გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2019
საქმის ნომერი
820210018002437128
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210018002437128 (2-265/2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

მოსარჩელე - შპს ,,ნ-–-”

წარმომადგენელი - რ-----------------ე

მოპასუხე - ზ------------–--ე

წარმომადგენელი - ლ--–----–----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაეკისროს მოპასუხე ზ------------–--ეს შპს ,,ნ-–-ს” სასარგებლოდ 21 960 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეს დაეკისროს სასამართლო ხარჯები სახელმწიფო ბაჟის 659 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს ,,ნ-–-"-სა და მოპასუხე ზ------------–--ეს შორის 2016 წლის 24 მარტს გაფორმდა №4/3 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ შპს ,,ნ-–-"-სგან ექვსი თვის ვადით სესხად აიღო 600 ლარი. ხელშეკრულების 2.1.3. პუნქტის თანახმად გასესხებულ თანხაზე საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად შეადგენს 20%-ს. 4.1. პუნქტის თანახმად ყოველ გაცემულ სესხის თანხაზე პროცენტის თანხის დარიცხვა დაიწყება მსესხებელზე სესხის გაცემის დღიდან, ხოლო ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ,,მსესხებელი" თანახმაა გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1%-ი ვალდებულების სრულად შესრულებამდე. დღეის მდგომარეობით 2016 წლის 24 მარტის №4/3 საკრედიტო ხელშეკრულებით მოპასუხის დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას 600 ლარს, საპროცენტო სარგებელი 2640 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 3960 ლარს, ჯამში დავალიანება შეადგენს 7200 ლარს.

 

შპს ,,ნ-–-"-სა და მოპასუხე ზ------------–--ეს შორის 2016 წლის 24 ივნისის გაფორმდა №4/6 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ შპს ,,ნ-–-"-გან სესხად აიღო 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (1230 ლარი). ამავე ხელშეკრულების 2.1.3. პუნქტის თანახმად გასესხებულ თანხაზე საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად შეადგენს 20%-ს. 4.1. პუნქტის თანახმად ყოველ გაცემულ სესხის თანხაზე პროცენტის თანხის დარიცხვა დაიწყება მსესხებელზე სესხის გაცემის დღიდან, ხოლო ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ,,მსესხებელი" თანახმაა გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1%-ი ვალდებულების სრულად შესრულებამდე. დღეის მდგომარეობით 2016 წლის 24 ივნისის №4/6 საკრედიტო ხელშეკრულებით მოპასუხის დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას 500 აშშ დოლრის ექვივალენტი ლარი (1230 ლარი), საპროცენტო სარგებელი 2200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (5412 ლარი), ხოლო პირგასამტეხლო შეადგენს 3300 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს (8118 ლარი), ჯამში დავალიანება შეადგენს 6000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს (14760 ლარს).

მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლითაც მოთხოვნილი იქნა მისგან შესრულებულიყო ზემოთ დასახელებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები, წერილები ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს. მას შემდეგ მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ტელეფონის საშუალებით, მაგრამ ის მხოლოდ იძლეოდა დაპირებებს, დღემდე არ შეუსრულებია აღებული ვალდებულებები და დღეისათვის მისი დავალიანება შპს ,,ნ-–-"-ს მიმართ შეადგენს 21960 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სესხის ძირი თანხა შეადგენს 600 ლარს, თუმცა არ ეთანხმება დარიცხულ პროცენტს და პირგასამტეხლოს, ვინაიდან დარიცხული პირგასამტეხლო არ მიაჩნია ვალდებულების დარღვევის პროპორციულად და მეტისმეტად მაღალია, რაც შეუსაბამოდ ამძიმებს მის მდგომარეობას, ხოლო პროცენტის რაოდენობა აღემატება ძირ თანხას, რაც არღვევს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ სტანდარტებს. ასევე ადასტურებს, რომ სესხის ძირი თანხა შეადგენს 1230 ლარს, თუმცა იგივე არგუმენტებით არ ეთანხმება დარიცხულ პროცენტს და პირგასამტეხლოს.

 

მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ სარჩელს ცნობს ძირითადი თანხის ნაწილში, რაც შეეხება პროცენტს და პირგასამტეხლოს აღნიშნა, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა არ იქნეს დაკისრებული იგი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 24 მარტს შპს ,,ნ-–-"-სა და მოპასუხე ზ------------–--ეს შორის გაფორმდა №4/3 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ შპს ,,ნ-–-"-სგან ექვსი თვის ვადით სესხად აიღო 600 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

- 2016 წლის 24 მარტის ხელშეკრულება;

- სალაროს გასავლის ორდერი,- ახსნა-განმარტებები

 

3.1.2. 2016 წლის 24 ივნისს შპს ,,ნ-–-"-სა და მოპასუხე ზ------------–--ეს შორის გაფორმდა №4/3 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ შპს ,,ნ-–-"-სგან ექვსი თვის ვადით სესხად აიღო 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (1230 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

- 2016 წლის 24 ივნისის ხელშეკრულება;

- სალაროს გასავლის ორდერი,- ახსნა-განმარტებები

 

3.1.3. მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ვალდებულების შესრულებაზე, მაგრამ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი,- გაფრთხილების წერილები.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 08 მაისის მდგომარეობით ზ------------–--ის დავალიანება შპს ,,ნ-–-ს“ მიმართ 2016 წლის 24 მარტის №4/3 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს სესხის ძირითად თანხას 600 ლარს, საპროცენტო სარგებელი 2640 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 3960 ლარს, ჯამში დავალიანება შეადგენს 7200 ლარს.

 

ზ------------–--ის დავალიანება შპს ,,ნ-–-ს“ მიმართ 2016 წლის 24 ივნისის №4/6 საკრედიტო ხელშეკრულებდან გამომდინარე შეადგენს სესხის ძირითად თანხას 500 აშშ დოლრის ექვივალენტი ლარი (1230 ლარი), საპროცენტო სარგებელი 2200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (5412 ლარი), ხოლო პირგასამტეხლო შეადგენს 3300 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს (8118 ლარი).

 

ჯამში დავალიანება შეადგენს 6000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს (14760 ლარს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2016 წლის 24 მარტის და 2016 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებები;

- ახსნა-განმარტებები

 

3.2.2. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის 2016 წლის 24 მარტის და 2016 წლის 24 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 20%-ს და პირგასამტეხლოს, რომელიც შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1%-ს ვალდებულების სრულად შესრულებამდე. აღნიშნულ თანხების გადახდაზე უარს ამბობს მოპასუხე მხარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2016 წლის 24 მარტის და 2016 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებები;

- ახსნა-განმარტებები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ საქმეზე ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და მოპასუხის მხრიდან სადავო ქცეული თანხების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამდგენი მტკიცებულებების წარმოდგენა, მოპასუხემ პოზიცია ვერ დაასაბუთა იმ გარემოებებით, რომელიც გამორიცხავდა დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების მოთხოვნას.

 

სარჩელით მოთხოვნილია როგორც ძირი, ასევე დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდევინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნილი თანხები შეუსაბამოდ მაღალია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვისა და მხარეების ახსნა-განმარტებისა მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ნ-–-ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მარტს და 2016 წლის 24 ივნისს შპს ,,ნ-–-"-სა და მოპასუხე ზ------------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები №4/3 და №4/6. 2016 წლის 24 მარტის №4/3 საკრედიტო ხელშეკრულებით მოპასუხემ შპს ,,ნ-–-"-გან ექვსი თვის ვადით სესხად აიღო 600 ლარი, ხოლო 2016 წლის 24 ივნისის №4/6 საკრედიტო ხელშეკრულებით მოპასუხემ შპს ,,ნ-–-"-გან ექვსი თვის ვადით სესხად აიღო 500 აშშ დოლრის ექვივალენტი ლარი (1230 ლარი).

 

მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, ზ------------–--ემ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს თანხების გადახდევინება, შესაბამისად, მისი მოთხოვნა მითითებულ ნაწილში დასაბუთებულია.

 

მოპასუხე ზ------------–--ემ ცნო სარჩელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - ძირი თანხის დაკისრების ნაწილში. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ნ-–-“ უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხების - 500 ლარის და 500 აშშ დოლრის ექვივალენტი 1230 ლარის დაბრუნება და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია სრულად.

 

6.3. მოპასუხე მხარემ სადავო გახადა სესხზე დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

მხარეთა შორის 2016 წლის 24 მარტს და 2016 წლის 24 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც გასესხებულ თანხაზე საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად 20%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულებაზე თანხმობით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და მასზე დასარიცხი სარგებელი, რომლებიც არ სცდებიან გონივრულობის ფარგლებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ეს მოთხოვნა ვრცელდება ყველა სახის სესხზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის წლიურ ოდენობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გამსესხებლის მიერ დადგენილი პროცენტი ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველთვიურად სესხისათვის სარგებლის სახით 20 %-ის დაკისრება, რაც წლიურად უდრის 240%-ს არის შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრული და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობით გამყარებულ მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

 

შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოპასუხე მხარეს 2016 წლის 24 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს პროცენტის სახით 149,76 ლარის გადახდა, ხოლო 2016 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 307,45 ლარის გადახდა.

 

მხარეთა შორის 2016 წლის 24 მარტს და 2016 წლის 24 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ,,მსესხებელი" თანახმაა გადაიხადოს პირგაამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1%-ს ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 30%-ს, ხოლო წელიწადში 360%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის და მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეს ზ------------–--ეს 2016 წლის 24 მარტის #4/3 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 50 ლარის გადახდა, ხოლო 2016 წლის 24 ივნისის #4/6 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 81.18 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

7.2. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო 1830 ლარის მოცულობით (600+1230 ლარი) და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად 100 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, დარჩენილი თანხა 559 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ნ-–-ს“ (ს/კ 4--------) სარჩელი ზ------------–--ის (პ/ნ 6----------) მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ზ------------–--ეს (პ/ნ 6----------) შპს ,,ნ-–-ს“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 24 მარტის #4/3 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 799,76 ლარის (600 ლარი ძირი, 149.76 ლარი - პროცენტი, 50 ლარი პირგასამტეხლო) ლარის გადახდა.

 

3. ზ------------–--ეს შპს ,,ნ-–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 24 ივნისის #4/6 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1618,63 ლარის (1230 ლარი ძირი, 307,45 ლარი პროცენტი, 81.18 ლარი პირგასამტეხლო) ლარის გადახდა.

4. ზ------------–--ეს შპს ,,ნ-–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 659 ლარიდან - 100 ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელე შპს ,,ნ-–-ს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 659 ლარიდან - 559 ლარი (სს ,,თიბისი ბანკი", საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 08.05.2018).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი