გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
160210018002771665
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210018002771665

საქმე №2/ 1053-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე – სპს ,,ზე----–---ი - ტა-----ძე - დი----ე“

წარმომადგენლები - გამ-----------–---ი, დი----------–--–-–---–ი

მოპასუხე - სს „ენ----------------------ა“

წარმომადგენელი - ნი---–-----------–---–ი, კა-------–--------–--ლი

დავის საგანი - სს ,,ენე--------------------ია“-ს 2--- წლის 4 დეკემბრის დარიცხვის აქტის გაუქმება და სპს ,,ზე----–---ი - ტა-----ძე-დი----ე“-ს განთავისუფლება დარიცხული 22 101. 79 ლარის გადახდისაგან.

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1. სს „ენ----------------------ა“-ს მიერ 2--- წლის 4 დეკემბერს შედგენილი დარიცხვის აქტის გაუქმება.

 

1.2. დარიცხული თანხის – 22 101.79 ლარის გადახდისაგან სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე“-ს განთავისუფლება.

 

სარჩელის საფუძვლები: 2--- წლის 4 დეკემბრის დარიცხვის აქტით მოსარჩელეს უკანონოდ დაერიცხა 22101.79 ლარი. კერძოდ, თითქოს მან დაიტაცა ელექტროენერგია და შემოწმებისას თითქოს ქსელში დაფიქსირდა 192 კვტ სიმძლავრე და ეს გაამრავლა მოპასუხემ 91 დღეზე და 6 საათიან მოხმარებაზე, მაშინ როცა მხარე ექვსი საათი საერთოდ არ მოიხმარს ელექტრო ენერგიას. ამასთანავე მოპასუხე აქტში წერს, რომ უნდა გამრავლდეს ერთ თვეზე, ამ დროს ამრავლებს სამ თვეზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. სს „ენ----------------------ა“-მ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიმართ დარიცხვა განხორციელდა სემეკ-ის ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ 2008 წლის 18 სექტემბრის N 20 დადგენილების 30-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მოტხოვნათა ზუსტ შესაბამისობაში. მოსარჩელის მიერ სარცელზე თანდართული აქტის ნიმუში არის სამუშაო პროექტი, რომელიც მას ამოუბეჭდეს სს ,,ენე--------------------ია“-ს მარნეულის მომსახურების ცენტრში, რომელშიც იყო გარკვეული უზუსტობები, რაც გასწორდა და დარიცხვის აქტს მიეცა საბოლოო სახე. დარიცხვის აქტის ოფიციალური ვერციით, აქტი არანაირ წინააღმდეგობას არ შეიცავს, მასში კონკრეტულად განსაზღვრულია დარღვევის პერიოდი, როდესაც აბონენტი ახდენდა ელ.ენერგიის დატაცებას, 2--- წლის 22 აგვისტოდან 2--- წლის 22 ნოემბრამდე. აღნიშნული პერიოდის დადგენა შესაძლებელი გახდა იმავე აბონენტის სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე“-ს (აბონენტი N 5010329512) 2--- წლის 27 ნოემბრის N 8432546 განცხადების შინაარსიდან, რომელსაც ხელს აწერს სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე“-ს დირექტორი გამ-----------–---ი და რომლითაც იგი კიდევ ერთხელ აღიარებს მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას -ელ.ენერგიის დატაცების ფაქტს და ითხოვს უკანონოდ მოხმარებულ პერიოდზე დარიცხვის სასწრაფოდ განხორციელებას, რათა არ შეფერხდეს ელ.ენერგიის მიწოდება სამუშაოების წარმოების პროცესში და იქვე აზუსტებს დარღვევის განხორციელების პერიოდსაც. დარიცხვის განსახორციელებლად მოხდა აბონენტის მაქსიმალური მუშა სიმძლავრის განსაზღვრა. კერძოდ, 29.11.2--- წ. გაიზომა აღნიშნული სიმძლავრე მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში, რამაც ჯამურად სამ ფაზაზე შეადგინა 192 კვტ. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აბონენტი არის ქვის დამამუშავებელი საამქრო, რომლის სამუშაო პროცესზეც სეზონურობა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. რაც შეეხება სამუშაო დროს, მოცემულ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდო იყო ყველა ელექტროძრავის ერთდროულად მაქსიმალური დატვირთვით მუშაობა, ამდენად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუშაობის საშუალო დღიურ ხანგრძლივობად აეღო 6 საათი და დარიცხვა განახორციელა აღნიშნულის შესაბამისად. დარიცხვის აქტის არცერთ ნაწილში ენერგოკომპანიას არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია 22.11.2--- წ. შედგენილი N 00---- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის საფუძველზე გამოტანილი 29.11.2--- წ. N ე.პ. 0409-18 დადგენილება, რითაც მას ასკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეეფარდა გაფრთხილება, მას არც ოქმის შინაარსი გაუპროტესტებია. ამასთანავე დღეის მდგომარეობით აბონენტს გადახდილი აქვს არა მხოლოდ მიმდინარე თვის ელექტროენერგიის გადასახადი, არამედ აქტით დარიცხული თანხის მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული ნაწილიც. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების აღიარებას, აღნიშნული ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ სარჩელით განსაზღვრული დავის საგნის მიმართ არსებული გადახდის ვალდებულების აღიარებაა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის წინაშე. აბონენტმა 2--- წლის 19 დეკემბერს გადაიხადა 517 ლარი, საიდანაც დაფარა როგორც მიმდინარე თვის გადასახადი, ასევე აქტით დარიცხული თანხის მცირე ნაწილიც. შესაბამისად დღეის მდგომარეობით აბონენტს დარიცხული სადავო 22 101.79 ლარიდან გადასახდელი დარჩა 22 095.1 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სს „ენ----------------------ა“, როგორც ელექტროენერგიის მომმარაგებელი ორგანიზაცია, სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე“-ს აწვდის ელექტროენერგიას. მოსარჩელე დაფიქსირებულია აბონენტად. მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 46-47)

 

3.1.2. წარმოდგენილი აბონენტის ბარათის მიხედვით დადგენილია, რომ 22.08.2----21.11.2--- წწ პერიოდში სპს ,,ზე----–---ი ტა-----ძე დი----ე“-ს მიერ მრიცხველში აღრიცხვით მოხმარებული იქნა 1438 . 71 ლარის ღირებულების ელ.ენერგია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 46-47)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.2. მხარეებს შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე - დი----ე“-ს მიერ ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების ფაქტს, 22.08.2----21.11.2--- წწ. პერიოდში, ასევე დარიცხვის აქტი შედგენილია თუ არა სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ თვითონვე უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N 00----, რომელიც შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლის საფუძველზე სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე“-ს მიმართ. ოქმი მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. ოქმში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, 15:00 საათზე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მრიცხველის გვერდის ავლით მიერთებული იყო სამივე ფაზაზე 50 მმ2 ალუმინის სადენი, რომელიც გადიოდა A ფაზაში 156, 6A, B ფაზაში 154,7A, C ფაზაში 151,8A, რასაც არ აღრიცხავდა არღიცხვის კვანძი. ოქმს ხელმოწერით ადასტურებს მოსარჩელის წარმომადგენელი გამ-----------–---ი. საქმეში ასევე წარმოდგენილია აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N 150 6490, რომლის მიხედვით, ადგილი ჰქონდა ელ.ენერგიის დატაცებას. წარმოდგენილია ასევე დადგენილება N ე.პ. 0409-18, რომლითაც დგინდება, რომ სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე“ ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ასკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაედო ადმინისტრაციული სახდელი გაფრთხილება.

 

წარმოდგენილი 2--- წლის 4 დეკემბერს სს ,,ენე--------------------ია“-ს მიერ სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე“-ს მიმართ შედგენილი იქნა დარიცხვის აქტი N ა 1/1-361-18, ირკვევა, რომ 21.11.2--- წელს დაიწერა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N 1506490, შემოწმებისას დადგინდა, რომ აბონენტი სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე“ მრიცხველის გვერდის ავლით ახდენდა ელ.ენერგიის დატაცებას. 29.11.2--- წელს დაიწერა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N 15-----, გაიზომა ქსელში გამავალი მაქსიმალური სიმძლავრე, რამაც სამივე ფაზაში შეადგინა 192.00 კვტ სთ. აქტის თანახმად აბონენტზე დარიცხვა უნდა განხორციელდეს 22.08.2----21.11.2--- პერიოდში, შემოწმების მომენტში ქსელში გამავალი მაქსიმალური მუშა სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 6 საათიან მოხმარებაზე. აქტის თანახმად აბონენტს დაერიცხა 22 101.79 ლარი.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია, 2--- წლის 27 ნოემბრით დათარიღებული სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე“-ს განცხადება სს ,,ენე--------------------ია“-ს მიმართ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე“-ს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მას შეუწყდა ელ.ენერგიის მიწოდება. განცხადებით მოთხოვნილია, რომ დროულად მოხდეს ელ.ენერგიის მიწოდების აღდგენა, ვინაიდან ფერხდება სამუშაო პროცესი. ამასთანავე აღნიშნულია, რომ ელ.ენერგიის დატაცება ხდებოდა 22 აგვისტოდან ოქმის დაწერის დღემდე. განცხადებას ხელს აწერს სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე"-ს წარმომადგენელი.

 

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მის მიერ ელ.ენერგიის დატაცება არ ხდებოდა 22 აგვისტოდან ოქმის შედგენის დღემდე. იგი აღნიშნულის დადასტურების მიზნით სასამართლოს წინაშე მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა არ იცის ქართული ენა, შესაბამისად მან ისე მოაწერა ხელი განცხადებას, რომ მისთვის უცნობი იყო განცხადების შინაარსი. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. რაც შეეხება მხარის განმარტებას, რომ მათთვის უცნობი იყო განცხადების შინაარსი, ვინაიდან მოსარჩელის წარმომადგენელმა არ იცის ქართული ენა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის მიერ ამა თუ იმ დოკუმენტზე ხელმოწერისას ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია დოკუმენტის შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია 2--- წლის 27 ნოემბრის განცხადებაზე მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი მართლაც არ გასცნობია განცხადების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, (მაშინ როდესაც რაიმე სახის მტკიცებულებები არ არსებობს მოსარჩელის წარმომადგენელზე რაიმე იძულების განხორციელების შესახებ) აღნიშნული არ ნიშნავს განცხადების შედგენას მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ.

 

თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ განცხადებას ხელს აწერს სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე"-ს წარმომადგენელი. ამასთან, დადგენილია, რომ განცხადებაზე ხელმოწერის დროს მას რაიმე პრეტენზია ენის არცოდნის, განცხადების შინაარსის ახსნის ან/და თარჯიმნის მონაწილეობის შესახებ არ გამოუთქვამს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 22.08.2---- 21.11.2--- წწ პერიოდში სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე“ მრიცხველით ელექტრო ენერგიის მოხმარებასთან ერთად, მრიცხველის გვერდის ავლით ახორციელებდა ელექტრო ენერგიის მოხმარებას.

 

ზემოთაღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე"-ს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-30 მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტის მიხედვით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაში როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით. ,,გ“ პუნქტის თანახმად, მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან მუშა მდგომარეობაში მყოფი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.

 

სადავო დარიცხვის აქტი მიღებულია სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-30 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. აქტით განხორციელებული დარიცხვის გამოანგარიშების საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულებები (ექსპერტის, აუდიტის, სპეციალისტის დასკვნა და სხვა) მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სპს ,,ზე----–---ი - ტა-----ძე - დი----ეს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის პირველი ნაწილი, 30-ე მუხლის მე-6 პუნქტი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. დადგენილია, რომ სს „ენ----------------------ა“, როგორც ელექტროენერგიის მომმარაგებელი ორგანიზაცია, სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე“-ს აწვდის ელექტროენერგიას.

 

სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

 

სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-30 მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტის მიხედვით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაში როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით. ,,გ“ პუნქტის თანახმად, მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან მუშა მდგომარეობაში მყოფი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე 22.08.2----21.11.2--- წწ ახორციელებდა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებას. ამასთანავე დადგენილია, რომ მოსარჩელეს აღნიშნულ პერიოდში კანონიერად მრიცხველის მეშვეობით მოხმარებული აქვს 1438.71 ლარის ღირებულების ელექტროენერგია. მოსარჩელეს დღეის მდგომარეობით მოპასუხის მიერ შედგენილი აქტით დარიცხული აქვს 22 101. 97 ლარი. ამასთანავე მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს გადახდილი აქვს დარიცხული თანხიდან მცირე ნაწილი და გადასახდელი დარჩა 22095.10 ლარი.

 

სადავო დარიცხვის აქტი მიღებულია სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-30 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. აქტით განხორციელებული დარიცხვის გამოანგარიშების საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულებები (ექსპერტის, აუდიტის, სპეციალისტის დასკვნა და სხვა) მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან დადგენილია, რომ 22.08.2----21.11.2--- წწ პერიოდში მოსარჩელე ახორციელებდა ელ.ენერგიის უკანონო მოხმარებას, ასევე დადგენილია, რომ მოცემულ პერიოდში მოსარჩელეს ასევე კანონიერადაც აღენიშნება ელექტრო ენერგიის მოხმარება, დარიცხვის აქტში მითითებულ თანხას უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ კანონიერად მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება 1438.71 ლარი, ასევე უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ დარიცხვის აქტში აღნიშნული თანხის დასაფარად გადახდილი თანხის ოდენობა 6.87 ლარი. ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. დარიცხვის აქტში აღნიშნული თანხა 22 101. 97 ლარი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 20 656.39 ლარით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

7. საპროცესო ხარჯი:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 664 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 46.16 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სპს ,,ზე----–---ი - ტა-----ძე - დი----ე“-ს სარჩელი სს ,,ენე--------------------იას“ მიმართ 2--- წლის 4 დეკემბრის აქტით დარიცხული თანხის 22 101.79 ლარის გადახდისაგან განთავისუფლების მოთხოვნით ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. სპს ,,ზე----–---ი ტა-----ძე დი----ე“-ს სს ,,ენე--------------------იას“ მიერ 2--- წლის 4 დეკემბრის აქტით დარიცხული თანხა 22 101.79 ლარი შემცირდეს და განისაზღვროს 20 656.39 ლარით.

3. მოპასუხე სს ,,ენე--------------------ია“-ს მოსარჩელე სპს ,,ზე----–---ი-ტა-----ძე-დი----ე“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 46.16 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე