გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.03.2019
საქმის ნომერი
100310018002790602
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310018002790602

საქმე №3/ 56 -18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04.03. 2019წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: უშ---- ნო----ე

წარმომადგენელი: ხა---- ხმ-----–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ნ---- მა-----–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორცილების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფოს გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული ცენტრის 2018 წლის 30 აგვისტოს 2018/1 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების 2018 წლის 16 ნოემბრის # 04/61701 გადაწყვეტილება - უშ---- ნო----ისათვის ასაკობრივი პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც უშ---- ნო----ეს 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს უშ---- ნო----ის სასარგებლოდ 2018 წლის 01 სექტემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

 

1.4. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ უშ---- ნო----ემ 2018 წლის 13 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა ასაკობრივი პენსიის დანიშვნა. რომელზეც მოსარჩელეს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მხრიდან ეთქვა უარი და მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. კერძოდ: მოსარჩელე უშ---- ნო----ეს ასაკობრივი პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აგვისტოს #2018/1 „გადაწყვეტილებით სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა ცვლილების ან მასზედ უარის თქმის შესახებ“.

მოპასუხემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წერილობით პასუხში მოსარჩელეს განუმარტა, რომ ვინაიდან უშ---- ნო----ე მუშაობს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ „დელტაში“ იგი ვერ მოიპოვებს სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნის უფლებას.

 

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური „დელტა“ მისი ბუნებით, საქმიანობით წარმოადგენს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას. საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ მე-4 მუხლი კი აწესებს იმ შეღავათებს, რომლის მიხედვითაც სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების თანამშრომლების საქმიანობა არ ითვლება საჯაროდ და ისინი უფლებამოსილნი არიან აიღონ ასაკობრივი პენსია.

 

მოსარჩელემ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოში და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის 2018 წლის 30 აგვისტოს #2018/1 გადაწყვეტილების (სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსია) დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ 2018 წლის 16 ნოემბრის #04/61701 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელეს უშ---- ნო----ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმავე მოტივით, რომ ვინაიდან იგი მსახურობდა საჯარო სამსახურში ვერ იპოვებდა ასაკობრივი პენსიის დანიშვნის უფლებას.

მოსარჩელის მითითებით ორივე გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიღებული გადაწყვეტილებები არის უკანონო, არღვევს მოსარჩელის კანონით და კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს, ეწინააღმდეგება კანონს და ორივე გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ასევე არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ უშ---- ნო----ე (პ/ნ 0----------) დაიბადა 1952 წლის 17 აგვისტოს. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ უშ---- ნო----ე ნამდვილად მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში საამწყობო, სარემონტო და საფრენ - საგამოცდო საწარმო (585), ზეინკალი-ს პოზიციაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ. 14);

- ცნობა (ს.ფ. 21)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.1.2. დადგენილია რომ, 2018 წლის 13 აგვისტოს, უშ---- ნო----ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა ასაკობრივი პენსიის დანიშვნა. რომელზეც მოსარჩელეს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აგვისტოს #2018/1 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე. უშ---- ნო----ეს მოპასუხის მიერ განემარტა, რომ იგი დასაქმებულია სსიპ სახელმწიფო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში, რომელიც არ წარმოადგენს სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, დასაქმებულებზე არ ვრცელდება შეღავათი, რომელიც ვრცელდება სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებებში დასაქმებულებზე, ამიტომ როგორც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს, უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- უ. ნო----ის განცხადება ( ს.ფ. 46)

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018

წლის 30 აგვისტოს #2018/1 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 17)

- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 15)

- წერილობითი მიმართვა (ს.ფ.45)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.1.3. დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აგვისტოს #2018/1 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს 2018 წლის 16 ნოემბრის #04/61701 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელე უშ---- ნო----ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმავე მოტივით, რომ ვინაიდან იგი მსახურობდა საჯარო სამსახურში ვერ იპოვებდა ასაკობრივი პენსიის დანიშვნის უფლებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის #04/61701 გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-20)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აგვისტოს N2018/1 გადაწყვეტილება უშ---- ნო----ისათვის სახელმწიფო გასაცემლის ( პენსიის) დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N 04/61701 გადაწყვეტილება უშ---- ნო----ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დაევალოს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც უშ---- ნო----ეს 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაენიშნება პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

დაევალოს ს.ს.ი.პ. საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 01 სექტემბრიდან უშ---- ნო----ისათვის მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელის (პენსიის) ანაღაურება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 30 აგვისტოს 2018/1 გადაწყვეტილება და 2018 წლის 16 ნოემბრის # 04/61701 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე და მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე უშ---- ნო----ის მოთხოვნა 2018 წლის 1 სექტემბრიდან გაუცემელი პენსიის თანხის ანაზღაურებასთან

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

6.3. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

 

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

6.4.საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

6.5.,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

 

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე უშ---- ნო----ე დაიბადა 1952 წლის 17 აგვისტოს, შესაბამისად, იგი წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ უშ---- ნო----ემ 2018 წლის 13 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აგვისტოს 2018/1 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე უშ---- ნო----ე ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად).

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

საქმის მასალების თანახმად, უშ---- ნო----ე დღემდე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში საამწყობო, სარემონტო და საფრენ - საგამოცდო საწარმო (585), ზეინკალი-ს პოზიციაზე.

 

6.6.სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.

 

ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც მოსარჩელე უშ---- ნო----ე მუშაობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე უშ---- ნო----ე საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ში, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

6.9.ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აგვისტოს N2018/1 გადაწყვეტილება უშ---- ნო----ისათვის სახელმწიფო გასაცემლის ( პენსიის) დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე. ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N 04/61701 გადაწყვეტილება უშ---- ნო----ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დაევალოს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც უშ---- ნო----ეს 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაენიშნება პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

დაევალოს ს.ს.ი.პ. საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 01 სექტემბრიდან უშ---- ნო----ისათვის მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელის (პენსიის) ანაზღაურება.

 

6.10.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. უშ---- ნო----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1.ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აგვისტოს N2018/1 გადაწყვეტილება უშ---- ნო----ისათვის სახელმწიფო გასაცემლის ( პენსიის) დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე.

 

1.2.ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N 04/61701 გადაწყვეტილება უშ---- ნო----ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.3. დაევალოს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც უშ---- ნო----ეს 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაენიშნება პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

1.4. დაევალოს ს.ს.ი.პ. საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 01 სექტემბრიდან უშ---- ნო----ისათვის მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელის (პენსიის) ანაზღაურება.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქუჩა №3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი