გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/32978-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - ს----------–-----------–-----------------
წარმომადგენელი - ნ------------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ნ-–------–----------–------სი ნ---“
წარმომადგენელი - ნ-----–------------ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ნ-–------–----------–------სი ნ---“-ს, ს----------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 8 331.98 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მხარეებს შორის 2018 წლის 23 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 2-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–-----------–-----------------ს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხელშეკრულებით და ხელშეკრულების დანართი N1 და N2 - ით განსაზღვრული საქონლის (მშრალი ულუფა) შესყიდვა. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში (2018 წლის 23 მაისის ჩათვლით) სამინისტროსთვის მიეწოდებინა საქონელი.
ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 181 130 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა, თავდაპირველად განისაზღვრა 2018 წლის 23 ივლისის ჩათვლით, რომელიც შემდგომ შეთანხმების ოქმებით N2--/1 და N2--/2-ით გაგრძელდა და განისაზღვრა ჯერ 2018 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო შემდგომ 2018 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ გადააცილა საქონლის მიწოდების ვადა, კერძოდ, მისი მხრიდან მოხდა წუნდებული პროდუქციის მიწოდება სამინისტროსათვის, რის გამოც 2018 წლის 28 მაისის N1-- აქტით მიწოდებული პროდუქცია უკან იქნა დაბრუნებული. ხელმეორე მიწოდება მოხდა 2016 წლის 15 ივნისს, ე.ი. 23 დღის დაგვიანებით, რის გამოც 2018 წლის 17 სექტემბრის N2---1 აქტით მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 8 331 98 ლარის ოდენობით. მოპასუხე პირგასამტეხლოს არ იხდის.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაგებელში აღნიშნულია, რომ სატენდერო პირობაში და ასევე მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულების პირობაში არ იყო მითითებული რომ მისაწოდებელი საქონლის ეტიკეტირებისას უნდა მითითებულიყო გამოყენების ინსტრუქცია, ტემპერატურა და მწარმოებელი. თუმცა, აღნიშნული ინფორმაციის არ არსებობის გამო შემსყიდველმა არ მიიღო მიწოდებული პროდუქცია და მოითხოვა მისი შეცვლა. მიწოდებული პროდუქციის შესანახად გამოიყენება სპეციალური პარკები რომლის შეძენა ხდება თურქეთში, ვინაიდან აუცილებელი გახდა შეფუთული პროდუქციის გახსნა და მასში ცვლილების შეტანა, ეტიკეტირება, ამიტომ ასევე საჭიროება შეიქმნა ახალი შესაფუთი პარკის შეძენის. საქონლის მწარმოებელმა კომპანიამ აცნობა, რომ პარკებს დაამზადებდა შეკვეთიდან ორი კვირის ვადაში ამიტომ მისაწოდებელი საქონლის შემსყიდველისთვის მიწოდება მოხდა 23 დღის დაგვიანებით. საქონლის დაგვიანებით მიწოდება არ იყო მოპასუხის ბრალეულობით გამოწვეული ვინაიდან მხარე ვარაუდობდა, რომ მის მიერ მიწოდებული საქონელი სრულად აკმაყოფილებდა სახელშეკრულებო პირობებს. მისთვის თავი იჩინა ახალმა გაუთვალისწინებელმა გარემოებამ და ამიტომ ვერ მოახდინა მიწოდებული საქონლის წუნის აღმოფხვრა.
მოპასუხე მხარე არ ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დაკისრებასთან---აკავშირებულ საკითხს, თანახმაა გადაიხადოს პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, თუმცა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის გადახდას ვერ შეძლებს ვინაიდან, აღნიშნული თანხა მეტია იმ თანხაზე, რაც რეალურად მოგება დარჩა მიმწოდებელს საქონლის მიწოდებისას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 23 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 2-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–-----------–-----------------ს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხელშეკრულებით და ხელშეკრულების დანართი N1 და N2 - ით განსაზღვრული საქონლის (მშრალი ულუფა) შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 181 130 ლარი.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში (2018 წლის 23 მაისის ჩათვლით) სამინისტროსთვის მიეწოდებინა საქონელი.
22.1 პუნქტით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 23 ივლისის ჩათვლით.
ხელშეკრულების 16-ე პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 23 აპრილის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 2-- (ს.ფ. 16-20);
- დანართი N1 (ს.ფ. 21 - 22)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2018 წლის 23 ივლისის შეთანხმების ოქმი N 2--/1-ით შეიცვალა ხელშეკრულების 22-ე მუხლის 22.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან---ა მოქმედებს 2018 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით“.
2018 წლის 24 აგვისტოს შეთანხმების ოქმი N 2--/2-ით შეიცვალა ხელშეკრულების 22-ე მუხლის 22.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან---ა მოქმედებს 2018 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმების ოქმი N2--/1 (ს.ფ. 24);
- შეთანხმების ოქმი N2--/2 (ს.ფ. 25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 28 მაისის აქტი N 1-- -ის თანახმად, პაკეტში, გარდა შპს „ნ-–------–----------–------სი ნ---“-ს მიერ წარმოებული პროდუქტებისა, აღმოჩნდა უცხოური წარმოების გამაგრილებელი სასმელის ფხვნილი, ყავა და საღეჭი რეზინი. მოთხოვნილი იქნა გამაგრილებელ სასმელის და საღეჭი რეზინის წარმოშობისა და შესაბამისობის სერთიფიკატები, საღეჭ რეზინზე მითითებულია მხოლოდ ვარგისიანობის ვადა, მაგრამ არ აქვს მითითებული გამოშვების თარიღი. რაც შეეხება ყავას, არ აკმაყოფილებდა ორწლიანი ვარგისიანობის ვადის მოთხოვნას, დარჩენილია ვარგისიანობის ერთი წელი. პროდუქტებზე: კრეკერი, შოკოლადი და ყველი, არა არის მითითებული მწარმოებელი, მშრალი ულუფის შემადგენელ კომპონენტზე მითითებული არ არის ტემპერატურა, ხოლო პაკეტზე გამოყენების ინსტრუქცია. მშრალი ულუფა იქნა დაწუნებული და დაუბრუნდა მიმწოდებელს შესაცვლელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.05.2018 წლის აქტი N1-- (ს.ფ. 28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2018 წლის 10 სექტემბერს შედგა მიღება - ჩაბარების აქტი N1-- რომლის თანახმადაც, 2018 წლის 23 აპრილის N2-- ხელშეკრულების, 2018 წლის 23 ივლისის N2--/1 და 2018 წლის 24 აგვისტოს N2--/2 შეთანხმების ოქმების საფუძველზე მომწოდებელი შპს „ნ-–------–----------–------სი ნ---“-ს მიერ მ/წლის 15 ივნისს ლოგისტიკის ცენტრის მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის საწყობში შეტანილ იქნა მშრალი ულუფა საერთო ჯამში 181 130 ლარის ღირებულებით.
ამასთან, დადასტურდა, რომ მათი მხრიდან 2018 წლის 23 აპრილის N2-- ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნას და ინტერესთა კონფლიქტში არ იმყოფებიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება - ჩაბარების აქტი N17 (ს.ფ. 32)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2018 წლის 17 სექტემბრის აქტი N2---1-ით შპს „ნ-–------–----------–------სი ნ---“-იმ დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდება და შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 23 დღე.
ხელშეკრულების 16.1 პუნქტის შესაბამისად, შპს „ნ-–------–----------–------სი ნ---“-ს დაეკისრა პირგასამტეხლო 8 331.98 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.09.2018 წლის აქტი N2---1 (ს.ფ. 33)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გამოწვეულია შპს „ნ-–------–----------–------სი ნ---“-ის ბრალეულობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოპასუხის მიერ მითითებულ ბრალის გამომრიცხველ გარემოებებთან---აკავშირებით.
მოპასუხის განმარტებით, სატენდერო პირობაში და ასევე მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულების პირობაში არ იყო მითითებული რომ მისაწოდებელი საქონლის ეტიკეტირებისას უნდა მითითებულიყო გამოყენების ინსტრუქცია, ტემპერატურა და მწარმოებელი. თუმცა, აღნიშნული ინფორმაციის არ არსებობის გამო შემსყიდველმა არ მიიღო მიწოდებული პროდუქცია და მოითხოვა მისი შეცვლა. მიწოდებული პროდუქციის შესანახად გამოიყენება სპეციალური პარკები რომლის შეძენა ხდება თურქეთში, ვინაიდან აუცილებელი გახდა შეფუთული პროდუქციის გახსნა და მასში ცვლილების შეტანა, ეტიკეტირება, ამიტომ ასევე საჭიროება შეიქმნა ახალი შესაფუთი პარკის შეძენის. საქონლის მწარმოებელმა კომპანიამ აცნობა, რომ პარკებს დაამზადებდა შეკვეთიდან ორი კვირის ვადაში ამიტომ მისაწოდებელი საქონლის შემსყიდველისთვის მიწოდება მოხდა 23 დღის დაგვიანებით. საქონლის დაგვიანებით მიწოდება არ იყო მოპასუხის ბრალეულობით გამოწვეული ვინაიდან მხარე ვარაუდობდა, რომ მის მიერ მიწოდებული საქონელი სრულად აკმაყოფილებდა სახელშეკრულებო პირობებს. მისთვის თავი იჩინა ახალმა გაუთვალისწინებელმა გარემოებამ და ამიტომ ვერ მოახდინა მიწოდებული საქონლის წუნის აღმოფხვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები. კერძოდ, ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ხოლო, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, კი ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მისი ბრალის გამომრიცხველ გარემოებად მიუთითებს გაუთვალისწინებელი გარემოების გამო მიწოდებული საქონლის წუნის აღმოფხვრის დროულად შეუძლებლობას.
აღნიშნულთან---აკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას ეკისრება გულმოდგინედ მოქმედების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ მან უნდა გამოიჩინოს სათანადო გულისხმიერება და განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, წინასწარ განჭვრიტოს ვალდებულების შესრულებასთან---აკავშირებული რისკები და მიიღოს სათანადო ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.
ამდენად, შესაძლოა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები სცდებოდეს მისი კონტროლის სფეროს, თუმცა ეს ისეთი გარემოებებია რაც არის წინასწარ განჭვრეტადი და მეწარმის მიერ წინდახედულობის ნორმების სათანადოდ დაცვის პირობებში, ექვემდებარება გათვალისწინებას და მისი მიზეზით ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილებას. შესაბამისად, გონივრულად ივარაუდება, რომ მოპასუხის მიერ პროდუქციის მიწოდებასთან---აკავშირებული სავარაუდო რისკები და პრობლემები, მის მიერ ჩვეულებრივ წინდახედულობის ნორმების დაცვით, თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ბრალის გამომრიცხველი გარემოება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ს.ფ. 16 - 20);
- აქტი N2---1 პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ (ს.ფ. 33)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ს----------–-----------–-----------------ს სარჩელი შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 477-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან---აკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება -მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან---აკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც, მოპასუხე შპს „ნ-–------–----------–------სები ნ---“-ს მოსარჩელე ს----------–-----------–-----------------სთვის უნდა მიეწოდებინა 181 130 ლარის ღირებულების პროდუქცია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესის შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხელშეკრულების 16-ე პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მიწოდების ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ხოლო ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ხარისხი და სხვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს 0.2 %-ის 0.05 %-მდე 4-ჯერ, შემცირება და შესაბამისად მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო განისაზღვროს 2097.99 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან---აკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 62.93 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 62.93 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან---აკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამასთან, 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს----------–-----------–-----------------ს საჩივარი 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმების შესახებ და საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–-----------–-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „ნ-–------–----------–------სი ნ---“-ს, ს----------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 2097.99 ლარის გადახდა;
3. შპს „ნ-–------–----------–------სი ნ---“-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 62.93 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე