განაჩენი

სისხლის სამართლის 14.03.2019
საქმის ნომერი
190100119002842924
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-90-19

(№012170918003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

13.03.2019 წ. ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე: ადვოკატები - დარეჯან ბუცხრიკიძე, თამაზ ჯალიაშვილი,1. ბრალდებული: გ---------–----------ე

დაბადებული: 28.07.1--- წ.

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ. რუსთავი, ნ--------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. რუსთავში, თ------------------- კორპუსის ეზოში, გ---------–----------ემ წინასწარი შეცნობით 22 კვირის ორსულ ა------------–-–---–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი საერთო მცირეწლოვანი შვილის ბაღში მიყვანასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას ხელი ჩაარტყა თავის არეში. ა------------–-–---–მა გ---------–----------ის ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი წერილობითი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ გ---------–----------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა გ---------–----------ის დამნაშავედ ცნობის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" პუნქტის შესაბამისად მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ, დაზარალებულად ცნობილმა - ა------------–-–---–მა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები.

 

საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები - მოწმეთა დაკითხვები მხარეებს სასამართლოში 2019 წლის 13 მარტს გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოწმეთა დაკითხვები, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ოჯახში ძალადობა ხორციელდება ჩადენილი ორსული ქალის მიმართ.

 

ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” პუნქტით დაკვალიფიცირებისთვის, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ადგილი ჰქონდა თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ძალადობა ჩადენილია თუ არა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

ბრალდებულმა გამოძიებისას და სასამართლო სხდომაზე თავი არ სცნო დამნაშავედ. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა------------–-–---–მა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტის შესაბამისად ბრალდებულის საწინააღმდეგოდ ჩვენება არ მისცა, საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები და ის მტკიცებულება, რომელიც დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, რომლითაც შეუძლებელია დადასტურდეს, რომ ა------------–-–---–მა, როგორც ძალადობის ობიექტმა, განიცადა თუ არა ოჯახის სხვა წევრის მიერ ძალადობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

გამოძიების ეტაპზე ა------------–-–---–მა გამოკითხვისას, მართალია მისცა ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება, მაგრამ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აღნიშნული არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი გახდეს; სასამართლოში არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ---------–----------ის მიერ ოჯახში ძალადობას.

 

სასამართლოში არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ----------–----------ის მიერ ოჯახში ძალადობას. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებების შეფასებისას თვლის, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ ბრალდებულმა გ---------–----------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გ---------–----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ აღმოჩნდა საქმისადმი შედეგის გათვალისწინებით უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობად მიჩნევის საფუძველი: გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა გ---------–----------ის ბრალეულობა მის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებაში და არ გამომდინარეობს საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან და მსგავსი ფაქტებიდან. მტკიცების სტანდარტი, რომ გ---------–----------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, არ არის საკმარისი აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს, არ ტოვებს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობის (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „Tenisi v. Turkey”), შესაბამისად გ---------–----------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

გ---------–----------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---------–----------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გ---------–----------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

3. გ---------–----------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი