გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/31276-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბ--–--ი
შესავალი ნაწილი
თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე – შპს ,,ყა-------------------–--ი''
წარმომადგენელი – გი----------–---–ი
მოპასუხე – სს ,,თე-–---''
წარმომადგენელი - ზა----------ა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს ''თე-–--ს'' შპს ''ყა-------------------–--ის'' სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით - 371.32 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 10 დეკემბერს, ქ. თბ--–--ში, წყ---------------–--–ზე მიწის გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა მოპასუხე, მიწის გათხრითი სამუშაოების დროს მოპასუხემ დააზიანა შპს ''ყა-------------------–--ის'' კუთვნილი გაზსადენი. კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანების თაობაზე, საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა დაზიანების ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა ჯგუფმა აღადგინა ავარიული ქსელი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 63.29 ლარი.
2017 წლის 28 ნოემბერს, ქ. თბ--–--–------------------ში მიწის გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა მოპასუხე მხარე, გათხრითი სამუშაოების დროს მოპასუხემ დააზიანა შპს ''ყა-------------------–--ის'' კუთვნილი გაზსადენი. კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანების თაობაზე, საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა დაზიანების ფაქტი. ასევე იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი სო------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა ჯგუფმა აღადგინა ავარიული ქსელი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 308.03 ლარი.
ჯამში მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 371.32 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სს ,,თე-–--მა'' წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის მითითებით, მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემულ იქნა ნებართვა და სამუშაოები ასევე შეთანხმებული იყო მოსარჩელესთან. შეთანხმებულ პროექტში მითითებული არ იყო, რომ ტერიტორიაზე გადიოდა გაზსადენის მილი, მიწის გადათხრითი სამუშაოების დროს გამოძახებულ იქნა მოსარჩელის წარმომადგენელიც, რომელმაც ვერ მიუთითა მოპასუხეს გაზსადენის მილის ზუსტი მდებარეობა. მილი განთავსებული იყო ტექნიკური ნორმების დარღვევით, ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე. მილი მდებარეობდა 0.3 მ. სიღრმეში და არ იყო განთავსებული 1 მ. სიღრმეში. მილის მიწაში ტექნიკური ნორმების დაცვით განთავსების შემთხვევაში, აცილებული იქნებოდა დაზიანება. ამასთან, ხარჯთაღრიცხვაში არ იკვეთება მოყვანილი ციფრების დასაბუთება და გაუგებარია ზიანის ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 10 დეკემბერს, ქ. თბ--–--ში, წყ---------------–--–ზე, მიწის გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა სს ''თე-–---''. სამუშაოების წარმოების დროს დაზიანდა შპს ''ყა-------------------–--ის'' მიწისქვეშა დაბალი წნევის დ-90 მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი. კომპანიის საავარიო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანების თაობაზე, რის საფუძველზეც კომპანიის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები, ზიანის ოდენობამ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით შეადგინა - 63.29 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტელეფონოგრამა (განაცხადი) (ს.ფ. 23);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 24);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 28 ნოემბერს, ქ. თბ--–--–------------------ში, მიწის გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა სს ,,თე-–---''. სამუშაოების წარმოების დროს დაზიანდა შპს ''ყა-------------------–--ის'' მიწისქვეშა საშუალო წნევის დ-90 მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი. კომპანიის საავარიო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანების თაობაზე, რის საფუძველზეც კომპანიის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები. ზიანის ოდენობამ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით შეადგინა - 308.03 ლარი. ხსენებულ განაცხადში მოპასუხე მხარის წარმომადგენელი თანამშრომელი ეთანხმება ზარალის ანაზღაურებას, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტელეფონოგრამა (განაცხადი) (ს.ფ. 25);
- ზიანის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 26);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების, მათ შორის მხარეთა ასხნა-განმარტებებზე დაყრდნობით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ დაზიანებული მილები განთავსებული იყო ტექნიკურ მოთხოვნათა დარღვევით, ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე, ვინაიდან, აღნიშნულის რაიმე სახის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელი პირია სს ''თე-–---''.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოება წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას. მოცემულ შემთხვევაში კი განმცხადებელს მტკიცების მაღალი სტანდარტით ევალება დაადასტუროს სადავო ფაქტობრივი გარემოება.
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის უტყუარი, სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც უდავოდ დადასტურდებოდა, რომ დაზიანებული მილები განთავსებული იყო ტექნიკურ მოთხოვნათა დარღვევით. მოპასუხე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებები კი ცალსახად და სარწმუნოდ ვერ ადასტურებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, შპს ''ყა-------------------–--ის'' მიერ დადგენილი ნორმებისა, თუ რეგლამეტის დარღვევის ფაქტების არსებობას. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილ საავარიო სამსახურში შესულ განაცხადზე სს ''თე-–---ს'' თანამშრომელი ეთანხმება ზიანის მიყენების ფაქტს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე მოპასუხის მოსაზრებას, რომ მოთხოვნილი თანხის ოდენობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, მოსარჩელე მხარემ დაადასტურა ზიანის ხარისხი, მისი აღდგენისათვის საჭირო ღირებულება. მოპასუხე კი საპირისპიროს ვერ ადასტურებს. ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე ხარჯთაღრიცხვებით ამტკიცებს ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯების ოდენობას, საპირისპიროს სამტკიცებლად მოპასუხის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი მტკიცებულება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს ''ყა-------------------–--ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 992-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების საფუძველზე, საქმე გვაქვს არასახელშეკრულებო ზიანთან.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.
აღნიშნული ნორმა წარმოადგენს არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. ამ ნორმის ანალიზის საფუძველზე, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზე გვაქვს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობები: ა) დამდგარი ზიანი, ბ) ზიანი მიყენებული უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, გ) პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამდგარ ზიანთან და წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს, დ) პირის ბრალეული ქმედება.
მხარეები სადავოდ არ ხდიან სარჩელის ფაქტობრივ წინაპირობებს და გადაწყვეტილების 3.1. პუნქტით დადგენილია, რომ შპს ''ყა-------------------–--ის'' საერთო ჯამში მიადგა - 371.32 ლარის ოდენობით ზიანი და ზიანი მიაყენა მოპასუხე მხარემ.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ დაზიანებული მილები განთავსებული იყო ტექნიკურ მოთხოვნათა დარღვევით, ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე, ვინაიდან, აღნიშნულის რაიმე სახის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელი პირია სს ''თე-–---''. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რაც საჭიროა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ''ყა-------------------–--ის'' მოთხოვნა - 371.32 ლარის სს ''თე-–---სთვის'' დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ''ყა-------------------–--ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. სს ''თე-–--ს'' მოსარჩელე შპს ''ყა-------------------–--ის'' სასარგებლოდ დაეკისროს - 371.32 ლარის გადახდა.
3. სს ''თე-–--ს'' მოსარჩელე შპს ''ყა-------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე