გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2019
საქმის ნომერი
330210018002657407
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე N28585-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ე-–----------–----ი“

წარმომადგენელი - მ-----–- ც----, დ----- ღ------ე

 

მოპასუხე - თ--–--- ჩ-----–--

წარმომადგენელი - ი----- წ--------–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოაპსუხე თ--–--- ჩ-----–--ს შპს ,,ე-–----------–----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2010 წლის 2------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 763,16 აშშ დოლარისა და ჯარიმა - 1396,80 ლარის ოდენობით გადახდა.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოპასუხე თ--–--- ჩ-----–-- 2010 წლის 27 იანვრის N-- ბრძანებით მუშაობდა შპს ,,ე-–----------–----ში“, რა პერიოდშიც 2010 წლის 2------ის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ე-–----------–----ი“-საგან ისესხა ფულადი თანხა 6500 აშშ დოლარის ოდენობით, წლი----- 23% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი უნდა დაფარული გასაცემი ხელფასიდან, ეროვნული ბანკის კურსით თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა კი უნდა დაეფარა 30 სექტემბერს. მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა 6500 აშშ დოლარის დარიცხვით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2011 წლის 12 ივლისის N-- ბრძანებით მოპასუხე თ--–--- ჩ-----–-- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მან 2011 წლის 30 ივნისის ჩათვლით, სესხის ძირი თანხიდან დაფარა 5736,84 აშშ დოლარი და დასაფარი დარჩა 763,16 აშშ დოლარი. დარიცხული სარგებელი დაფარულია სრულად. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობა თანხის დაბრუნების ნაწილში, მას ხელშეკრულების 2.3. პუნქტის საფუძველზე, უნდა დაეკისროს ჯარიმა 1396,80 ლარის ოდენობით, ასევე დარჩენილი გადაუხდელი ძირი თანხა - 763,16 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ხელშეკრულება იყო კონკრეტული ვადის მითითების გარეშე, სესხის ვადა იყო 30 სექტემბერი კალენდარული წლის განუსაზღვრელად. აღნიშნული კი გულისხმობდა, რომ მოსარჩელე როდესაც მოსთხოვდა ვალდებულების შესრულებას, მოპასუხეს იგი უნდა შეესრულებინა 30 სექტემბერს, შესაბამისად, მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, რაზეც შესაგებლის შეტანით შეედავა მოპასუხე მოსარჩელეს. კონკრეტული ვადა რომ არ იყო დადგენილი ხელშეკრულებაზე, ისიც მოწმობს, რომ ხელშეკრულებით ყოველთვიურად გადასახდელი თანხით, რაც შეადგენდა 500 აშშ დოლარს, ვალდებულება 2010 წლის სექტემბრამდე სრულად ვერ შესრულდებოდა 6500 აშშ დოლარისა და მისი სარგებლის დარიცხვის ნაწილში, რაც ასევე ადასტურებს, რომ ხელშეკრულება 2010 წლის 30 სექტემრამდე არ იყო დადებული. ამასთან, მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულება არ იყო დამოკიდებული რაიმე პირობაზე ან თუნდაც ხელფასზე და თ--–--- ჩ-----–--ს ვალდებულება იმ შემთხვევაშიც უნდა შეესრულებინა, როდესაც იგი აღარ იმუშავებდა შპს „ე-–----------–----ში“ (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ გამორიცხა სარჩელის დაკმაყოფილება მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. მან განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გაუჩნდა 2010 წლის 30 სექტემბრიდან, ხოლო სარჩელი შეტანილი იქნა 2018 წლის 03 ოქტომბერს, შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასული იყო, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

მოპასუხე მხარემ დამატებით განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით კონკრეტულად არ იყო მითითებული ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა და ეწერა მხოლოდ „30 სექტემბერი“, აღნიშნული ნიშნავდა, რომ სწორედ ხელშეკრულების დადების წელს ანუ 2010 წლის 30 სექტემბრისთვის უნდა შესრულებულიყო სრულად ვალდებულება და აღნიშნული ჩანაწერი არ უნდა ვიგულისხმოთ იმგვარად, რომ მოსარჩელეს ნებისმიერ დროს ჰქონდა მისთვის ვალდებულების შესრულება მოეთხოვა და ვინაიდან არ იყო კონკრეტული წელი მითითებული, მოსარჩელის მოთხოვნაზე ხანდაზმულობა არ უნდა გავრცელებულიყო (იხ. შესაგებლი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. თ--–--- ჩ-----–-- 2010 წლის 27 იანვრის N-- ბრძანებით, 2010 წლის 01 თებერვლიდან მუშაობდა შპს ,,ე-–----------–----ი“-ს ს------------------------------------------------–---ს თანამშრომლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 27 იანვრის N-- ბრძანება (ს.ფ. 17)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2010 წლის 2------ს შპს ,,ე-–----------–----სა“ და თ--–--- ჩ-----–--ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თ--–--- ჩ-----–--მ შპს ,,ე-–----------–----ი“-საგან ისესხა ფულადი თანხა 6500 აშშ დოლარის ოდენობით, წლი----- 23% სარგებლის დარიცხვით (მუხლი 1).

 

სესხის ვადა მოიცავს ხელშეკრულების დადებიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, სესხის ვადის ათვლა იწყება ხელშეკრულების დადებიდან პირველივე სამუშაო დღეს. სესხის ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა შეთანხმებით (მუხლი 3).

 

სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო გასაცემი ხელფასიდან, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით. დარჩენილი დასაფარი თანხის დაფარვა მოხდება მსესხებლის მიერ 30 სექტემბერს (მუხლი 4).

 

ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების ვადამდელი მოშლა შესაძლებელი იყო მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. ამასთან, ცვლილებების ან დამატებების შეტანა შესაძლებელი იყო მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით (მუხლი 5).

 

ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის პირობების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრებოდა ჯარიმა მისაღები ხელფასის ოდენობით (2.3. მუხლი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 2------ის N- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19)

- თანხის მოძრაობა ანგარიშზე (ს.ფ. 20)

- საგადასახადო დავალებები (ს.ფ. 21-26)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. თ--–--- ჩ-----–-- შპს ,,ე-–----------–----ი“-ს დირექტორის 2011 წლის 12 ივლისის N-- ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 12 ივლისის N-- ბრძანება (ს.ფ. 27)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.4. წარმოდგენილი ცნობით (ინფორმაცია) თ--–--- ჩ-----–--ს დავალიანების თაობაზე, დასტურდება, რომ თ--–--- ჩ-----–--ს სესხზე არსებული დავალიანება შეადგენს სესხის ძირი თანხა - 763,16 აშშ დოლარი და ჯარიმა - 1396,80 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ინფორმაცია) თ--–--- ჩ-----–--ს დავალიანების თაობაზე (ს.ფ. 28)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ე-–----------–----ი“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 338-ე, 345-ე, 342-ე, 626-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე, 144-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ვალდებულების საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

2010 წლის 2------ის სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხი იყო სარგებლიანი და შეადგენდა წლი----- 23%-ს (1.1. მუხლი), ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ჯარიმა მისაღები ხელფასის ოდენობით (2.3. მუხლი).

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ს.ფ. 20-26) დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა თანხა სულ 6500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დართულ დავალიანების შესახებ ცნობაზე (ს.ფ. 28), საიდანაც დასტურდება, რომ თ--–--- ჩ-----–--მ სესხი აიღო 2010 წლის 18 მაისიდან 2010 წლის 02 ივნისის პერიოდში, სულ 6500 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ცნობით დგინდება, რომ 2010 წლის 31 მაისიდან 2011 წლის 30 ივნისამდე პერიოდში დაფარულია როგორც სესხის ძირი თანხის ნაწილი - 5736,84 აშშ დოლარი, სეხის სარგებელი - 425,56 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ცნობის მიხედვით, მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული აქვს როგორც 2010 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც, რაც ასახულია ცნობაში და რაც მხარეთა მიერ სადავო არ ყოფილა, კერძოდ: ცნობის თანახმად, 2010 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით სესხის დავალიანება შეადგენდა 4834,47 აშშ დოლარს, სარგებელი - 91,39 აშშ დოლარს და ჯარიმა - 1396,80 ლარს. ამავე ცნობაში მითითებულია, რომ უკვე 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანებამ შეადგენა სესხის ძირი თანხა - 763,16 აშშ დოლარი და ჯარიმა - 1396,80 ლარი, ამავე პერიოდისთვის სარგებელი სრულად არის დაფარული.

 

ამდენად, თ--–--- ჩ-----–--ს 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით აქვს მხოლოდ ის დავალიანება, რაც ამჟამად მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში აქვს დაფიქსირებული - სესხის ძირი თანხა - 763,16 აშშ დოლარი და ჯარიმა 1396,80 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ არ წარმოდგენილა ბოლო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო წარმოდგენილი ცნობით დგინდება, რომ 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით თ--–--- ჩ-----–--ს ვალდებულება 2010 წლის 30 სექტემბრის შემდგომ კიდევ უფრო შემცირებულია, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება 2010 წლის 30 სქეტემბრიდან 2011 წლის 30 ივნისამდე პერიოდში კვლავ სრულდებოდა.

 

უდავო გარემოებაა, რომ თ--–--- ჩ-----–-- შპს „ე-–----------–----ში“ აღარ მუშაობს 2011 წლის 12 ივლისიდან, ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება შემდგომ პერიოდზე მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი. რაც შეეხება ამავე ცნობაში მითითებულ ინფორმაციას, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ ნაშთზე, აღნიშნული ნაშთი არ განსხვავდება 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებული ნაშთისგან, შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ აღნიშნულ შუალედში მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა.

 

7.2. სადავო გარემოება, რაზეც სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას არის ვალდებულების შესრულების კონკრეტული დრო.

 

წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით დასტურდება, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მხარეებმა კონკრეტული ვადით დადეს, რასაც ადასტურებს მასში არსებული ტერმინოლოგია და კონკრეტული შეთანხმებები, კერძოდ, 2.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელს შეეძლო სესხი ვადამდე დაებრუნებინა. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის შესაბამისად, სესხის ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა შეთანხმებით. 5.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადამდე მოშლა შესაძლებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.

 

ამდენად, თუკი ვადა არ იქნებოდა განსაზღვრული, მისი ვადამდე დაბრუნება ვერ მოხდებოდ, ასევე ვერ მოხდებოდა მისი გაგრძელება თუ ვადამდე მოშლა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს.

 

ამავე კოდექსის 345-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

 

სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულებითა და ასევე სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ცალსახად დასტურდება, რომ ხელშეკრულების 3.1. და 4.1. პუნქტში მითითებული „30 სექტემბერი“ უნდა ვიგულისხმოთ „2010 წლის 30 სექტემბერი“ და არა ნებისმიერი წლის 30 სექტემბერი. აღნიშნულის საფუძველს იძლევა თავად ხელშეკრულების მთლიანი შინაარსის ერთობლიობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ სწორედ იმავე წლის სექტემბრის თვეზე და სხვა რამ არც ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს. ამასთან, თ--–--- ჩ-----–--ს მიერ ვალდებულების უდიდესი ნაწილი სწორედ 2010 წლის 30 სექტემბრამდე არის შესრულებული; თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობით ყველანაირი სახის ვალდებულება 2010 წლის 30 სეტემბრამდე პერიოდზე გამოყოფილად აქვს დაანგარიშებული და რაც მთავარია, 4.1. პუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული, რომ 6500 აშშ დოლარი და მისი სარგებელი ვერ იქნებოდა შესრულებული 2010 წლის 30 სექტემბრამდე, რის გამოც შეთანხმდნენ, რომ „დარჩენილი დასაფარი თანხის დაფარვა მოხდება მსესხებლის მიერ 30 სექტემბერს.“ ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი ჩანაწერი, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების „დაფარვა უნდა მოხდეს გასაცემი ხელფასიდან“ და ჯარიმაც „ხელფასის ოდენობის“ იქნებოდა რაც გამოიანგარიშდებოდა 4.1. პუნქტის გათვალისწინებით დარჩენილი თანხიდან.

 

ამდენად, თუკი ამჟამად მოსარჩელე ითხოვს სესხის პირობების დარღვევის შედეგად ჯარიმას 1396,80 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოსარჩელემ თავისი ქმედებით უკვე აღიარა, რომ 2010 წლის 30 სექტემბერს იყო მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულება, რაც ასევე დგინდება ცნობით (ს.ფ. 28), სადაც 2010 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით დაანგარიშებული ჯარიმა არის 1396,80 ლარი ანუ ის თანხა, რასაც ამჟამად ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული ჯარიმის თანხა არც 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით და არც 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით არ არის შეცვლილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, ჯარიმა მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო მხარეთა მიერ გათვალისწინებული, კერძოდ, თუკი მსესხებელი ანუ მოპასუხე დარჩენილ დასაფარ თანხას ვერ დაფარავდა 30 სექტემბერს. საქმეში არსებული ცნობით დგინდება, ჯარიმის არსებობა, რომელიც წარმოიშვა სწორედ 2010 წლის 30 სექტემბერს. შესაბამისად, სესხი სრულად უნდა დაბრუნებულიყო 2010 წლის 30 სექტემბერს, რაც მოპასუხემ არ განახორციელა, რის გამოც იგი უნდა დაჯარიმებულიყო და სწორედ ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ წარმოშვა მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმასთან მიმართებაში. თუკი ჩავთვლით, რომ მოპასუხეს ნებისმიერი წლის 30 სექტემბერს ჰქონდა უფლება ვალდებულების შესრულების, მას საქმეში წარმოდგენილი ცნობის შესაბამისად, ჯარიმა არ უნდა დაკისრებოდა 2010 წლის 30 სექტემბერს და არც შემდგომ წლებში. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე ჯარიმის დაკისრებას, რომელიც წარმოიშვა 2010 წლის 30 სექტემბერს და შესაბამისად, ვალდებულების შესრულების კონკრეტულ ვადად სწორედ 2010 წლის 30 სექტემბერი და არა ნებისმიერი წლის 30 სექტემბერი უნდა იქნეს მიჩნეული.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

2010 წლის 2------ის ხელშკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ვინაიდან ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო გასაცემი ხელფასიდან თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი დასაფარი თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო მსესხებლის მიერ 2010 წლის 30 სექტემბერს, შესაბამისად, 2010 წლის 01 ოქტომბრიდან უკვე ითვლება ვადაგადაცილებულად აღნიშნული ხელშეკრულება, რაც ამავე პერიოდიდან წარმოშობს ხანდაზმულობის ვადის დენას. მართალია მოპასუხე 2011 წლის 30 ივნისამდე პერიოდში კვლავ ასრულებს ვალდებულებას მოსარჩელესთან მიმართებაში, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა დარჩენილი ვალდებულების სრულად მოთხოვნის უფლება. სადავო არ არის, რომ თ--–--- ჩ-----–--ს მიერ სესხის ხელშეკრულების შესაბამისად დავალიანების გადაუხდელობის შესახებ შპს ,,ე-–----------–----ი“-სთვის ცნობილი იყო 2011 წლის 30 ივნისის შემდგომი პერიოდიდან, მით უმეტეს, რომ 2011 წლის 12 ივლისიდან მოპასუხე აღარ მუშაობდა მოსარჩელე ორგანიზაციაში და ამასთან, მოპასუხემ სესხის თანხის გადახდაც შეწყვიტა. აღნიშნული დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი თანხის მოძრაობის გრაფიკითა (ს.ფ. 20) და ცნობით (ს.ფ. 28).

 

ამდენად, სესხის თანხის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2010 წლის 01 ოქტომბერი. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გასულად უნდა ჩაითვალოს 2013 წლის 01 ოქტომბერს, შესაბამისად, სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ 2018 წლის 03 ოქტომბერს.

 

ამასთან, ასეც რომ არ იყოს, ვინაიდან უდავო გარემოებაა, რომ 2011 წლის ივლისის შემდგომ პერიოდში მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია, ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2011 წლის აგვისტოს თვიდანაც რომ დაიწყოს, წარმოდგენილი სარჩელი კვლავ ხანდაზმულად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზულად უნდა ჩაითვალოს. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ ვალდებულების შესრულება კი დამოკიდებულია ვალდებულ პირზე. ვალდებული პირი კი უფლებამოსილია სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის საფუძველზე საერთოდ უარი თქვას შესრულებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 0--------------- განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 102 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი საქმე განეკუთვნება მაგისტრი მოსამართლის განსჯად საქმეთა კეტეგორიას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) და ამასთან ერთად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა 51,17 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 50,83 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 52-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ე-–----------–----ი“-ს სარჩელი მოპასუხე თ--–--- ჩ-----–--ს მიმართ სესხის ძირი თანხის - 763,16 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 1396,80 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 0--------------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 102 (ას ორი) ლარიდან მოსარჩელეს დაუბრუნდეს 51,17 (ორმოცდათერთმეტი ლარი და ჩვიდმეტი თეთრი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო 50,83 (ორმოცდაათი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე