განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #110100119002867620
#1/39-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ----- დ------- ძე ა-------ი, დაბადებული 1----–-–----- იანვარი, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 2----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: თ--------–-------------------–-----------ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 16:20 საათზე, თ--------–-- რაიონის სოფელ ღ-------–-, განაწყენების ნიადაგზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ-----ი ა-------მა, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა სანადირო თოფი, რომლითაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქ---------–------ეს და ა---------–------–-ძეს, რა დროსაც ქ------- ლ------ს და ა---------–------–-ძეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მ----- ა-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- ა-------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულების ქ---------–------ისა და ა---------–------–-ძის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების დ----- ა-------ის, მ----- ა-------ის, მ--–---------------ის და ნ-------–-----ის გამოკითხვის ოქმები; მ----- ა-------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი; ალკოჰოლური ექსპერტიზის დასკვნა მ----- ა-------ის მიმართ; ბალისტიკური ექსპერტიზის N18/ბ დასკვნა; ტრასოლოგიურ-ქიმიური ექსპერტიზის N34/ტრ-78/სქ დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია მ----- ა-------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით (პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას), ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით მ----- ა-------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 151-ე მუხლის პირველი ნაწილით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. მ----- ა-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრების მის მისწრაფებას შეურიგდეს დაზარალებულს, აანაზღაუროს ზიანი. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ----- ა-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ----- ა-------ი არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ოჯახში ცხოვრობს პენსიოერ დედასთან და 1-ლი ჯგუფის ინვალიდ მეუღლესთან ერთად (მეუღლეც და დედაც ლოგინად ჩავარდნილები არიან). ასევე, გასათვალისწინებელია ბრალდებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან (გამოძიებაში მისცა აღიარებითი ჩვენება, ითანამშრომლა გამოძიებასთან), რომლითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია მ----- ა-------ის მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ 6 (ექვსი) თვის პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, შეძლებს დააფიქროს მ----- ა-------ი უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალ-----ბრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
14. საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის იარაღი და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი, მისი ჩამორთმევა საჭიროა სახელწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან, ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- ა-------ს დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას - 16 კალიბრის, ერთლულიანი სანადირო თოფი (რომლიც ინახება თ--------–-- რაიონულ სამმართველოში).
15. საქართველოს სსკ 521-ე მუხლის თანახმად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვას ან/და აკრძალვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არის გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას აუცილებელი არ არის, იარაღი დანაშაულის იარაღი იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევა ხდება და ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ სასჯელის მიზნებისათვის ტერმინს „იარაღი“ აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობა. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების დროს, მ----- ა-------მა გამოიყენა იარაღი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ კიდევ ერთი დამატებითი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ კი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის განსაზღვრა და მას უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
16. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ----- ა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, მ----- ა-------ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - 16 კალიბრის, ერთ ლულიანი სანადირო თოფი (რომელიც ინახება თ--------–-- რაიონულ სამმართველოში);
საქართველოს სსკ 521-ე მუხლის საფუძველზე, მ----- ა-------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 2 (ორი) წლის ვადით;
მ----- ა-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს, თ--------–-- მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის N10/დ-1-2019 განჩინებით, ლ----- ა-------ის (პ/ნ2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: თ--------–-------------------–-----------ი, საკადასტრო კოდით N33.1--3-.5--);
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, მ----- ა-------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მ----- ა-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დაბრუნებული 16 კალიბრის ორლულიანი სანადირო თოფი, რომელიც ინახება თ--------–-- რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე