განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100115001206670
საქმე N1-1453/15
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
01 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ნათია ზოიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ა----–----–---------
ბრალდებული - ზ-------------–--- (დაუსწრებლად)
ადვოკატები - პ------–---------------–---------------------------–-------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ-------------–---მ ჩაიდინა სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N358 და N358ა-ში მდებარე სამსართულიანი შენობის სასტუმროდ ფუნქციონირებას რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ზ-------------–---, სადაც შესაბამისი ანაზღაურებით სისტემატიურად იღებდა სასტუმროს კლიენტებს და უწევდა სათანადო მომსახურებას.
ზ-------------–---ს, როგორც სასტუმროს ხელმძღვანელსა და მფლობელს, უშუალოდ ევალებოდა საქართველოში მოქმედი ,,სახანძრო უსაფრთხოების წესების“ და „სამშენებლო ნორმების წესების“ დაცვა, თუმცა მას სასტუმროში ზემოაღნიშნული წესების მოთხოვნები არ ჰქონდა დაცული, კერძოდ, სასტუმრო ფუნქციონირებდა „სამშენებლო ნორმების და წესების“ 2.08.02 -89 „საზოგადოებრივი შენობების“ პუნქტი 1.99 -ის, 1.100-ის, 1-102-ის, 1.104-ის, 1.09-ის, 3.52-ის, ამავე წესების აუცილებელი დანართის 9-ის პუნქტი 7-ისა და 2.01.02.-85 „ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების“ პუნქტი 1.1-ის, 1.8-ის, 4.3-ის, 4.20-ის და 4.28-ის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გამოიხატება მასში, რომ მესამე სართულის კონსტრუქციები არ აკმაყოფილებდა მათდამი წაყენებული ცეცხლმედეგობის მინიმალური ზღვრის პარამეტრებს და ცეცხლის გავრცელების მაქსიმალური ზღვრის პარამეტრებს, საევაკუაციო გზებზე (საერთო დერეფანი, კიბის უჯრედი, ვესტიბიული, ჰოლი, ფოიე) კედლები და ჭერი არ იყო მოპირკეთებული უწვადი მასალით, ასევე შენობის გარე კედლების გარე ზედაპირი არ იყო მოპირკეთებული უწვადი მასალით, თითოეულ სართულზე არ იყო მოწყობილი ერთმანეთისაგან განცალკევებული ორი საევაკუაციო გასასველი, არ იყო მოწყობილი სახანძრო შეტყობინების სისტემა, შენობას არ გააჩნდა მეორე საევაკუაციო კიბე, განაპირა სათავსოდან არსებულ კიბემდე მანძილი შეადგენდა პირველ და მეორე სართულზე ოც მეტრზე მეტს, მესამე სართულზე ათ მეტრზე მეტს, შენობა არ იყო აღჭურვილი სახანძრო მაუწყებლობის სისტემით.
სასტუმროში არ იყო დაცული საქართველოში მოქმედი „სახანძრო უსაფრთხოების წესების“ პირველი მუხლის მე-15 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-4, მე-8 და მე-10 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, 41-ე მუხლის მე-12, 24-ე და 29-ე პუნქტების, მე-3 სავალდებულო დანართის მე-8, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-20 პუნქტების მოთხოვნები, კერძოდ, შენობაში არ იყო გამოკრული საევაკუაციო გეგმები, საევაკუაციო გზებზე არ იყო მოწყობილი სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები, არ იყო მოწყობილი ხანძრის შესახებ მაუწყებლობის სიტემა, შენობაში ნაწარმოები გადაგეგმარებისას არ იყო დაცული შენობის დანიშნულების (სასტუმრო) შესამაბისი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები,საპროექტო გადაწყვეტილების და სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები, საევაკუაციო გასასვლელების კედლები, ჭერი, კიბის საფეხურები არ იყო უწვადი მასალით მოწყობილი, საევაკუაციო გზებზე არ იყო სახანძრო უსაფრთხოების თვითმანათობელი მაჩვენებლები, არ იყო სახანძრო სიგნალიზაცია, ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები, შენობას არ გააჩნდა ორი საევაკუაციო გასასვლელი, შენობა არ იყო ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების და წესების დაცვით აშენებული.
2015 წლის 8 მაისს, ზ-------------–---მ ქ. რუსთავში არსებული ცეკვის ანსამბლის „სიხარული - 2“-ის ხელმძღვანელ გ----–--------------თან მოლაპარაკების საფუძველზე, სასტუმროში მიიღო და მე-2 და მე-3 სართულებზე განათავსა აჭარის რეგიონში გასტროლებზე ჩამოსული ანსამბლის წევრები - ოცდაჩვიდმეტი ბავშვი, მათი თანმხლები მშობლები, ოჯახის წევრები და ანსამბლის თანამშრომლები.
2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, სასტუმროს მესამე სართულზე განთავსებულ N42 ოთახში, შენობაში დამონტაჟებული ელექტროსადენების (ელექტროგაყვანილობის) გაუმართაობის გამო გაჩნდა ხანძარი. სასტუმროს ხელმძღვანელის ზ-------------–---- მიერ სასტუმროში სამშენებლო ნორმებისა და წესების, ასევე საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევამ და ამ წესების დაუცველობამ, ხანძრის შედეგად გამოიწვია ანსამბლის მცირეწლოვანი წევრების - რ----------------–---–--, დ----------------ა და თ---------------- სიცოცხლის მოსპობა, რომლებსაც ხანძრის გაჩენის მომენტში ეძინათ მითითებულ ოთახში.
1.2 ზ-------------–---- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
1.3 შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოცხრილით დადგენილია, რომ 2015 წლის 10 მაისს, ქ. ქობულეთში, ხანძრის შედეგად დაიწვა აღმაშენებლის გამზირი N358 და N358ა-ში მდებარე სამსართულიანი შენობა, რომელშიც მოწყობილი იყო სასტუმრო.
1.4 მოწმე ნ--------------------- ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 10 მაისს, ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N358 და N358ა-ში მდებარე დამწვარი სასტუმროს მე-3 სართულზე, მან აღმოაჩინა სამი დამწვარი ბავშვის გვამი.
1.5 ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის (N002725615; 13.05.15) თანახმად, ქობულეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარ-დანახშირებული ამოუცნობი გვამიდან აღებული მარჯვენა ბარძაყის ფრაგმენტი (ძვლის ფრაგმენტი) ეკუთვნის კ--------------- ბიოლოგიურ შვილს.
1.6 ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის (N002725615; 13.05.15) თანახმად, ქობულეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარ-დანახშირებული ამოუცნობი გვამიდან აღებული მარჯვენა ბარძაყის ფრაგმენტი (ძვლის ფრაგმენტი) ეკუთვნის ე-–-------------- ბიოლოგიურ შვილს.
1.7 ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის (N002725615; 13.05.15) თანახმად, ქობულეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარ-დანახშირებული ამოუცნობი გვამიდან აღებული მარჯვენა ბარძაყის ფრაგმენტი (ძვლის ფრაგმენტი) ეკუთვნის ზ------------------–---–-- ბიოლოგიურ შვილს.
1.8 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (N002777215; 24.08.15) თანახმად, დ---------------- გვამზე აღინიშნება უნივერსალური თერმული დამწვრობა გვამის შემდგომი არასრული დანახშირებით და ნაწილობრივი განადგურებით, სასუნთქი გზების და საყლაპავის დამწვრობა, რაც განვითარებულია მაღალი ტემპერატურის (ალის) სიცოცხლისდროინდელი ზემოქმედების შედეგად, ცოცხალ პირებში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
1.9 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (N003008615; 24.08.15) თანახმად, თ---------------- გვამზე აღინიშნება უნივერსალური თერმული დამწვრობა გვამის შემდგომი არასრული დანახშირებით და ნაწილობრივი განადგურებით, სასუნთქი გზების და საყლაპავის დამწვრობა, რაც განვითარებულია მაღალი ტემპერატურის (ალის) სიცოცხლისდროინდელი ზემოქმედების შედეგად, ცოცხალ პირებში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
1.10 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (N003008115; 24.08.15) თანახმად, რ----------------–---–-- გვამზე აღინიშნება უნივერსალური თერმული დამწვრობა გვამის შემდგომი არასრული დანახშირებით და ნაწილობრივი განადგურებით, სასუნთქი გზების და საყლაპავის დამწვრობა, რაც განვითარებულია მაღალი ტემპერატურის (ალის) სიცოცხლისდროინდელი ზემოქმედების შედეგად, ცოცხალ პირებში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
1.11 სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის (Nს/ტ 130; 27.10.15) თანახმად, N1 – FCI 383898 პაკეტში მოთავსებულ პოლიეთილენის შავი პარკიდან ამოღებულ ელექტროსადენების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებულ ელექტროსადენებზე აღინიშნებოდა მოკლე ჩართვისათვის დამახასიათებელი ნადნობები და გარდამავალი წინაღობის ნიშნები გადახურებით გამოწვეული კოროზიის სახით. ელექტროსადენების ფიზიკო-მექანიკური თვისებების შემოწმებისას დადგინდა, რომ მაღალტემპერატურული თერმული ზემოქმედების შედეგად შეიცვალა ელექტროსადენების მიკროსტრუქტურა და მათი ფიზიკური და მექანიკური თვისებები, კერძოდ, ელექტროსადენები გახდნენ მყიფე და მსხვრევადი. ამიტომ N1 – FCI 383898 პაკეტიდან ამოღებული ელექტროსადენების შემდგომი გამოკვლევა მოკლე ჩართვის კატეგორიის (პირველადობისა და მეორედობის) დადგენის მიზნით შეუძლებელია.
სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლისა და შემთხვევის ადგილის გამოკვლევისას დადგინდა, რომ ქ. ქობულეთში, ა----–-----–---------------------------–- მდებარე სასტუმროს შენობაში ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს მესამე სართულზე N42-ე ოთახის ტერიტორიაზე განლაგებული სააბაზანო ოთახების მოპირდაპირე, აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ამჟამად განადგურებული ტიხარის ზედა ნაწილში, ლითონის კონსტრუქციის დეფორმაციის ზონის მახლობლად.
სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლისა და შემთხვევის ადგილის გამოკვლევისას დადგინდა, რომ ქ. ქობულეთში, ა----–-----–---------------------------–- არსებულ ზ-------------–---- მფლობელობაში არსებული სასტუმროში ხანძრის გამოწვევა დაკავშირებულია ელექტროტექნიკურ მიზეზებთან, კერძოდ, გარდამავალ წინაღობასთან.
1.12 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის (N006282415; 21.10.15) თანახმად, ქ. ქობულეთში, ა----–-----–---------------------------–- არსებულ ზ-------------–---- მფლობელობაში არსებულ სასტუმროში, 2015 წლის 10 მაისს გაჩენილი ხანძრის დროს არ იყო დაცული:
„სამშენებლო ნორმების და წესების“ 2.08.02 -89 „საზოგადოებრივი შენობების“ პუნქტი 1.99 -ის, 1.100-ის, 1-102-ის, 1.104-ის, 1.09-ის 3.52-ის, ამავე წესების აუცილებელი დანართის 9-ის პუნქტი 7-ის მოთხოვნები, რაც გამოიხატება იმაში, რომ შენობას არ გააჩნდა მეორე საევაკუაციო კიბე, განაპირა სათავსოდან არსებულ კიბემდე მანძილი შეადგენდა პირველ და მეორე სართულზე ოც მეტრზე მეტს, მესამე სართულზე ათ მეტრზე მეტს, შენობა არ იყო აღჭურვილი სახანძრო მაუწყებლობის სისტემით.
სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.01.02-85 „ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების“ პუნქტი 1.1-ის, 1.8-ის, 4.3-ის, 4.20-ის და 4.28 -ის მოთხოვნები, რაც გამოიხატება მასში, რომ შენობის მესამე სართულის კონსტრუქციები არ აკმაყოფილებდა მათდამი წაყენებული ცეცხლმედეგობის მინიმალური ზღვრის პარამეტრებს და ცეცხლის გავრცელების მაქსიმალური ზღვრის პარამეტრებს, საევაკუაციო გზებზე (საერთო დერეფანი, კიბის უჯრედი, ვესტიბიული, ჰოლი, ფოიე) კედლები და ჭერი არ იყო მოპირკეთებული უწვადი მასალით, ასევე შენობის გარე კედლების გარე ზედაპირი არ იყო მოპირკეთებული უწვადი მასალით, თითოეულ სართულზე არ იყო მოწყობილი ერთმანეთისაგან განცალკევებული ორი საევაკუაციო გასასველი, არ იყო მოწყობილი სახანძრო შეტყობინების სისტემა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის N449 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების“ პირველი მუხლის მე-15 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-4, მე-8 და მე-10 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, 41-ე მუხლის მე-12, 24-ე და 29-ე პუნქტების, მე-3 სავალდებულო დანართის მე-8, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-20 პუნქტების მოთხოვნები, რაც გამოიხატება მასში, რომ შენობაში არ იყო გამოკრული საევაკუაციო გეგმები, საევაკუაციო გზებზე არ იყო მოწყობილი სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები, არ იყო მოწყობილი ხანძრის შესახებ მაუწყებლობის სიტემა, შენობაში ნაწარმოები გადაგეგმარებისას არ იყო დაცული შენობის დანიშნულების (სასტუმრო) შესამაბამისი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები საპროექტო გადაწყვეტილების და სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები, საევაკუაციო გასასვლელების კედლები, ჭერი, კიბის საფეხურები არ იყო უწვადი მასალით მოწყობილი, საევაკუაციო გზებზე არ იყო სახანძრო უსაფრთხოების თვითმანათობელი მაჩვენებლები, არ იყო სახანძრო სიგნალიზაცია, ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები, შენობას არ გააჩნდა ორი საევაკუაციო გასასვლელი, შენობა არ იყო ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების და წესების დაცვით აშენებული.
ქ. ქობულეთში, ა----–-----–---------------------------–- არსებულ ზ-------------–---- მფლობელობაში არსებული სასტუმროში, 2015 წლის 10 მაისს გაჩენილი ხანძრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო თუ აღნიშნული შენობა აშენებული იქნებოდა შენობის დანიშნულების (სასტუმროს) შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების და სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვით. კონკრეტულ შემთხვევაში, ხანძრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო თუ შენობაში დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობა იქნებოდა გამართული, ხოლო დამდგარი შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა თუ შენობაში დამონტაჟებული იქნებოდა სახანძრო სიგნალიზაცია (ხანძრის შესახებ მაუწყებლობის სისტემა).
ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის N-------------–- მდებარე სასტუმროში, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდა სასტუმროს მეპატრონეს (ხელმძღვანელს) ან აღნიშნულზე მის მიერ უფლებამოსილ პირს.
1.13 მოწმე გ----–-------------- ჩვენების თანახმად, 1971 წლის 01 აპრილიდან, 45 წლის მანძილზე, ქორეოგრაფად მუშაობს. საჭიროდ მიაჩნდა, რომ ბავშვებს მონაწილეობა მიეღოთ კულტურულ ღონისძიებებში. ბათუმში, რომ ჩადიოდა, ყოველთვის ბინავდებოდა ,,ხასანას სასტუმროში“. 2008 წლის მერე შვიდჯერ მაინც იქნება ნამყოფი. მოსწონდა იქ ყველაფერი, მომსახურება, პერსონალის დამოკიდებულება. სხვა სასტუმროში არასოდეს ყოფილა. სანამ აქ ჩამოვიდოდა, ორი დღით ადრე დარეკა ჯემალისთან. ვერ დაუკავშირდა მთელი ორი დღე. მერე როგორღაც მეუღლეს სთხოვა შვილისთვის დაერეკა. იმას ეწერა ჯემალის მეუღლის ტელეფონი. ჯემალის მეუღლის ტელეფონით დაუკავშირდა ჯემალის, უთხრა, რომ მოდიოდა და ასე მოილაპარაკეს. სანამ ჩამოვიდოდნენ, ჩაატარა მშობელთა კრება და განუცხადა მათ, რომ ყველას წინასწარ უნდა მოელაპარაკა - ვის ვისთან უნდოდა ყოფნა. 08 მაისს ჩავიდნენ. 09 მაისს იყო საერთაშორისო ფესტივალი. სასტუმროში თერთმეტი ნომერი დაიკავეს. 37 ბავშვი იყო ჩაყვანილი. 13 მშობელი იყო ბავშვებთან ერთად სასტუმროში. რადგან ბავშვები პირველად იყვნენ, ისინი გაანაწილა მშობლებთან ერთად. ამ ბავშვებთან იყო ერთ-ერთის და. იმ დღეს ყველაფერი ნორმალურად იყო. ადრე დაწვა ყველა. მეორე დღეს ფესტივალზე წავიდნენ. პოლონელებმა დაიგვიანეს ფესტივალზე, რის გამოც გვიანობამდე აღარ დაიცადეს და წამოვიდნენ. ორგანიზატორებმა უთხრეს, რომ სამ კოლექტივს მოგვიანებით მისცემდნენ დიპლომებს. დაახლოებით ღამის ორი საათი იყო. ერთ-ერთი ქორეოგრაფი, რომელიც მათთან იყო ზაზამ გააცილა. სასტუმროს ფოიეში მშობლები იყვნენ შეკრებილი. სამი ცალი ნახევარლიტრიანი კონიაკი და რულეტკა ნამცხვარი ედოთ. ერთი ჭიქა მიაწოდეს, მაგრამ არ დაულევია, ბოდიში მოიხადა და ზევით ავიდა და შევიდა ამ ბავშვებთან. მარტა იქ იყო. ბავშვები კარტს თამაშობდნენ. ორი ჩამორიგება მათთან ერთად ითამაშა. ბავშვებთან, რომ შევიდა, ახსოვს, რომ თბილოდა. კონდიციონერი 32-ს უჩვენებდა. იქიდან, რომ გამოვიდა, წავიდა გოგოების მხარეს. ერთ სართულზე იყვნენ ყველა. მარჯვნივ და მარცხნივ ბიჭები იყვნენ. იმ დღეს რაიმე აკრძალვა არ დაუწესებია. ქვემოთ ისევ ისხდნენ მძღოლი, სტაჟიორი, ჯაბა და ქალები და ტელევიზორს უყურებდნენ. იმედი გამოთქვა, რომ დიდხანს არ დარჩებოდნენ. მძღოლს მიუთითა, რომ ხვალ გადიოდნენ. ამაზე მძღოლი წამოხტა და წავიდა ზევით. ერთმა მშობელმა - ნელი დვალიშვილმა უთხრა, რომ ბავშვები ლაპარაკობენო. ყველა გადაამოწმა, თუმცა კარებებს არ აღებდა. დაახლოებით ოთხის ნახევარზე დაწვა. ალბათ ხუთი საათი არ იქნებოდა, რომ გაიგო სტაჟიორის და მარტას ყვირილი ,,ცეცხლი გვიკიდია, გამოდითო“. ხანძარი ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა. მარტა ცეცხლში ვარდებოდა, მაგრამ დაიჭირა. ჯაბა და ლაშა ოთახებში შედიოდნენ და ბავშვები გამოყავდათ. ბავშვები, რომ ვერ დაინახა, იფიქრა შოკირებული ბავშვები ზღვისკენ ხომ არ გაიქცნენ. მერე მოვიდნენ პოლიციელები და წაიყვანეს.
1.14 მოწმე ლ-–----------------- ჩვენების თანახმად, 1993 წლიდან ცეკვავს ბატონ გოგისთან. 2011 წლიდან 2015 წლამდე მასთან ქორეოგრაფობას სწავლობდა. ევალებოდა კონცერტზე ბავშვებისათვის ფორმის ჩაცმა, კულისებში უნდა დაეყენებინა ბავშვები და მოძრაობები ევარჯიშებინა. 2015 წლის 08 მაისს ანსამბლი ,,სიხარული“ ჩამოიყვანეს ქ. ქობულეთში. სასტუმროში დახვდათ ბატონი ჯემალი. ჯემალი ართმელაძე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ზ-------------–--- ხელმძღვანელობდა სასტუმროს. რამე, რომ დაჭირდებოდათ, ბატონი გოგი აგზავნიდა ზაზასთან და სთხოვდა რასაც დაავალებდა. სხვებისთვის არ მიუმართავს. რამდენჯერაც ჩავიდნენ, ზაზა ხვდებოდათ სულ და ზაზა აცილებდათ. სასტუმროში დაიკავეს 11 ნომერი. მეორე დღეს წავიდნენ კონცერტზე. საღამოს დაბრუნდნენ სასტუმროში. ბავშვებმა ჭამეს და ავიდნენ ნომრებში. მშობლებმა გადაწყვიტეს წარმატების აღნიშვნა და რამდენიმე ჭიქა კონიაკი დალიეს. ორი ბოთლი იყიდა ჯ-------------–---–--, ერთი ბოთლი მძღოლმა მოიტანა. 14 ადამიანი სვამდა კონიაკს. მშობლების ნაწილი ავიდა ზევით. მარტა რუაძე ავიდოდა ზევით ბავშვებთან, დახედავდა და უკან ჩამოვიდოდა. 3-ჯერ მაინც ავიდა და დახედა ბავშვებს. დაახლოებით 5 საათი იქნებოდა. ამ დროს გარედან შემოესმათ განწირული ხმა. მარტა კიბეებზე ავარდა და ჩვენც გავყევით. ზევით ცეცხლი ეკიდა ჭერს. გუმბათაშვილი მივარდა სახელურს, მაგრამ ვერ გახსნა კარები. მის გვერდით იდგა, დაარტყა კარებს ფეხი და შეამატვრია, მაგრამ ისეთი ცეცხლი იყო, რომ შიგნით ვერ შეაღწიეს. იმ ნომრიდან, სადაც ეს ბავშვები იმყოფებოდნენ, ერთი მეტრის მოცილებით ჭერს ეკიდა ცეცხლი და შუაში კედელს. იქ შესვლა შეუძლებელი იყო. ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა. შემდეგ დაიწყეს შენობიდან მძინარე ბავშვების გამოყვანა. პოლიციელები დაეხმარნენ. შემდეგ გამოჩნდა სახანძროც.
1.15 მოწმე ჯ-------------–---–-- ჩვენების თანახმად, მისი შვილი თამარ გუმბათაშვილი არის ქ. რუსთავის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „სიხარული 2-ის“ მოცეკვავე. ანსამბლის ხელმძღვანელია გოგლიკი მარღანია. 2015 წლის 8 მაისს ანსამბლი ჩამოვიდა აჭარის რეგიონში ფესტივალზე და თავადაც გამოჰყვა თავის შვილს. ისინი დაბინავდნენ ქ. ქობულეთში ე. წ „ხასანას სასტუმროში“. 2015 წლის 9 მაისს, ფესტივალის ჩატარების შემდეგ, ღამით გვიან დაბრუნდნენ ანსამბლის წევრები და მშობლები სასტუმროში. მშობლემმა გადაწყვიტეს ანსამბლის წარმატებით გამოსვლა აღენიშნათ. იყიდეს 2 ბოთლი ალკოჰოლური დასალევი, ტკბილეული და დაიწყეს დალევა. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვები და მშობლების ნაწილი წავიდა დასასვენებლად. სუფრასთან დარჩნენ თვითონ, მარტა რუაძე და ლაშა ოქროპირიძე. ზუსტი საათი არ ახსოვს, ალბათ ღამის 03:00 საათისათვის ოთახიდან ჩამოვიდა ერთ-ერთი ბავშვის მშობელი თამთა გვარამაძე, რომელმაც დაიწყო ტელევიზორის ყურება. დროთა განმავლობაში მარტა რუაძე ადიოდა მეორე სართულზე, ბავშვების ოთახებში, მათ დასახედად, რომ ენახა რამე ხომ არ სჭირდებოდათ. იგი რამდენიმეჯერ ავიდა ბავშვების ოთახებში და ბოლო ასვლიდან რამდენი ხანი იყო გასული არ ახსოვს, მარტა რუაძემ საუბარში თქვა რომ ოთახში იგრძნო რაღაც პლასტმასის წვისათვის დამახასიათებელი სუნი. ეს რომ გაიგო გადაწყვიტა ასულიყო ბავშვების ოთახში და ენახა ისინი, ამ დროს ქუჩიდან ვიღაცის შემზარავი ხმა გაიგონეს და მაშინვე გაიქცნენ ზედა სართულზე და დაინახა რომ მესამე სართულზე ცეცხლი ეკიდა დერეფნის მარჯვენა მხარეს უკიდურესს კუთხეში ჭერს. იგი გაიქცა იმ მიმართულებით, სადაც ოთახებში ბავშვებს ეძინათ, მივიდა იმ ოთახთან, რომელთანაც ცეცხლი ყველაზე ახლოს იყო და ეცადა კარის გაღებას, თუმცა ვერ შეძლო, ამ დროს მის გვერდით მდგომმა ლაშა ოქროპირიძემ ფეხით შეამტვრია კარები, მაგრამ მთელი ოთახი ცეცხლში იყო გახვეული. ამის შემდეგ ხმამაღლა დაიწყეს ყვირილი, თან ყველა ოთახის კარებს აღებდნენ, რომ მძინარე ბავშვებს და მათ მშობლებს გაეღვიძათ და გამოსულიყვნენ გარეთ. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სასტუმროს შენობა დატოვეს ანსამბლის წევრებმა და მათმა მშობლებმა. სასტუმროს მეპატრონეს ჯემალ ართმელაძეს არ იცნობდა. პირველად ის დაინახა 09 მაისს, საღამოს საათებში, როცა მივიდა სასტუმროში არსებულ ბარში ზემოთ ჩამოთვლილი ნამცხვრებისა და წვენის შესაძენად. ის იჯდა ისეთ ადგილზე და ისე იქცეოდა, რომ მიხვდა ის უნდა ყოფილიყო სასტუმროს მეპატრონე. მის ქცევაში გულისხმობს იმას, რომ მათზე ყურადღების მიქცევის მიზნით, ის მითითებებს აძლევდა ბარმენს.
1.16 მოწმე ნ-------------–---- ჩვენების თანახმად, არის ცეკვის მასწავლებელი. ხშირად უწევს ბავშვების წაყვანა ფესტივალებზე. 2007 წელი იყო, ბათუმში ტარდებოდა ფესტივალი ,,ოქროს დელფინი“ და მისი ანსამბლი იყო მიწვეული. სანამ წავიდოდნენ თავის მეგობარს და კოლეგას გოდერძი მანჯაფარაშვილს ჰკითხა, თუ სად ჩერდებოდა როცა ბათუმში უწევდა ბავშვების წაყვანა. მან უთხრა რომ ქობულეთში იყო ერთი ასეთი სასტუმრო - „ხასანას სასტუმრო“. ტელეფონით დაუკავშირდა ჯემალის. ისაუბრეს. შემდეგ მარტოს მოუწია ჩამოსვლა. ნახა და გაიცნო ჯემალი. უთხრა, რომ ამ სასტუმროში უნდოდა ბავშვების მოყვანა. ჯემალიმ უთხრა, რომ მასთან ექნებოდა ურთიერთობა და ის იყო ამ სასტუმროს პატრონი ანუ მეპატრონე. ნახა სასტუმრო და მოეწონა. ჯემალის შეუთანხმდა პირობებზე და ფასზე. მოხდა საქმიანი გარიგება. დააზუსტა ბავშვების რაოდენობა და იქ გაჩერდა. შემდეგშიც როცა უწევდა ჩამოსვლა სულ ჯემალის სასტუმროში ჩერდებოდა. თუ რამე დაჭირდებოდა თვითონ ჯემალი ეხმარებოდა. მის გარდა ურთიერთობა სხვასთან არ ჰქონია. პერსონალი იყო გულისხმიერი და კარგი. შენობა მოხერხებული, ინტერიერი კარგი. მესამე სართულიდან ყველა ოთახის გაკონტროლება შეიძლებოდა. სასტუმროში 4-ჯერ გავლით, 2-ჯერ ორ-ორი კვირა დარჩა. იცის, რომ სასტუმროს მფლობელი იყო ჯემალი, გარიგებას დებდა ჯემალისთან. ჯემალი იყო იქ ყველაფერი, ის გასცემდა განკარგულებებს.
1.17 სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიმე წერილობითი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობდა კონკრეტული პირი, არ არის წარმოდგენილი, თუმცა მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია ზ-------------–---- მიერ, ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N358 და N358ა-ში მდებარე სამსართულიან შენობაში მოწყობილი სასტუმროს ფაქტობრივი ხელმძღვანელობა.
მოწმე გოგლიკ მარღანია ჩვენებაში აღნიშნავს, რომ სანამ ქობულეთში ჩამოვიდოდა, უშუალო მოლაპარაკებას ზ------------–----------–-------- აწარმოებდა - ,,მე სანამ აქ ჩამოვიდოდი, ორი დღით ადრე დავრეკე ჯემალისთან. ვერ დავუკავშირდი მთელი ორი დღე. მერე როგორღაც მეუღლეს ვთხოვე ჩემი შვილისთვის დაერეკა. იმას ეწერა ჯემალის მეუღლის ტელეფონი. მე ჯემალის მეუღლის ტელეფონით დავუკავშირდი ჯემალის, ვუთხარი მოვდივარ და ასე მოვილაპარაკეთ“. ,,მე მღებულობდა ჯემალი, მე ჯემალისთან მქონდა საქმე, სასტუმროს ღირებულებას ჯემალის ვუხდიდი.’’
მოწმე ნ-------------–---- ჩვენების თანახმად, სასტუმროში, რომ მივიდა ნახა ჯემალი, რომელმაც უთხრა ,,ჩემთან გექნება ურთიერთობა, მე ვარ ამ სასტუმროს პატრონი ანუ მეპატრონე,’’ ,,გარიგებას ვდებდი ჯემალისთან.’’ ,,ჯემალი იყო იქ ყველაფერი, ის გასცემდა განკარგულებებს.“
მოწმე ლ-–----------------- ჩვენების თანახმად, ,-------–----------–---- როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ზ-------------–--- ხელმძღვანელობდა სასტუმროს.’’ ,,რამე, რომ დაგვჭირდებოდა ბატონი გოგი მაგზავნიდა ზაზასთან“. ,,სხვებისთვის არ მიმიმართავს,’’ ,,ჩვენ რამდენჯერაც მივდიოდით, ზაზა გვხვდებოდა სულ და ზაზა გვაცილებდა“.
მოწმე ჯ-------------–---–-- დაკითხვისას განაცხადა - ,,მე სასტუმროს მეპატრონეს ჯემალ ართმელაძეს არ ვიცნობდი. პირველად ის დავინახე 09 მაისს, საღამოს საათებში., როცა მივედი სასტუმროში არსებულ ბარში ზემოთ ჩამოთვლილი ნამცხვრებისა და წვენის შესაძენად. ის იჯდა ისეთ ადგილზე და ისე იქცეოდა, რომ მივხვდი ის უნდა ყოფილიყო სასტუმროს მეპატრონე. მის ქცევაში ვგულისხმობ მას, რომ ჩვენზე ყურადღების მიქცევის მიზნით, ის მითითებებს აძლევდა ბარმენს.“
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ერთ დოკუმენტზე, კერძოდ, 2010 წლის 24 ნოემბრით დათარიღებულ მინდობილობაზე, რომლის თანახმად, ,,ორი ათას ათი წლის ოცდაოთხ ნოემბერს მე, ნ------------–--- დაბადებული 25.07.1992 წელს, ამ მინდობილობით უფლებას ვაძლევ მოქ. ზ-------------–---ს/დაბადებული 01.01.1966 წელს, მცხ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი N358-ში/ მასზედ, რომ მართოს და განკარგოს, ჩემს სახელზე რიცხული ბინა მდებარე ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი N358-ში; მათ შორის გაასხვისოს, გაყიდოს, გააჩუქოს, გააქირაოს, გადმოიფორმოს თავის თავზე ნასყიდობის ხელშეკრულება და გახდეს მესაკუთრე, ასევე დატვირთოს იპოთეკით, მოხსნას იპოთეკა, აიღოს ყველა დოკუმენტაცია ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებიდან, მათ შორის საჯარო რეესტრიდან, იყოს ჩემი წარმომადგენელი საგადასახადო ინსპექციაში, მოაწეროს ხელი ჩემს მაგივრად და შეასრულოს ყველა ის ქმედება, რაც დაკავშირებულია ამ დავალების შესრულებასთან.“
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზ-------------–--- იყო სასტუმროს ფაქტობრივი ხელმძღვანელი ანუ იგი ხელმძღვანელობდა სასტუმროს ფუნქციონირებას. შესაბამისად, მას ევალებოდა სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა.
1.18 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაში გამოიხატება და გაუფრთხილებლობით დანაშაულს წარმოადგენს. სისხლის სამართლის წესით დასჯადია სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა შესაძლებელია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შეუსრულებლობით ან არასათანადო შესრულებით. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია სასტუმროს ხელმძღვანელი პირის მხრიდან სახანძრო უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობა, რასაც შედეგად სამი მცირეწლოვანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა ანუ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევასა და მითითებულ საზიანო შედეგს შორის.
1.19 სასამართლო ვერ გაიზიარებს ზ-------------–---- ოჯახის წევრების და ნათესავების ჩვენებებს, რადგან ისინი არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, კერძოდ, ნიკა და ირმა ართმელაძეების ჩვენებების თანახმად, სასტუმროს ხელმძღვანელი იყო ხასან ართმელაძე, თალიკო ტაკიძის ჩვენების თანახმად, სასტუმროს ხელმძღვანელი იყო თალიკო ტაკიძე, ხოლო ხასან (შერმანდინ) ართმელაძის, შერმანდინ (უმცროსი) ართმელაძის და მერი ართმელაძის ჩვენებების თანახმად, ყველა იყო ჩართული სასტუმროს მართვაში, მაგრამ ყველაში არ იგულისხმება ზ-------------–---.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ალოგიკურია და აქედან გამომდინარე არადამაჯერებელი, ზემოაღნიშნულ იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ამბობენ, რომ ,,სასტუმროს ყველა ხელმძღვანელობდა, მაგრამ ყველაში არ იგულისხმება ზ-------------–---.’’
2. გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე -293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ-------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის დაუნიშნავად.
2. ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 მაისის განჩინებით დაყადაღებულ ინგა ბერაძის (პ/ნ 61004009358) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მდებარე: ქობულეთის რაიონი, პოპოვის ქუჩა N1, შესახვევი N1 (ზონა-ქობულეთი 20, სექტორი ქ. ქობულეთი - 42, კვარტალი -10, ნაკვეთი - 058, საკადასტრო კოდი N20.42.10.058) 50 000 ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი