გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2019
საქმის ნომერი
330210018002740253
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/34400-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე შპს „ა-–----“

წარმომადგენელი თ--------------ე

მოპასუხე თო-----ე შა-–---–---–ი

წარმომადგენელი ც-------–--------–ი

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თო-----ე შა-–---–---–ს, შპს „ა-–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2807 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1300 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი - 1507 აშშ დოლარი.

 

(შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა, სხდომის ოქმი, 12.02.2019 წელი, 16:45:09 წთ)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე თო-----ე შა-–---–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 30 იანვარს შპს „ა-–----ს“ და თო-----ე შა-–---–---–ს შორის დაიდო #1690/18278 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 1200 აშშ დოლარი.

 

სესხი გაიცა სარგებლის სახით ყოველთვიურად 5% დარიცხვით, მხარეთა შეთანხმებით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეს შესაძლოა დაერიცხოს პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ 16-19)

 

3.1.2. მოპასუხემ 2016 წლის 31 იანვარს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის თანხა შეამცირა 200 აშშ დოლარით, ხოლო ამავე წლის 8 თებერვალს გაზარდა 300 აშშ დოლარით. საბოლოოდ სესხის თანხამ შეადგინა 1300 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები (ს.ფ 20-21)

 

3.1.3. 2016 წლის 30 იანვარს შპს „ა-–----ს“ და თო-----ე შა-–---–---–ს შორის გაფორმდა #1690/18278 გირავნობის ხელშეკრულება. მხარეთა შორის შედგენილი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დაგირავდა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი BMW 525 I, სარეგისტრაციო ნომერი R------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 22-25)

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ 26-27)

- გირავნობის მოწმობა (ს.ფ 29)

 

3.1.4. შპს ე------------------ მიერ 2017 წლის 6 თებერვალს შედგენილი დასკვნის შესაბამისად დაგირავებული ავტომობილის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 3500 აშშ დოლარით. ამავე დასკვნის შედგენის მიზნით შპს ა-–----ს მიერ გადახდილია 50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ე------------------ დასკვნა (ს.ფ 31)

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 32)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ე------------------ მიერ 2018 წელს შედგენილი დასკვნის მიხედვით, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დაგირავებული ავტომობილის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 4300 ლარით, ლიკვიდურმა ფასმა შეადგინა 3440 ლარი. ამავე დასკვნის შედგენის მიზნით შპს ა-–----ს მიერ გადახდილია 100 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ე------------------ დასკვნა (ს.ფ 35)

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 36)

 

3.2.2. 2018 წლის 23 ოქტომბერს შედგენილი ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, გირავნობის საგანის (---------, სარეგისტრაციო ნომერი R------) ღირებულებამ შეადგინა 4500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (ს.ფ 46)

 

3.2.3. შპს ა-–----ს მიერ გაცემული დავალიანების ამსახველი ცნობის შესაბამისად თო-----ე შა-–---–---–ის სრული დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2018 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 4387 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1300 აშშ დოლარი, 2016 წლის 29 სექტემბრიდან 2018 წლის 24 სექტემბრამდე არსებული სარგებელი 1625 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 29 სექტემბრიდან 2018 წლის 24 სექტემბრამდე არსებული პირგასამტეხლო 1462 აშშ დოლარი.

 

შპს „ა-–----ს“ წარმომადგენლის განმარტებით თო-----ე შა-–---–---–ს პირგასამტეხლოს ასევე გადახდილი აქვს 421,20 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 28)

- 2019 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი 17.02.32-17.02.54.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე შპს „ა-–----ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის პირველი ნაწილით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო 625-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შპს „ა-–----სა“ და თო-----ე შა-–---–---–ს შორის 2016 წლის 30 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს ჯამში გადაეცა 1300 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სესხის თანხა მიიღო სრულად, თუმცა მოპასუხეს სესხის დაფარვის ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია.

 

შპს „ა-–----ს“ მიერ გაცემული დავალიანების ამსახველი ცნობის შესაბამისად მოპასუხის მიერ შესასრულებელი ფინანსური ვალდებულება განსაზღვრულია შემდეგი სახით: 1300 აშშ დოლარი სესხის ძირითადი ნაწილი, 1625 აშშ დოლარი სარგებელი და 1462 აშშ დოლარი პირგასამტეხლო.

 

ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გირავნობის საგანი 2018 წლის 23 ოქტომბერს გასხვისდა 4500 ლარად, რაც აღნიშნულ დღეს ეროვნული კურსის შესაბამისად შეადგენდა (4500:2.69) 1672.86 აშშ დოლარს.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ავტომობილის გასხვისების შედეგად მიღებული თანხით პირველად დაიფარა შპს „ა-–----ს“ მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯები 252 ლარი, (93.68 აშშ დოლარი), დარჩენილ თანხას - 4248 ლარს, რაც დოლარში შეადგენს 1579.18 აშშ დოლარს გამოაკლდა პირგასამტეხლო - 1462 აშშ დოლარი, ხოლო 117.18 აშშ დოლარი მიემართა სარგებლის დასაფარად. გასათვალისწინებელია, რომ ავტომობილის რეალიზაციამდე თო-----ე შა-–---–---–ის მიერ პირგასამტეხლოს სახით უკვე გადახდილი იქნა 421,20 აშშ დოლარი.

 

საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას დაზუსტდა სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში დასახელებული გარკვეული სახის ცდომილებები ციფრებთან მიმართებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა (1300 აშშ დოლარი) და სარგებლის (1507 აშშ დოლარის) ჯამი, რაც შეადგენს 2807 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ავალდებულებს კიდეც სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით რომ ეს გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, შპს „ა-–----მ“ თო-----ე შა-–---–---–ის მიერ გადახდილი თანხები, ასევე ავტომობილის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გაანაწილა სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შეუსაბამოდ და მიიღო არაგონივრული მოცულობის პირგასამტეხლო.

 

უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული არსებული შემადგენელი საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. სასამართლოს მოსაზრებით, მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობის გათვალისწინებით, მოპასუხისთვის 50 აშშ დოლარის დაკისრებით მოსარჩელისთვის დარღვეული ვალდებულების სრულად კომპენსირებაა შესაძლებელი.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი თანხები, ასევე ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:

 

უდავოა, რომ სესხის ძირთადი თანხა შეადგენს 1300 აშშ დოლარს, მასზე დარიცხული სარგებელია 1625 აშშ დოლარი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობაა 252 ლარი (93 აშშ დოლარი) და სასამართლოს მხრიდან გონივრულად მიჩნეული პირგასამტეხლო შეადგენს 50 აშშ დოლარს.

 

ზემოთ დასახელებული თანხების ჯამი (1300+1625+93+50 აშშ დოლარი) შეადგენს 3068 აშშ დოლარს.

 

დადგენილია, რომ გირავნობის საგანი 2018 წლის 23 ოქტომბერს გასხვისდა 4500 ლარად, რაც აღნიშნულ დღეს ეროვნული კურსის შესაბამისად შეადგენდა (4500:2.69) 1672.86 აშშ დოლარს.

 

შესაბამისად, 3068 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა 1672 აშშ დოლარი და მოპასუხის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვროს 1396 აშშ დოლარით. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების შედეგად ასევე გამოირკვა, რომ მოპასუხეს წინამდებარე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი აქვს 421.20 აშშ დოლარი, რომელიც სრულად მიემართა პირგასამტეხლოს დასაფარად. სასამართლოს მიაჩნია, რომ დასახელებული თანხაც უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითად ვალდებულების შესრულების ფარგლებში გადახდილად და საბოლოოდ (1396-421.20) მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს 974.8 აშშ დოლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან შპს ა-–----ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ თო-----ე შა-–---–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 81.95 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-ე-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ა-–----ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1 თო-----ე შა-–---–---–ს, შპს „ა-–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 974.8 აშშ დოლარი.

2. შპს ა-–----ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 1832.2 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

3. თო-----ე შა-–---–---–ს დაეკისროს შპს ა-–----ს სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 81.95 ლარი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე