გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2019
საქმის ნომერი
330210018002628244
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ბ---------"

წარმომადგენელი - ლ------------–-–---–ი, მ-------------–ი

 

მოპასუხე - სს ,,ს--------------------------–----ი"

წარმომადგენელი - გ-----------------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს „ს--------------------------–----ს“ მოსარჩელის შპს „ბ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის 159848 ევროს ანაზღაურება;

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მხარეებს შორის გაფორმებული ქონების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა შესაბამისი ქონების დაზღვევის პოლისი. დაზღვევის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, კ------------ ქ. N10-ში მდებარე შპს „ე----------------------------“ კუთვნილი კორპუსის პირველ სართულზე არსებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე დასაწყობებული სამზარეულოს ავეჯი (ავეჯის დეტალები). სადაზღვევო რისკებს, სხვა რისკებთან ერთად წარმოადგენდა წყალდიდობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება.

 

2018 წლის 11-12 ივნისის ღამეს, ქ. თბილისში მოსული ძლიერი ნალექის შედეგად, წყალმა შეაღწია დაზღვეული ქონების ადგილსამყოფელში და დაზიანდა სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება, რომლის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა სადაზღვევო კომპანიას და მოთხოვნილ იქნა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სადაზღვევო კომპანიამ 2008 წლის 4 ივლისის წერილით უარი განაცხადა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ქონების დაზიანება მოხდა წვიმის შედეგად, რაც არ იყო გამოწვეული სადაზღვევო ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაცემული პოლისით გათვალისწინებული რისკის ხდომილებით. კომპანიამ არ გაითვალისწინა ის ვითარება, რომ 11-12 ივნისის ღამე, სამი საათის განმავლობაში მოსული ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა შენობა, სადაც განთავსებული იყო დაზღვეული ქონება და დაუსაბუთებლად განაცხადა უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე.

 

დასკვნის თანახმად, ზარალის ოდენობა შეადგენს 159848 ევროს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

ზიანი არ იყო გამოწვეული სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული არცერთი სადაზღვევო რისკის ხდომილებით. მართალია ხელშეკრულებით დაზღვეული იყო ბუნებრივი სადაზღვევო რისკები, მათ შორის წყალდიდობა, მაგრამ ხელშეკრულებით იგი განმარტებულია შემდეგნაირად: წყალდიდობა წარმოადგენს წყლის გარედან შესვლას დაზღვეულ შენობაში იმ მიწის ზედაპირის დატბორვის შედეგად, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაფარული წყლით და რაც განპირობებული უნდა იყოს ხელშეკრულებითვე შეთანხმებული კონკრეტული გარემოებით. მოცემულ შემთხვევაში კი არ არსებობდა ამ რისკის რეალიზების საფუძველი.

 

გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის მიერ შემთხვევის შემოწმების აქტით დგინდება, რომ წყლის დონე იყო დაახლოებით 5-8 სმ-მდე. წვიმის შედეგად დაზიანდა 4 დასახელების პროდუქცია: „ტოპი სტალიჩნიცა“, კომოდის კარებები, 3 უჯრიანი კომოდები, სამზარეულოს პენალი. ამათგან პანელებზე განთავსებული იყო მხოლოდ „სტალიჩნიცები“, რომლებიც დასველდა ზემოდან ჩამოსული წყლის დენის შედეგად. ხოლო დანარჩენი პროდუქცია დალაგებული იყო პალატების გარეშე. ხელშეკრულების თანახმად, კი დაზღვეულად ითვლება მხოლოდ ისეთი მარაგები, რომელიც ინახება იატაკის დონიდან არანაკლებ 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე მდებარე თაროებზე ან სტელაჟებზე. შპს „ბ---------ს“ კუთვნილი ავეჯის ნაწილი არ იყო განთავსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე მდებარე თაროებზე ან სტელაჟებზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დამზღვევს - შპს „ბ---------ს“ და მზღვეველს - სს „ს--------------------------–----ს“ შორის 2018 წლის 20 მარტს, ერთი წლის ვადით დადებული იყო ქონების დაზღვევის შესახებ გენერალური ხელშეკრულება, რაზეც გაიცა დაზღვევის პოლისი F-------------. ხელშეკრულებით დაზღვეული იქნა თბილისში, კ------------ ქ. N10-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე, იგივე საპარკინგე ადგილას დასაწყობებული, დამზღვევის კანონიერ სარგებლობაში არსებული ქონება - სამზარეულოს ავეჯი.

 

სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 207 595 ევროს ოდენობით.

 

ხელშეკრულება და შესაბამისად, სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებდა მათ შორის ბუნებრივი რისკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, როგორიც არის: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, წყალდიდობა, უხვთოვლიანობა, მიწისძვრა და ა.შ. სადაც წყალდიდობა განმარტებული იქნა შემდეგნაირად: წყალდიდობა წარმოადგენს წყლის გარედან შესვლას დაზღვეულ შენობაში იმ მიწის ზედაპირის დატბორვის შედეგად, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაფარული წყლით და რაც განპირობებულია: ა) წყლის უჩვეულოდ დიდი მოქცევით; ბ) ტაიფუნის, ციკლონის ან ქარბუქის შედეგად; გ) მდინარეების, რეზერვუარების, არხების და მსგავსი ნაგებობების დატბორვის ან ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაზღვევის ხელშეკრულება და სადაზღვევო პოლისი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. დაზღვევის ხელშეკრულება შეიცავდა შემდეგ დათქმას: წყალდიდობის რისკის დაფარვისას, ამ რისკებისგან დაზღვეულად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი მარაგები, რომელიც ინახება იატაკის დონიდან არანაკლებ 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე მდებარე თაროებზე ან სტელაჟებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაზღვევის ხელშეკრულება;

3.1.3. შენობის პირველ და მეორე სართულებს შორის არსებული ღიობებიდან 2018 წლის 11 ივნისის ღამეს განხორციელდა პირველ სართულზე არსებულ საპარკინგე ადგილში წვიმის წყლის ჩადინება, დაიტბორა ავტოსადგომის ტერიტორია, სადაც დასაწყობებული იყო სამზარეულოს ავეჯის კომპლექტები.

 

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, 2018 წლის 11-12 ივნისის ღამეს, ქ. თბილისში, დაფიქსირდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა - ძალიან ძლიერი ნალექი. 3 საათში მოსული ნალექის რაოდენობამ შეადგინა 40 მმ, რასაც შესაძლოა გამოეწვია ნიაღვრები და ქალაქის ქუჩების დატბორვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ექსპერტის დასკვნა;

- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. მზღვეველმა დამზღვევისგან სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე შეტყობინება მიიღო ცხელი ხაზის საშუალებით, რის საფუძველზეც სადაზღვევო კომპანიის ზარალების მენეჯერი - მ-----–-----------, 2018 წლის 12 ივნისს გამოცხადდა კ------------ ქ. N10-ში და შეადგინა აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 12.06.2018 წლის აქტი.

3.1.5. მოპასუხემ 2018 წლის 4 ივლისს წერილობით უარი განუცხადა მოსარჩელეს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე. უარის თქმის საფუძველი იყო ერთადერთი ის გარემოება, რომ ვინაიდან დაზიანება გამოწვეული იყო წვიმის შედეგად, ხოლო წვიმა ხელშეკრულებით არ წარმოადგენდა სადაზღვევო რისკს, განცდილი ზარალი არ იყო გამოწვეული არცერთი სადაზღვევო რისკის ხდომილებით და არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 04.07.2018 წლის მოპასუხის უარის წერილი.

3.1.6. შემთხვევის დადგომის დროისთვის დამზღვევს სადაზღვევო კომპანიის მიმართ სადაზღვევო პრემიის დავალიანება არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ინვოისი.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თბილისში, კ------------ ქ. N10-ში, პარკინგის ადგილას დასაწყობებული მოსარჩელის კუთვნილი ნივთების დაზიანებით დადგა სადაზღვევო შემთხვევა.

 

სადავო არაა, რომ ნივთების დაზიანება გამოიწვია შენობის პირველ და მეორე სართულებს შორის არსებული ღიობებიდან წვიმის ჩადინებამ. მხარეები არ დავობენ, რომ ჩვეულებრივი წვიმის დროს შენობის პირველ და მეორე სართულებს შორის არსებული ღიობებიდან წყლის ჩადინება მანამდე არ დაფიქსირებულა. მოპასუხე გამორიცხავს წვიმას, როგორც სადაზღვევო შემთხვევას, ვინაიდან მისი განმარტებით, ხელშეკრულებით კონკრეტულად არის შეთანხმებული სადაზღვევო რისკები და წვიმა არ წარმოადგენს დაზღვეულ რისკს, წვიმით მიყენებული ზიანი ვერ იქნება გაიგივებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ წყალდიდობის რისკთან. ხელშეკრულებით დეტალურად არის განმარტებული წყალდიდობის ცნება, რაც გამოწვეული უნდა იყოს ა) წყლის უჩვეულოდ დიდი მოქცევით; ბ) ტაიფუნის, ციკლონის ან ქარბუქის შედეგად; ან გ) მდინარეების, რეზერვუარების, არხების და მსგავსი ნაგებობის დატბორვის ან ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად. ჩამოთვლილთაგან მოსარჩელე მოთხოვნას უკავშირებს წყლის უჩვეულოდ დიდ მოქცევას, რაც არასწორია, ვინაიდან დიდი მოქცევა და მიქცევა არის ოკეანის (ზღვის) დონის, ატმოსფერული წნევის, დედამიწის მყარი სხეულის დეფორმაციის პერიოდული რხევები, რომლებსაც მთვარისა და მზის მიზიდულობა განაპირობებს. კონკრეტულ შემთხვევაში კი არცერთი სახეზე არ იყო. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხე იშველიებს ინტერნეტპორტალ - WIKIPEDIA-ში არსებულ ინფორმაციას მოქცევა-მიქცევასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მსჯელობას და თუკი იმავე WIKIPEDIA-ში წყალდიდობასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას მოვიშველიებთ, წყალდიდობა არის წყლის დონის უეცარი მატება, განპირობებული თავსხმა წვიმებით ან თოვლით ინტენსიური დნობით, რაც ამავდროულად ძნელად პროგნოზირებადი მოვლენაა. თავად დაზღვევის ხელშეკრულებით, წყალდიდობა განმარტებულია, როგორც წყლის გარედან შესვლა დაზღვეულ შენობაში იმ მიწის ზედაპირის დატბორვის შედეგად, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაფარული წყლით. უდავოა, რომ ნივთების დაზიანება გამოიწვია არა უბრალოდ წვიმამ, არამედ ძლიერმა ნალექმა. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, შემთხვევის ღამეს დაფიქსირდა ძალიან ძლიერი ნალექი და 3 საათში მოსული ნალექის ოდენობა 40 მმ-ს შეადგენს, რასაც შესაძლოა გამოეწვია ნიაღვრები და ქალაქის ქუჩების დატბორვა, რაც საფუძველს გვაძლევს ხელშეკრულებით შეთანხმებულ წყლის უჩვეულოდ დიდ მოქცევასთან.

 

ამდენად, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ დამდგარი ზიანი გამოიწვია დაზღვეულ შენობაში ძლიერი წვიმის შედეგად ჩასულმა წყალმა, ხოლო წვიმის გარეშე კი ადგილი არ ექნებოდა არც დაზღვეული შენობის გარეთ მიწის ზედაპირის დატბორვას და არც პარკინგის ზედა სართულზე არსებული ღიობიდან წვიმის წყლის ჩასვლას, შესაბამისად წყალდიდობას, რაც ხელშეკრულების მიხედვით დაზღვეული რისკია. ამდენად, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობა, როგორც ხელშეკრულებით განსაზღვრული ხდომილება, არის უმთავრესი და მიზეზი დამდგარი ზიანისა. ის რომ სადაზღვევო კომპანია წყალდიდობით გამოწვეულ ზიანში არ გულისხმობდა ძლიერი წვიმის შედეგად დამდგარ ზიანს, ძნელად წარმოსადგენია ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებას სადაზღვევო ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მიზნით დადებაზე და დამზღვევს არ შეეძლო ევარაუდა სადაზღვევო კომპანიის დაფარული სურვილის თაობაზე, წყალდიდობა გაეიგივებინა, მხოლოდ მთვარისა და მზის მიზიდულობით გამოწვეულ წყლის უჩვეულოდ დიდ მოქცევასთან.

 

დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის კავშირი, ხოლო მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი ხელშეკრულების შეთანხმების საგანს არ წარმოადგენს ან არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა. კონკრეტულ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ ვერ შეძლო ამ მტკიცების ტვირთის რეალიზება.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დამზღვევის ვალდებულებას წარმოადგენს მათ შორის შენობის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს ხელშეკრულების 4.4.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, დამზღვევის უფლების სფეროს წარმოადგენს ხელშეკრულების დადებამდე დასაზღვევი ქონების დათვალიერება, სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაზღვევის ხელშეკრულება და პოლისი.

 

3.2.2. სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ დაზღვეული ნივთების პალეტებზე განთავსების შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევა არ დადგებოდა.

 

მოპასუხის განმარტებით, მათი წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით დგინდებოდა, რომ ყველა ნივთი დამზღვევს პალეტზე განთავსებული არ ჰქონდა, ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, კი წყალდიდობის რისკის გათვალისწინების შემთხვევაში ამ რისკისგან დაზღვეულად ჩაითვლებოდა მხოლოდ ისეთი მარაგები, რომელიც ინახება იატაკის დონიდანა არანაკლებ 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე მდებარე თაროებზე ან სტელაჟებზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, ვინაიდან აღნიშნული აქტი არ შეიცავს დეტალურად ინფორმაციას ნივთების მდგომარეობის შესახებ. აქტში აღნიშნულია, რომ ადგილზე დათვალიერების დროს წყლის დონე იყო დაახლოებით 5-8 სმ. დათვალიერება განხორციელდა არა დაუყოვნებლივ, წყლის ჩასვლის პროცესში, რა დროსაც ალბათობის მაღალი ხარისხით წყლის დონე იქნებოდა უფრო მაღალი, არამედ მეორე დღეს, დღის მეორე ნახევარში, მზის ჩასვლამდე. ეს დრო კი სავსებით საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ წყალი თანდათანობით გასულიყო და დარჩენილიყო დასახელებულ 5-8 სმ-მდე. ამ ვარაუდს ამყარებს ის გარემოებაც, რომ თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ დასველდა პალეტზე მდებარე ნივთებიც, ასევე ის ნივთებიც, რომლებიც მართალია პალეტზე არ იყო განთავსებული, თუმცა განლაგებული იყო 15სმ-ზე მაღლა. გარდა ამისა, მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ წყალი დაახლოებით 20-25 სმ სიმაღლის იქნებოდა.

 

გარდა ამისა, თავად აქტში არ არის დეტალურად აღწერილი ნივთების მდგომარეობა. მოსარჩელის განმარტებით, საწყობში განთავსებული იყო 816 ყუთი, საიდანაც მოპასუხის დაზღვევის აგენტმა მხოლოდ 10 ყუთი გახსნა, ამასთან, არც ამ გახსნილი ყუთების დეტალური აღწერაა მოცემული აქტში. რაც შეეხება მის განმარტებას, რომ ვინაიდან ნივთები არ იყო განლაგებული პალეტზე, აღნიშნულიდან გამომდინარე აღარ შეამოწმა ყველა ყუთი, აღნიშნული გარემოება მას არ ათავისუფლებდა იმ გარემოებისგან, რომ მოეხდინა შემთხვევის ადგილის დეტალური აღწერა. პალეტზე ნივთების განუთავსებლობა იყო თუ არა დამზღვევის მხრიდან ხელშეკრულების პირობის დარღვევა, დაზღვევის აგენტის მიერ დეტალურად და სრულყოფილად შედგენილი აქტის საფუძველზე შესაძლოა შემდგომში სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო. უფრო მეტიც, სადაზღვევო კომპანიის 2018 წლის 4 ივლისის წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ზარალი არ იყო გამოწვეული პოლისით გათვალისწინებული არცერთი სადაზღვევო რისკით, ხოლო დამზღვევის მხრიდან ხელშეკრულების 6.1. პუნქტის დარღვევაზე საუბარო საერთოდ არ არის. ამდენად, ვერ გამოდგება არგუმენტად მოპასუხის განმარტება, რომ უარის წერილში მოხდა პირველადი მიზეზის მითითება, თუმცა უარი ეხებოდა ასევე მოსარჩელის მიერ აღნიშნული პუნქტის დარღვევას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი კი ამ შემთხვევაშიც მოპასუხის მხარესაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოწმე მ------------–--ის ჩვენება;

- მოწმე მ-----–-----------ს ჩვენება;

- 12.06.2018 წლის აქტი;

- 04.07.2018 წლის უარის წერილი.

 

3.2.3. სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი შეადგენს 159 848 ევროს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლო, სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლო შინაგან რწმენას უკავშირებს.

 

მიყენებული ზარალის განსაზღვრის მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს „ვ---------ს“ დასკვნა. ექსპერტის მიერ მოხდა გადარჩეული ყუთების გახსნა და დეტალების დათვალიერება, აღმოჩნდა, რომ ყველა დეტალი, რაც გაიხსნა, დაზიანებულია, სისველის გამო დაბერილია ფილები და აცვენილია პლასტიკატი, თავად დაზიანების ხარისხი იმდენად დეფექტურია, რომ გამორიცხავს მისი შემდგომი ექსპლოატაციის მიზანშეწონილობას, დაკარგულია სასაქონლო სახე. დასკვნის თანახმად, სამზარეულოს ავეჯის კომპლექტების დაზიანებული დეტალების პირვანდელი ღირებულება, მათი შესყიდვის, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯების ჩათვლით შეადგენს 159 848 ევროს. დასკვნას ერთვის ავეჯის დეტალების ჩამონათვალი, ასევე სატრანსპორტო ინვოისები.

 

მოპასუხე არ იზიარებს დასკვნის შინაარსს და განმარტავს, რომ ექსპერტის მიერ არ არის დადგენილი, თუ რას შეადგენდა დაზიანებული საქონლის პირვანდელი ღირებულება და ასევე არ დასტურდებოდა, კონკრეტულად რომელი ავეჯი დაზიანდა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ამ განმარტებას, ვინაიდან ამ კუთხით მოპასუხეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია, კერძოდ:

 

დაზღვევის ხელშეკრულების 5.12 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის მოცულობას აფასებს მზღვევლის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო 5.11. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის საფუძველს წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის აქტი, რომელსაც შედგენის ვალდებულებაც მზღვეველს აკისრია. კონკრეტულ შემთხვევაში კი მოპასუხის მიერ ზიანის შეფასება საერთოდ არ განხორციელებულა, ხოლო მისი წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 12 ივნისს შედგენილი აქტი არ არის ინფორმაციული იმ გარემოების დასადგენად, კონკრეტულად რა ნივთი დაზიანდა და რა რაოდენობის (816 ყუთიდან მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მხოლოდ 10 ყუთის შემოწმება განხორციელდა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაზღვევის ხელშეკრულება;

- ექსპერტის დასკვნა;

- აქტი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბ---------ს“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანხმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს. სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი შეიძლება სხვადასხვა რისკფაქტორი იყოს. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებდა ბუნებრივი რისკის, წყალდიდობის, შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რომლის გამომწვევ რისკფაქტორსაც წარმოადგენს წვიმის სახით ძალიან ძლიერი ნალექი. რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა კიდეც ადგილი.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი მხარეთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობების მომწესრიგებელი აქტია, რომელიც უპირველესად, ეფუძნება კეთილსინდისიერების პრინციპს და სამართალსუბიექტთა ვალდებულებას, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი, ხოლო 115-ე მუხლით დადგენილია, რომ უფლების ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. დაუშვებელია უფლების მარტო იმ მიზნით გამოყენება, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლოს მიზანია მხარეთა თანასწორობის პირობებში დადგინდეს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა გამოვლენილი ნამდვილი ნება და შეფასდეს, კეთილსინდისიერების ფარგლებში თითოეული მონაწილე რას უკავშირებს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას.

 

აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზიანი დადგა წყალდიდობით (თავის მხრივ წყალდიდობა გამოწვეული იყო ძალიან ძლიერი წვიმის შედეგად), რაც სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენდა. ამდენად, დაზღვეული ნივთები სადაზღვევო ხდომილების ფარგლებში დაზიანდა და შესაბამისად, წარმოიშვა მზღვევლის ვალდებულება აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

 

5.2. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ხოლო 821-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა დაზღვევის ხელშეკრულებიდან წარმოშვა, სადაც მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. ზიანის ოდენობა მოსარჩელემ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 159 848 ევროდ განსაზღვრა, რომლის საწინააღმდეგოდ სადაზღვევო კომპანიას რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამდენად, დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. .. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 5000 ლარი, ასევე გაწეულია ხარჯი - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის გაცემისთვის - 28 ლარი, საექსპერტო დასკვნის მომზადებისთვის - 5900 ლარი და იურიდიული მომსახურებისთვის - 4900 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მითითებული თანხების ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს შპს „ბ---------ს“ სასარგებლოდ.

 

7.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ბ---------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. სს ,,ს--------------------------–----ი"-ს შპს ,,ბ---------"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 159 848 ევრო.

 

3. სს ,,ს--------------------------–----ი"-ს შპს ,,ბ---------"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 5000 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 28 ლარის გადახდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან ინფორმაციის მიღებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, 5900 ლარის გადახდა ექსპერტიზის დასკვნის შედგენისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ და 4900 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე