განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2019
საქმის ნომერი
330100118002520694
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ფატიმა გოგიშვილის მდივნობით

 

პროკურორ – ა---------–---–ის

ბრალდებულ – ა------ა ნ----------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– ა------ა ა------ას ძე ნ----------ის, დაბადებულის 1--------------------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, განათლების არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ. რ-------ში, მ--- მიკრო/რაიონი, კორპუსი #-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-, წ-------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

ა------ა ნ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა------ა ნ----------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 11 მაისს, დაახლოებით 18:00 საათიდან 20:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ------–--–-, დ------------ში, მ-------------------ზე, ა------ა ნ----------მა ორსულ მეუღლეს, მ------ შ------–---–ს განზრახ გადაასხა მდუღარე წყალი მარცხენა ხელზე, რამაც გამოიწვია მ------ შ------–---–ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით.

 

გარდა ამისა, 2018 წლის 17 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, დ----------------------------------ში, მ--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ა------ა ნ----------მა ეჭვიანობის ნიადაგზე, ორსულ მეუღლეს - მ------ შ------–---–ს ფეხი ჩაარტყა მუცელში და ხელი დაარტყა სახეში. მოგვიანებით მანვე, მ------ შ------–---–ს ქალაქ თბილისში, მეტროსადგურ „წ-------–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშტი ჩაარტყა ზურგში. ა------ა ნ----------ის აღნიშნულმა ქმედებებმა მ------ შ------–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა------ა ნ----------მა ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურებულ იქნა ბრალდებულის მიერ მ------ შ------–---–ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ძალადობის ჩადენის ფაქტი, თუმცა არ იქნა დადასტურებული აღნიშნული დანაშაულების ჩადენა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რის გამოც ა------ა ნ----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ა------ა ნ----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ორი წელია, რაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ------ შ------–---–თან. ჰყავთ ერთი საერთო შვილი. მისი განმარტებით, მეუღლის მიმართ ძალადობა არასდროს განუხორციელებია, მათ შორის, 2018 წლის 11 მაისს მისთვის მდუღარე წყალი არ გადაუსხამს, მ------ შ------–---–მა თავად გადაისხა იოდი და მისი ვარაუდით, სწორედ აღნიშნულ დროს მიიღო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანება. ბრალდებულის განმარტებით, მას არც 2018 წლის 17 მაისს განუხორციელებია მეუღლის მიმართ ძალადობა. მ------ შ------–---–ს სურდა მასთან განქორწინება და ამის გამო მიმართა პოლიციას და ცრუდ დაასმინა იგი. ბრალდებულმა ასევე გამორიცხა 2018 წლის 11-17 მაისის მდგომარეობით მეუღლის ორსულობის ფაქტი, რამდენადაც მისი თქმით, მისმა მეუღლემ მეორე მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს მილები გადაიკვანძა, რაც გამორიცხავდა მის დაორსულებას.

 

მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის თაობაზე, ა------ა ნ----------ის მიერ მეუღლის - მ------ შ------–---–ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენება და ძალადობის ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

დაზარალებულმა მ------ შ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაახლოებით ორი წელია, რაც ის და ა------ა ნ----------ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 17 მაისს, იგი მეუღლესთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ფ----- ჩ---------თან, სადაც რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, მან იცეკვა ფ----- ჩ---------თან, რის გამოც იეჭვიანა ა------ა ნ----------მა და სხეულის სხვადასხვა ადგილას დაარტყა ხელ-ფეხი. შემდეგ მითითებული სახლიდან წავიდნენ ტაქსით, სადაც ა------ა ნ----------მა კვლავ დაარტყა ხელი სახეში. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ძალადობის ფაქტს შეესწრო ფ----- ჩ---------ი. მ------ შ------–---–ის განმარტებით, ა------ა ნ----------მა ასევე გადაასხა მდუღარე წყალი, რის შედეგადაც მიიღო დამწვრობა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მან ასევე განმარტა, რომ ა------ა ნ----------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და მდუღარე წყლის გადასხმის დროს იგი იყო ორი კვირის ორსული, რაც იცოდა მეუღლემ. ძალადობის შემდეგ იგი მისული იყო ორ ექიმთან, რომლებმაც ორსულობის ფაქტი არ დაუდასტურეს.

 

დაზარალებულ მ------ შ------–---–ის ფიზიკური დაზიანებების ფაქტი დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლის თანახმად, 2018 წლის 18 მაისს, მოქალაქე მ------ შ------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა წინამხრის ზემო მესამედში უკანა ზედაპირზე გარდამავალი ამავე წინამხრის წინა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე დამწვრობითი უბნის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს - 2018 წლის 11 მაისს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით ხსენებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 17 მაისს, საღამოს საათებში, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა: ხელი ჩაარტყა ზურგის მიდამოში, ასევე ხელი დაარტყა ცხვირში. 2018 წლის 11 მაისს კი მეუღლემ გადაასხა ადუღებული წყალი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე ფ----- ჩ---------ის გამოკითხვის ოქმი (წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მისი ადგილსამყოფელი უცნობია), რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წლის 17 მაისს, საღამოს საათებში, მ------ შ------–---–ი და მისი მეუღლე - ა------ა ნ----------ი სტუმრად იმყოფებოდნენ მასთან. მან მ------ შ------–---–თან იცეკვა, რის გამოც ა------ა ნ----------მა იეჭვიანა და ამის შემდეგ ცოლ-ქმარი მალევე წავიდნენ ტაქსით, რა დროსაც დაინახა, რომ ა------ა ნ----------მა ტაქსში ჩაჯდომისას ხელი დაარტყა მ------ შ------–---–ს. ასევე, მისთვის მ------ შ------–---–ისგან ცნობილია, რომ ა------ა ნ----------მა მას მარცხენა ხელზე გადაასხა მდუღარე წყალი.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ფ----- ჩ---------ის გამოკითხვაში მონაწილე გარეშე პირი - გ------- ყ----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - გამოკითხვის ოქმის სისწორე.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მ------ შ------–---–ის გამოკითხვებში მონაწილე გარეშე პირები - მ-----– ჯ------- და ი----- ჯ------, რომელთაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - გამოკითხვის ოქმის სისწორე.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა შპს „ა------------------–---------–----------–----------------------------–--------ნ“ გამოთხოვილი მ------ შ------–---–ის მკურნალობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია, მათ შორის 2018 წლის 12 ივნისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მ------ შ------–---–მა ექიმს მიმართა 2018 წლის 5 ივნისს, თუმცა კლინიკური კვლევებით ორსულობა არ დადასტურდა.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილების თანამშრომლები - ვ-–-------- კ-----–-–---–ი და ბ-------- თ-----, რომელთაც განმარტეს, რომ მ------ შ------–---–ისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ქმარმა - ა------ა ნ----------მა მასზე განახორციელა ძალადობა, 2018 წლის 18 მაისს, ქ------–--–-, წ-------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვაგონში, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს ა------ა ნ----------ი. მათ დაადასტურეს დაკავების ოქმის სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილების თანამშრომელი - ვ-–- დ------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება, რომ 2018 წლის 11 მაისსა და 2018 წლის 17 მაისს ა------ა ნ----------ის მხრიდან მართლაც ჰქონდა ადგილი მეუღლის - მ------ შ------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. კერძოდ, 2018 წლის 11 მაისს, ა------ა ნ----------ის მიერ მ------ შ------–---–ისთვის მდუღარე წყლის გადასხმის ფაქტი დადასტურებულია თავად დაზარალებულის ჩვენებით, რომლის თანახმად, მეუღლემ ხელზე გადაასხა მდუღარე წყალი, რაც სრულ შესაბამისობაშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, მ------ შ------–---–ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება დამწვრობითი უბნის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი მოქმედების შედეგად. რაც შეეხება ბრალდებულის განმარტებას, რომ აღნიშნული დამწვრობა გამოწვეული იყო არა მისი მხრიდან მდუღარე წყლის გადასხმით, არამედ თავად მ------ შ------–---–ის მიერ იოდის გადასხმით, სასამართლო ამ ვერსიას არ იზიარებს, რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებას, რომლის თანახმადაც, დამწვრობა გამოწვეულია მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი მოქმედების შედეგად, ხოლო იოდი არ განეკუთვნება მაღალი ტემპერატურის სითხეს.

 

რაც შეეხება ა------ა ნ----------ის მიერ 2018 წლის 17 მაისს მ------ შ------–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, აღნიშნული ბრალდება სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რამდენადაც, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და თვითმხილველი მოწმის - ფ----- ჩ---------ის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმით ირკვევა, 2018 წლის 17 მაისს, საღამოს საათებში, ა------ა ნ----------მა მეუღლეს მ------ შ------–---–ს ეჭვიანობის ნიადაგზე სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

თვითმხილველი მოწმის - ფ----- ჩ---------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო-ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა.“ ამავე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს“.

 

ზემოაღნიშნული ნორმა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. კერძოდ: 1) ევროპული სასამართლო ამოწმებს, მოწმის სასამართლოზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი; 2) ამის შემდეგ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, ხომ არ იყო ამ მოწმის ჩვენება ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება პირის მსჯავრდებისთვის. იმ შემთხვევაში კი, თუ დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა ან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მსჯავრდებისთვის, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დაცვის უფლების შეზღუდვის ხარისხი შეუთავსებელია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში (როცა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველია) უნდა არსებობდეს საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მძლავრი საპროცესო გარანტიების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს მტკიცებულების უტყუარობის სამართლიან და ჯეროვან შეფასებას (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom), განაცხადები nos. 26766/05, 22228/06, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 119).

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ მოწმე - ფ----- ჩ---------ის სასამართლო პროცესზე წარმოუდგენლობა, როგორც ეს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციითა და დოკუმენტებით დასტურდება, გამოწვეული იყო მისი ადგილსამყოფელის დაუდგენლობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენა იმისათვის, რომ აღნიშნული მოწმე წარმოედგინა სასამართლოში, თუმცა, აღნიშნული ვერ მოხერხდა ფ----- ჩ---------ის ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოწმის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა საპატიო მიზეზი. რაც შეეხება მეორე საკითხს, კერძოდ, არის თუ არა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება ერთადერთი მტკიცებულება ბრალდებულის წინააღმდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ იგი არ წარმოადგენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას ა------ა ნ----------ის ბრალდების დასადასტურებლად, არამედ მასში მითითებული გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ შ------–---–ის ჩვენებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

რაც შეეხება ა------ა ნ----------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენას „წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ“, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მ------ შ------–---–ის ორსულობის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 12 ივნისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მ------ შ------–---–მა ექიმს მიმართა 2018 წლის 5 ივნისს, თუმცა კლინიკური კვლევებით ორსულობა არ დადასტურდა. ასევე ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე გამორიცხა მ------ შ------–---–ის დაორსულების შესაძლებლობა, რამდენადაც ქირურგიული ჩარევის შედეგად, მას აღარ ექნებოდა დაორსულების ფიზიოლოგიური შესაძლებლობა. რაც შეეხება თავად დაზარალებულის ჩვენებას, მისი განმარტებით, ა------ა ნ----------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის დროს იგი იყო ორსულად, თუმცა შემდეგ, როდესაც მივიდა ორ ექიმთან, ორივემ უარყო მისი ორსულად ყოფნის ფაქტი და თავად მიაჩნია, რომ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად შეუწყდებოდა ორსულობა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენების გარდა, ორსულობის ფაქტი ვერ დადასტურდა სხვა რაიმე მტკიცებულებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. შესაბამისად, რამდენადაც დაზარალებულის ჩვენების ეს ნაწილი ვერ დადასტურდა სხვა მტკიცებულებით, ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ბრალდებულ ა------ა ნ----------ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ძალადობის განხორციელების ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი).

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ა------ა ნ----------ის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჩადენილია ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სსკ-ის 111,120-ე მუხლთან მიმართებაში, თუმცა სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დათქმა ა------ა ნ----------ის მიმართ ვერ გავრცელდება, სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე.

 

აღსანიშნავია, რომ ა------ა ნ----------ი არ აღიარებს დანაშაულს და ეჭვიანობს მეუღლეზე, რის გამოც არსებობს მათ შორის კონფლიქტის გაგრძელების რეალური საფრთხე. იგი არ ნანობს ჩადენილს და ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით ახსნა მოუძებნოს მსხვერპლის სხეულზე დაზიანების არსებობის ფაქტს, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა------ა ნ----------ის მიმართ უნდა განისაზღვროს ისეთი სასჯელები, რაც მინიმუმამდე შეამცირებს სამომავლო რისკებს და ხელს შეუწყობს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ბრალდებულის ნორმალურ ქცევას.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია დამძიმდა (თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 1 წლიდან გაიზარდა 2 წლამდე), ხოლო 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია ასევე დამძიმდა (თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 2 წლიდან გაიზარდა 3 წლამდე) და ამ მხრივ მოხდა სასჯელების გამკაცრება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------ა ნ----------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ა------ა ნ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. ა------ა ნ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------ა ნ----------ს მოსახდელად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. მსჯავრდებულ ა------ა ნ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 მაისიდან.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი