გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5004-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - რ-------------------
წარმომადგენელი - გ----------------------
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები - თ--------------- და გ--------------
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თა---------–----ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის №8--- ბრძანება;
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება №5---------- საჩივარზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 თებერვალს საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა ავტომობილი სახელმწიფო ნომრით 1------, რომელსაც მართავდა აზერბაიჯანის მოქალაქე რ------------------- (პასპორტის №C--------). აღნიშნულმა მოქალაქემ მებაჟე-ოფიცერს განუცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, მათ შორის, არც თანხა 30000 ლარს ზევით, თუმცა ავტომობილში განთავსებულ მის კუთვნილ ჩანთაში აღმოჩნდა 1500 ევრო, 10104 აშშ დოლარი, 950 ლარი, 624 აზერბაიჯანული მანათი და 5 თურქული ლირა, რომელთა საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის კურსით ოქმის შედგენის დროისათვის შეადგინა 31345 ლარი. აღნიშნული პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-12 ნაწილით და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.5).
3.2. რ-------------------ს წარმომადგენელმა 2018 წლის 7 მარტს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
საჩივრის თანახმად, სადავო თანხა არ ეკუთვნოდა რა-----–-----------ს. მისი სატრანსპორტო საშუალებით რა-----–-----------თან ერთად მგზავრობდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები ემი-----------ი, სე------------–--------ი და ელ–-------------ი. აღნიშნული თანხიდან 1500 ევრო წარმოადგენდა ემი-----------ის საკუთრებას, 10104 აშშ დოლარი რ-------------------ს საკუთრებას, 624 აზერბაიჯანული მანათი სე------------–--------ის საკუთრებას, ხოლო 950 ლარი ელ–-------------ის კუთვნილი თანხა იყო. საზღვრის გავლის პროცედურების შესაბამისად სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს მძღოლის, რ-------------------ს გარდა ყველა სხვა პირმა დატოვა სატრანსპორტო საშუალება და საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით მიმართეს ფიზიკური პირების გამშვებს ოფიცერს, ხოლო რა-----–-----------მა სატრანსპორტო საშუალებით განაგრძო საზღვრის გავლის პროცედურები. სატრანსპორტო საშუალების დატოვებისას აღნიშნულმა პირებმა თანხების გაფრთხილების და დაცვის მიზნით ისინი დატოვეს სატრანსპორტო საშუალებაში და ჩააბარეს რა-----–-----------ს. შესაბამისად, რ-------------------ს მიერ არ მომხდარა სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენა.
საჩივარში, ასევე, აღნიშნული იყო, რომ თუ საჭიროების შემთხვევაში მოხდებოდა მოწმეების სახით ზემოჩამოთვლილი პირების წარდგენა, ისინი დაამტკიცებდნენ თანხების კუთვნილებას და მათ წარმომავლობას. საჩივრის თანახმად, ოქმის შედგენის პროცესში რა-----–-----------მა განაცხადა, რომ იგი საზღვარს კვეთდა სხვა პირებთან ერთად და აღნიშნული თანხა მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა, ასევე, მან განუცხადა ოქმის შემდგენს, რომ არ ეთანხმებოდა და სურდა ამის დაფიქსირება ოქმში, რაზედაც განუმარტეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რითიც ოქმის შემდგენმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-5 ნაწილით სამართალდამრღვევისათვის მინიჭებული უფლება, დაეფიქსირებინა საკუთარი შენიშვნები და განმარტებები.
საჩივრის მიხედვით, ოქმის შემდეგნი პირის მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი საქმის გარემოებები. მის მიერ არ გამოკვლეულა, მართლა მგზავრობდა თუ არა რ------–----------თან ერთად მის მიერ მითითებული პირები, ასევე, არ იქნა რ------–----------ისათვის განმარტებული მისი უფლებები, არ იქნა გაცნობილი სამართალდარღვევის ოქმი მის ენაზე, ოქმის შედგენის დროს არ მონაწილეობდა რუსული ან აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, რომელიც უზრუნველყოფდა რ-------------------სათვის საქმის გარემობების სწორად ახსნას და ოქმის შემდგენს დაეხმარებოდა მის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების და გამოთქმული პოზიციის სწორად გადმოთარგმნასა და გარკვევაში. არასწორად იქნა დაანგარიშებული არსებული თანხების ოდენობა ლარებში, რადგანაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 2018 წლის 25 თებერვლის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ოქმში მითითებული თანხები შეადგენს 31342.18 ლარს. ამასთან, რ------------------- არის აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც არ ფლობს ქართულ ენას და ის ვერ გაეცნობოდა თარჯიმნის გარეშე სამართალდარღვევის ოქმს და მის უფლებებს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის №8--- ბრძანებით ზემოაღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ვინაიდან შემოწმებისას მას აღმოაჩნდა დეკალრირებას დაქვემდებარებული საქონელი - 30000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50000 ლარის ოდენობის ნაღდი ფული (15000 დოლარიდა 300 ლარი. ჯამში 31345 ლარის ექვივალენტი), რომლის გადმოტანასაც სამართალდამრღვევი შეეცადა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით. ამდენად, მომჩივნის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, დაკისრებული ჯარიმა კანონშესაბამისია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რ-------------------ს წარმომადგენლის 2018 წლის 7 მარტის საჩივარი (ს.ფ.6-17);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის №8--- ბრძანება (ს.ფ.18-21).
3.3. რა-----–-----------მა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის №8--- ბრძანების გაუქმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ.22-27).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა---–------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 207-ე, 209-ე, 215-ე და 289-ე მუხლები, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 მუხლები, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის №8--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს, ნება დაერთოს, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოაქციოს ჩამორთმეული საქონელი.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
მითითებული კოდექსის 289-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შევიდა რ-------------------, ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით 1------). ავტომობილში განთავსებულ მის კუთვნილ ჩანთაში მებაჟე ოფიცრმა აღმოაჩინა 1500 ევრო, 10104 აშშ დოლარი, 950 ლარი, 624 აზერბაიჯანული მანათი და 5 თურქული ლირა, რამაც ჯამში ეროვნულ ვალუტაში შეადგინა 31345 ლარი. შესაბამისად რ------------------- დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-12 ნაწილით და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით სატრანსპორტო საშუალებით რა-----–-----------თან ერთად მგზავრობდნენ, აზერბაიჯანის მოქალაქეები ემი-----------ი, სე------------–--------ი და ელ–-------------ი. მებაჟე-ოფიცრის მიერ მოსარჩელის ჩანთაში აღმოჩენილი თანხიდან კი 1500 ევრო წარმოადგენდა ემი-----------ის საკუთრებას, 10104 აშშ - დოლარი რ-------------------ს საკუთრებას, 624 აზერბაიჯანული მანათი - სე------------–--------ის საკუთრებას, ხოლო 950 ლარი - ელ–-------------ის კუთვნილი თანხა იყო. საზღვრის გავლის პროცედურების შესაბამისად სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს მძღოლის, რ-------------------ს გარდა ყველა სხვა პირმა დატოვა სატრანსპორტო საშუალება და საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით მიმართეს ფიზიკური პირების გამშვებ-ოფიცერს, ხოლო რაფაელ მამმადვომა სატრანსპორტო საშუალებით განაგრძო საზღვრის გავლის პროცედურები. სატრანსპორტო საშუალების დატოვებისას აღნიშნულმა პირებმა თანხების გაფრთხილების და დაცვის მიზნით ისინი დატოვეს სატრანსპორტო საშუალებაში და ჩააბარეს რა-----–-----------ს. შესაბამისად, რ-------------------ს მიერ არ მომხდარა სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენა.
სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით სასამართლო მოიხმობს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 3 პუნქტს, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს ექვემდებარება 30000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.
ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე გადაადგილებული 30000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების − გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისათვის საქონელი არის მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.
მითითებული ბრძანების 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა - საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი განეკუთვნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს, რომლის მეათე კარი არეგულირებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების შესახებ წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობებს, რომელიც თავისი ბუნებით განეკუთნება სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს. მისი ერთ‑ერთი სუბიექტი უცილობლად არის სახელმწიფო მმართველობის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საბაჟო საქმიანობა წარმოადგენს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას. სამართლებრივი ურთიერთობა საბაჟო სფეროში არის სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების, ფიზიკური და იურიდიული პირების (სამართლის სუბიექტების) სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც წარმოიშობა საბაჟო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალურთიერთობის მონაწილეებს საბაჟო სფეროში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სამართლის ნორმით დადგენილი უფლებანი და მოვალეობანი, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია დარწმუნებით, ანუ კანონმორჩილებით და მისი დარღვევის შემთხვევაში – სახელმწიფო იძულებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით. პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. თუმცა ამასთანავე, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულისა საგადასახადო ორგანოების საქმიანობის შეზღუდვები, რომელიც თავისი არსით მნიშვნელოვანი ხარისხით ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო წარმოების სხვა მონაწილე პირების სამართლებრივ დაცვას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე რომლის თანახმად, მებაჟე-ოფიცერი როდესაც ეკითხება რა-----–-----------ს, აქვს თუ არა დასადეკლარილებელი თანხა, იგი ამბობს რომ არ აქვს, ამასთან აღნიშნავს, რომ აქვს 10000 აშშ დოლარი და ცოტა ლარი. ასევე ამბობს იმასაც, რომ ოთხნი არიან. მებაჟე-ოფიცერის მიერ მისი კუთვინილი ჩანთის დათვალიერების შემდეგ კვალ ცდილობს აუხსნას მებაჟე-ოფიცერს, რომ ოთხნი არიან. ასევე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრების წარდგენისას რ------------------- მუდმივად უთითებდა იმ პირების შესახებ სახელობით, რომლებსაც ეკუთვნოდათ ჩანთაში არსებული თანხებიდან ნაწილი და რომლებიც მასთან ერთად მგავრობდნენ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არც საგადასახადო ორგანოს და არც დავების განმხილველი ორგანოების მიერ არ მომხდარა მოსარჩელის მიერ დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რ------------------- იდენტიფიცირებას ახდენდა იმ პირებისა, რომლებიც მასთან ერთად მგზავრობდნენ და უთითებდა მათ კუთვნილ ვალუტასა და თანხების ოდენობას. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ რ-------------------ს ჩანთაში იყო როგორც დოლარი, ევრო, აზერბაიჯანული მანათი, ისე თურქული ლირა და ლარი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია საქმისათვის მნიშნელოვანი აღნიშნული გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება რ-------------------ს სამართალდამრღვევ პირად მიჩნევის შესახებ.
სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ან/და საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების შედგენა შეიძლება უცხოურ ენაზედაც.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რა-----–-----------ს არ მიეცა შესაძლებლობა მისთვის გასაგებ ენაზე მიეღო ინფორმაცია სამართალდარღვევის შესახებ და დაეფიქისრებინა თავის პოზიცია. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების მიხედვით რა-----–-----------თან გასაუბრება ხდებოდა მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე, ამასთან, რა-----–-----------ს გასაჩივრებული აქვს სადავო სამართალდარღვევის ოქმი როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურში, ისე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, შესაბამისად, მოსარჩელეს არ შეზღუდვია პროცესუალური უფლებები.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის №8--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელის მიმართ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი, რომლის გადახდა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. რ-------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის №8--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
3. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელის მიმართ.
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე