გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/31047-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - ელ---------------ა
წარმომადგენელი - შო---------–-----ი
მოპასუხე - შპს მი----------------------------–-------------------ი“
წარმომადგენელი - მი----------------–ი
დავის საგანი - ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, გადახდილი საპროცენტო სარგებლის ძირ თანხაში ჩათვლა, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს მი----------------------------–-------------------სა“ და ელ---------------ას შორის 01.06.2011წ. დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებითა და მის ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეთანხმება წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობის თაობაზე და აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი - 18 355 აშშ დოლარი შემცირდეს 17 055 აშშ დოლარამდე. შესაბამისად, ელ----------------ას მიერ სარგებლის სახით გადახდილი 1300 აშშ დოლარი ჩაითვალოს 08.06.2015წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირ თანხაში გადახდილად და სესხის ძირი თანა ნაცვლად 21 012 აშშ დოლარისა განისაზღვროს 19 712 აშშ დოლარით (21012-1300=19712). ასევე, შემცირდეს 19.08.2015წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი 443 აშშ დოლარი 220 აშშ დოლარამდე.
1.2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ცი------------ის მიერ 19.08.2015წ. გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში და ელ---------------ას მიერ კრედიტორისათვის გადასახდელი ძირი თანხის ოდენობა განისაზღვროს - 19 712 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სარგებელი - 220 აშშ დოლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 01 ივნისს ელ---------------ასა და შპს მისო „რი------------ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხისაგან სესხის სახით აიღო 15 000 აშშ დოლარი, 10 წლის ვადით, წლიური მაქსიმალური 60% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ელ---------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------------------------------------------------------------- 04.02.2013 წელს მოსარჩელემ ახალი სესხით გადაფარა 15 000 აშშ დოლარი. 04.02.2014 წელს კვლავ გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იმავე საკრედიტო ხაზის ფარგლებში მოსარჩელემ აიღო სესხი - 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, 30% სარგებლის დარიცხვის პირობით.
2015 წლის 08 ივნისს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ გადაფარა ძველი ვალდებულებები და სესხის სახით აიღო 21 500 აშშ დოლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 60%-ით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 5%. აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით, 19.08.2015წ. ნოტარიუს ცი------------ის მიერ გაიცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე მოპასუხე მოსარჩელისაგან ითხოვს 25 762 აშშ დოლარის გადახდას, საიდანაც 21 012 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 443 აშშ დოლარი მასზე დარიცხული სარგებელი, ხოლო დარჩენილი 4 307 აშშ დოლარი პირგასამტეხლო.
მოსარჩელის განმარტებით, სარგებლის ზემოთ მითითებული ოდენობა არ შეესაბამება სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სტანდარტებს. სარგებლის ოდენობა იყო ცვალებადი და მოპასუხე თავისი შეხედულებისამებრ ზრდიდა საპროცენტო განაკვეთს. მოსარჩელეს მოპასუხისათვის მხოლოდ სარგებლის სახით გადახდილი აქვს 18 355 აშშ დოლარი. კერძოდ:
1. 08/06/2015 წელს მოსარჩელემ სარგებლის სახით გადაიხადა 940 აშშ დოლარი (რაც გულისხმობს თვეში1500 აშშ დოლარის 6.2%-ს)
2. 04/02/2014წ.-დან 04/03/2014წ.-მდე ყოველთვიურად გადახდილი აქვს 300 აშშ დოლარი, რაც თვეში 2%-ის დარიცხვას გულისხმობს.
3. 04/02/2013წ.-დან 04/02/2014წ.-მდე ყოველთვიურად გადახდილი აქვს 375 აშშ დოლარი, რაც თვეში 2.5%-ის დარიცხვას გულისხმობს.
4. 03/01/2011წ.-დან 04/02/2013წ.-მდე გადახდილი აქვს ყოველთვიურად 450 აშშ დოლარი, რაც 3%-ის დარიცხვას გულისხმობს.
მოსარჩელის განმარტებით, საპროცენტო სარგებლის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. კერძოდ, სარგებელში უნდა ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ გადახდილი 18 355 აშშ დოლარიდან 17 055 აშშ დოლარი, ხოლო გადახდილი 1300 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს 08.06.2015წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირ თანხაში. აღნიშნული ხელშეკრულებით მიღებული სესხით დაიფარა ელ---------------ას ის ვალდებულებები რაზეც მას სარგებლის სახით გადახდილი აქვს 18 355 აშშ დოლარი. შესაბამისად, თუკი მოხდება ელ---------------ას მიერ 01/06/2011წ. და 04/02/2014წ. ხელშეკრულებების შესაბამისად, უკვე გადახდილი საპროცენტო სარგებლის ოდენობის შემცირება, მის მიერ ზედმეტად გადახდილი სარგებელი უნდა გამოაკლდეს 2015 წლის ივნისში გაცემული სესხის ძირ თანხას.
ასევე უნდა შემცირდეს, 2015 წლის 08 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული სარგებელი 443 აშშ დოლარი 220 აშშ დოლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში ასახულია მხარეთა შორის არსებული სასესხო ურთიერთობის შესახებ არასრული და ნაწილობრივ მცდარი ინფორმაცია. კერძოდ, 2011 წლის 01 ივნისს მხარეთა შორის დაიდო №1--- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ე.წ. გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა თანამშრომლობის ფარგლები. კერძოდ, განისაზღვრა საკრედიტო ხაზი - 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, მაქსიმალური ვადა - 10 წელი, სარგებლის ოდენობა არაუმეტეს წლიური 60%-სა და პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.5%-ის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა გენერალური ხელშეკრულების დანართით - 01.06.2011წლის №1--- იპოთეკის ხელშეკრულებით, რის შედეგადაც უკვე გენერალური ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მხარეთა შორის სხვადასხვა დროს დაიდო რამდენიმე საკრედიტო ხელშეკრულება, სხვადასხვა პირობებით. ამდენად, მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგოდ, მოპასუხის მიერ 15 000 აშშ დოლარი გასესხებულ იქნა არა ათი წლის ვადითა და 60%-ად, არამედ 03.06.2011წელს 35 თვის ვადით 36%-ად, რომელიც შეწყდა მოსარჩელის მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულების გამო; 04.02.2013 წელს 35 თვის ვადით 30%-ად, რომელიც შეწყდა მოსარჩელის მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულების გამო და 04.02.2014 წელს 35 თვის ვადით 24%-ად, რომელიც ასევე შეწყდა მოსარჩელის მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულების გამო.
2015 წლის 08 ივნისს მხარეთა შორის, ასევე დაიდო №1---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ე.წ. „გენერალური ხელშეკრულება“, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა თანამშრომლობის ფარგლები. კერძოდ, განისაზღვრა საკრედიტო ხაზი 21 500 აშშ დოლარის ოდენობით, მაქსიმალური ვადა 10 წელი, სარგებლის ოდენობა არაუმეტეს წლიური 60%-სა და პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.5%-ის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა გენერალური ხელშეკრულების დანართით - 08.06.2015 წლის №1---- იპოთეკის ხელშეკრულებით, რის შედეგადაც უკვე გენერალური ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მხარეთა შორის 08.06.2015 წელს დაიდო №1---- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გასესხებულ იქნა 21 012 აშშ დოლარი 35 თვის ვადით 18%-ად და რომელზეც არც სარგებელი, არც პირგასამტეხლო და არც სესხის ძირი თანხა დღემდე არ არის გადახდილი. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ ეს ხელშეკრულებაა სადავო და სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზეა ამოწერილი სადავო სააღსრულებო ფურცელი.
გადახდების ამონაწერში მითითებულია ინფორმაცია სამ სხვადასხვა სესხზე და მათ პირობებზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დათვლილი თანხა არის ყველა სესხზე ერთად გადახდილი სარგებლის ჯამი და ის არ წარმოადგენს იმ გადახდილი სარგებლის ოდენობას, რომელიც დაირიცხა სადავო 08.06.2015წლის №1---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე. კერძოდ:
1. 03.06.2011წლის №1--- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე ყოველთვე იხდიდა სარგებელს 450 აშშ დოლარს, რაც წარმოადგენს სესხის - 15 000 აშშ დოლარის ყოველთვიურ 3%-ს, ხოლო წლიურ 36%-ს. აღნიშნულ სესხზე ჯამში გადახდილ იქნა სარგებელი 9 015 აშშ დოლარის ოდენობით;
2. 04.02.2013წლის №1----01 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე ყოველთვე იხდიდა სარგებელს 375 აშშ დოლარს, რაც წარმოადგენს სესხის - 15 000 აშშ დოლარის ყოველთვიურ 2.5%-ს, ხოლო წლიურ 30%-ს. აღნიშნულ სესხზე ჯამში გადახდილ იქნა სარგებელი 4 500 აშშ დოლარის ოდენობით;
3. 04.02.2014წლის №1----02 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე ყოველთვე იხდიდა სარგებელს 300 აშშ დოლარს, რაც წარმოადგენს სესხის - 15 000 აშშ დოლარის ყოველთვიურ 2%-ს, ხოლო წლიურ 24%-ს. აღნიშნულ სესხზე ჯამში გადახდილ იქნა სარგებელი 4840 აშშ დოლარის ოდენობით. რაც შეეხება ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილ 940 აშშ დოლარს, რომელსაც მოსარჩელე ანგარიშობს როგორც ყოველთვიურ 6.2%-ს, ეს თანხა დარიცხულია არა თვის 30 დღიან პერიოდზე, არამედ 96 დღიან პერიოდზე (04.03.2015წლიდან 08.06.2015წლამდე), რაც გულისხმობს იგივე ყოველთვიურ 2% სარგებელს.
4. 08.06.2015წლის №1---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე ყოველთვე უნდა გადაეხადა სარგებელი 315.18 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს სესხის - 21 012 აშშ დოლარის ყოველთვიურ 1.5%-ს, ხოლო წლიურ 18%-ს. აღნიშნულ სესხზე არც სარგებელი, არც პირგასამტეხლო და არც სესხის ძირი თანხა მოსარჩელის მიერ გადახდილი არ არის.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სამ სხვადასხვა სესხზე ჯამში მოსარჩელეს გადახდილი აქვს 18 355 აშშ დოლარი. საპროცენტო სარგებელი სესხებზე იყო არაუმეტეს 36%-სა, რომელიც ბოლოს წლიურ 18%-ზე ჩამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან არასდროს არ მოუთხოვია და არც მიუღია საპროცენტო სარგებელი წლიური 60%-ის ოდენობით. სარგებლის ეს ოდენობა, კი როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, წარმოადგენს ე.წ. „გენერალური ხელშეკრულებით“ დადგენილი სარგებლის ზედა ზღვარს.
2015 წლის 25 ივლისს ელ---------------ას გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეცნობა ვალდებულების დარღვევის თაობაზე და მიეცა დამატებითი ვადა 07.08.2015 წლამდე, რის შემდეგაც მოხდებოდა სააღსრულებო ფურცლის გამოთხოვა ნოტარიუსისაგან. თუმცა, მოსარჩელის მიერ ვალდებულება არც აღნიშნულ პერიოდში არ შესრულებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 01 ივნისს შპს მი----------------------------–-------------------სა“ და ელ---------------ას შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №1---, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ძირითადი პირობები და პარამეტრები. კერძოდ, ხელშეკრულების თანხა (საკრედიტო ხაზი) – 15 000 აშშ დოლარი; ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 10 წელი; სარგებლის მაქსიმალური ოდენობა (წლიური პროცენტი) – 60%; პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, საკრედიტო პროდუქტის სარგებლობისათვის კლიენტსა და შპს მი----------------------------–-------------------ს“ შორის ფორმდება ცალკე ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.06.2011წ. ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ (იხ. ს.ფ. 29-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. 01.06.2011წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №1--- ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2011 წლის 01 ივნისს შპს მი----------------------------–-------------------სა“ და ელ---------------ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (დანართი) №1---, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ელ---------------ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------------------------------------–---------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.06.2011წ. იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 78-81);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. 01.06.2011წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №1--- ხელშეკრულების ფარგლებში, 2011 წლის 03 ივნისს შპს მი----------------------------–-------------------სა“ და ელ---------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №1---, რომლის საფუძველზეც ელ---------------ას სესხის სახით გადაეცა - 15 000 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა - 35 თვე, წლიური სარგებლის ოდენობა - 36%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - დარჩენილი სესხის თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კრედიტის მიზნობრიობა - საყოფაცხოვრებო.
მსესხებლის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.06.2011წ. საკრედიტო ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 34-36);
- ხელწერილი (იხ. ს.ფ. 82);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. 01.06.2011წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №1--- ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 04 თებერვალს შპს მი----------------------------–-------------------სა“ და ელ---------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №1----01, რომლის საფუძველზეც ელ---------------ას სესხის სახით გადაეცა - 15 000 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა - 35 თვე, წლიური სარგებლის ოდენობა - 30%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - დარჩენილი სესხის თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კრედიტის მიზნობრიობა - საყოფაცხოვრებო.
მსესხებლის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.02.2013წ. საკრედიტო ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 37-39);
- ხელწერილი (იხ. ს.ფ. 83);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. 01.06.2011წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №1--- ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 04 თებერვალს შპს მი----------------------------–-------------------სა“ და ელ---------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №1----02, რომლის საფუძველზეც ელ---------------ას სესხის სახით გადაეცა - 15 000 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა - 35 თვე, წლიური სარგებლის ოდენობა - 24%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - დარჩენილი სესხის თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კრედიტის მიზნობრიობა - საყოფაცხოვრებო.
მსესხებლის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.02.2014წ. საკრედიტო ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 40-42);
- ხელწერილი (იხ. ს.ფ. 84);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.6. ელ--------------ას მიერ მასსა და შპს მი----------------------------–-------------------ს“ შორის 03.06.2011წ. №1---, 04.02.2013წ. №1----01 და 04.02.2014წ. №1----02 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ჯამში პროცენტის სახით გადახდილია - 18 355 აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.06.2011წ., 04.02.2013წ., 04.02.2014წ. საკრედიტო ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 34-42);
- გადახდების ამონაწერი (იხ. ს.ფ. 51-52);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.7. 2015 წლის 08 ივნისს შპს მი----------------------------–-------------------სა“ და ელ---------------ას შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №1----, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ძირითადი პირობები და პარამეტრები. კერძოდ, ხელშეკრულების თანხა (საკრედიტო ხაზი) – 21 500 აშშ დოლარი; ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 10 წელი; სარგებლის მაქსიმალური ოდენობა (წლიური პროცენტი) – 60%; პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, საკრედიტო პროდუქტის სარგებლობისათვის კლიენტსა და შპს მი----------------------------–-------------------ს“ შორის ფორმდება ცალკე ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.06.2015წ. ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ (იხ. ს.ფ. 43-46);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.8. 08.06.2015წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №1---- ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 08 ივნისს შპს მი----------------------------–-------------------სა“ და ელ---------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №1----, რომლის საფუძველზეც ელ---------------ას სესხის სახით გადაეცა - 21 012 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა - 35 თვე, წლიური სარგებლის ოდენობა - 18%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - დარჩენილი სესხის თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კრედიტის მიზნობრიობა - საყოფაცხოვრებო.
მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.06.2015წ. საკრედიტო ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 18-20);
- ხელწერილი (იხ. ს.ფ. 88)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.9. 08.06.2015წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №1---- ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 08 ივნისს შპს მი----------------------------–-------------------სა“ და ელ---------------ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №1----, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ელ---------------ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------------------------------------–---------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.06.2015წ. იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 21-28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.10. ელ---------------ას მიერ მასსა და შპს მი----------------------------–-------------------ს“ შორის 08.06.2015წ. დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, 2015 წლის 19 აგვისტოს ნოტარიუს ცი------------ის მიერ გაცემულ იქნა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი მოცულობით: სესხის ძირითადი თანხა - 21 012 აშშ დოლარი; მასზე დარიცხული სარგებელი - 443.26 აშშ დოლარი და ჯარიმა - 4 307.46 აშშ დოლარი. ამასთან, დადგინდა ელ---------------ას კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------------------------------------–--------------------------------------, რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 47-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.11. 2015 წლის 27 ივლისს შპს მი----------------------------–-------------------მა“ ელ---------------ას წერილობითი შეტყობინებით აცნობა 08.06.2015წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თაობაზე და განუსაზღვრა დამატებითი ვადა - 2015 წლის 07 აგვისტომდე, ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი შეტყობინება (იხ. ს.ფ. 99);
- უკუგზავნილი (იხ. ს.ფ. 100)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.12. შპს მი----------------------------–-------------------ის“ წარმომადგენლის განმარტებით, მასსა და ელ---------------ას შორის 08.06.2015 წელს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 19 აგვისტოს, მას შემდეგ რაც ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 47-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ელ---------------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 319-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 01.06.2011წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №1--- ხელშეკრულების ფარგლებში, შპს მი----------------------------–-------------------სა“ და ელ---------------ას შორის 03.06.2011წ., 04.02.2013წ. და 04.02.2014წ. გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები, რომლითაც განისაზღვრა სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობები, დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ სრულად და ჯეროვნად იქნა შესრულებული ზემოთ აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
08.06.2015წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №1---- ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 08 ივნისს შპს მი----------------------------–-------------------სა“ და ელ---------------ას შორის კვლავ გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №1----, რომლითაც, ასევე განისაზღვრა სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობები. უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მსესხებელს არ შეუსრულებია აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ არც ერთხელ არ გადახდილა სესხის ძირი თანხა ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებელი. აღნიშნული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება დაიდო 01.06.2011წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებლად.
6.2. განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელე სადავოდ ხდის მხარეთა შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებითა და საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ოდენობის მართლზომიერებას. მისი განმარტებით, საპროცენტო სარგებლის ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს აღნიშნულ ნაწილში ხელშეკრულებების ბათილად ცნობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და შესაბამისად, ბათილად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი სახის ფასეულობათა დარღვევა: ა) კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები; ბ) საჯარო წესრიგი; გ) ზნეობის ნორმები. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება, ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. ამასთან, შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გამსესხებლის - შპს მი----------------------------–-------------------ის“ მიერ 01.06.2011წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №1--- ხელშეკრულების ფარგლებში დადებულ საკრედიტო ხელშეკრულებებზე საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულ იქნა შემდეგი ოდენობით: 03.11.2011წ. საკრედიტო ხელშეკრულებაზე წლიური - 36%; 04.02.2013წ. ხელშეკრულებაზე წლიური - 30% და 04.02.2014წ. ხელშეკრულებაზე წლიური - 34%. ხოლო, 08.06.2015წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №1---- ხელშეკრულების ფარგლებში დადებულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე, კი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა - 18%. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ოდენობა არაა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამო. ამასთან, მოსარჩელეს არც წარმოდგენილ სარჩელში და არც სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების დროს არ მიუთითებია იმ ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, თუ როგორ, რის საფუძველზე გამოიანგარიშა მის მიერ გადახდილი სადავო საპროცენტო სარგებლის ოდენობა - 1300 ლარისა და 223 ლარის ოდენობით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სესხით სარგებლობისათვის პროცენტსა და მის ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში ხდება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოთ აღნიშნული.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის შესაბამისად: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე“. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის არ არის აშკარა შეუსაბამობა და მოპასუხე (სარგებლის მიმღები) არ მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ გათვალისწინებული იქნა ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი. შესაბამისად, გამსესხებელმა სესხისათვის სარგებლის გონივრული ოდენობა განსაზღვრა, რაც არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით გარიგება არ წარმოადგენს უცილოდ ბათილს.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 01.06.2011წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად იქნა შესრულებული მსესხებლის მიერ. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, დასრულებული სასესხო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობებზე დავა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, ვინაიდან თუკი ასეთ შემთხვევას დავუშვებთ, ნებისმიერ მსესხებელს ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაშიც, უნდა ჰქონდეს მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის ოდენობა სადავო გახდეს მსესხებლის მიერ, რაც დაუშვებელია, ვინაიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალში აღიარებულ კეთილსინდისიერების პრინციპს და საფუძველს აცლის სტაბილურ ეკონომიკურ ბრუნვას.
რაც შეეხება 01.06.2011წ. და 08.06.2015წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ წლიური პროცენტის მაქსიმალურ ოდენობას - 60%-ს, აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. გენერალური ხელშეკრულებით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, რაც გულისხმობს გამსესხებლის ვალდებულებას - შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობა მოექცეს წლიური 60%-ის ფარგლებში. ამასთან, სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ სესხით სარგებლობისათვის პროცენტსა და მის ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში ხდება, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო სარგებლის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულ იქნა წლიური 60%-ით, კონკრეტულ საკრედიტო ხელშეკრულებებზე მისი ოდენობა განისაზღვრა მაქსიმალური 36%-ის ოდენობით, ასევე 30%-ით, 24%-ით და სულ ბოლოს 18%-ით. ამდენად, არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობა 60%, არამედ იყო 36% ან ნაკლები. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებლის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულ იქნა 60%-ით, არ წარმოადგენს საპროცენტო სარგებლის ნაწილში აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს. ამასთან, სასამართლომ შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობები არ მიიჩნია არაგონივრულ ოდენობად.
ამდენად, მოსარჩელე ელ---------------ას სასარჩელო მოთხოვნა შპს მი----------------------------–-------------------ის“ მიმართ სესხის ხელშეკრულების ნაწილობრივ - საპროცენტო სარგებლის ნაწილში, ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კი ვინაიდან სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის ნაწილში ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე, დამატებით მსჯელობას აღარ საჭიროებს მისი სასარჩელო მოთხოვნა გადახდილი საპროცენტო სარგებლის ნაწილის - 1300 ლარის 19.08.2015წ. სააღსრულებო ფურცლით დაკისრებულ ძირ თანხაში ჩათვლისა და შესაბამისად სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება დღის წესრიგში დადგებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო საპროცენტო სარგებლის ოდენობას მიიჩნევდა არაგონივრულად და შესაბამისად ხელშეკრულების ამ პუნქტს ბათილად ცნობდა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ელ---------------ას სარჩელი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ელ---------------ას სარჩელი შპს მი----------------------------–-------------------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე