გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002387730 (:2-201/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი - თამარ ქართველიშვილი
მოსარჩელე - შპს ,კ-------–-“
წარმომადგენელი - ზ-----------
მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი ლ---- ბ------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,კ-------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოებისთვის ასანაზღაურებელი თანხა 31 500. 99 ლარის ოდენობით.
1.2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს ,,კ-------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საპ[რეოცესო ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის 984 ლარის, ადვოკატის მომსახურების 500 ლარის, აუდიტის მომსახურების 200 ლარის ანაზღაურება
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს;
2017 წლის 26 ოქტომბერს შპს ,,კ-------–სა“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2--, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა შპს ,,კ-------–მა“ აიღო ვალდებულება შეესრულებინა ხელვაჩაურის რაიონის ახალშენის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა თანახმად, ხარჯთააღრიცხვისა, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 65,534.98 ლარს.
ხელშეკრულების თანახმად აღებული ვალდებულება შეასრულა მოსარჩელემ და მის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ოდენობა, მოპასუხის მიერ დახარვეზებული სამუშაოების გამოკლებით შეადგენს 31,500,99 ლარს, თუმცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების N4-- მიხედვით ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულებისათვის მოსარჩელეს აღარ გადაუხადეს მის მიერ შესრულებული თანხა 31 500,99 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მიერ შესრულებულია მოპასუხის მიერ დახარვეზებული სამუშაოების გამოკლებით 31 500,99 ლარის ოდენობის სამუშაო. რაც დასტურდება აუდიტის დასკვნით.
მოპასუხეს ამ დრომდე არ დაურიცხავს შესრულებული სამუშაოს თანხა, რაც ზიანს აყენებს მოსარჩელეს, რადგან ის სამუშაოები რომელიც იქნა შესრულებული მოსარჩელის მიერ საკუთარი თანხა იქნა დახარჯული, რის გამოც მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს და მესამე პირებთან ვეღარ ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2017 წლის 26 ოქტომბერს შპს ,,კ-------–სა“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმებული N2-- ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,კ-------–-“ ასრულებდა სოფელ ახალშენის მეურნეობაში მინის საფეხბურთო მოედნისა და მიმდინარე მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულებით 65,534.98 ლარი. პირველ ეტაპზე შპს ,,კ-------–მა“ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი 2017 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და ანაზღაურდა შესრულებულ სამუშაოებზე 35285,54 ლარი. მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადა განსაზღვრული იყო 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, რაც ორგანიზაციის მიერ არ შერსულებულა, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2018 წლის 15 იანვრამდე. შპს ,,კ-------–მა“ 2018 წლის 09 იანვარს N260/05 წერილიოთ მომართა მერიას და მოითხოვა შესრულებული სამუშაოებზე ანაზღაურება ღირებულებით 28340, 65 ლარი, აღნიშნულზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 17 ნოემბრის N2420 ბრძანებით შექმნილმა მიღება-ჩაბარების კომისიამ ადგილზე გასვლით შეამოწმა შპს ,,კ-------–-ს“ მიერ შესრულებული სამუშაოები და დაადგინა, რომ სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაზედაც შედგენილია დათვალიერების აქტი. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტის შესახებ კომპანიას 2018 წლის 12 იანვრის N0----- წერილით ეცნობა და განემარტა, რომ გამოესწორებინა აღნიშნული ხარვეზები, რომელიც შპს ,,კ-------–-ს“ მიერ არ იქნა გამოსწორებული ხელშეკრულების მოქმედების ვადებში (2018 წლის 15 იანვარი). აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მე-8 ქუნქტის 8.3 ქვეპუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის შესრულების ვადას გადააცილებს შესაბამისი ეტაპის შესრულების ვადას, დაეკისრება ჯარიმა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ეტაპის ღირებულების 0,3%-ის ოდენობით. ამასთან, ხელშეკრულების მე-8 ქუნქტის 8.3 ქვეპუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით, ვინაიდან შპს ,,კ-------–-“-ს მიერ ვერ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და დარღვეულია ხელშეკრულების პირობები მიზანშეწონილია შპს ,,კ-------–-ს“ მიმართ გატარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ე“ ქვეპუნქტის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,კ-------–ს“ შორის 2017 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული N2-- ხელშეკრულებისა და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის 2018 წლის 23 იანვრის N185-05 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის N4-- ბრძანებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ 2017 წლის 26 ოქტომბერს N2-- ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულებისთვის შპს ,,კ-------–ს“ დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. 3273,75 (სამიათას ორას სამოცდაცამეტი ალრი და სამოცხათხუთმეტი თეთრი) ლარი და ჯარიმა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ეტაპის ღირებულების 0,3%-ის ოდენობით 2752,40 (ორიათას შვიდასორმოცდათორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა. შესაბამისად სარჩელის მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარცელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 26 ოქტომბერს შპს ,,კ-------–სა“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2--, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა - შპს ,,კ-------–მა“ აიღო ვალდებულება შეესრულებინა ხელვაჩაურის რაიონის ახალშენის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 65,534.98 ლარს. ხელშეკრულების 5.1 პუნქტით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 26 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება.
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები შპს კ-------–-ს მიერ შესრულებული იქნა და 2017 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი, რაზეც შპს ,,კ-------–ს“ აუნაზღაურდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება 35285.84 ლარი, ამასთანავე იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოთა დასრულება ვერ ხერხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა 2018 წლის 15 იანვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.3. 2018 წლის 9 იანვარს შპს ,,კ-------–მა „ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინა შესრულებულ სამუშაოთა დამადასტურებელი ფორმა ორი და მოითხოვა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების 28340.65 ლარის ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ,,კ-------–-ს 2018 წლის 9 იანვრის წერილი
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.4. ხელვაჩაურის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი შპს ,,კ-------–-ს“ მიერ შესრულებული სამუშაოები და 2018 წლის 12 იანვრის დათვალიერების აქტით დადგენილი იქნა, რომ სამუშაოთა ნაწილი უხარისხოდ არის შესრულებული, კერძოდ უხარისხოდა შესრულებული ფანჩატურის მოწყობა ხის კოჭებზე, სახურავის მოწყობა პროფნასტილით, ასევე შეთანხმებული არ იყო შემსყიდველთან გარე ტერიტორიაზე ლამპიონებისა და ნაგვის ურნების შეძენა, რომელიც არის უხარისხო. ხარვეზების შესახებ წერილობით ეცნობა შპს ,,კ-------–ს“ და დაევალა აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დათვალიერების აქტი
- მოხსენებითი ბარათი
- მერიის 2018 წლის 12 იანვრის წერილი.
3.1.5. შპს კ-------–-ს იერ არ იქნა აღმოფხვრილი შემსყიდველის მიერ დასახელებული ხარვეზები, რის საფუძველზეც 2018 წლის 23 თებერვალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული იქნა N4-- ბრძანება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის შპს ,,კ-------–ზე“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზომების განსაზღვრის შესახებ. შპს ,,კ-------–ს“ დაეკისრა ჯარიმა 2752.40 ლარის ოდენობით, ბრძანება არ გასაჩივრებულა და ჯარიმის თანხა მიმწოდებლის მიერ მაშინვე იქნა გადახდილი. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შემსყიდველის მიერ არ არის გადახდილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 23 თებერვლის N4-- ბრძანება
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა მიმწოდებლის მიერ 2017 წლის 26 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად და ხარისხიანად შესრულების საკითხი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოთა ღირებულობის ოდენობა.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა გაცილებით მეტი ღირებულების, რაც იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული. სამუშაოები შესრულდა ხარისხიანად, თუმცა შემსყიდველის მიერ წარდგენილი იქნა უსაფუძვლო პრეტენზიები, რადგანაც ლამპიონები, რომლის შესყიდვაზე შეთანხმებას ითხოვდა მუნიციპალიტეტის მერია, ზუსტად ისეთი იქნა შეძენილი, როგორის შეესაბამებოდა აღნიშნულ ობიექტს, ასევე ნაგვის ურნებიც შესაბამისი იქნა შეძენილი, რაზეც უსაფუძვლოდ განაცხადა პრეტენზია შემსყიდველმა, რაც შეეხება პირგასამტეხლოს გადახდას, იმ პირობით გადაიხადა, რომ აუნაზღაურდებოდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება, რაც არ განხორციელდა მოპასუხის მიერ.
მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მოსარჩელე შპს ,,კ-------–-ს“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ იქნა შესრულებული ხარისხიანად და დადგენილ ვადაში, არ იქნა აღმოფხვრილი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და არ გამოიცვალა შემსყიდველის თანხების გარეშე შეძენილი მასალები. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო, რაზეც პრეტენზია არ განუცხადებია, შესაბამისად არ აქვს შეუსრულებელ სამუშაოებზე მოთხოვნის უფლება.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. მხარეთა მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა სრულად შესრულებისა და მისი ღირებულების აუანაზღაუარებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
მოსარჩელის წარმომადგენელმა, გარდა თავისი ზეპირი განმარტებისა, თავისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა შპს ,,ეკონომიკა-აუდიტის“ მიერ 2018 წლის 12 მარტს გაცემული აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შპს ,,კ-------–-ს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვებში შესრულებული სარემონტო სამუშაოებიდან მეორე ეტაპის გადასახდელი თანხა დადგინდა 31 500.99 ლარი.
მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მიუთითა შპს კ-------–-ს წერილზე, სადაც სამუშაოთა დასრულების შემდგომ იგი ითხოვს 28 340.65 ლარის ანაზღაურებას წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით, მიუთითა დათვალიერების აქტზე, რომ სამუშაოები შესრულებულია ხარვეზებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნასთან მიმართებაში კი განმარტა, რომ ეს არის გაურკვეველი წარმოშობის ერთ ფურცელზე შედგენილი ჩამონაწერი და არ არის დადგენილი არის თუ არა ლიცენზირებულია აღნიშნული აუდიტი და გაურკვეველია რა მასალების საფუძველზე მოხდა დაანგარიშება, როცა მას ამავე ობიექტზე გაცემული აქვს ასეთივე დასკვნა ამავე სამუშაოების შესრულებაზე ამავე ობიექტზე შპს ,-------------ს“ მიმართ, რომელზეც დავა მიმდინარეობს სასამართლოში და მოთხოვნილი იყო საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანება.
მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა იმ საკითხში, რომ მეორე ეტაპზე მის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს აუდიტის დასკვნაში აღნიშნულსა სარჩელში მოთხოვნილ თანხას.
ამასთანავე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სრულად არ აქვს ანაზღაურებული მოსარჩელეზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება რისი დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ჩამოყალიბებული იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
-აუდიტორული დასკვნა
- შპს ,,კ-------–-ს“ წერილი
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი.
- დათვალიერების აქტი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, წარმოდგენილი მასალების გამოკვლევის, მხარეთა განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „კ-------–-ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მან შეასრულა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან 2017 წლის 26 ოქტომბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულების მეორე ეტაპით გათვალისწინებული 31 500. 99 ლარის სამუშაო, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული თანხის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. სწორედ ამ საკითხის მოგვარების მიზნით წარმოადგინა სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელის წარდგენის გზით მოითხოვოს იმ თანხის დაკისრებით დარღვეული უფლების აღდგენა, რომელიც მას ერგებოდა ხელშეკრულების შესრულებით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადაო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციული ორგანოა, მაგრამ ის ხშირად გამოდის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში. თუ მისი მიზანია სამოაქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, ასეთი მიზნით მის მიერ დადებული ყველა გარიგება სამოქალაქო გარიგებაა და მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოთხოვნები. სამოქალაქო გარიგების დადებისას მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს შპს ,,კ-------–სა“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2--, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა (შპს ,,კ-------–მა“ აიღო ვალდებულება შეესრულებინა ხელვაჩაურის რაიონის ახალშენის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა თანახმად, ხარჯთააღრიცხვისა, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 65 534.98 ლარს. ხელშეკრულების 5.1 პუნქტით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები შპს კ-------–-ს მიერ შესრულებული იქნა და 2017 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი, რაზეც შპს ,,კ-------–ს“ აუნაზღაურდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება 35285.84 ლარი.
6.4.სახელმწიფო შესყიდვების შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია არის შემსყიდველი (დამკვეთი). შპს კ-------–-“ მიმწოდებელია (შემსრულებელი). ანუ შპს ,, კ-------–მა“ უნდა განხორციელოს ახალშენის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობა რეგულირდება ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”.
აღნიშნული კოდექსის 636-ე მუხლით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ პირველი ეტაპის სამუშაოები შესრულებულია და განხორციელებულია შესაბამისი ანაზღაურება. მეორე ეტაპის სამუშაოები ვერ დასრულდა დროულად ხელსეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა 2018 წლის 15 იანვრამდე. 2018 წლის 9 იანვარს შპს ,,კ-------–მა „ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინა შესრულებულ სამუშაოთა დამადასტურებელი ფორმა ორი და მოითხოვა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების 28340.65 ლარის ანაზღაურება.
ასევე დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი შპს ,,კ-------–-ს“ მიერ შესრულებული სამუშაოები და დადგენილი იქნა, რომ სამუშაოთა ნაწილი უხარისხოდ არის შესრულებული, ხარვეზების შესახებ წერილობით ეცნობა შპს ,,კ-------–ს“ და დაევალა აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა. დადგენილია, რომ შპს კ-------–-ს მიერ დამატებითი სამუშაოები ხარვეზების აღმოსაფხვრელად აღარ შესრულებულა, ის დაეთანხმა ხელშეკრულების შეწყვეტას და გადაიხადა პირგასამტეხლო.
მოსარჩელე 31 500. 99 ლარის ანაზღაურებას ითხოვს აუდიტორული დასკვნიდან გამომდინარე, თუმცა დასკვნაში არ არის აღნიშნული კონკრეტულად რა სამუშაოები იქნა შესრულებული, ხომ არ შედის მასში პირველი ეტაპით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება, გაურკვეველია როგორ შეადგინა მეორე ეტაპზე შესრულებული თანხის ოდენობამ 31 500. 99 ლარი, როცა პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ დარჩენილი იყო 30 249,14 (65 534.98 -35285.84 = 30 249,14) ლარი. შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს აუდიტის დასკვნას და მასში აღნიშნულ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ოდენობას, რაც მოთხოვნილია სარჩელით.
შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გადაუხდელობის საფუძვლად მოპასუხე მიუთითებს გარკვეულ სამუშაოთა უხარისხოდ შესრულებაზე. მოპასუხეს მთლიანობაში სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ 28 340. 65 ლარის სამუშაოების შესრულება, რაც წარდგენილი იქნა ფორმა 2-იტ, მიეთითა მხოლოდ ცალკეულ ხარვეზებზე, ამიტომ გაურკვეველია რატომ ამბობს უარს იმ სამუშაოთა ანაზღაურებაზე, რაზეც არ განუცხადებია პრეტენზია.
წარმოდგენილი ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვით ფანჩატურის მოწყობისათვის განსაზღვრულია 1500 ლარი, სახურავის მოწყობა პროფნასტილით - 520 ლარი, განათების ლამპიონების მოწყობა - 500 ლარი, სანაგვე ურნების შეძენა 246 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებელმა არ განახორციელა დასახელებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა, ამ სამუშაოთა შესრულება არ უნდა აუნაზღაურდეს, ხოლო დანარჩენი თანხა 25574,65 (28340.65-2766 = 25574,65) უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების დაცვით ახალშენის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების თაობაზე. ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა ახალშენის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განეხორცილებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები და პირიქით მოვალეობის გარდა მეორე მხარის მიმართ გააჩნია მოთხოვნის უფლება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა უფლება მოეთხოვა სამუშაოთა დროული და ხარისხიანი შესრულება. ასევე ჰქონდა უფლება პირობების დარღვევის შემთხვევაში შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა პირგასამტეხლო, რაც იქნა რეალიზებული. ამასთანავე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ევალებოდა სრულყოფილად გადაეხადა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას რომელსაც წარედგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დოკუმენტაცია, არ ჰქონდა საფუძველი უარი ეთქვა მოსარჩელისათვის შესრულებულ იმ სამუშაოთა ანაზღაურებაზე, რაც რეალურად განახორციელა მოსარჩელემ და ამ სამუშაოებზე მოპასუხეს არ განუცხადებია პრეტენზია. უარის თქმა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ასევე ეწინააღმდეგება მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების პირობებს. მოპასუხე მოვალეა ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი გადაუხდელი თანხა 25 574,65 ლარის ოდენობით.
6.6. რაც შეეხება მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც შუამდგომლობა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37--ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში –განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოსარჩელე შპს ,,კ-------–ს“ 984 სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 984 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის ანაზღაურება იმ პროპორციით, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული 767.23 ლარი. (25 574,65 ლარის 3% = 767.23)
მოსარჩელე შპს ,,კ-------–ს’- გადახდილი აქვს ადვოკატის მომსახურების თანხა 500 ლარის ოდენებოთ, რაც დადგენილია სს ,,საქართველოს ბანკში“ საგადასახადო დავალება N1 ქვითრით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილდა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად დაეკისროს 500 ლარის გადახდა.
რაც შეეხება აუდიტის მომსახურებისათვის მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებას, ამ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რამდენადაც აუდიტის დასკვნა სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე შპს ,,კ-------–-“-ს (სადენტ. N4--------) სარჩელი მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს ,,კ-------–-“-ს (სადენტ. N4--------) სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს თანხის ანაზღაურება 25 574. 65 (ოცდახუთი ათას ხუთას სამოცდათოთხმეტი ლარი 65 თეთრი) ლარის ოდენობით;
3. მოპასუხე ხელვაჩარის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს ,,კ-------–-“-ს (სადენტ. N4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილის 767.23 ლარისა და საადვოკატო მომსახურების თანხის 500 ლარის ანაზღაურება.
4. სარჩელის სხვა მოთხოვნები, მათ შორის მოთხოვნა დაუყონებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი,ნიუ-პორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომელზეც გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე