გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33782-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - შპს "T----"
წარმომადგენელი - მ---------------- მ--------------–---–ი
მოპასუხე -შპს "ბ------ი"
წარმომადგენელი - თ------------–---–-, ნ-----–---------–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ბ------ის“ შპს "T----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1038 ლარის გადახდა.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მითითებით, შპს "T----"-ს და შპს ,,ბ------ის“ შორის არსებობდა ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობა. ამ პერიოდის განმავლობაში, მყიდველმა შპს ,,ბ------იმ“ მოსარჩელისგან შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე სულ შეიძინა 10393 ლარის ღირებულების საქონელი. შეძენილი საქონლის ღირებულების დაფარვა მოპასუხის მიერ ხდებოდა პერიოდულად მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.
2015 წლის 02 ოქტომბრის ანგარიშ-ფაქტურა #ეა----------0 საფუძველზე, მოპასუხის მიერ შეძენილ იქნა 9338 ლარის საქონელი, ხოლო ანგარიშ-ფაქტურა #ეა----------0 შეძენილ იქნა 855 ლარის საქონელი. მოპასუხის მიერ აღნიშნული ფაქტურები დადასტურებულ იქნა 2015 წლის 10 ოქტომბერს. ასევე 2015 წლის 25 ნოემბერს მოპასუხის მიერ ანგარიშ-ფაქტურა #ეა----------3 საფუძველზე მოპასუხის მიერ შეძენილ იქნა 200 ლარის საქონელი. აღნიშნული ფაქტურა მოპასუხის მიერ დადასტურებულ იქნა 2015 წლის 26 ნოემბერს. შპს ,,ბ------ის“ მიერ სულ ჩარიცხულ იქნა 9355 ლარი, რომელთაგან ბოლო ანგარიშსწორება განხორციელდა 2015 წლის 20 ნოემბერს, თუმცა მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება 1038 ლარის ოდენობით დღემდე არ დაუფარია. მოსარჩელის მხრიდან იყო მრავალი მცდელობა, რომ მხარეთა შორის მომხდარიყო მორიგება, მაგრამ მოპასუხის მიერ დღემდე არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს ,,ბ------ს“ გადახდილი აქვს არა მოსარჩელის მიერ მითითებული 9355 ლარი, არამედ 1038 ლარი. რაც შეეხება 2015 წლის 20 ნოემბრის ანგარიშსწორებას, ეს იყო დამოუკიდებელი გარიგება და არ გამომდინარეობდა სარჩელში მითითებული ვალდებულების შესრულებისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე მხარის მითითებით სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და ა უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 01 ოქტომბერს შპს "T----"-მ შპს ,,ბ------ის“ მიაწოდა 25 კგ ბათქაში, რომელიც მთლიანობაში შეადგენდა 9338 ლარის ღირებულების პროდუქციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. საქმეზე მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ 2015 წლის 02 ოქტომბერს შპს "T----"-მ შპს ,,ბ------ის“ მიაწოდა პლასტმასის ავზი, რომელიც შეადგენდა 855 ლარის ღირებულების პროდუქციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. უდავოდ დადგენილია, რომ შპს "T----"-მ შპს ,,ბ------ის“ მიაწოდა პლასტმასის ავზი, რომელიც შეადგენდა 200 ლარის ღირებულების პროდუქციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ. 20);
- სასაქონლო ზედნადები #ელ----------3 (ს.ფ. 73);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერების და საგადახდო დავალებების საფუძველზე დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელესთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შესრულებული ფულადი ვალდებულება მთლიანობაში შეადგენს 9355 ლარს.
წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარის მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს გადახდილია-855 ლარი, ხოლო 2015 წლის 20 ნოემბერს 200 ლარი. ასევე, სს პრ----------------ის მეშვეობით მოპასუხე მხარის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელე მხარის ანგარიშზე გადარიცხული აქვს 19.10.2015 წელს - 3000 ლარი, 21.10.2015 წელს - 28000 ლარი და 13.11.2015 წელს - 2500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერი #20 (ს.ფ. 21);
- სალაროს შემოსავლის ორდერი #2 (ს.ფ. 50);
- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 51-53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებული ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, მოპასუხე შპს "T----"-ს და მოსარჩელე შპს ,,ბ------ის“ შორის რამდენჯერმე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლოს მიხედულებით, თითოეული ეს შეთანხმება ატარებდა დამოუკიდებელ ხასიათს, ჰქონდა ინდივიდუალურად განსაზღვრული ნასყიდობის საგანი და ფასი და როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოპასუხე თითოეული ამ შეთანხმების ფარგლებში ასრულებდა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, ანუ იხდიდა ნაყიდი პროდუქციის ფასს, რაზეც ცალსახად მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 10393 ლარს, საიდანაც მოპასუხე მხარემ გადაიხადა 9355 ლარი, ხოლო შეუსრულებელმა ვალდებულებამ შეადგინა 1038 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არსებულ ურთიერთობას, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მოსარჩელე კომპანიისგან პერიოდულად ყიდულობდა პროდუქციას და შესყიდული საქონლის ღირებულებასაც შესაბამისი პერიოდულობით იხდიდა. მოპასუხე მხარე აღნიშნულ განმარტებას არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სალაროს შემოსავლის ორდერებით საპირისპირო გარემოება დასტურდება. კერძოდ, თითოეული ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენდა დამოუკიდებელ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მოპასუხე კომპანია მოსარჩელისგან ყიდულობდა შესაბამისი ღირებულების საქონელს და ამ ხელშეკრულების ფარგლებში იხდიდა ნასყიდობის ფასს. შესაბამისად, ბუნდოვანია, რომელი ანგარიშ-ფაქტურიდან გამომდინარე ითხოვს მოსარჩელე მხარე მოპასუხისთვის 1038 ლარის დაკისრებას, მაშინც როცა მოპასუხეს ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული და რომც არ ჰქონდეს 2015 წლის 02 ოქტომბრის ანგარიშ-ფაქტურიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოთხოვნის დაყენებამდე გასულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
სასამართლომ შეაჯამა მხარეთა პოზიციები და განმარტავს, რომ აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, არ დასტურდება მხარეთა შორის ერთიანი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით დასტურდება, რომ 2015 წლის 02 ოქტომბრის და 2015 წლის 20 ნოემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაწერილი პროდუქციის ღირებულება (855 ლარი და 200 ლარი) მოპასუხე კომპანიამ საქონლის შესყიდვისთანავე გადაიხადა. რაც შეეხება 2015 წლის 2 ოქტომბრის ანგარიშ-ფაქტურას, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და მიუთითებს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს მსჯელობა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერი #20 ს.ფ. 21);
- სალაროს შემოსავლის ორდერი #2 (ს.ფ. 50);
- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 51-53);
-საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 19-21);
- სასაქონლო ზედნადები #ელ----------3 (ს.ფ. 73);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. დადგენილია, რომ შპს "T----"-მ მოპასუხე შპს ,,ბ------ის მიმართ სარჩელი აღძრავ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით 2018 წლის 20 ნომებრეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-14);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
აღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები.
წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმის, ბიზნესურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა დადეს რამდენიმე ნასყიდობის ხელშეკრულება. მთლიანობაში აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში არსებული ვალდებულების ოდენობამ შეადგინა 10393 ლარი. საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდება, რომ მოსარჩელე კომპანიამ მოპასუხე მხარეს 2015 წლის 1 ოქტომბერს მიაწოდა 25 კგ. ბათქაში, ხოლო 2015 წლის 20 ნოემბერს, პლასტმასის ავზები. სასამართლომ სადავო გარემოების სახით დაადგინა, რომ მხარეებს შორის არსებული თითოეული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ატარებდა დამოუკიდებელ ხასიათს და მათგან გამომდინარე ფულადი ვალდებულებებიც მოპასუხეს ინდივიდუალურად უნდა შეესრულებინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია ერთი შეთანხმების არსებობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მხარეს ერთი ვალდებულების შესრულება ეკისრებოდა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოპასუხე შპს ,,ბ------ის“ 2015 წლის 20 ნოემბრის და 2015 წლის 02 ოქტომბრიანგარიშ-ფაქტურებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება 855 ლარის და 200 ლარის თაობაზე შესრულებული აქვს. ხოლო რაც შეეხება 2015 წლის 1 ოქტომბრის Nეა----------0 ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურიდან გამომდინარე მოთხოვნის წარმოშობიდან სარჩელის სასამართლოში წარმოდგენამდე გასულია კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რაც მოვალეს აძლევს უფლებას უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, დავა ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომელიც გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის ვალდებულებით სახელშესრულებო ურთიერთობიდან. საგულისხმოა, ის გარემოება, რომ შპს "T----"-ს ხანდაზმულობის კანონით განსაზღვრულ სამწლიან ვადაში არ მოუთხოვია ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს, როგორც ზედმეტად გადახდილი, ვინაიდან საქმე განეკუთვნება მაგისტრის განსჯად საქმეთა კატეგორიას..
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს "T----"-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს "T----"-ს მის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს სს "თიბისი ბანკში" # 0 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარი როგორც ზედმეტად გადახდილი (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).
3. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე