გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.02.2019
საქმის ნომერი
330310117001853626
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/2026-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: ნ----------–---–-;

მოპასუხე: შპს ,,მ–------–------’’ (ს/ნ 4-------0);

მოპასუხე: ბ----------------–--ე (პ/ნ 0----------);

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს შპს ,,მ–------–------’’ (ს/ნ 4-------0) და ბ----------------–--ე (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

სარჩელში აღინიშნა, რომ 2017 წლის 20 მარტის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს შპს ,,მ–------–------’’ (ს/ნ 4-------0)-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 291 787,34 ლარის ოდენობით. 2013 წლის 19 მარტს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, 2014 წლის 19 მაისს კი გამოიცა N------- ბრძანება შპს შპს ,,მ–------–------’’ (ს/ნ 4-------0)-ს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, ასევე მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს ,,მ–------–------’’ (ს/ნ 4-------0)-ს საკუთრებაში ან/და ბალანსზე ქონება არ ერიცხება. არსებული დავალიანება დეკლარირებულია გადასახადის გადამხდელის მიერ, კერძოდ 2013 წლის აპრილის თვეში შპს ,,მ–------–------’’ (ს/ნ 4-------0)-მა დააზუსტა წინა პერიოდის (2011-2013) დეკლარაციები და მხოლოდ საშემოსავლო გადასახადში დაირიცხა 160 000 ლარის ოდენობის გადასახდელი თანხა, რის შემდგომაც 2013 წლის მაისის „საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ ინფორმაციის შესაბამისად, ნაცვლად საგადასახადო დავალიანების გადახდისა ბ----------------–--ეს საწარმოდან ხელფასის სახით ერთიანად გატანილი აქვს 71 206 ლარის ოდენობის თანხა, რის შემდგომაც ზემოაღნიშნულმა საწარმომ შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ გადასახადის გადამხდელი არ გამოწერს ზედნადებებს და არ გასცემს ხელფასებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე შპს ,,მ–------–------’’ (ს/ნ 4-------0)-ის და მოპასუხე ბ----------------–--ე არ გამოცხადდნენ სასასმართლოს სხდომაზე (სასამართლო სხდომის თარიღი და დრო ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით).

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 01/05/2013) თანახმად, შპს ,,მ–------–------’’ (ს/ნ 4-------0)-ს სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 12.01.2011 წელი. იურიდიული მისამართი: თბილისი, ვ---------------–------------, ფ--–--–---–-------–---–----------4. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ბ----------------–--ე (პ/ნ 0----------) ვალდებულება: გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება: 1----------- 19.03.2013 საგანი: მთელი ქონება; საფუძველი: შეტყობინება, N-------- 19.03.2013წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (იხ. ს.ფ. 28-29);

 

3.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შპს ,,მ–------–------’’ (ს/ნ 4-------0)-ს შედარების აქტის (01.01.2017-20.03.2017) თანახმად, შპს ,,მ–------–-------ის’’ (ს/ნ 4-------0)-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა - ძირითადი: 147001.04 ლარი, ჯარიმა: 0 ლარი, საურავი: 144786.3 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შედარების აქტი (იხ.ს.ფ. 18);

 

3.3. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" 19.05.2014 წლის N------- ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს შპს ,,მ–------–-------ის’’ (ს/ნ 4-------0)-ის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

3.4. დასაქმებული პირის საძიებო (მიღებული შემოსავლის) ამონაწერის მიხედვით, ბ----------------–--ეს შპს ,,მ–------–------’’ (ს/ნ 4-------0)-იდან 17.06.2013-ში ხელფასის სახით მიღებული აქვს 71206 ლარი. 2014-2015 წლის პერიოდში ხელფასი გაცემული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (იხ.ს.ფ. 20);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 31.1 მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე,გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 34.1. მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 67.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

ამ კოდექსის 25.1. მუხლით, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ კოდექსის 2.2. მუხლით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

ამ კოდექსის მე-5 მუხლით, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

 

ამ კოდექსის 6.1. მულით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

ამ კოდექსის 20.1. მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;.

 

ამ კოდექსის 8.24. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.1. მუხლით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს. დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

6.4. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 3.6. მუხლით, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

მ კანონის 2.1. მუხლით, მეწარმე სუბიექტები არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არის იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმო (კომპანია).

 

ამ კანონის 44-ე მუხლით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.

 

6.5. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ: 2017 წლის 20 მარტის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს ,,მ–------–------’’ (ს/ნ 4-------0)-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 291 787,34 ლარი. 19.03.2013 წელს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, 19.05.2014 წ. გამოიცა N------- ბრძანება შპს ,,მ–------–------’’ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ბ----------------–--ეს შპს ,,მ–------–-------იდა’’ (ს/ნ 4-------0) 17.06.2013-ში ხელფასის სახით მიღებული აქვს 71206 ლარი. 2014-2015 წლის პერიოდში ხელფასი გაცემული არ არის. შედარების აქტის (01.01.2017-20.03.2017) თანახმად, შპს ,,მ–------–-------ის’’ აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა - ძირითადი: 147001.04 ლარი, ჯარიმა: 0 ლარი, საურავი: 144786.3 ლარი.

 

6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

 

6.7. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განმარტებაზე საქმეზე Nბს-763-755(კ-16), სახელდობრ: ,,საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზუნველყოფის ღონისძებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები."

 

სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

6.8. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეებად დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.1. მუხლის მიხედვით, ითვლებიან ურთიერთდამოკიდებულ პირებად. ამასთან, აღნიშნული გარემოება, იმავდროულად, არ ქმნის შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). ამასთან, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

6.9. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირის განსხვავება, ერთიმეორისგან და ისინი გამოყენებულნი იქნენ გადასახადის გადამხდელის შპს „მ–------–-------ის" მიერ, გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ამასტან, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე დასახელებმულმა ფიზიკური არის მოპასუხედ დასახელებული იურიდიული პირის 100%-ის მფლობელი, ერთპიროვნული დამფუძნებელი, დირექტორი და როგორც დასაქმებულმა პირმა მიიღო ხელფასი, არ წარმოადგენს წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ შპს ,,მ–------–------’’ (ს/ნ 4-------0) და ბ----------------–--ე(პ/ნ 0----------) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.

 

6.10. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

6.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს ,,მ–------–------’’ (ს/ნ 4-------0)-ს და ბ----------------–--ის(პ/ნ 0----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე.

 

ამრიგად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1.,,ლ" მუხლის საფუძველზე მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 25-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 1991; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების შპს ,,მ–------–-------ის“ (ს/ნ 4-------0) და ბ-----------------–--ეს (პ/ნ 0----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან;

3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი