გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/63-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ
15 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - ი----------–--–-–---–ი
წარმომადგენელი - შ---------------–--ე
მოპასუხე: საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი - დ----------–----
დაინტერესებული პირი - მ---------------ი
წარმომადგენელი - ლ--------–--ე
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერი გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
გაუქმდეს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთვარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2019 წლის 23 თებერვალს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ი----------–--–-–---–ი დაახლოებით რვა თვეა იცნობს მ---------------ს, რომელიც სისტემატიურად მიდიოდა ი----------–--–-–---–ის ნაქირავებ ბინაში, ისინი ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ და ი----------–--–-–---–ის განმარტებით, არც მომავალში აპირებდა მასზე დაქორწინებას, რადგან მათი ურთიერთობა იყო დროებითი და მ--- გ---------ი იყო მისი „მეგობარი გოგონა“. ი----------–--–-–---–ი სარჩელში აღნიშნავს, რომ როდესაც მან მ---------------თან გაწყვიტა ურთიერთობა, აღნიშნულმა გაანაწყენა მ---------------ი და იგი წავიდა ქალაქ თბილისში ერთი თვით. მისივე განმარტებით, მ---------------თან ბოლო ერთი თვის განმავლობაში არანაირი ურთიერთობა და კავშირი არ ჰქონია. ი----------–--–-–---–ი აღნიშნავს, რომ იგი არის ავტომანქანების ხელოსანი და მუშაობს ქ. ქუთაისში ნ----ს ქ. N16-62-ში. როდესაც მ---------------ი დაბრუნდა ქ. თბილისიდან იგი მივიდა ი----------–--–-–---–ის სამუშაო ადგილზე, რა დროსაც ი----------–--–-–---–ი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ აკეთებდა ავტომანქანას. მ---------------ი მასთან მივიდა პრეტენზიებით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიღო იქვე დადებული ჩაქუჩი და მნიშვნელოვნად დააზიანა ის ავტომანქანა, რომელსაც ი----------–--–-–---–ი აკეთებდა.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მ---------------ს ავტომანქანა რომ არ დაეზიანებინა შეეცადა შეეჩერებინა იგი, რის გამოც მან მკლავებში ჩასჭიდა ხელი, რა დროსაც მ---------------მა მას გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა სახის არეში დაზიანებები. მ--- გ----------მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რა დროსაც ი----------–--–-–---–ის მიმართ შედგა შემაკავებელი ორდერი. ი----------–--–-–---–ის განმარტებით შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს და მოითხოვს მის გაუქმებას.
2. მოპასუხისა და დაინტერესებული პირის პოზიცია
2.1 მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა ი----------–--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2019 წლის 23 თებერვლის ი----------–--–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მ---------------ის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ხასიათის ძალადობას და არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
2.2. დაინტერესებულ პირის მ---------------ის განმარტებით, მასსა და ი----------–--–-–---–ს შორის ფაქტობრივად არსებობდა ცოლ-ქმრული ურთიერთობა, და ისინი აპირებდნენ ერთად ცხოვრებს გაგრძელებას. იგი წავიდა თბილისში, ხოლო ი----------–--–-–---–ი დაპირდა, რომ ჩააკითხავდა მას. ერთი თვის განმავლობაში ი----------–--–-–---–ი მას არ ეკონტაქტებოდა, არ პასუხობდა არც სატელეფონო ზარს. მას შემდეგ რაც დაბრუნდა ქუთაისში, გადაწყვიტა გაერკვია ურთიერთობა რის გამოც ი----------–--–-–---–ს მიაკითხა სამსახურში, რა დროსაც ი----------–--–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰოქნდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ რადიოსადგური „რ------ის 112“-ის 2019 წლის 23 თებერვლის N478243 შეტყობინების საფუძველზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი გამოცხადდა ქალაქ ქუთაისში, ნ----ს ქუჩა 19/62-ში, სადაც ინიციატორი მ---------------ი, დაბ. 1--- წელს, მცხოვრები: ქალაქი ქუთაისი, უ-----ის ქუჩა N17, ითხოვდა დახმარებას, მასზედ, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რადიოსადგური „რ------ის 112“-ის 2019 წლის 23 თებერვლის N478243 შეტყობინება.
3.1.2. დადგენილია, რომ 2019 წლის 23 თებერვალს, რადიოსადგური „რ-----ს“-ის შეტყობინების საფუძველზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ - ინსპექტორი დ----------–---- გამოცხადდა ქალაქ ქუთაისში, ნ----ს ქუჩა N19/62-ში, სადაც მ---------------ი ითხოვდა დახმარებას მასზედ, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ ი----------–--–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მ---------------ის განმარტებით, დაახლოებით ერთი თვეა, რაც მეუღლეს დაშორდა და ყოფილი მეუღლის სამსახურში მივიდა, რათა გაერკვია ურთიერთობა. მ---------------ის განმარტებით, ი----------–--–-–---–მა მას მიაყენა, როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა და აღნიშნულის გამო მ---------------ი ითხოვდა დახმარებას. ფაქტი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა კრიმინალური პოლიციის N4 განყოფილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 23 თებერვლის რეაგირების ოქმი.
3.1.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 23 თებერვალს 17:24 საათზე მ---------------მა შეტყობინება განახორციელა 112-ში. მან განაცხადა, რომ იგი მივიდა ყოფილ მეუღლესთან სამსახურში, რა დროსაც ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 23 თებერვალს ქუთაისში, ნ----ს ქუჩა N19/62-ში განთავსებულ ავტოსახელოსნოში მ---------------ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ ი----------–--–-–---–მა, რის გამოც ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილებამ დაიწყო გამოძიება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეტყობინების რეგისტრაციის N478130 ბარათი
- გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1
3.1.4. დადგენილია, რომ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის მიერ 2019 წლის 23 თებერვალს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ი----------–--–-–---–ს 30 დღით აეკრძალა მ---------------ის სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. ი----------–--–-–---–ს ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 23 თებერვლის N0----- შემაკავებელი ორდერი.
3.1.5. საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 თებერვლის N5001266419 დასკვნა, რომლის თანახმადაც, მოქალაქე ი----------–--–-–---–ს სხეულზე გაერეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და ნაკაწრების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი - ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქმეში წარმოდგენილია ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 თებერვლის N5001269119 დასკვნა, რომლის თანახმადაც, მოქალაქე მ---------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და ნაკაწრების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი - ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „TOYOTA – PRIUS” მარკის სახელმწიფო ნომრით BB- 334 –BQ ავტომანქანის წინა საქარე მინის, უკანა მარცხენა კარის მინის და პანორამული ჭერის წინა ნაწილის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 650 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
სასამართლო მიუთითებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ხოლო, ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ხოლო, ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
ამდენად, მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.
სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის N81 ბრძანებით რეგულირებულია შემაკავებელი ორდერის დანართი N1 და დანართი N2 ფორმები, რომელიც დაცული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ მისი შევსების დროს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი N N0----- შემაკავებელი ორდერის დანართის ოქმით (დანართი N2) დგინდება, რომ დაცული არ იყო 2019 წლის 23 თებერვალს გამოცემული N0----- შემაკავებელი ოქმის შედგენის დანართი N2-ით გათვალისწინებული პირობა: მე-3 გრაფაში (ინფორმაცია ინციდენტის შესახებ), სადაც შეიტანება ინფორმაცია ინციდენტის თარიღისა და ადგილის შესახებ, ინციდენტის ადგილად მითითებულია ქუთაისი, ნ----ს ქუჩა N19/62. გრაფაში ინციდენტის ადგილზე გამოცხადების თარიღად მითითებულია 23 თებერვალი, 2019 წ. 17:34 სთ. გრაფაში - იმყოფებოდა თუ არა სავარაუდო მოძალადე ინციდენტის ადგილზე (ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოლიცია გამოცხადდა ინციდენტის ადგილზე) სავარაუდო მოძალადის ადგილზე არყოფნის მიზეზად მითითებულია - დატოვა შემთხვევის ადგილი.
საქმეში არსებული N478139 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, ინციდენტის მისამართად მითითებულია იმერეთი, ქუთაისი, ნ----ს ქუჩა 1-ლი ჩიხი, დამატებით ინფორმაციის სახით მითითებულია: გარადოკი სახინკლე ,,ბაგრატთან“. ინიციატორის განმარტებით ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა. ინიციატორი მივიდა ყოფილ მეუღლესთან სამსახურში სადაც ის მუშაობს და იქ მოხდა ფაქტი.
სადავო ოქმის შემდგენის განმარტებით, საპატრულო ეკიპაჟი გამოცხადდა გამოძახების ადგილზე, სადაც დახვდათ მ---------------ი, თუმცა იგი არ იმყოფებოდა ინციდენტის ადგილზე, არამედ იყო ამ ადგილის მოშორებით. ანუ, გამოცხადების ადგილი არ წარმოადგენდა ინციდენტის ადგილს. მისივე განმარტებით, მან ოქმი შეადგინა მხოლოდ მ---------------ის განმარტების საფუძველზე, რადგან სავარაუდო მოძალადე (გამოძახების) ადგილზე არ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც შემაკავებელი ოქმის შეადგინა, მივიდა ი----------–--–-–---–ის სამსახურში (ინციდენტის ადგილი) და ჩააბარა შემაკავებელი ოქმი, რა დროსაც განუმარტა უფლებები. ოქმის შემდგენის განმარტებით, მას ი----------–--–-–---–ის გამოკითხვა არ ჩაუტარებია და შესაბამისად, საქმეშია რ არ წარმოდგენილი მისი ინციდენტის ადგილზე გამოკითხვის ოქმი. ასევე, ინციდენტის ადგილზე, მოწმის სახით არ დაუკითხავს ფაქტის შემსწრე პირები.
ასევე, გრაფა - ძალადობა განხორციელდა მოწმ(ეებ)ის თანდასწრებით - შევსებულია დადებითი პასუხით, თუმცა შენიშვნაში მითითებულია, რომ ინიციატორის განმარტებით მოწმეების სახელები და გვარები მისთვის უცნობია. ხოლო, საქმის განხილვის ეტაპზე სარჩელის ავტორის მიერ დაყენებული შუამდგომლობაზე მოწმის სახით დაკითხული ყოფილიყო ფაქტის შემსწრე პირი ალექსანდრე ხუჯაძე, დაინტერსებული მხარე მ---------------ი დაეთანხმა და განმარტა, რომ ის იცნობს დასაკითხად მოსაწვევ მოწმეს.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ოქმის შემდგენის მიერ არ ყოფილა სრულყოფილად განხორციელებული მისთვის კანონის საფუძველზე დაკისრებული ვალდებულება, იგი არ გამოცხადებულა ინციდენტის ადგილზე (თუმცა ოქმში მითითებულია რომ გამოცხადდა ინციდენტის ადგილზე) ოქმის შედგენამდე მას არ გამოუკითხვას სავარაუდო მოძალადე, არ დაუფიქსირებია მისი პოზიცია ფაქტთან მიმართებაში, არ გამოუყენებია შესაძლებლობა ადგილზე არსებული მონაცემების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ის გარემოება, რომ მოძალადის მხრიდან განმარტების მიღების შეუძლებლობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მან დატოვა ინციდენტის ადგილი (შემაკავებელი ოქმში გაკეთებული ჩანაწერით) არ შეესაბამება საქმის მასალებს და სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული კანონით დადგენილი სავალდებულო პირობების შესრულება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ფაქტის მიმართ მყისიერი და იმ წუთიერი რეაგირება გულისხმობს არა მხოლოდ სავარაუდო მსხვერპლის ჩვენების საფუძველზე რეაგირებას, არამედ იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტის ირგვლივ არსებობს რელევანტური და უცვლელი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, უპირობოდ მოპოვებული და დაფიქსირებული იქნეს ყველა მტკიცებულება, რაც საკითხის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას დაედება საფუძვლად. ინციდენტის შედეგად შემაკავებელი ორდერის შედგენამდე ყველა გარემოების გამოკვლევის ვალდებულება პოლიციის თანამშრომელს კანონით აქვს დაკისრებული. იმის გამო, რომ გამოკითხვის მონაცემები ძალადობის მსხვერპლი ქალების შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, შეგროვებული ინფორმაცია კოორდინირებული ქმედების შედეგად უნდა იქნეს მიღებული. ეს გულისხმობს, რომ მონაცემთა შეგროვება უნდა მიმდინარეობდეს კონკრეტული მიზნებისთვის და ადმინისტრაციული თუ გამოკითხვის მონაცემები მაქსიმალურად ობიექტურ ფაქტებს უნდა ასახავდეს, რათა ერთის მხრივ სავარაუდო მსხვერპლის დაცვის ყველა საშულება იქნეს გამოყენებული და მეორეს მხრივ, სავარაუდო მსხვერპლისა და სავარაუდო მოძალადეს არ ჰქონდეთ შემდგომ ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით მანიპულაციის საშუალება.
მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ის გარემოება, რომ უფლებამოსილი პირის მიერ ეფექტიანად იყო გამოყენებული ყველა რესურსი სათანადო მტკიცებულებისა და ფაქტობრივი გარემოების მოძიება/დაფიქსირებისათვის. აღნიშნული მტკიცების ტვირთის მატარებელი ორდერის შემდგენი უფლებამოსილი პირია, რადგან იგი შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ვალდებულია ადასტუროს შემაკავებელი ორდერის კანონიერება. ფაქტის ყოველმხრივი გამოკვლევის სტანდარტის არარსებობა, საფუძველს აცლის შემაკავებელი ორდერის კანონიერებას და ეჭვქვეშ აყენებს მტკიცებას მსხვერპლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერ დამცავი ღონისძიების საჭიროების თვალსაზრისით, რაც საფრთხეს უქმნის მსხვერპლის დაცვისათვის გამოყენებული ღონისძიების დასაბუთებულობას. სათანადო წესით მოპოვებული მტკიცებულებების არარსებობამ შესაძლებელია ინციდენტის მეორე მხარე არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენოს და წაართვას მისი პოზიციის მტკიცების შესაძლებლობა. კანონი ითვალისწინებს (სავარაუდო) მსხვერპლის დაცვის მრავალ მექანიზმს, თუმცა არ უგულვებელყოფს (სავარაუდო) მოძალადის თავდაცვის საშუალებას, რაც მინიმუმ, შემაკავებელი ოქმის შედგენამდე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაში უნდა გამოიხატოს. ამდენად, სათანადო წესით მოპოვებული მტკიცებულების არარსებობა, როგორც სავარაუდო მსხვერპლისათვის, ისე სავარაუდო მოძალადისათვის თავდაცვის ბერკეტების მოსპობის ტოლფასია.
სასამართლო ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ეკონომიკური თუ სხვა სახის ძალადობის მსხვერპლად, თუმცა აღნიშნული ღონისძიების გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სახელმწიფოს (მისი უფლებამოსილ პირის) მხრიდან ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც პირს აყენებს მკაცრი, შემზღუდავი პირობის შესრულების ვალდებულების წინაშე, კანონის ზედმიწევნით დაცვითა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა ხორციელდებოდეს.
რაც შეეხება თავად ძალადობის ფაქტს, სასამართლოს მოსაზრებით საქმის მასალებისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით არ დასტურდება ი----------–--–-–---–ის მიერ მ---------------ის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოქმედების ფარგლებში.
სასამართლო მიუთითებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის“ (შემდგომ სტამბულის კონვენცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კონვენციის მიზნებია დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. მოცემული კონვენცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას, რაც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე (მუხლი 2.1). კონვენციის მე-3 მუხლი იძლევა ტერმინთა განმარტებას, კერძოდ, მოცემული კონვენციის მიზნებისთვის: ა. „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ბ. „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. გ. „გენდერული“ გულისხმობს სოციალურად დაკავშირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას და მახასიათებლებს, რომლებსაც მოცემული საზოგადოება ქალისა და მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნევს; დ. „ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით“ გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე; ე. „მსხვერპლი“ გულისხმობს ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული ქმედების ობიექტია.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ნათელია, რომ კონვენციის მიზნებში ტერმინის - „ქალთა მიმართ ძალადობა“ მოიაზრება, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, ქალთა მიმართ ძალადობა კი, მათ შორის, ოჯახში ძალადობა, მიიჩნევა მკაფიოდ გენდერული ასპექტით განპირობებულ ფენომენად (რაც ბუნებრივია, არ უარყოფს რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი შეიძლება იყვნენ ბავშვები, მამაკაცები და ბიჭები).
მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ოქმის შემდგენი პირის დ----------–----ს განმარტებით, ი----------–--–-–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზეზს წარმოადგენდა, მ---------------ის განმარტება ი----------–--–-–---–ის მხრიდან მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს მხარეთა განმარტებებზე, რომლის ანალიზის საფუძველზე მივიდა შესაბამის დასკვნამდე, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მ---------------ის მიერ (ერთ შემთხვევაში) მიცემული განმარტების შესაბამისად, 23 თებერვალს იგი მივიდა ი----------–--–-–---–თან სამსახურში, სადაც ეს უკანასკნელი მუშაობს ავტომანქანების შემკეთებლად, მათ შორის არსებული ურთიერთობის გასარკვევად. მ---------------ის თხოვნაზე რომ დალაპარაკებოდა ამ თემაზე, ი----------–--–-–---–მა უარი განუცხადა. მ---------------მა რამოდენიმეჯერ გაუმეორა თხოვნა გარეთ გასვლა და დალაპარაკებაზე, რადგან იქ იმყოფებოდნენ სხვა ადამიანებიც, რის გამოც მას არ სურდა რომ სხვებს მოესმინათ საუბარი. იმის გამო, რომ ი----------–--–-–---–მა მას ყურადღება არ მიაქცია, ამასთან ეუბნებოდა რომ წასულიყო იმ ადგილიდან, ხოლო რადგან მ---------------ს არ უნდოდა გარეთ გასვლა, მობრუნდა და დააზიანა ავტომანქანა.
მ---------------ის (სხვა) განმარტების თანახმად, მან ი----------–--–-–---–ს მოსთხოვა გარეთ გასვლა რათა დალაპარაკებოდა მათ ურთიერთობაზე, რაზედაც ი. ტყეშელაშვილმა უპასუხა, რომ არ უნდოდა საუბარი, რამოდენიმეჯერ გაუმეორა რომ გასულიყო და მიექცია ყურადღება, რაზედაც ი----------–--–-–---–მა უპასუხა რომ არ უნდოდა ლაპარაკი. შემდეგ ი----------–--–-–---–მა მოკიდა მკლავებში ხელები და გაათრია გარეთ. ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ალბათ ამ დროს წაიქცა. ზუსტად ახსოვს ის, რომ უძახდა რაღაც სიტყვებს და ყვიროდა გაათრიე გარეთო. მისივე განმარტების თანახმად, მანქანის დალეწვის ფაქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ მას შემდეგ რაც ი----------–--–-–---–მა მის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ დაარტყა, ,,ეჯიკავებოდა“, წააქცია და ლანძღავდა ცუდი სიტყვებით. აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა იმის საბაბს, რომ მ---------------ს თავი ეგრძნო შეურაცხყოფილად და ძალადობის მსხვერპლად, რამაც განაპირობა მის მხრიდან ავტომანქანის დალეწვა (სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება, ს.ს. საქმის მასალებში არსებული გამოკითხვის ოქმი).
ი----------–--–-–---–ის განმარტებით, იგი ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მასთან სამსახურში მივიდა მ---------------ი, რომელმაც სთხოვა დალაპარაკება. ვინაიდან ი----------–--–-–---–ს არ სურდა მასთან საუბარი მ---------------ს უარი უთხრა გარეთ გასვლაზე და მათ ურთიერთობის შესახებ ლაპარაკზე. აღნიშნულზე გაბრაზებულმა მ---------------მა იქვე არსებული ჩაქუჩით დააზიანა ავტომანქანა რომელიც ი----------–--–-–---–ს მიბარებული ჰქონდა შესაკეთებლად. იმისთვის, რომ არ გაეგრძელებინა დაზიანება მან მკლავებში ჩაავლო ხელები და ცდილობდა მ---------------ის ავტომანქანისგან გარიდებას, მ---------------ი უწევდა წინააღმდეგობას, რა დროსაც ორივემ ნაკაწრების სახით მიიღეს დაზიანება. იმ დროს როდესაც იგი ცდილობდა მ---------------ის გარეთ გაყვანას, ეს უკანასკნელი უწევდა წინააღმდეგობას, რა დროსაც მ---------------ი წაიქცა, შემდგომ წამოდგა და გაეცალა ადგილს. მ---ს მიმართ სალანძღავი სიტყვები არ გამოუყენებია (სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება, ს.ს. საქმის მასალებში არსებული გამოკითხვის ოქმი).
მოწმის თორნიკე აბესაძის განმარტებით, ეზოში შესვლისას მან დაინახა როგორ ეჭირა გოგონას ჩაქუჩი და ურტყამდა მანქანას, ხოლო ი----------–--–-–---–ი ცდილობდა ჩაქუჩის წართმევას და მის სახელოსნოდან გაყვანას. გოგონა უწევდა წინააღმდეგობას, ხოლო ი----------–--–-–---–ს ხელი ჰქონდა მოკიდებული მ---------------ის მკლავებზე და მიყავდა გასასვლელისკენ. ორივე ერთმანეთს ,,ეჯიკავებოდნენ“. როდესაც ი----------–--–-–---–ს მ---------------ი გაყავდა გარეთ, გოგონა თავისით წაიქცა მიწაზე, წინააღმდეგობის გაწევის დროს, შემდეგ ადგა და წავიდა. მ---------------ის მიმართ ი----------–--–-–---–ი სალანძღავ სიტყვებს არ იყენებდა, ხოლო გოგონა ლანძღავდა ი----------–--–-–---–ს (სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება, ს.ს. საქმის მასალებში არსებული გამოკითხვის ოქმი).
სასამართლო მიუთითებს, რომ შემაკავებელი ოქმის შედგენის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ურთიერთობის გარკვევის მიზნით ი----------–--–-–---–ის სამუშაო ადგილზე მისულ მ---------------ს, ი----------–--–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ეუბნებოდა სალანძღავ, დამამცირებელ სიტყვებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიჩნეული იქნეს ფსიქოლოგიურ ძალადობად, ბუნებრივი პირველ რიგში, უტყუარად უნდა იქნეს დადგენილი, რომ აღნიშნული ფაქტს ჰქონდა ადგილი, ხოლო შემდგომ უნდა მიეცეს შეფასება იმ გარემოებას სახეზეა თუ არა ფსიქოლოგიური ძალადობა. ამდენად, სახეზე უნდა იყოს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის შემცველი ისეთი ქმედება, როგორიცაა შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ანუ, სავარაუდო მსხვერპლის მიმართ გამოვლენილი ქმედება უნდა შეიცავდეს ისეთ ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს, რომ იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. ხოლო, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობა უნდა დასტურდებოდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით - წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ. და უნდა იყოს შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროისათვის აქტუალური. საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე არ უტყუარადა არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ი----------–--–-–---–მა რაიმე სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ---------------ს, რომელიც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნობრიობიდან გამომდინარე ფსიქოლოგიურ ძალადობად შეიძლება იქნეს მიჩნეული. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მ---------------ის განმარტებით ასახული გარემოება, რომ ი----------–--–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, საქმეში არსებული და საქმის განხილვის დროს გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება. ხოლო, თავად მ---------------ის განმარტება არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგოა.
რაც შეეხება შემაკავებელი ორდერის გამოწერის მეორე საფუძველს - ფიზიკურ ძალადობას, სასამართლო აქაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა რომლის თანახმად, მ---------------ს აღენიშნება გარკვეულის სახის დაზიანებები, აღნიშნულ გარემოებაზე მიუთითებს თავად დაინტერესებული მხარეც, მხარეთა განმარტების თანახმად, ასევე საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე დართული მტკიცებულებებით არ დასტურდება ი----------–--–-–---–ის მხრიდან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფიზიკური ძალადობის მიზნების არსებობა. სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ან ოჯახური ძალადობა, საქართველოს კანონმდებლობისა და სტამბოლის კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, შეიცავს შემდეგ განმარტებას: ძალადობა არის განზრახ, კონკრეტული შედეგის დადგომის მიზნით მიმართული ქმედება, რომელიც მოძალადის მიერ ხორციელდება მხოლოდ იმის გამო, რომ ძალადობის ობიექტი ქალია (გენდერული ნიშნით ძალადობა) ან, როცა ოჯახის ერთი წევრი ცდილობს დაამყაროს კონტროლი ოჯახის მეორე წევრის - მსხვერპლის ქმედებაზე (არსებობაზე) (ოჯახში ძალადობა). ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა იყოს არა მხოლოდ ქალი, არამედ ნებისმიერი სხვა პირი - ბავშვი, ბიჭი, მამაკაცი თუ მოხუცებული ქალბატონი, სადაც ძალადობის მიზანია მსხვერპლზე კონტროლის დამყარება და გარკვეული სახის სარგებელის (ემოციური, მენტალური, მატერიალური და სხვა) მიღება. მოძალადეს ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ სხვა სახის ძალადობის ელემენტების გამოყენების შემდეგ უმარტივდება მსხვერპლით მანიპულირება, რაც შედეგად მის პიროვნებაზე დომინირებას იწვევს. მოძალადე მიიჩნევს, რომ მისი (ძალადობრივი) ქმედება მსხვერპლთან ურთიერთობაში მეტად ეფექტურია მასთან ურთიერთობის „გასარკვევად“, რადგან სხვა არაძალადობრივი ქმედებებით ვერ ღებულობს იმ ,,შედეგს“ რაც მას ამ ურთიერთობიდან სურს. ამდენად, სახეზე უნდა იყოს ძალადობისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი - ძალადობის განხორციელების განზრახვა და მიზანი.
შესაბამისად, იმისათვის, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნეს მიზნობრივად, ადგილი უნდა ჰქონდეს ქალის, როგორც ,,გენდერის“ მიმართ ძალადობას, რაც სოციალურად კონსტრუირებულ როლებიდან გამომდინარე, მოძალადის მხრიდან მოიცავს ქცევის ან მახასიათებლების გამოყენებას, რომლსაც კონკრეტული საზოგადოება ქალისათვის ან მამაკაცისათვის შესაფერისად მიიჩნევს და რაც თანხვედრაში მოდის მათი სტერეოტიპულ ურთიერთობების მოდელთან. მოძალადის ქმედება ქალთა მიმართ (ან/და ოჯახში) ძალადობას გააზრებულ მნიშვნელობას უნდა სძენდეს გენდერულ ჭრილში. ამ ურთიერთობის მოტივაციას აქცევდეს ოჯახში ძალადობის გამოყენების სფეროში, რაც სათანადო ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირების საფუძველი უნდა იყოს. ამდენად, იმისათვის რომ ი----------–--–-–---–ის მხრიდან მ---------------ის მიმართ განხორციელებული ქმედება ჩაითვალოს ძალადობად ის უნდა წარმოადგენდეს მოძალადის განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია ქალის, როგორც ძალადობის ძირითად მოტივად არსებულ სუბიექტის მიმართ, ან უნდა ეფუძნებოდეს მოძალადის სურვილს ოჯახში - როგორც ვიწრო სოციალურ სივრცეში - წარმოადგენდეს დომინანტ სუბიექტს, რაც ქალის და მამაკაცს შორის ძალაუფლების არათანაბარი განაწილების მიზეზია და იწვევს ქალის დაქვემდებარებულ მდგომარეობას როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სავარაუდო მსხვერპლის მ---------------ის ჩვენება არათანმიმდევრულია, ერთ შემთხვევაში განმარტავს, რომ იმის გამო, რომ ი----------–--–-–---–მა არ მიაქცია ყურადღება, გაბრაზდა და ყურადღების მიღების მიზნით, სიბრაზისა და აღელვების გამო დააზიანა ავტომანქანა, რაშიც ხელის შეშლა უნდოდა ი----------–--–-–---–ს (რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება). მეორეს მხრივ განმარტავს, რომ ი----------–--–-–---–ის მხრიდან ჰქონდა ადგილი მის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რამაც გამოწვია მისი აღელვება რაც ავტომანქანის დაზიანებაში გამოიხატა. მისივე განმარტებით, სხვა დროს ი----------–--–-–---–ის მხრიდან მის მიმართ, ადგილი არ ჰქონია რომელიმე სახის ძალადობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის სამართლებრივი მოქმედების პრინციპი ეყრდნობა მხარეთა შორის არსებული იმწუთიერი, კონკრეტულ დროში აღმოცენებული კონფლიქტის სწრაფი რეაგირებით მოწესრიგებას, რათა სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე მხარეები (მსხვერპლი და მოძალადე) დაცულები იყვნენ შემდგომი ვითარების ესკალაციისგან და იმ საფრთხეებისგან, რაც შეიძლება დაპირისპირებული მხარეების ქმედებამ გამოიწვიოს. სასამართლოს, საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ ი----------–--–-–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის დარღვევას. მისი მხრიდან არ იკვეთება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელი ნიშნები (გენდერული სტერეოტიპები და გენდერულად მიკერძოებული ჩვეულებები, ტრადიციები), რომელიც ზეგავლენას მოახდენდა ქცევის იმ მოდელზე, რომელიც ძალადობის გამოვლინებაში გამოიხატებოდა. მისი ქმედება განპირობებული იყო მ---------------ის ქმედების მოგერიებით და ზიანის თავიდან აცილების მოტივით. შესაბამისად, ზიანის თავიდან აცილებით გამოწვეული დაპირისპირება, ვერ იქნება მიჩნეული ამ კონკრეტულ საქმეზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობად და საფუძვლად ვერ დაედება შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვებას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით დამკვიდრებული მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა-განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, რაც 2019 წლის 23 თებერვალს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი----------–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის დ----------–----ს მიერ 2019 წლის 23 თებერვალს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი.
3. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი