გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/18835-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე შპს „ჩ-----“
წარმომადგენელი დე----------–-–---–-
მოპასუხე სს „ს------–----------------–---------“
წარმომადგენელი არ---–---------–---
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს „ს------–----------------–---------სათვის“ მოსარჩელე შპს „ჩ-----ს“ სასარგებლოდ 10 295 ლარის გადახდის დაკისრება. 1.2. მოპასუხე სს „ს------–----------------–---------სათვის“ მოსარჩელე შპს „ჩ-----ს“ სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი საფასურის ასანაზღაურებლად. შპს „ჩ-----მ“ მოპასუხეს 2016 წლის თებერვალ-დეკემბრის პერიოდში ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიაწოდა სხვადასხვა სახეობისა და დანიშნულების საოფისე ავეჯი და გაუწია მომსახურება ავეჯის რესტავრაციის სახით, რაშიც მას უნდა გადაეხადა 10 295 ლარი, კერძოდ, მიწოდებულია შემდეგი ნივთები: 2016 წლის 03 თებერვალს ტუმბო სამი გასაწევი კარით და დივანი ტყავის შემცვლელით, ღირებულებით 1925 ლარი, 2016 წლის 03 თებერვალს ლიფტის უჯრედის შესაფუთი კარადა, 5 ცალი ოფისმენეჯერის დესკი 2 ც, ბაინდერის კარადა 1ც, ღირებულებით 1925 ლარი. 2016 წლის 16 თებერვალს კარადა საკეტით 1 ც, ღირებულებით 290 ლარი, 2016 წლის 26 თებერვალს სათათბიროს მაგიდა 1 ცალი, ღირებულებით 420 ლარი, 2016 წლის 4 მარტს სტელაჟი რკინის 40 ც, ღირებულებით 5200 ლარი, 2016 წლის 18 მარტს ტუმბო 3 ც, და კომპიუტერის მაგიდა 3 ც, ღირებულებით 690 ლარი, 2016 წლის 18 მარტს დივანი ორადგილიანი საოფისე 2 ცალი, ღირებულებით 1140 ლარი, 2016 წლის 30 მარტს ტუმბო 3 ცალი და კომპიუტერის მაგიდა 3 ცალი, ღირებულებით 690 ლარი, 2016 წლის 06 აპრილს ბაინდერის კარადა და გამათბობლის შესაფუთი კარადა, ღირებულებით 490 ლარი. 2016 წლის 9 იანვარს მოახდინა სამეულის რესტავრაცია 485 ლარად. მოპასუხის ვალდებულება იყო გადაეხადა გაწეული მომსახურებისა და მიწოდებული პროდუქციის საფასური თითოეულ მიწოდებაზე (მომსახურების გაწევაზე) არაუგვიანეს 14 დღისა, თუმცა მას ეს ვალდებულება მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა არ შეუსრულებია და მისი დავალიანება შეადგენს 10 295 ლარს. შპს „ჩ-----მ“ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, მოპასუხემ წარადგინა პროტესტი, რის გამოც შპს „ჩ-----ს“ უარი ეთქვა გადახდის ბრძანების გაცემაზე. შპს „ჩ-----მ“ გამარტივებული წარმოების საფასურის სახით გადაიხადა 100 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. Nე------------ ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული საქონელი მოპასუხეს არ მიუღია, შესაბამისად არ განხორციელებულა მისი დადასტურება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ჩ-----მ“ მოპასუხეს 2016 წლის თებერვალ-დეკემბრის პერიოდში ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიაწოდა სხვადასხვა სახეობისა და დანიშნულების საოფისე ავეჯი და გაუწია მომსახურება ავეჯის რესტავრაციის სახით, რაშიც მას უნდა გადაეხადა 10 295 ლარი, კერძოდ, მიწოდებულია შემდეგი ნივთები: 2016 წლის 03 თებერვალს ტუმბო სამი გასაწევი კარით და დივანი ტყავის შემცვლელით, ღირებულებით 1925 ლარი, 2016 წლის 03 თებერვალს ლიფტის უჯრედის შესაფუთი კარადა, 5 ცალი ოფისმენეჯერის დესკი 2 ც, ბაინდერის კარადა 1ც, ღირებულებით 1925 ლარი. 2016 წლის 16 თებერვალს კარადა საკეტით 1 ც, ღირებულებით 290 ლარი, 2016 წლის 26 თებერვალს სათათბიროს მაგიდა 1 ცალი, ღირებულებით 420 ლარი, 2016 წლის 4 მარტს სტელაჟი რკინის 40 ც, ღირებულებით 5200 ლარი, 2016 წლის 18 მარტს ტუმბო 3 ც, და კომპიუტერის მაგიდა 3 ც, ღირებულებით 690 ლარი, 2016 წლის 18 მარტს დივანი ორადგილიანი საოფისე 2 ცალი, ღირებულებით 1140 ლარი, 2016 წლის 30 მარტს ტუმბო 3 ცალი და კომპიუტერის მაგიდა 3 ცალი, ღირებულებით 690 ლარი, 2016 წლის 06 აპრილს ბაინდერის კარადა და გამათბობლის შესაფუთი კარადა, ღირებულებით 490 ლარი. 2016 წლის 9 იანვარს მოახდინა სამეულის რესტავრაცია 485 ლარად.
მოპასუხემ შესაგებლით სადავოდ გახადა მისი მხრიდან Nე-------------ით გათვალისწინებული საქონლის მიღების ფაქტი. თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ შესაგებელში დაუშვა შეცდომა, რადგან რეალურად სხვა ანგარიშფაქტურა, კერძოდ, Nე------------ არ არის დადასტურებული და აქედან გამომდინარე, ამ საგასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული საქონლის მიღებას ხდის სადავოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 102-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაგებლით სადავოდ გახადა კონკრეტულ ანგარიშფაქტურაში მითითებული საქონლის მიწოდების ფაქტი, კერძოდ, შესაგებელში აღნიშნა, რომ Nე------------ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული საქონელი არ მიუღია და შესაბამისად ეს ანგარიშფაქტურა არ დაადასტურა. საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ანგარიშფაქტურით დგინდება, რომ ანგარიშფაქტურა ამ ნომრით გამოწერილია 2016 წლის 02 მარტს, რომლითაც მყიდველმა სს „-------–----------------–----------“ დაადასტურა 420 ლარის ღირებულების სათათბირო მაგიდის მიღების ფაქტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, რადგან შესაგებლით მოპასუხემ სადავოდ გახადა არა ზოგადად მისი მხრიდან დაუდასტურებელ ანგარიშფაქტურაში მითითებული საქონლის მიწოდება, არამედ კონკრეტულ ანგარიშფაქტურაში მითითებული 2016 წლის 26 თებერვალს მიწოდებული, საქონლის - სათათბირო მაგიდის მიღება, უსაფუძვლოა აპელირება შესაგებელში მითითებულ გარემოებებში შეცდომის არსებობაზე.
მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად მიუთითებს, სასაქონლო ზედნადებებზე, ასევე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, რომელიც გარდა Nე------------ ანგარიშფაქტურისა, რომელიც მოპასუხეს შესაგებელში არ გაუხდია სადავოდ დადასტურებულია მყიდველის მიერ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა ნასყიდობის სახელშეკრულება ურთიერთობა და ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშფაქტურით მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №886 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/წერილობითი განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ელექტრონულ ანგარიშფაქტურებს, რომელიც დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს. ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშფაქტურის დასადასტურებლად პირი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა იყოს ავტორიზებული, ანუ პირს უნდა ჰქონდეს ელექტრონული სისტემის წვდომისთვის საჭირო ინფორმაცია, რაც მხოლოდ მომხმარებლისთვის არის ცნობილი. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები ელექტრონულად დადასტურებულია სს „ს------–----------------–---------ს“ სახელით. ამდენად, ასეთი დადასტურებით მხარეები ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმდნენ. ამასთან ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები შეიცავს ყველა იმ მონაცემს, რაც წერილობითი ხელშეკრულებისთვის არის საჭირო: „გამყიდველი“- შპს „ჩ-----“ საიდენტიფიკაციო ნომერი ----------, „მყიდველი“- სს „ს------–----------------–---------“ საიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------, თითოეული ანგარიშფაქტურაში მითითებულია ხელშეკრულების საგანი - მიწოდებული საქონლის დასახელება და ნასყიდობის ფასი -მიწოდებული საქონლის ღირებულება. ამდენად, მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სწორედ ელექტრონული ანგარიშფაქტურებია.
3.2.2. სს „ს------–----------------–---------ს“ დავალიანება მოსარჩელე შპს „ჩ-----ს“ მიმართ შეადგენს 10 295 ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ ას-867-834-2016).
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დასტურდება, რომ მიწოდებული საქონლისა და გაწეული რესტავრაციის ღირებულება 10 295 ლარის ოდენობით, მოპასუხეს არ გადაუხდია. ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს მოპასუხე სადავოდ არ ხდის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჩ-----ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 477-ე, 394-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო 317-ე მუხლით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
დადგენილია, რომ შპს „ჩ-----სა“ და სს „ს------–----------------–---------“ შორის არსებობდა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს გარკვეული სახის საქონელი, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა შესაბამისი ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა.
კეთილსინდისიერების პრინციპი კერძო სამართლის უნივერსალური შეფასებითი კატეგორიაა. თანამედროვე სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელია კეთილსინდისიერების პრინციპის აღიარება. ამ პრინციპით კონკრეტდება ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ფარგლები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან ან ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს.
ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ადგილის განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა თუ არა, ასევე ადგილი ხომ არ ჰქონდა მოვალის მხრიდან შესრულების ვადის გადაცილებას, ან კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ვადისდარღვევას.
სს „-------–----------------–----------“ არ შეასრულა შპს „ჩ-----ს“ მიმართ არსებული ვალდებულება, კერძოდ, არ გადაუხადა დავალიანება 10 295 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კრედიტორს ანიჭებს ამ თანხის მოთხოვნის უფლებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოებისათვის გაიღო ხარჯი 100 ლარის ოდენობით, რომელიც მას არ დაბრუნებია, სს „ს------–----------------–---------ს“ მიერ პროტესტის წარდგენის გამო. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია ამ თანხის ანაზღაურების ვალდებულება მოითხოვოს მოპასუხისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 311.85 ლარის გადახდა 415 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს „ჩ-----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე სს „ს------–----------------–---------“ მოსარჩელე შპს „ჩ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 10 295 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე სს „ს------–----------------–---------“ მოსარჩელე შპს „ჩ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოებისას გადახდილი საფასურის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადახდა,2. მოპასუხე სს „ს------–----------------–---------“ მოსარჩელე შპს „ჩ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 311.85 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად 415 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია