გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.02.2019
საქმის ნომერი
080310017002191493
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310017002191493

საქმე №3/1375-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე, ნათია გავაშელაშვილი

მოსარჩელე - გ--------------–--ე

მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურა

წარმომადგენელი - ნ---------------ე

მოპასუხე - საქართველო პარლამენტი

წარმომადგენელი - მა----------------------------------ი

მოპასუხე - საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

მესამე პირი (ასკ-ის 16.1-ე მუხლი) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ---------------–--ე

მესამე პირი (ასკ-ის 16.1-ე მუხლი) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი;

წარმომადგენელი - ქე------------–--------ე

მესამე პირი (ასკ-ის 16.1-ე მუხლი) - საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია

წარმომადგენელი - ნ---------------ე

მესამე პირი (ასკ-ის 16.1-ე მუხლი) - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა;

წარმომადგენელი - ნ---------------ე

მესამე პირი (ასკ-ის 16.1-ე მუხლი) - საჩხერის რაიონული პროკურატურა;

წარმომადგენელი - ნ---------------ე

მესამე პირი (ასკ-ის 16.1-ე მუხლი) - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;

წარმომადგენელი -ბ--------------ე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ახალი კომისიის შექმნა 2012 წლის 30 ნოემბრის N8 ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით გ--------------–--ის პოლიტ-პატიმრის საკითხთან დაკავშირებით.

 

1.2. დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--------------–--ე (პ/ნ 5----------) ცნობილი იქნება პოლიტიკურ პატიმრად.

 

მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლიდან არის ჭეშმარიტი-ნამდვილი პოლიტ დევნილი, ხოლო პოლიტ პატიმარი 2012 წლის 24 აგვისტოს. მხარე აღნიშნავს, რომ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, რამდენიმე საათით, თუნდაც რამდენიმე წუთით იგივეა, რაც თავისუფლების აღკვეთა, თუნდაც უვადოდ, პატიმარი-პატიმარია, შესაბამისად მიაჩნია, რომ მისი საქვეყნოდ დარღვეული უფლებები უნდა აღდგეს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საქართველოს პარლამენტმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ხოლო სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.2. მოპასუხე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და ინტეგრაციის კომიტეტს შესაგებელი არ წარმოუდგენია, წარმომადგენელი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

2.3. მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. მესამე პირთა პოზიცია

 

3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მ---------------–--ემ სარჩელი არ ცნო.

3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქე------------–--------ემ სარჩელი არ ცნო.

3.3. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის, საჩხერის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა ნ---------------ემ სარჩელი არ ცნო.

 

3.4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელმა ბ--------------ემ სარჩელი არ ცნო.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, რომ გ--------------–--ე 1992-1993 წლებში ირიცხებოდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის ჭიათურის კომიტეტში და როგორც იმჟამინდელ ხელისუფლებასთან ოპოზიციაში მყოფი განიცდიდა შევიწროებას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 30-1/12-6 ცნობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 36).

 

3.1.2. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 27 დეკემბრის №10645/4-2 წერილის შესაბამისად დადგენილია, რომ 2012 წლის 8 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა გ--------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა 2012 წლის 24 აგვისტოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც სოფლის მოსახლეობის თვალწინ, რომელიც შეკრიბეს პრეზიდენტის დასახვედრად, პოლიციის მუშაკების დავალებით, გაიტაცეს ის და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ყველა დამნაშავე პირი მიცემული იქნას სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

 

დადგენილია, რომ 2012 წლის 27 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა გ. ბ-----–--ის 2012 წლის 8 ნოემბრის განცხადება მასში მითითებული ფაქტების შემდგომი შესწავლისა და სათანადო რეაგირების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.12.2012 წლის №10645/4-2 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 59).

 

3.1.3. ჭიათურის რაიონული სამმართველოს 2015 წლის 31 მაისის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გ--------------–--ის ცემის ფაქტზე (სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაწყებული გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დადგენილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 76-77).

3.1.4. დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2014 წლის 16 ივლისის №7180/4-2 წერილით გ--------------–--ეს ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე შექმნილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე წარდგენილი პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო 5.12.2012 წლის დადგენილება №76-1 ს, რომლითაც განისაზღვრა 190 პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და 25 პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირი. სიაში შესაყვან პირთა დადგენის პროცესთან დაკავშირებით ამავე წერილით განმარტებულია, რომ როგორც პარლამენტის დადგენილებაში ცალსახად არის მითითებული, სია შეადგინა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა სამართლის დარგის აღიარებული ექსპერტებისგან, ასევე იმ უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომლებიც მაღალი ნდობით სარგებლობენ და გამოირჩევიან დიდი გამოცდილებით ადამიანის უფლებათა სფეროში. ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნები განხილული იქნა და დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ.

 

სამუშაო ჯგუფი იყო აბსოლუტურად ღია, განეხილა ნებისმიერი იმ პირი საქმე, ვინც შესაბამისი განცხადებისა და თანდართულ დოკუმენტაციას წარმოადგენდა 2012 წლის 19 ნოემბრამდე. არ არსებობდა რაიმე შეზღუდვა და ლიმიტი. პარლამენტმა თავიდანვე თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა ყველა პირი, როდესაც მისცა განცხადებების წარდგენის შესაძლებლობა.

 

ამავე წერილით, გ--------------–--ეს განემარტა, რომ მისი მოთხოვნა პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსის მინიჭებაზე, კომიტეტში (განცხადებების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2012 წლის 19 ნოემბერი) წარდგენილი იქნა მხოლოდ 2013 წლის 6 თებერვალს. ამასთან განმცხადებელს ეცნობა, რომ მისი განცხადებების საფუძველზე კომიტეტმა შესაბამისი შუამდგომლობებით მიმართა პროკურატურის ორგანოებს, რაზედაც სამივე მათგანზე კომიტეტმა მიიღო პასუხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 7180/4-2 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 32-33).

 

3.1.5. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით გ--------------–--ეს უარი ეთქვა სარჩელის (მოთხოვნაზე - დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გამოსცეს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გ--------------–--ის პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირის სტატუსის მინიჭების შესახებ) დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა 2015 წლის 30 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 224-231).

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 6 დეკემბრის N472/4-2 საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წერილით, გ--------------–--ეს ეცნობა, რომ კომიტეტი გაეცნო განცხადებას - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირის სტატუსის მინიჭების, პარლამენტის 05.12.2012 N76-1 დადგენილებაში ცვილების შეტანის, ამ მიზნით კომისიის შექმნის და კომიტეტის სხდომის N8 ოქმში 30.11.12 ცვლილების შეტანის, რომლითაც დამტკიცებული იქნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სიაში დასახელებული მსჯავრდებულები და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიაში დასახელებული პირების თაობაზე. გ--------------–--ეს განემარტა, რომ მის მიერ კომიტეტში შეტანილი 07.04.2014 წერილთან დაკავშირებით, რომლითაც იგი ითხოვდა ინფორმაციას, მიენიჭებოდა თუ არა მას პოლიტიკური ნიშნით დევნილი სტატუსი, კომიტეტის 2014 წლის 16 ივლისის N7180/4-2 წერილით განემარტა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი. კერძოდ, მითითებული წერილით ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N3) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთი თვის ვადით შექმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფმა დაიწყო მუშაობა 2012 წლის 1 ნოემბერს და დაასრულა 2012 წლის 30 ნოემბერს. სამუშაო ჯგუფი იყო აბსოლუტურად ღია, განიხილა ნებისმიერი იმ პირის საქმე, ვინც შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციას წარადგენდა 2012 წლის 19 ნოემბრამდე. არ არსებობდა რაიმე შეზღუდვა და ლიმიტი. გ. ბ-----–--ის განცხადება კომიტეტში წარდგენილი იქნა 2013 წლის 6 თებერვალს. შესაბამისად, საკითხი ვერ იქნა განხილული სამუშაო ჯგუფის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 472/4-2 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 34);

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2016 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება/საჩივრით მიმართა გ--------------–--ემ და ახალი კომისიის შექმნა ითხოვა პოლიტიკური ნიშნით დევნილ და დაპატიმრებულ პირთა საქმეების შესასწავლად და ასაღიარებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჩივარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 311-318);

 

3.1.8. დადგენილია, რომ 2017 წლის 8 დეკემბერს საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა გ--------------–--ემ და მოითხოვა პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კანცელარიის მიღების ბარათი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 197);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულება; ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის დადგენილება; საქართველოს პროკურატურის შესახებ კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს აღძრას სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამ სახის სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს მოთხოვნილი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგო უარის თქმა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ამგვარი სასარჩელო მოთხოვნისათვის აუცილებელია ისეთი წინაპირობის არსებობა, როგორიცაა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაინტერესებული პირის მოთხოვნით ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარის თქმა. უარის თქმაში იგულისხმება, როგორც წერილობითი უარი, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უარის თქმად განიხილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა, დადგენილ ვადაში აქტის არ გამოცემა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გ--------------–--ის დაზუსტებული მოთხოვნას წარმოადგენს: 1) დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ახალი კომისიის შექმნა 2012 წლის 30 ნოემბრის N8 ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით გ--------------–--ის პოლიტ-პატიმრის საკითხთან დაკავშირებით, 2) დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი - გ--------------–--ის პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს არსებობს თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ერთ-ერთ მოპასუხედ დასახელებულია საქართველოს პარლამენტი, თუმცა მის მიმართ მოთხოვნა მას არ წარმოუდგენია.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს (2018 წლის 23 მარტის რედაქციით) საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის სტატუსს და უფლებამოსილებას, კერძოდ მითითებული მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, რომელსაც პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი. რეგლამენტს აქვს კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. ხოლო 41.2-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტში იქმნება კომიტეტები.

 

2018 წლის 6 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი (შემდგომ − პარლამენტი) არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის პარლამენტის წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს პარლამენტი უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 .,,ბ“ პუნქტის თანახმად, პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტია - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. ხოლო, 46-ე მუხლის შესაბამისად კი, კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფებს. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდნენ პარლამენტის წევრები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2016 წლის 21 ნოემბრის N1/13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით, პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N3) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთი თვის ვადით შექმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ასევე დადგენილია, რომ ჯგუფმა დაიწყო მუშაობა 2012 წლის 1 ნოემბერს და დაასრულა 2012 წლის 30 ნოემბერს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ დამტკიცებული სიების შესაბამისად დასადგენი იყო იმ პირთა სია, რომლებიც მიიჩნეოდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად. საქართველოს პარლამენტს უნდა უზრუნველყო აღნიშნული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები. ამდენად, სამუშაო ჯგუფის მიზანი იყო დაედგინა მათთან შესულ განცხადებებსა და სიებში მითითებული პირები წარმოადგენენ თუ არა პოლიტიკურ პატიმრებს. აღნიშნული ხდებოდა 2012 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული №1900 რეზოლუციის შესაბამისად, რომლითაც დაადგინა პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია. რეზოლუციის მე-3 პუნქტის a, c, d და e ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი იყო ის ძირითადი კრიტერიუმები, რაც შეიძლება პირის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის განმსაზღვრელი გამხდარიყო. ასეთ კრიტერიუმებად რეზოლუციის თანახმად მიჩნეული იქნა დაკავების (დაპატიმრების) დროს ისეთი ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა რომლებიც დაცულია და გადმოცემულია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასა და მისი ოქმებში.

 

2012 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა დადგენილება ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ’’. დადგენილების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №3) შექმნილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე წარმოდგენილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიების საფუძველზე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად მიჩნეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №8) დამტკიცებულ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სიაში დასახელებული მსჯავრდებულები (დანართი №1). პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად მიჩნეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №8) დამტკიცებულ პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიაში დასახელებული პირები (დანართი №2).

 

დადგენილია, რომ კონკრეტული სამუშაო ჯგუფი განიხილავდა ნებისმიერი იმ პირის საქმეს, ვინც შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციას წარადგენდა 2012 წლის 19 ნოემბრამდე. საქმის მასალების თანახმად, ასევე დადგენილია, რომ გ--------------–--ის საკითხი აღნიშნული კომისიის მიერ არ იქნა განხილული იმ მიზეზის გამო, რომ მის მიერ განცხადება არ იქნა წარდგენილი დადგენილ ვადაში, არამედ მოსარჩელემ კომიტეტს მხოლოდ 2013 წლის 6 თებერვალს მიმართა. ანუ იმ დროს, როდესაც აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფის მიერ დასრულებული იყო ყველა პროცედურა და მიღებული იყო გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, რომლითაც იგი ითხოვს დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ახალი კომისიის შექმნა 2012 წლის 30 ნოემბრის N8 ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით, გ--------------–--ის პოლიტიკური ნიშნით ცნობის საკითხთან დაკავშირებით, სცდება საკანონმდებლო ნორმებით დადგენილ სამართლებრივ საფუძვლებს ვინაიდან, როგორც დადგენილია, კომისია - სამუშაო ჯგუფი შექმნილი იყო დროებით კონკრეტული საკითხთან დაკავშირებით საკითხის განხილვისა და დაინტერესებული პირების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრების მიზნით. ის გარემოება, რომ ნებისმიერ პირს ჰქონდა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად მიემართა კომისიისათვის მისი პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად აღიარების მოთხოვნით, არ ნიშნავდა რომ განმცხადებელს მხოლოდ მიმართვის საფუძველზე წარმოეშობოდა პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი. სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იყო იმ მთელ რიგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომელიც წარდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების გათვალისწინებით, კომისიის კომპეტენტური წევრების მიერ ყველა გარემოების გამოკვლევის, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგს წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ გ--------------–--ის მიერ განაცხადი წარდგენილი იქნა ვადის დარღვევით, რაც ბუნებრივია, ვერ გახდებოდა კომისიის მსჯელობის საგანი. ხოლო ის გარემოება, რომ მას გარკვეული, პირადი ობიექტური თუ სუბიექტური გამოცდილებაზე დამყარებული მოსაზრება გააჩნია იმის თაობაზე, რომ იგი წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირს, ვერ დაედება საფუძვლად მოთხოვნას, რომ საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შექმნას ახალი კომისია, რომელიც 2012 წლის 30 ნოემბერს N8 სხდომის ოქმში შეიტანს ისეთი სახის ცვლილებას, რომლითაც მოსარჩელე აღიარებული იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-4.3 მუხლით განსაზღვრულია მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით (მე-4.5 მუხლი). სასამართლო მიუთითებს, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპისა და ქვეყანაში სამართლებრივ სფეროს მოქმედების გათვალისწინებით, არ არსებობს ნორმატიული დანაწესი, რომლითაც სასამართლო საკონსტიტუციო ორგანოს - საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უფლებამოსილებისა თუ კომპეტენციის გათვალისწინებით, რომლითაც 2012 წელს დროებით შექმნილი კომისიას ისევ იმ სამართლებრივ მდგომარეობაში დაბრუნებას დაავალდებულებს, რათა განხილული იქნეს მოსარჩელის მოთხოვნა შესაბამისი შედეგის დადგომის თვალსაზრისით. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს გ--------------–--ის მიმართ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ან სხვა დოკუმენტი რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მისი რაიმე მიზეზის გამო პატიმრობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ გ--------------–--ე არ ყოფილა დაპატიმრებული ან/და ძებნილი, რაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი ჯგუფს გ--------------–--ის განცხადების განხილვის შედეგად, მისთვის პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსი მინიჭების შესაძლებლობას მისცემდა. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ ვერც საქმის განხილვის დროს ყოფილა წარმოდგენილი.

 

6.3. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--------------–--ე ცნობილი იქნება პოლიტიკურ პატიმრად, სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 65.1-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.

 

,,პროკურატურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროკურატურა კანონით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას; დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობის იმ ნაწილს, რომელიც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ექცევა საპროკურორო უფლებამოსილების ფარგლებში; ე) რეაგირებას ახდენს თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს იმ დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს აღასრულებენ; ვ) სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; ზ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში; თ) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ი) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და დანაშაულის პრევენციას.

 

,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანების პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი უმაღლესი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.

 

მთავარი პროკურატურის საქმიანობის სფერო განსაზღვრულია ამავე ბრძანების მე-3 მუხლით, რომლის თანახმად, მთავარი პროკურატურა კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას; დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს; ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას; თ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ი) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში; კ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემას და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემას; ლ) ანაზღაურებს მის სისტემაში საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯებს; მ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი - გ--------------–--ის პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს სამართლებრივი ნორმების მოთხოვნებიდან, რადგან ის საკანონმდებლო ნორმატიული თუ კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს გენერალური პროკურატურის საქმიანობის სფერო და კომპეტენცია, არ ითვალისწინებს უფლებამოსილებას, რომლითაც გენერალური პროკურატურა აღჭურვილი იქნებოდა შესაძლებლობით გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--------------–--ე ან ნებისმიერი სხვა პირი ცნობილი იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად. აღნიშნული საქმიანობა სცდება საქართველოს გენერალურ პროკურატურისათვის კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებას და შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატს და სათანადო მოპასუხეს, ამ ნაწილში, საქართველოს გენერალურ პროკურატურა არ წარმოადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს იმ პირის მიერ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლის მოსაზრებითაც ადგილი აქვს მის უფლებაში ჩარევას ან მისი უფლების უკანონო შეზღუდვას ან უგულვებელყოფას, რა დროსაც სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, რომლის შედეგად ასკვნის თუ რამდენად შესაბამისობაშია სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივი მდგომარეობის და სათანადო საკანონმდებლო ნორმის განსაზღვრულობასთან. ამდენად სასამართლოს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეფასებით დადგენილად მიაჩნია, რომ გ--------------–--ე არ ყოფილა დაპატიმრებული ან/და ძებნილი პირი, მის მიმართ არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, მის მიერ განაცხადი პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად აღიარების მოთხოვნით არ ყოფილა წარდგენილი დადგენილ ვადაში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფში, რაც სამუშაო ჯგუფის განხილვის საგანი გახდებოდა, რის გამოც გ--------------–--ის მოთხოვნა - დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ახალი კომისიის შექმნა 2012 წლის 30 ნოემბრის N8 ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით გ--------------–--ის პოლიტ-პატიმრის საკითხთან დაკავშირებით და დაევალოს საქართველოს პარლამენტს გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი - გ--------------–--ის პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ მოკლებული სამართლებრივ საფუძველს, რადგან არ არსებობს სამართლის ნორმა რომელიც შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაედებოდა საფუძვლად, აღნიშნული გარემოებები კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ--------------–--ის სარჩელი წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე აღძრულ სარჩელეს და შესაბამისად მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი