განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-21-19
(№031260518001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: გიორგი ლობჯანიძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული ა--------------ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, პირადი ნომერი 2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ----------–-----------–--------------
ადვოკატი: გელა ჩივაძე,თარჯიმანი: ორხან რამაზანოვი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი),სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
2018 წლის 26 მაისს, ქ. მარნეულში, რ---------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანარ გ--------მა ე-–--------–---ს, პირადი წყენის ნიადაგზე, სახეში დაარტყა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც შედეგად მოჰყვა ე-–--------–---ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 29 ოქტომბერს, ქ.მარნეულში, რ---------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--------–-------------–---------------------------–--–- ა--------------მა „--------–-------–----------------–-------------–---------------–-----------------–-------–---------–-----------–--------–----–------–- - ფ------------------ი, პოლიტიკური შეხედულების გამო, გულმკერდის არეში პერანგზე ხელის მოკიდების გზით რამოდენიმეჯერ ძლიერად შეანჯღრია, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც შედეგად მოჰყვა ფ------------------ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მიიჩნია, რომ წარდგენილი ბრალდებიდან ა--------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა მისი დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის ფ------------------ის ეპიზოდში, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 29 ოქტომბრის ფ------------------ის ეპიზოდი).
2018 წლის 26 მაისს, ქ. მარნეულში, რ---------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა--------------მა ე-–--------–---ს, პირადი წყენის ნიადაგზე, სახეში დაარტყა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც შედეგად მოჰყვა ე-–--------–---ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ე-–--------–---ის ეპიზოდი:
სასამართლოს დასკვნა, ა--------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ე-–--------–---ის, ა-–---------------ის, ფ-------------–---ის, რ-----–--------------ის, ე-----------------ის გამოკითხვის ოქმებს, ოქმს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ე-–--------–---ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს, კომპიუტერული და ვიდეო ექსპერტიზის დასკვნებს, დისკების დათვალიერების ოქმებს და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2019 წლის 31 იანვარს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით პასუხისმგებლობაა დაწესებული ცემის ან სხვაგვარი ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მითითებული ნორმით დაცულია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან დაზიანებას. პირმა ცემა შეიძლება ჩაიდინოს არაერთჯერადი დარტყმით ან სხვაგვარი მოქმედებით, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ისეთი დაზიანება, რომელიც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის მოშლასთან, მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც მეტწილად ერთჯერადი ძალადობრივი ქმედებით ხასიათდება (მაგალითად: ხელის გარტყმა, ყურის, თმის მოქაჩვა და სხვა.) ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერადად ან არაერთჯერადად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელიც მხარეთა შორის უდავოდ იქნა მიჩნეული, საკმარისია ა--------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ფ------------------ის ეპიზოდში შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც აღინიშნა, ძალადობა ისეთი ხასიათის დანაშაულია, რომელიც ადამიანს აყენებს ფიზიკურ ტკივილს, ანუ ერთი ადამიანის მეორეზე ზემოქმედების დროს, ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ზემოქმედების ხასიათი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, თუმცა როგორც წესი გამოიხატება დარტყმით, თმის მოქაჩვით, ჩქმეტით ან სხვა საგნის გამოყენებით. ფ------------------ის ეპიზოდთან დაკავშირებით ძალადობის ფორმაზე მითითების დროს, ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ა--------------მა პერანგზე ხელის მოკიდების გზით, რამდენჯერმე ძლიერად შეანჯღრია ფ------------------ი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. სასამართლოს შეფასებით, ადამიანის შენჯღრევა თანმდევი პროცესის გათვალისწინებით, შესაძლებელია არის უსიამოვნო, იწვევს დისკომფორტს და ძალადობის განცდას, მაგრამ არ იწვევს ფიზიკურ ტკივილს. შენჯღრევის დროს, ფიზიკური ტკივილის გამომწვევი შეიძლება იყოს ან ხელის მჭიდროდ მოჭერა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ან უშუალოდ რყევის დროს მუშტების დარტყმა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ როდესაც ა--------------მა ფ------------------ს პერანგში ხელი ჩაავლო და შეანჯღრია ძლიერად, მან იმავდროულად ურტყა მუშტები მკერდის არეში, რაც აისახა კიდეც მის ჯანმრთელობაზე, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ბრალდების ფორმულირება არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს არა იმგვარად, რომ შეჯანჯღარებამ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, არამედ შეჯანჯღარების დროს მუშტების მკერდის არეში დარტყმის გამო დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმგვარ მოცემულობას, რომ სასამართლოს მიერ შეფასებული გარემოებები არ შეესაბამება ბრალდების ფორმულირებას და სასამართლო ფიზიკური ტკივილის გამომწვევი ძალადობის დადგენინას, გასცდება ბრალდების ფარგლებს.
ყურადსაღებია ასევე ფ------------------ის მიმართ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო დასკვნაში შესამოწმებელი პირის გადმოცემით მითითებული გარემოებები, რომლის თანახმად, ნაცნობმა პირმა გულმკერდის არეში მარცხნივ ჩაარტყა მუშტი, ხოლო გამოკითხვის ოქმში ფ------------------ი უთითებს, რომ ა--------------მა მოკიდა პერანგზე ხელი და იგი რამდენჯერმე ძლიერად შეანჯღრია. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით თანახმად, ფ------------------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა გულმკერდის წინა ზედაპირზე.
სასამართლო არ უარყოფს, რომ მიყენებული დაზიანებების საფუძველზე, ფ------------------ს შესაძლოა განეცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა არა შენჯღრევის, არამედ შენჯღრევის დროს მუშტების დარტყმით, სისხლჩქცევა გამოიწვია არა შენჯღრევამ, არამედ შენჯღრევის დროს მუშტებით ძლიერმა დარტყმამ, რაც არ არის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნული, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეცვალოს ბრალდების არსი, იმგვარად, რომ გასცდეს ბრალდების არსს ან დამატებით მიუთითოს ისეთი გარემოება, რომელიც პირდაპირ კავშირშია დანაშაულის ნიშნების დადგენასთან. ბრალდების შესახებ დადგენილებაში უპირობოდ უნდა იყოს აღნიშნული ძალადობის სახე და შედეგი, რომელიც დადგა ძალადობის გზით, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია ბრალდების მხარის პოზიცია, რომ შენჯღრევამ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ეს ფაქტი თავისთავად გულისხმობს ამ პროცესში მუშტების დარტყმასაც.
მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 1 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ფ------------------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 18 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ე-–--------–---ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე-–--------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ფ------------------ის ეპიზოდში, ბრალდებული უნდა გამართლდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წ/სასამართლო სხდომაზე შეთანხმებული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 26 მაისს, ქ.მარნეულში, რ---------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა--------------მა ე-–--------–---ს, პირადი წყენის ნიადაგზე, სახეში დაარტყა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც შედეგად მოჰყვა ე-–--------–---ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ძალადობასთან და ცემასთნ დაკავშირებული დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის განცდის გარკვევას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით - ე.წ. სუბიექტური ტესტით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა - ე.წ. ობიექტური ტესტით. სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს დაზარალებულის განმარტებით და თავად უნდა შეაფასოს განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით და ინტენსივობით გამოიწვევდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.
ფ------------------ის მიმართ ა--------------ის მიერ ძალადობის ჩადენასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, ვერ დასტურდება, რომ გულმკერდის არეში პერანგზე ხელის მოკიდების გზით რამოდენიმეჯერ ძლიერად შეჯანჯღარება დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევდა. ცემა და ძალადობა ისეთი ხასიათის მოქმედებებია, რომელიც შედეგად იწვევს ფიზიკურ ტკივილს და თავისი ინტენსივობით მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ფიზიკური ტკივილის შეფასების სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე სასამართლოს ამ შემთხვევაში დადგენილად მიაჩნია, რომ გულმკერდის არეში პერანგზე ხელის მოკიდებით რამოდენიმეჯერ ძლიერად შენჯღრევა ობიექტურად არ გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს. საქმეზე დაკითხული მოწმეები აგილ მუსტაფაევი და ლაშა ქველაძე დაკითხვის ოქმში უთითებენ, რომ მათ დაინახეს რომ ა--------------ს ხელი ჰქონდა მოკიდებული პერანგზე და ანჯღრევდა ძლიერად.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანეს დებულებაზე - დანაშაულის კვალიფიკაციაზე. დანაშაულის კვალიფიკაცია არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებთან ქმედების შესაბამისობის სრული მოცულობით დადგენა, რომ პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ზუსტად და სწორად უნდა იყოს დაკვალიფიცირებული, ხოლო თავის მხრივ სრული მოცულობა გულისხმობს კანონში მითითებული კონკრეტული შემადგენლობის ყველა ნიშნის დამთხვევას პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. დანაშაულის შემადგენლობა მოიცავს დანაშაულის ობიექტურ და სუბიექტურ შემადგენლობას. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, როგორც წესი, თავდაპირველად ხდება ობიექტური ნიშნების - ქმედების გარეგანი დახასიათება, ხოლო შემდეგ სუბიექტური ნიშნების - განზრახვის ან გაუფრთხილებლობის დადგენა.
მოცემულ შემთხვევაში, ქმედების შემადგენლობის გარეგნული აღწერა ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ ემთხვევა ძალადობის დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ნიშნებს, კერძოდ, ბრალდების მხარის განმარტებას, რომ ბრალდებულმა დაზარალებული რამდენჯერმე შეანჯღრია და ასევე მუშტებსაც ურტყავდა, სასამართლო ცხადია ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს ასეთი ფაქტის დასადგენად მტკიცებულებების არარსებობის გამო და ასევე ბრალის შესახებ დადგენილებაში აღნიშნული ფაქტის არარსებობის გამო.
ბრალდების მხარის განმარტება, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ის დაზიანება, რომელიც ფ------------------ს აღენიშნება, სისხლჩაქცევები გულმკერდის წინა ზედაპირზე, რეალურად მხოლოდ პერანგზე ხელის მოკიდებით და შეჯანჯღარებით არაა გამოწვეული და ბრალდებული მუშტებსაც ურტყავდა, აღნიშნული განმარტება ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ქმედების აღწერასთან არაა თანხვედაში. თუკი ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ფიზიკური ძალადობის ინტენსივობას შევაფასებთ, ბრალდებულმა ფ------------------მა გულმკერდის არეში პერანგზე ხელის მოკიდების გზით რამოდენიმეჯერ ძლიერად შეანჯღრია დაზარალებული, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც შედეგად მოჰყვა ფ------------------ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. თუ ბრალდებული მუშეტებსაც უტყვადა და ამან ექსპერტიზის დასკვნაში ასახული დაზიანება სისხლჩაქცევების სახით გამოიწვია, აღნიშნული ფაქტი ბრალის შესახებ დადაგენილებაშიც უნდა იყოს ასახული.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ანა გ--------ის მიმართ ფ------------------ის ეპიზოდის ბრალეულობაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 26 მაისის ე-–--------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ა--------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა--------------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ვინაიდან იგი ბოლომდე ვერ აცნობიერებს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს და სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას - სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გამოწვეული შედეგი.
7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ა--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა--------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 ოქტომბრის ფ------------------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ა--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 26 მაისის ე-–--------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
ა--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე დართული 5 ცალი დისკი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო ციფრული ვიდეოჩამწერები, რომელიც ინახება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში გამომძიებელ მ-----–----------–---თან, დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე