–ი

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ქალაქ გორის მ----–----–--------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2014 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის თვეებისა და იმავე წლის დეკემბრის თვის 10 დღის მიუღებელი სახელფასო დავალიანება - ხელზე ასაღები 4560 ლარის ოდენობით;

 

მოსარჩელის პოზიცია

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 17 დეკემბრის გორის მ----–----–-------ს გამგებლის N2----7 ბრძანებით იგი დაინიშნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გორის მ----–----–-------ს „საცურაო აუზის“ დირექტორის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 720 ლარით. ხელფასის დარიცხვა ხდებოდა ნაწილობრივ აუზის ფუნქციონირებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე, ნაწილობრივ კი გორის მ----–----–-------ს გამგეობიდან დარიცხული სუბსიდიებით. მოსარჩელემ 2014 წლის 10 ნოემბერს ქ. გორის მ----–----–-------ს მერს მიმართა განცხადებით, რომლითაც ითხოვდა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასა და ამასთან სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, რომლის ოდენობაც განცხადების მიმართვის დღის მდგომარეობით შეადგენდა დასარიცხ 4800 ლარს. აღნიშნული განცხადების პასუხად, 2014 წლის 10 დეკემბერს N1625 წერილით გორის მ----–----–-------ს მერმა აცნობა, რომ 2014 წლის 09 დეკემბრიდან გათავისუფლებული იყო საცურაო აუზის დირექტორის თანამდებობიდან. გამომდინარე იქედან, რომ არ მომხდარა მისი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, 30.09.2016 წელს განცხადებით მიმართა ქალაქ გორის მ----–----–-------ს მერს და სთხოვა ცნობა სახელფასო დავალიანების შესახებ, რის პასუხადაც 2016 წლის 07 ოქტომბერს მიიღო წერილი, რომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურში და მის მისაღებად უნდა მიემართა ა(ა)იპ ქალაქ გორის მ----–----–--------------ის საცურაო აუზისთვის. მოსარჩელემ 13.10.2016 წელს განცხადებით მიმართა საცურაო აუზს, რომლის პასუხადაც აუზის დირექტორის 2016 წლის ოქტომბერს წერილით ეცნობა, რომ ორგანიზაციის ყველა სახის დოკუმენტები იმყოფებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში და აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მოხდებოდა მისთვის სახელფასო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 2017 წლის 06 აპრილს ქალაქ გორის მ----–----–-------ს მერს სთხოვა მიეცა ოფიციალური დოკუმენტი და ეცნობებინა თუ რას შეადგენდა მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო აუზის დირექტორად მუშაობისას, თუმცა წერილზე პასუხი დღემდე მიღებული არ აქვს. მოსარჩელის მითითებით ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის ქალაქ გორის მ----–----–--------------ის, როგორც მისი საცურაო აუზის დირექტორად დამნიშვნელი ორგანოს მიმართ და მოეთხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ქალაქ გორის მ----–----–--------------ამ თავისი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი საქმეზე არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს. გ------ი ბ---------ე იყო ა(ა)იპ ქალაქ გორის მ----–----–--------------ის საცურაო აუზის დირექტორი და შესაბამისად, ხელფასიც საცურაო აუზის ბიუჯეტიდან ერიცხებოდა. მართალია ქალაქ გორის მ----–----–------- მითითებულია, როგორც საცურაო აუზის დამფუძნებელი, მაგრამ ხსენებულ იურიდიულ პირს გააჩნია საკუთარი ვალდებულებები და იგი ამ ვალდებულებების შესრულებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლად აგებს პასუხს. შესაბამისად, ქალაქ გორის მ----–----–--------------ა ვერ იქნება ა(ა)იპ-ის ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი.

 

მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მათ მიერ გამოთხოვლი და მოძიებულია მხოლოდ 2014 წლის ხარჯთააღიცხვა რითაც დასტურდება, რომ მუნიციპალიტეტმა საცურაო აუზს განუსაზღვრა წინასწარი სუბსიდია 50 000 ლარის ოდენობით და აქედან შრომის ანაზღაურება იყო 38410 ლარი, ანუ 2014 წლის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ პირთა რაოდენობასთან და მათ ხელფასის ოდენობასთან განგარიშებით დგინდება, რომ გორის მუნიციპალიტეტმა 2014 წლის 9 თვის სახელფასო ფონდი სრულად მისცა ა(ა)იპ-ს, ეს მოხდა 2014 წლის დასაწყისში. ასევე, საქმეში წარმოდგენილი 2013 წლისა და 2014 წლის ბიუჯეტზე დაყრდნობითა და სხვა საფინანსო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ საცურაო აუზს გამოეყოფოდა გარკვეული ოდენობის სუბსიდია. ამასთან, თავად საცურაო აუზს უნდა წარმოედგინა ხარჯთაღრიცხვა და მასში გათვალისწინებული სახელფასო ფონდის მოცულობა, რომელიც დაემთხვეოდა არსებული კადრების საერთო რაოდენობას. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ გარდა სუბსიდიისა საცურაო აუზს ამ წლებში გააჩნდა საკუთარი შემოსავლები, რომელთა ორგანიზებასა და მართვას/განკარგვას თავად ა(ა)იპი ახდენდა. მერიასა და მოსარჩელეს შორის არსებული ურთიერთობა შეიძლება ჩაითვალოს არაშრომით ხელშეკრულებად, არამედ უფრო დავალების ხელშეკრულებად და როდესაც ვავითარებთ მსჯელობას რომ მას გამოვუყავით თანხა სუბსიდია და მას თვითონ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული თანხების გახარჯვა, თუ საკუთარ თავს არ გადაუხადა ხელფასი ამაზე გორის მ----–----–--------------ა ვერ იქნება პასუხისმგებელი ორგანო.

3. საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილე ა(ა)იპ ქ. გორის მ----–----–--------------ის საცურაო აუზის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საცურაო აუზი დღემდე რეგისტრირებულია რეესტრში, რომელსაც ყავს ხელმძღვანელი პირი (დირექტორი), ბუღალტერი, თუმცა დღეისათვის საცურაო აუზი არ ფუნქციონირებს და შესაბაისად, არ გააჩნია რაიმე სახის თანხები ძველი დავალიანების ასანაზღაურებლად.

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

4.1.1. 2012 წლის 17 დეკემბერის გორის მ----–----–-------ს გამგებლის N2----7 ბრძანებით გ------ი ბ---------ე დაინიშნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გორის მ----–----–-------ს საცურაო აუზის დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 720 ლარს. აუზის სახელფასო ფონდი განისაზღვრებოდა, როგორც აუზის ფუნქციონირებიდან გამოდმინარე მიღებული შემოსავლების ხარჯზე ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიებიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გორის მ----–----–-------ს გამგებლის 2012 წლის 17 დეკემბრის N2----7 ბრძანება;

- გორის მ----–----–-------ს 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ გორის მ----–----–-------ს საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის N52 და 2014 წლის 20 აგვისტოს N21 დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.1.2. 2014 წლის 09 დეკემბრის გორის მ----–----–--------------ს ბრძანებით გ------ი ბ---------ე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა ა(ა)იპ ქ. გორის მ----–----–--------------ის საცურაო აუზის დირექტორის თანამდებობიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გ------ი ბ---------ის 2014 წლის 10 ნოემბრის

- გორის მ----–----–--------------ის 2014 წლის 09 დეკემბრის 16-211 ბრძანება;

 

4.1.3. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 დეკემბრის ცნობით სამსახურში არსებული მონაცემებით ფ/პ გ------ი ბ---------ის მიერ 01.01.2013 წლიდან 31.12.2014 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 16121.69 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 დეკემბრის ცნობა;

 

4.1.4. დადგენილია, რომ 30.09.2016 წელს მოსარჩელე გ------ი ბ---------ემ განცხადებით მიმართა ქ. გორის მ----–----–-------ს მერს მოთხოვნით გაეცათ მისი საცურაო აუზის დირექტორის პოზიციაზე მუშაობის პერიოდზე ცნობა სახელფასო დავალიანების შესახებ. აღნიშულ მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეცნობა, რომ ხსენებული ინფორმაცია საბიუჯეტო-სფინანსო სამსახურში არ ფისირდებოდა, რის გამოც განმცხადებელს უნდა მიემართა ა(ა)იპ ქ. გორის მუნციიპალიტეტის მერიის საცურაო აუზისათვის.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 30.09.2016 წლის გ------ი ბ---------ის განცხადება;

- ქ. გორის მ----–----–--------------ის 07.10.2016 წლის Nბ-305 წერილი ;

 

4.1.5. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით დასტურდება, რომ ა(ა)იპ ქ. გორის მ----–----–--------------ის საცურაო აუზი საჯარო რეესტრში დღემდე რეგისტრირებულია როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის დირექტორსაც წარმოადგენს ნ--ო დ--–---–---–ი. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დემეტრე დემეტრაშვილის ჩვენებით, იგი წარმოადგენს საცურაო აუზის ბუღალტერს მიუხედავად შემოსავლების არქონისა, რასაც ასევე ადასტურებს საცურაო აუზის ამჟამინდელი დირექტორიც.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- მესამე პირის განმარტება;

- მოწმე დემეტრე დემეტრაშვილის ჩვენება;

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1. საქმის მასალების ანალიზით სასამართლო დადგენილად და დასტურებულად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ გორის მუნციპალიტეტის მერიის საცურაო აუზი დღემდე წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზებულ წარმონაქმნს.

 

4.2.2. საქმის მასალების ანალიზით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ სადავო პერიოდში საცურაო აუზის სახეფასო ფონდის ფორმირება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდებოდა თვით აუზის დირექტორის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად და ამ თანხების განკარგვას შრომის ანაზღაურების მიზნით ახორციელებდა საცურაო აუზის დირექტორი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლომ მოისმინა მხარეთა და მესამე პირის განმარტებანი, გაანალიზა საქმის მასალები მიაჩნია, რომ გ------ი ბ---------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი;

შრომის კოდექსის 31-ე, 34-ე მუხლები;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სასამართლოს მიერ საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ა(ა)იპ ქ. გორის მ----–----–--------------ის საცურაო აუზთან და სადაო პერიოდში ეკავა საცურაო აუზის დირექტრორის თანამდებობა. უდაო ისიც, რომ დღეისათვის ა(ა)იპ ქ. გორის მ----–----–--------------ის საცურაო აუზი დღემდე რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. ამდენად, სასამართლო თვლის რომ იგი წარმოადგენს იმ ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შესაბამისად შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. განსახილველ შემთხვევაში საქმის განხილვისას დადგა საკითხი ქ. გორის მ----–----–--------------ის, როგორც არასათანადო მოპასუხის, სათანადო მოპასუხით - ა(ა)იპ ქ. გორის მ----–----–--------------ის საცურაო აუზით შეცვლის შესახებ, თუმცა მოსარჩელე მიუხედავად მოსალოდნელი შედეგის შესახებ სასამართლოს განმარტებისა, არ დაეთანხმა მის მიერ დასახელებული მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლას. აღნიშნული გარემოება კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო დამატებით მიუთითებს და მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული სარჩელის ფარგლებში ქ. გორის მ----–----–--------------ის სათანადო მოპასუხედ მიჩნევის შემთხვევაშიც უსაფუძვლოა სარჩელით მოთხოვნილი თანხების მოპასუხისათვის დაკისრება. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში საცურაო აუზის სახეფასო ფონდის ფორმირება ხორციელდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვით აუზის დირექტორის მიერ დამტკიცებული და შესაბამის თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, რის საფუძველზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა შესაბამისი თანხები საცურაო აუზის ხელშეწყობის მიზნით. ამდენად, მოსარჩელე, რომელიც წარმოადგენდა აუზის ხელმძღვანელ პირს და რომელიც განკარგავდა საცურაო აუზისთვის გამოყოფილ და ასევე აუზის შემოსავლებიდან მიღებულ თანხებს, უფლებამოსილი იყო მიზნობრივად განეკარგა ეს თანხები რათა მიეღო კუთვნილი შრომის ანაზღაურება ან მიეღო შესაბამისი ზომები წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში აუზისათვის საკმარისი ოდენობის თანხების გამოყოფისათვის. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის დამსაქმებლად მიჩნევის შემთხვევაშიც მის ქმედებაში არ იკვეთება კანონით გათვალისწინებული იმ სახის დარღვევა, რაც საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად ქმნის მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. გ------ი ბ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე