გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210016001284981
# 2-2554/2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: ზუ--------–--ე
წარმომადგენელი: კა-------–-------–---–ი
მოპასუხე: რე--------–--ე
წარმომადგენელი: შა-----------ე
დავის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ზუ--------–--ე დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვს: - ზუ--------–--ისა და რე--------–--ის თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ქონება მდებარე: ქ. ქო----–-----------–-----–------------ს №9-, ბინა #1-, საკადასტრო კოდი #2--1-.0-.--------1-, - საზიარო უფლება გაუქმდეს საზიარო საგნის რეალიზაციის გზით. - რეალიზაციის შემდეგ ამოღებული თანხა საზიარო საგნის მონაწილეთა შორის განაწილდეს თანაბრად – ზუ--------–--ეს - 1/2 ოდენობით, რე--------–--ეს - 1/2 ოდენობით. მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: - ქ. ქო----–-----------–-----–------------ს №9-, ბინა #1-–ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს ზუ--------–--ისა და რე--------–--ის თანასაკუთრებას, რომელიც მიიღეს მემკვიდრეობით. ბინის საერთო ფართია 49,40 კვ.მ. - ზუ--------–--ე და მისი ოჯახის წევრები არ ცხოვრობენ ამ ბინაში, ცხოვრობს მოპასუხე. მოსარჩელეს, მის შვილებს მოპასუხის მხრიდან არ ეძლევათ საშუალება, თუნდაც დროებით ისარგებლონ საზიარო ქონებით, მოპასუხე არ აძლევს ამ ფართით სარგებლობის უფლებას. - მხარეები ვერ თანხმდებიან საზიარო უფლების მართვაზე. ამიტომაც თანაზიარი საკუთრების სარგებლობა შეუძლებელი გახდა. ქონების ერთგვაროვან ნაწილებად, საბაზრო ღირებულების შემცირების გარეშე გაყოფა შეუძლებელია, რის გამოც მოითხოვს საზირო უფლება გაუქმდეს ქონების რეალიზაციის გზით. (იხ. სარჩელი, შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ და ახსნა-განმარტებები 07.12.2018წ. სხდომის ოქმში).
2. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის პოზიცია ემყარება შემდეგ გარემოებებს:
- აღნიშნული ქონება მოსარჩელესთან ერთად, არიან რა ძმები, მიიღო მემკვიდრეობით, მოსარჩელე ცდილობდა მთლიანი ქონება მას მიეღო საკუთრებაში.
- მოსარჩელე ცოლ-შვილთნ ერთად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და როცა საქართველოში ჩამოდიან, გააჩნია რა საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, იქ რჩებიან. მოპასუხეს არასდროს არ დაუშლია მათთვის სადავო ბინაში მოსვლა და მისით სარგებლობა, ბინა საზიაროა და ეს მისთვის ცნობილია.
- მოსარჩელე ზუ--------–--ეს გააჩნია მისადმი ვალი, თუმცა მოპასუხეს არ მოუთხოვია მისგან, რომ გაეყიდათ საზიარო ბინა და ვალი გადაეხადა.
- გარდა ზემოაღნიშნულისა, საზიარო ბინაში მოპასუხემ ჩაატარა კაპიტალური რემონტი მთლიან ფართზე, მოსარჩელეს კი არ გამოუხატავს პრეტენზია მის წილ ნახევარ ფართზეც რემონტის ჩატარების გამო.
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. ქო----–---–--------–-----–------------ს №9-, ბინა #1-–ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს ზუ--------–--ისა და რე--------–--ის თანასაკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
3.1.2. საზიარო ქონებაში, 1/2 ნაწილი მოსარჩელე ზუ--------–--ეს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი1/2 ნაწილი კი მოპასუხე რე--------–--ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
3.1.3. მოსარჩელემ თავდაპირველად მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება, შემდეგ კი, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დააზუსტა მოთხოვა და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით. მოპასუხე სადავოდ არ ხდის, რომ საზიარო უძრავი ქონების ერთგვაროვან ნაწილებად, საბაზრო ღირებულების შემცირების გარეშე გაყოფა შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ და ახსნა-განმარტებები (იხ. 07.12.2018წ. სხდომის ოქმი).
3.1.4. მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ქ. ქო----–---–--------–-----–------------ს №9-, ბინა #1-–ში მდებარე საზიარო უძრავი ქონების ერთგვაროვან ნაწილებად, საბაზრო ღირებულების შემცირების გარეშე გაყოფა შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადავო არაა, რომ სადავო ქონება საზიაროა და ერთგვაროვან ნაწილებად, საბაზრო ღირებულების შემცირების გარეშე მისი გაყოფა შეუძლებელია. მათ შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რომ გააჩნია თუ არა მოსარჩელეს მოპასუხისადმი ვალი, მოპასუხის მიერ ბინის ფართზე კაპიტალური რემონტის ჩატარება და სხვა საკითხები არ წამოადგენს დავის საგანს, აღნიშნულის თაობაზე სარჩელი/შეგებებული სარჩელი აღძრული არ არის და სასამართლო ვერ იმსჯელებს მასზე.
3.2.2. ის საკითხი, რომ გაუქმდეს უნდა თუ არა საზიარო უფლება ქონების რეალიზაციის გზით, - წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
3.2.3. სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვითაც საზიარო ქონების ნატურით გაყოფა ისე, რომ არ შეიცვალოს თითოეული მესაკუთრის წილი ქონების ღირებულება, დანიშნულება, სარგებლობის წესი და სხვა მსგავსი ტექნიკური საკითხები, - შეუძლებელია. ექსპერტიზის დასკვნა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში, ექსპერტიზის დასკვნა).
სა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შეუძლებელია საზიარო საგანი გაიყოს ისე, რომ არ შეიცვალოს თითოეული მესაკუთრის წილი ქონების ღირებულება, დანიშნულება, სარგებლობის წესი და სხვა მსგავსი ტექნიკური საკითხები. სწორედ აღნიშნულის გამო, საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს ქონების რეალიზაციის გზით და მიღებული შემოსავალი უნდა განაწილდეს წილების შესაბამისად.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.
2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
5.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად.
5.3. საქართველოს სკ-ის 953-ე მუხლით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
5.4. საქართველოს სკ-ის 954-ე მუხლით, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ქ. ქო----–---–--------–-----–------------ს №9-, ბინა #1-–ში მდებარე საზიარო უძრავი ქონება წარმოადგენს ზუ--------–--ისა და რე--------–--ის თანასაკუთრებას, თანაბარი წილით. ანუ, საზიარო ქონებაში, 1/2 ნაწილი ზუ--------–--ის, 1/2 რე--------–--ის საკუთრებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზიარ უფლებაში ქონებათა წილი განსაზღვრულია. ისინი ქონების იდეალური წილის მესაკუთრეები არიან. ქონებაში იდეალური წილის ქონა ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შორის საკუთრება რეალურად არაა გაყოფილი და რომელი ნაწილია თითოეული თანამესაკუთრის საკუთრება, - არაა დადგენილი.
5.5. მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმების ნაწილში გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, კერძოდ თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვს საზიარო უფლების გაუქმება.
5.6. სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლით ,,თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. ”
სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმების ორი გზა არსებობს. საზიარო უფლება შეიძლება გაუქმდეს ნატურით გაყოფით ან გაყიდვით. კანონი ადგენს რიგითობას. პირველ რიგში გამოყენებული უნდა იქნას საზიარო უფლების ნატურით გაყოფის შესაძლებლობა. თუ ასეთი შესაძლებელობა არ არსებობს და მხარეებს მაინც სურთ საზიარო უფლების გაუქმება, მაშინ დღის წესრიგში დგება საქ. სკ-ის 964-ე მუხლით საზიარო უფლების გაუქმების წესი, რომელიც საზიარო უფლების გაუქმების განსაკუთრებული წესია. ნივთის რეალიზაციითა და ამონაგები თანხის განაწილებით, საზიარო უფლება უქმდება. ამ ნორმის საფუძველზე საზიარო უფლების გაუქმებისათვის აუცილებელია შესაბამისი წინაპირობების დაცვა. ეს წინაპირობა კი არის ის, რომ მტკიცებულებებით დადგენილი უნდა იყოს, რომ ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია. თუ ქონების ნატურით გაყოფა შესაძლებელია, მაშინ დაუშვებელია გამოყენებული იქნეს საზიარო ქონების გაყიდვის გზით საზიარო უფლების გაუქმებისათვის საქ. სკ-ის 964-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. ამ პირობის დაუცველობა ხელყოფს სხვა მესაკუთრის კანონიერ ინტერესს. მათი საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ საზიარო საგნის გაყოფა ისე, რომ არ შეიცვალოს თითოეული მესაკუთრის წილი ქონების ღირებულება, დანიშნულება, სარგებლობის წესი და სხვა მსგავსი ტექნიკური საკითხები, - შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია თითოეული ნაწილის გამოყენება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. ასეთ შემთხვევაში საზიარო უფლების გაუქმების მხოლოდ ერთი გზაა - მისი რეალიზაცია. მოსარჩელის უფლებას კანონი იცავს. ამიტომაც მას თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს მისი საკუთრების უფლება და მოითხოვს საზიარო უფლების გაუქმება მისი რეალიზაციის გზით. ამდენად სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ქ. ქო----–---–--------–-----–------------ს №9-, ბინა #1-–ში მდებარე საზიარო უძრავი ქონების ზიარი უფლება უნდა გაუქმდეს მისი რეალიზაციის გზით.
5.7. საზიარო უფლების საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა წარმოადგენს მესაკუთრეების საკუთრებას და იგი უნდა განაწილდეს საკუთრების წილების პროპორციის მიხედვით. წინასწარ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა ფასში გაიყიდება საზიარო საგანი, ამიტომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაასახელოს ციფრი, რასაც მიიღებენ რეალიზაციის შემდეგ მხარეები. შესაბამისად რეალიზაციის შემდეგ ამოღებული თანხა საზიარო საგნის მონაწილეთა შორის უნდა განაწილდეს თავინთი წილების შესაბამისად: ზუ--------–--ემ უნდა მიიღოს თანხის 1/2 ნაწილი, რე--------–--ემ - 1/2 ნაწილი.
7. საპროცესო ხარჯები: 7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს. სასამართლომ საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა გაინგარიშა საქ. სსკ-ის 39 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტების და 41-ე მუხლების პირველი ნაწილის ,,კ“ პუნქტების შესაბამისად. მათი მოთხოვნის დაცვით საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟი შეადგენს 120 ლარს. სახ. ბაჟის თანხა მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი. რადგანაც სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, ამიტომ ბაჟის თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე-270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზუ--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. ქ. ქო----–---–--------–-----–------------ს №9-, ბინა #1--ში (საკადასტრო კოდი #2--1-.0-.--------1-) მდებარე უძრავ ქონებაზე, ზუ--------–--ისა და რე--------–--ის საზიარო უფლება გაუქმდეს საზიარო ქონების/საგნის რეალიზაციის გზით.
3. რეალიზაციის შემდეგ ამოღებული თანხა, საზიარო საგნის მონაწილეთა შორის განაწილდეს თანაბრად, თავინთი წილების შესაბამისად: ზუ--------–--ეს 1/2 ნაწილი, რე--------–--ეს 1/2 ნაწილი.
4. მოპასუხე რე--------–--ეს მოსარჩელე ზუ--------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. #30 ) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. #30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: სალიხ შაინიძე