გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/880-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე სს „უ---------–-------------–-----–------ი“
წარმომადგენელი დ------------–--ე
მოპასუხე შპს „მ–--------------–-----–------ი“
წარმომადგენელი კ-----------–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „მ–--------------–-----–------ს“ სს „უ---------–-------------–-----–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებ-ლობის გამო 11 თვის პირგასამტეხლოს სახით 13 750 ლარის გადახდა;
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2016 წლის 27 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა „სამედიცინო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო სათანადო მომართვის საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხის პაციენტებისათვის სხივური თერაპიის ჩატარება. ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება დაეკვეთა მოსარჩელისათვის ყოველთვიურად არანაკლებ 5 პაციენტის მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ დაკლებულ დაკვეთაზე, უპირობოდ, გადაუხდიდა მოსარჩელეს 250 ლარს. მოპასუხეს ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე არცერთი პაციენტი არ გაუგზავნია. მოსარჩელემ 2017 წლის 26 ოქტომბერს წერილით მიმართა მოპასუხეს ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტის ძალაში შესვლის დღიდან (2017 წლის 1 თებერვალი) ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტით აღებული ვალდებულების შესრულების (მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით) რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, რაზეც მოპასუხისგან პასუხი არ მიღებულა. 2017 წლის 27 ნოემბერს და 14 დეკემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა იგივე მოთხოვნით და ამასთან, გააფრთხილა ხელშეკრულების შეწყვეტაზე, მაგრამ უშედეგოდ და 2018 წლის 1 იანვრიდან, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. დავალიანებამ შეადგინა 13 750 ლარი. (5 *250*11 თვე = 13 750)
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელით მოთხოვნილი თანხა შეაფასა ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე არსებულ პირგასამტეხლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, დაწესებულებას მისი საქმიანობის განმავლობაში არ გამოუვლენია ისეთი ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც დაჭირდებოდა სხივური თერაპიის კურსის გავლა, შესაბამისად მოსარჩელეს ვერ მიეწოდებოდა პაციენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც სამედიცინო მომსახურებას უწევს გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს, მათ შორის ონკოლოგიურ პაციენტებს, თუმცა, მოპასუხეს მისი საქმიანობის განმავლობაში არ გამოუვლენია ისეთი ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც დაჭირდებოდა სხივური თერაპიის კურსის გავლა, შესაბამისად, მოსარჩელეს ვერ მიაწვდიდნენ პაციენტის მონაცემებს.
სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და ითხოვა მისი შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 27 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა „სამედიცინო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. ხელშეკრულების საგანი იყო სათანადო მომართვის საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხის პაციენტებისათვის სხივური თერაპიის ჩატარება.
ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის შესაბამისად, „შემსყიდველი“ ვალდებულია დაუკვეთოს „მიმწოდებელს“ ყოველთვიურად არანაკლებ 5 პაციენტის მომსახურება ერთი თვის მანძილზე. ხუთზე ნაკლები დაკვეთის შემთხვევაში „შემსყიდველი“ გადაუხდის „მიმწოდებელს“ თითო დაკლებულ დაკვეთაზე 250 ლარს. გადახდა განხორციელდება არაუგვიანეს მიმდინარე თვის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული პუნქტი ძალაში შედის 2017 წლის 01 თებერვლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 27 დეკემბრის სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 15-17)
3.1.2. შპს „სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ“ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შპს „მ–--------------–-----–------ს“ სს „უ---------–-------------–-----–------ისთვის“ პაციენტთა მომსახურება არ დაუკვეთია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება; (სარჩელი შესაგებელი, სხდომის ოქმი)
3.1.3. 2016 წლის 26 ოქტომბერს, 2017 წლის 27 ნოემბერს და 2017 წლის 14 დეკემბერს შპს „მ–--------------–-----–------ს“ სს „უ---------–-------------–-----–------ის“ მხრიდან წერილობით ეცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და შეუსრულებელი ვალდებულებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინებები (ს.ფ. 18 - 20)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „მ–--------------–-----–------ის“ მხრიდან სახელშეკრულებო პირობა დარღვეულია;
3.2.2. პირგასამტეხლოს მოცულობა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უნდა განისაზღვროს 1375 ლარით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებუ-ლებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადას-ტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადო-ობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოსარჩელე საკუთარ მოთხოვნას აფუძნებს ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტზე, რომლის თანახმადაც „შემსყიდველი“ ვალდებულია დაუკვეთოს „მიმწოდებელს“ ყოველ-თვიურად არანაკლებ 5 პაციენტის მომსახურება ერთი თვის მანძილზე. ხუთზე ნაკლები დაკვეთის შემთხვევაში „შემსყიდველი“ გადაუხდის „მიმწოდებელს“ თითო დაკლებულ დაკვეთაზე 250 ლარს. თუმცა, მხარეებმა იმთავითვე დაუშვეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაციენტის არ არსებობის შესაძლებლობა.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისი-ერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრუ-ლების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.
კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტი, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევისა, თუმცა, იმ პირობებში როდესაც ხელშეკრულების დადების მომენტშივე არსებობს გონივრული რისკი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყოს კონკრე-ტული სახის პაციენტი, პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრა ეწინააღმდეგება სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ 15-17)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სს „უ---------–-------------–-----–------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე 629-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინე-ბული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
მხარეებს შორის 2016 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შეთანხმების საგანს წარმო-ადგენდა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის პაციენტებისთვის სხივური თერაპიის ჩატარება. მხარეებს შორის დადებული გარიგება უნდა შეფასდეს ნარდობის ხელშეკრუ-ლებად და უნდა გავრცელდეს ამავე სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემსყიდ-ველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა დადასტურებულია.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველი“ ვალდებულია დაუკვეთოს „მიმწოდებელს“ ყოველთვიურად არანაკლებ 5 პაციენტის მომსახურება. ერთი თვის მანძილზე, 5-ზე ნაკლები დაკვეთის შემთხვევაში „შემსყიდველი“ გადაუხდის „მიმწოდებელს“ თითო დაკლებულ დაკვეთაზე 250 ლარს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრუ-ლებლობის ფაქტი. შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებუ-ლებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, რომლის სრული მოცულობაა 13 750 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმო-შობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამ-ტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრუ-ლობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედი-ტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწი-ნებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრე-ტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრუ-ლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლო აღნიშნულზე მსჯელობისას ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მოსაზრებაზე, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებობდა თეორიული შანსი ყოველთვიურად არ ყოფილიყო კონკრეტული სახის პაციენტი, რომლისთვისაც საჭირო იქნებოდა სხივური თერაპიის კურსის ჩატარება. შესაბამისად, აღნიშნული დანაკლისის შევსება და პირგასამტეხლოს ოდენობის 13 750 ლარით განსაზღვრას სასამართლო მიიჩნევს არაგონივრულად, არსებობს მისი შემცირების საფუძველი და უნდა განისაზღვროს 1375 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტა-ნილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფ-ლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც შეადგენს მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 10%-ს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისი პროპორციით სახელმწიფო ბაჟის 41.25 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „უ---------–-------------–-----–------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შპს „მ–--------------–-----–------ს“ სს „უ---------–-------------–-----–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1 375 ლარის გადახდა;
1.2. სს „უ---------–-------------–-----–------ის“ სარჩელი მოპასუხისთვის 12 375 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „მ–--------------–-----–------ს“ სს „უ---------–-------------–-----–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის სახით 41.25 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე