გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/2491-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი
მოსარჩელე: მ-----–----–------- (პ/ნ 2----------);
წარმომადგენელი: ლ-–------–-------;
მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი: მ----–-–--–-–---–-;
მესამე პირი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე მ-----–----–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის სახით 30 000 ლარის და მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.2. მესამე პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა (სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა საქართველოს საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, შესაგებელი არ არის წარმოდგენილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით (საქმე N1/5319-13), ი------ ცნობილ იქნა დამნაშავედ, რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით (საქმე N1ბ/201-14) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით (საქმე N357აპ-14).
3.2. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს 2013 წლის 23 ივლისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით, N------------- სისიხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი მ-----–-----------------–------- (პ/ნ 2----------). რაც აგრეთვე დასტურდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით (საქმე N1/5319-13), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით (საქმე N1ბ/201-14) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით (საქმე N357აპ-14).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014
წლის 27 თებერვლის განაჩენი (იხ. ს.ფ. 14-79);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014
წლის 11 აგვისტოს განაჩენი (იხ.ს.ფ. 80-142);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015
წლის 27 თებერვლის განჩინება (იხ.ს.ფ. 143-145);
- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (იხ.ს.ფ 147);
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 23 ივლისის N-------- წერილი.
(იხ. ს.ფ. 146).
3.3. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ" (ფორმა N100) თანახმად, მოსარჩელე მ-----–----–------ს 21.12.2009წელს, 12/13.04.2010 წელს, 19/20. 09.2011 წელს ჩუტარდა მკურნალობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ" (ფორმა N100). (იხ.ს.ფ. 157-177).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–----–-------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი", საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"; საერთაშორისო პაქტი ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ"
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 18.4. მუხლით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს კონსტიტუციის 42.9. მუხლის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, სახელდობრ:
,,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 9.1 მუხლით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
6.3. ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის (ძალაშია, საქართველოსთან მიმართებაში 1994 წლის 03 აგვისტოდან) თანახმად, არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან მისი ღირსების დამამცირებელ მოპყრობას თუ სასჯელს. არც ერთ პირზე, თუ არ იქნა მისი თავისუფალი თანხმობა, არ შეიძლება სამედიცინო ან სამეცნიერო ცდების ჩატარება.
6.4. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-3 მუხლის (ძალაშია საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან) თანახმად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-3 მუხლით დაცული უფლება, თავისი შინაარსით, აბსოლუტური ხასიათისაა. მისი აბსოლუტური ბუნება, პირველ რიგში, გამოხატება იმაში, რომ ამ მუხლიდან გამონაკლისი დაუშვებელია ომისა თუ საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი (იხ. კონვენციის მე-15 მუხლი). გარდა ამისა, მე-3 მუხლით აკრძალული არასათანადო მოპყრობა არასოდეს არ არის დასაშვები, თუნდაც სახელმწიფოს მაღალი საჯარო მიზნების მისაღწევად. ევროპის სასამართლომ არა ერთხელ გაუსვა ხაზი ამ მიდგომას სხვადასხვა საქმეების განხილვის დროს. (Tomasi v. France; A 241-A para 115) თუ დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოყენება (Ireland v. UK; A 25 para 163 ).
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია ზუსტად არ განსაზღვრავს მე-3 მუხლში მოყვანილი მოპყრობის სახეებს. მრავალწლიანი პრაქტიკის საფუძველზე, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისათვის წამება არის „შეგნებული არაადამიანური მოპყრობა, რომელიც იწვევს ძალზე სერიოზულ და სასტიკ ტანჯვას“. (საქმე Ireland v. UK) ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, იმისათვის, რომ ქმედება მიჩნეული იქნას წამებად, აუცილებელია დადასტურდეს, რომ ცუდი მოპყრობა წინასწარ იყო განზრახული მსხვერპლისაგან აღიარების, ან სხვა სახის ინფორმაციის მისაღებად. საქმეში „აკსოი თურქეთის წინაღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის მიმართ ცუდი მოპყრობა იყო წინასწარგანზრახული და გარკვეული მომზადება იყო საჭირო მის განსახორციელებლად. როგორც ირკვევა, ის ჩაიდინეს განმცხადებლისაგან აღიარების, ან ინფორმაციის მოსაპოვებლად (საქმე აკსოი თურქეთის წინააღმდეგ) ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ არის აუცილებელი ადგილი ჰქონდეს ფიზიკურ ძალადობას ან ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების კომბინაციას. სასამართლოს პრეცედენტებით დგინდება, რომ სულიერი ტანჯვა თავისთავად შეესაბამება წამებას, თუ ის საკმაოდ სასტიკია (Ireland v. UK; Cyprus v. Turkey).
ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, იმისათვის, რომ მოპყრობა ჩაითვალოს არაადამიანურად, მან უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს. განსხვავება წამებასა და არაადამინურ მოპყრობას შორის განისაზღვრება მიყენებული ტანჯვის ინტენსივობით. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ ქმედება იყოს წინასწარგანზრახული იმისათვის, რომ ჩაითვალოს არაადამიანურ მოპყრობად, მაშინ როცა წამების დადგენისათვის განზრახვას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. ფიზიკური ძალადობა ზოგიერთ საქმეში შეიძლება არ წარმოადგენდეს წამებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, შესაძლებელია დადგინდეს მე-3 მუხლის დარღვევა არაადამიანური მოპყრობის არსებობის გამო. უმეტეს შემთხვევაში არაადამინურ მოპყრობას ადგილი აქვს დაკავებულ პირთა მიმართ. იქ, სადაც ცემა შედარებით მცირე დაზიანებას იწვევს და არ არსებობს მისი ხანგრძლივი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური შედეგი, სასამართლო სავარაუდოდ დაადგენს, რომ მსხვერპლის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას და არა წამებას. არაადამიანურ მოპყრობას შეესაბამება მოპყრობა, რომელიც უფრო ფიზიკურზე მეტად სულიერ ტანჯვას იწვევს. (საქმე ტომაზი საფრანგეთის წინააღმდეგ; დენიზცი თურქეთის წინააღმდეგ ). მსხვერპლის წინააღმდეგ ძალადობის მუქარა შეიძლება შეესაბამებოდეს არაადამიანურ მოპყრობას, თუ ამგვარი მუქარა საკმარისად რეალური და იმავდროულია. იმისათვის, რომ ამგვარი მოპყრობა ჩაითვალოს არაადამიანურად, აუცილებელია მან გამოიწვიოს ტანჯვის იმგვარი დონე, რაც ჩვეულებრივ დამახასიათებელია არაადამიანური მოპყრობისათვის. (საქმე კემბელი და კოსანსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ).
ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, იმისათვის რომ ქმედება ჩაითვალოს დამამცირებელ მოპყრობად ან სასჯელად, იგი უნდა აღწევდეს სისასტიკის განსაზღვრულ დონეს. მოპყრობა მიჩნეულია დამამცირებლად თუ: „მსხვერპლში წარმოშობს შიშის, ტანჯვისა და დამცირების გრძნობას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დამცირება და შეიძლება ხელყოფილ იქნეს პიროვნების ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობის უნარი“. (საქმე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ). მსჯავრდებულ პირს შეუძლია იჩივლოს მხოლოდ იმის გამო, რომ ის დაამცირეს, თუ მიყენებული შეურაცხყოფა გადააჭარბებს ნებისმიერი სასჯელისათვის დადგენილი შეურაცხყოფის საზღვრებს. (საქმე ტაირერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ).
ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განმცახადებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის გახდა მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის მსხვერპლი. თუმცა ზუსტად დადგენილი არ არის, თუ რა სახის მტკიცებულებები შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად და რა არა. ამის გარკვევა შესაძლოა მხოლოდ სასამართლოს პრაქტიკის განხილვის შედეგად, როგორც წესი, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე განსაზღვრავს მტკიცების საკმარის-არასაკმარისობის საკითხს. (იხ. საქმეები: ტომაზი საფრანგეთის წინააღმდეგ; აიდინი თურქეთის წინააღმდეგ; ინდელიკატო იტალიის წინააღმდეგ; ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ; ტანლი თურქეთის წინააღმდეგ).
გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,Janowice and others " ევროსასამართლომ მიუთითა, რომ ,,დადგინდეს მე-3 მუხლის ცალკეული დარღვევა, უნდა არსებობდეს სპეციალური ფაქტორები, რომლებითაც განისაზღვრება ... ტანჯვა, ემოციური სტრესი, რომელიც გარდაუვლად გამომდინარეობს თავად დარღვევიდან."
სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომ კონვენციის მე-3 მუხლის ქვეშ მოსახვედრად, მოპყრობამ უნდა მიაღწიოს „ტანჯვის მინიმალურ ზღვარს.“ ამ მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე, (Labita c. Italie, arrêt du 6 avril 2000, Recueil 2000-IV, §120). კერძოდ, მოპყრობის კონტექსტსა და ხასიათზე, ასევე მის ხანგრძლივობაზე, მის მიერ გამოწვეულ ფიზიკურ და მენტალურ შედეგებზე და ზოგიერთ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესზე, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. (Price c. Royaume-Uni, no 33394/96, § 24, CEDH 2001- VII ; Mikadzé c. Russie, no 52697/99, §108, 7 juin 2007). აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების მიზნით, სასამართლო იღებს ისეთ კრიტერიუმს, რომელიც „ყოველგვარ გონივრულ ფარგლებში არსებულ ეჭვს სცილდება.“ (იხ. სხვებს შორის, შამაევი, §338). (2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“).
ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კონვენციის მე-3 მუხლის არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი არის შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა(ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208.1. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო
6.7. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც:
,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, ამ კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა,თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.
ამ კოდექსის 1008-ე მუხლის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
მითითებული ნორმის დანაწესის თანახმად, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთან, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
6.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას იმ გარემოებებზე მითითებით, რომ 2011 წლის 26 მაისს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად, მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი, რაც მის მოსაზრებით, დასტურდება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს 2013 წლის 23 ივლისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით N------------- სისიხლის სამართლის საქმეზე. ამასთან, მის მიმართ განხორციელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების შედეგად იგი დაავადდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმეა და მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს ჯანმრთელობის ვნების შედეგად მიყენებული ზიანი.
6.10. სასამართლო განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ:
„არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,, მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ერთ წლიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."
ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
6.12. სასამართლოს მოსაზრებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების გონივრულ ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო.
სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის პიროვნებას, ცხოვრების წესს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს.
6.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მ-----–----–-------ს ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესება ( 21.12.2009 წლისს, 12/13.04.2010 წლისს, 19/20. 09.2011 ფორმა N100-ების მიხედვით) გამოწვეული გახლდათ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი ქმედების შედეგად. შესაბამისად, უტყუარად არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანია ანაზღაურების მიყენების ფაქტი. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არის ხანდაზმული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მ-----–----–-------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა დაეკისროს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ-----–----–-------ს სასარგებლოდ მორალური ზიანის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
ამ კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მ-----–----–-------ს მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ამრიგად, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უნდა დაეკისროს მოსარჩელე მ-----–----–-------ს სასარგებლოდ, წინამდებარე სარჩელზე, თეა გოქსაძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა, 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 24-ე, 261.3. 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 46-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მ-----–----–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე მ-----–----–-------ს სასარგებლოდ, მორალური ზიანის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება;
3. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელე მ-----–----–-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოსარჩელე მ-----–----–-------ს სასარგებლოდ, წინამდებარე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
6. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი