გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8006-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - ზ--------------
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ------------
მესამე პირი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
წარმომადგენელი - ბ--------–---ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ზ--------------ს სახელზე გაცემული T----- N------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ.: 19.03.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი 17:34:10).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 2006 წლის 10 აპრილს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ზ--------------ს სახელზე გაიცა T----- N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომი მასზედ, რომ ზ-------------- 2001 წელს ჩაირიცხა და 2004 წელს დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სრული კურსი ს---------–-–----------- სპეციალობით და კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის 09.01.2006 წლის გადაწყვეტილებით მიენიჭა ი---------- კვალიფიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
–დიპლომი T----- N------ (სარეგისტრაციო N------) (ს.ფ. 76).
4.1.2. 2018 წლის 5 დეკემბერს ზ--------------მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ მასზე გაცემული T----- N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზ--------------ს 05.12.2018წ. განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 67-74).
4.1.3. დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ზ--------------ს 2018 წლის 5 დეკემბრის განცხადების განხილვის ფარგლებში, წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლითაც სამინისტროს გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ზ--------------ს სახელზე გაცემული დიპლომის ასლი და ეთხოვა, კორესპონდენციის მიღებიდან 5 დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზ--------------ს ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის, სწავლის დასრულების, აგრეთვე მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– 2018 წლის 6 დეკემბრის M----------------- წერილი (ს.ფ. 75).
4.1.4. 2018 წლის 7 დეკემბრის M---------------- წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ზ-------------- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2001 წლის 6 აგვისტოს N-----– ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბ----------------–------- ს---------–-–----------- სპეციალობის დასწრებულ სწავლებაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბ----------------–------- 2002 წლის 19 აგვისტოს N----– ბრძანებით გადაყვანილ იქნა მე-2 კურსზე, ხოლო 2003 წლის 22 ოქტომბრის N-----– ბრძანებით გადაყვანილ იქნა მე-3 კურსზე. ზ-------------- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2004 წლის 18 დეკემბრის N--- ბრძანებით დაშვებულ იქნა 2004 წლის სახელმწიფო გამოცდაზე, ხოლო 2005 წლის 19 დეკემბრის N--- ბრძანებით დაშვებულ იქნა 2005 წლის სახელწიფო გამოცდაზე. 2006 წლის 9 იანვრის N- ბრძანებით კი მას მიენიჭა ი---------- კვალიფიკაცია. ასევე ცენტრს დამატებით ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2004 წლის 14 სექტემბრის N--- ბრძანების საფუძველზე გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბ-------- ფაკულტეტი და ფაკულტეტის სტუდენტები გადმოყვანილ იქნენ თბილისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. ამასთან, ზ--------------ს მე-4 კურსზე გადაყვანის შესახებ ბრძანება ვერ მოიძებნა. დამატებით განმარტებულ იქნა, რომ ზ--------------ს მიერ აკადემიაში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა (დასწრებული სწავლება) მოიცავდა 4 (ოთხი) წელს, სწავლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2004 წლის 13 სექტემბრის N2-- ბრძანების შესაბამისად წარიმართა შეზღუდული პროგრამით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– 2018 წლის 7 დეკემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 78-79).
4.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილებით ზ--------------ს უარი ეთქვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ მასზე T----- N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ ზ-------------- კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში (2006წ.) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაცია სავალდებულო იყო ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. ინსტიტუციური აკრედიტაცია ადგენდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების) შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმატივებთან. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას 2005-2006 სასწავლო წლებში არ მიუმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით. შესაბამისად, 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან მის მიერ კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველზე (2006წ.) გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2006 წლის ჩათვლით, ზ--------------ს სწავლის პერიოდი (მათ შორის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული T----- N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული 2018 წლის 18 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 83-86).
4.1.6. დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის N--- ბრძანებულების მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დამტკიცდა მისი წესდება. წესდების თანახმად კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს სპეციალურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებას.
დადგენილია ასევე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის N--- ბრძანებულებით ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის N--- ბრძანებულებაში ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის N--- ბრძანებულება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“;
– საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის N--- ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის N--- ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
4.1.7. დადგენილია და აღნიშნულს მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ--------------ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობა შეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში - განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ზემომითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). მე–2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. ამავე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის აქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. მე–6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა. ხოლო მე–7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
7.3. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტით – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილებით ზ--------------ს სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში (2006წ.) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაცია სავალდებულო იყო ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. ინსტიტუციური აკრედიტაცია ადგენდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების) შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმატივებთან. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას 2005-2006 სასწავლო წლებში არ მიუმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით. შესაბამისად, 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან მის მიერ კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველზე (2006წ.) გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2006 წლის ჩათვლით ზ--------------ს სწავლის პერიოდი (მათ შორის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული T----- N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
საქმეზე დადგენილია, რომ 2006 წლის 10 აპრილს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ზ--------------ს სახელზე გაიცა T----- N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომი მასზედ, რომ ზ-------------- 2001 წელს ჩაირიცხა და 2004 წელს დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სრული კურსი ს---------–-–----------- სპეციალობით და კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის 09.01.2006 წლის გადაწყვეტილებით მიენიჭა ი---------- კვალიფიკაცია. 2018 წლის 5 დეკემბერს ზ--------------მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ მასზე გაცემული T----- N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ცენტრში წარდგენილ იქნა ზ--------------ს აკადემიაში ჩარიცხვის, სახელმწიფო გამოცდებზე დაშვების, კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ბრძანების დამოწმებული ასლები, საგამოცდო კომისიის ოქმისა და დიპლომის რეგისტრაციის ჟურნალის დამოწმებული ასლები.
ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ--------------მ 2006 წელს ნამდვილად დაამთავრა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დასწრებული სწავლების სრული კურსი და მიენიჭა ი---------- კვალიფიკაცია, ხოლო 2006 წლის 10 აპრილს ზ--------------ს სახელზე გაიცა T----- N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომი.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ზ--------------ს კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირს – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას ავალდებულებდა სახელმწიფო ინსტიტუციურ აკრედიტაციას და მხოლოდ მათ მიერ გაცემულ დიპლომს ცნობდა სახელმწიფო, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას კი 2005-2006 სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით არ მიუმართავს.
საქმეზე დადგენილია, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №458 ბრძანებულების 2007 წლის 26 მაისამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დამტკიცდა მისი წესდება. ხსენებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში - აკადემია) წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს სპეციალურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებას. მითითებულ ბრძანებაში 2007 წლის 26 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ლიცენზია განიმარტება როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.
„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში 2006 წლის 17 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ჩაითვლება ლიცენზირებულად.
შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია იყო უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ხსენებული საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. ამდენად, ის ფაქტი, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მოქმედებდა, როგორც კანონის საფუძველზე ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადავო არ არის.
ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად, და განმარტავს, რომ, ვინაიდან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას 2005-2006 სასწავლო წლებში არ მიუმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით, 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან მის მიერ კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველზე (2006წ.) გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2004 წლის 13 სექტემბრის N2-- ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსანტთა და მსმენელთა სწავლების განსხვავებულ ფორმაზე გადასვლას (რეორგანიზაციას), 2004 წლიდან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ შეწყვიტა უმაღლეს საგანმანათლებლო სპეციალობებზე სტუდენტთა (კურსანტთა) მიღება. ამდენად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას 2005-2006 სასწავლო წლებში არ მიუმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2005 წლის სასწავლო წლის დასაწყისში მოქმედ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის N418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალნენ ამ კანონის შესაბამისად ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ხელახალი ინსტიტუციური აკრედიტაციის დაწყებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2007–2008 სასწავლო წლის დაწყებისა. ამასთან, ამავე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალოს აკრედიტებულად.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია რა გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ 2004 წლის სასწავლო წლიდან შეწყვიტა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება და ახორციელებდა რეფორმას, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას აღარ ექნებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და გარდაიქმნებოდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ყველა შემთხვევაში ვალდებული იყო მიემართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნით. მით უფრო, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, ამ დაწესებულების მიმდინარე და მომდევნო სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამის აღიარებულად მიჩნევისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ პირთა მიერ სწავლის დასრულებისთვის, საკმარისი იყო მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამინისტროსთვის მიმართვა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია 2005–2006 წლებში ხელმძღვანელობდა ზემოთ მითითებული კანონმდებლობის შესაბამისად, რაც აძლევდა მას ხსენებულ წლებში (2005–2006 სასწავლო წლებში) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას.
7.4. ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტოს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლო თვლის, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლო მიიჩნევს, რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ--------------ს სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ზ--------------ს სახელზე გაცემული T----- N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
3. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ზ--------------ს სახელზე გაცემული T----- N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე;
4. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ზ--------------ს სასარგებლოდ ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე