გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 2/405-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე - დ--–-----–--–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ-----------------–---–ი, მ------------–----–---–ი
მოპასუხეები - მ----------–---–ი
წარმომადგენელი - თ------------------–--ე
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს 2017 წლის 09 ივნისს დადებული უძრავი ნივთის (ს/კ #7----------; მისამართი: მცხეთა, სოფელი წეროვანი; აღრიცხული მ----------–---–ის სახელზე) ჩუქების ხელშეკრულება, მჩუქებელ დ--–-----–--–-–---–სა და დასაჩუქრებულ მ----------–---–ს შორის, დასაჩუქრებული მ----------–---–ის მიერ მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენის გამო.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე დ--–-----–--–-–---–ი არის პენსიონერი, რომელსაც ჰყავს 2 ქალიშვილი - მ--ა და ე-----------------–---–ები. 2005 წლის 04 აგვისტოს დ--–-----–--–-–---–მა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა 0.075 ჰა-ს მიწის ნაკვეთი, მ–------------–----–----------------–-–--------–-. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2017 წლის 09 ივნისს დ--–-----–--–-–---–მა მასზე არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობით აჩუქა თავის შვილს - მ----------–---–ს (ს/კ #7----------). ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო დედა-შვილს შორის უთანხმოება, რომელიც ბოლო პერიოდში მ----------–---–ის მხრიდან გამოიხატებოდა დედის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებასა და დიდი უმადურობის გამოვლინებაში; კერძოდ, მ----------–---–მა მოინდომა დ--–-----–--–-–---–ს მისთვის გადაეცა სხვა უძრავი ქონებაც, რაზეც დედამ უარი განუცხადა, იმ მიზეზით, რომ მ----------–---–ის გარდა კიდევ ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც ახალგაზრდა ასაკში დაქვრივდა და ზრდიდა 4 შვილს. მ--ამ თავის საწადელს რომ ვერ მიაღწია, გადავიდა აშკარა შეურაცხყოფაზე; მ----------–---–ი სამუშაოდ წლებია წასულია საბერძნეთში და როგორც ტელეფონით, ასევე საქართველოში ჩამოსვლისას აგრძელებდა უმადურობის გამომჟღავნებას დედის მიმართ და აყენებდა მძიმე შურაცხყოფას დედას მეზობლების თანდასწრებით. შვილის ასეთმა დამოკიდებულებამ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად შეარყია, რის გამოც საჭირო გახდა გულის ოპერაციის გაკეთება, რისი ფინანსური საშუალებაც მოსარჩელეს არ გააჩნია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დ--–-----–--–-–---–ი დაავადებულია დიაბეტის მძიმე ფორმით. მ----------–---–ისთვის ცნობილია აღნიშნულის შესახებ და მისი მხრიდან უმადურობის გამოჩენის ერთ-ერთი გამოვლინებაა სწორედ ის, რომ არავითარ მატერიალურ დახმარებას არ უწევს დედას (ამის შესაძლებლობა მას აქვს), მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავალდებულებს შვილს არჩინოს შრომისუუნარო მშობელი. მ----------–---–მა მშობლის დახმარებაზე და მზრუნველობაზე უარი განაცხადა. დედას ფინანსურად და ფიზიკურად ეხმარება მეორე ქალიშვილი - ე-----------------–---–ი.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხომაზე არ სცნო სარჩელი, ვინაიდან მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები; მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შორის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი იყო დ--–-----–--–-–---–ის მხრიდან თანხების მოთხოვნა მ----------–---–ის მიმართ. ეს უკანასკნელი წლების მანძილზე, საკმაოდ სოლიდური თანხებით ეხმარებოდა არა მარტო დედას, არამედ დასაც, ის უზრუნველყოფდა დედას ყველანაირად, რომ მას ღირსეულად ეცხოვრა. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, დ--–-----–--–-–---–მა გადაწყვიტა, რომ შვილისთვის უფრო მეტი თანხა მოეთხოვა, რაზეც მ----------–---–მა განუცხადა უარი, იმ მიზეზით, რომ საბერძნეთში მასაც გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა. სწორედ აღნიშნული გახდა დედა-შვილს შორის უთანხმოების მიზეზი და ამ უთანხმოების ქვაკუთხედად ჩუქების საგნის წარმოჩენა ფაქტების დამახინჯება და არასწორად წარმოჩენაა. მითუმეტეს, როდესაც სადავო ქონება შეძენილ იქნა მ----------–---–ის მიერ საბერძნეთიდან გადმოგზავნილი თანხებით და ამავე მიწაზე დღეის მდგომარეობით არსებული სახლის აშენებაც შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მ----------–---–მა სოლიდული თანხები გადმორიცხა საბერძნეთიდან. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მ----------–---–ი მზრუნველობას არ აკლებდა თავის დედას და შვილს, რომელიც დ--–-----–--–-–---–თან იზრდებოდა. იგი დღეის მდგომარეობითაც მზად არის გამოუგზავნოს დედას გადაუდებელი ოპერაციისათვის საჭირო თანხა, რომლის მიღებაზე თავად დ--–-----–--–-–---–ი აცხადებს უარს;
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1 მოსარჩელე დ--–-----–--–-–---–ის მიერ 2005 წლის 04 აგვისტოს შეძენილი იქნა მიწის ნაკვეთი მ–------------–----–----------------–-–--------–-, სარეგისტრაციო # 7-.08.2--228. დ--–-----–--–-–---–ის საკუთრებაში იყო ასევე მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მშენებარე ნაგებობით, მდებარე მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი, საკადასტრო კოდი : 7----------8;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ (ს.ფ 20-23);
- უძრავი ნივთის დათვალიერების ოქმი #00060; ( ს.ფ. 27-29);
3.1.2 2017 წლის 09 ივნისს დ--–-----–--–-–---–სა და მ----------–---–ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მ----------–---–ის საკუთრებად აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი, 750.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მშენებარე შენობით, საკადასტრო კოდი : 7----------8;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ 24-25);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 14)
3.1.3. მოსარჩელე დ--–-----–--–-–---–ს წლების განმავლობაში აქვს ჰიპერტონული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი; საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას, რომლის ღირებულება შეადგენს 17 950 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დ--–-----–--–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #4-100/ა, (ს.ფ 31-32) ;
- ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის სამედიცინო მომსახურების ცენტრის კალკულაცია (ს.ფ 33-34);
4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1 მოპასუხე საბერძნეთიდან წლების განმავლობაში სოლიდურ თანხებს უგზავნიდა დ--–-----–--–-–---–ს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- მ----------–---–ის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების ამონაწერები დ--–-----–--–-–---–ის სახელზე (ს.ფ 157-188)
4.1.2 2018 წლის 27 ივნისის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ--–-----–--–-–---–ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონების ½ წლი, მდებარე: მცხეთა, ნარეკვავის ქუჩა #2; აღნიშნული ქონების ½ წილი საკუთრების უფლების დამადასტრურებელი დოკუმენტის, პრივატიზების ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის მოპასუხე მ--ა შ--–-ას ასულ ბ-----–---–ს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- სარეგისტრაციო წარმოების მასალები (ს.ფ 42-49)
- ამონაწერი საჯარო რეესრიდან (ს.ფ 50-51)
3.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
3.3. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
3.4. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დ--–-----–--–-–---–ს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა შვილის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან უმადურობის ფაქტს, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. აღნიშნული ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც სარწმუნო ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითებით უნდა დაადასტუროს იგი.
მატერიალური სამართლის არცერთი ნორმა უმადურობის და მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.
3.5. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაიკითხა ორი მოწმე, რომლებმაც სარწმუნოდ ვერ დაადასტურეს მ----------–---–ის მხრიდან დედის, დ--–-----–--–-–---–ისადმი მძიმე შეუარაცხყოფის მიყენების ფაქტი. ერთ-ერთი მოწმის, გ-------–---–--ის განმარტებით მოსარჩელე დ--–-----–--–-–---–ს იცნობს 2000 წლიდან, არიან თანამშრომლები და ასევე, გააჩნიათ ახლო მეზობლური ურთიერთობა. ეს უკანასკნელი შეესწრო დედა-შვილს შორის სატელეფონო საუბარს, რა დროსაც დ--–-----–--–-–---–ი განერვიულებული ესაუბრებოდა შვილს, აშკარა იყო მათ შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობა, თუმცა უშუალოდ განხორციელდა თუ არა მ----------–---–ის მხრიდან ზეწოლა, მიაყენა თუ არა დედას შეურაცხყოფა ან კონკრეტულად რა სახის საუბარი იყო მხარეებს შორის, მოწმისთვის უცნობია; მოსარჩელის წარმომადგენლის კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია მხარეებს შორის ურთიერთობის დაძაბვა, მოწმე განმარტავს, რომ მ----------–---–ს სურდა დ--–-----–--–-–---–ის საკუთრებაში არსებული მეორე უძრავი ქონება, რომელიც უნდა განეკარგა, რადგან საბერძნეთში სურდა სახლის შეძენა. აღნიშნული ინფორმაცია კი მას დ--–-----–--–-–---–ისგან აქვს მიღებული და უშაულოდ ასეთი შინაარსის საუბარს დედა-შვილს შორის არ შესწრებია. მოწმის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ დ--–-----–--–-–---–თან აქვს ახლო ურთიერთობა, ხშირად უწევთ ერთმანეთის ნახვა, თუმცა უშუალოდ კონფლიქტს და ჩხუბს დედა-შვილს შორის არასდროს შესწრებია. მხოლოდ ორჯერ მოისმინა მათ შორის სატელეფონო საუბარი, რა დროსაც კამათობდნენ, თუმა უშუალოდ რას ეუბნებოდა მ----------–---–ი დედას, ამის შესახებ მოწმეს ინფორმაცია არ აქვს.
მეორე მოწმე ვ-----–---–--ის განმარტებით დ--–-----–--–-–---–სა და მის შვილს მ----------–---–ს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, როდესაც მოსარჩელეს დასჭირდა მძიმე ოპერაცია, ხოლო მ----------–---–მა არ გაუწია მას ფინანსური დახმარება; მანვე განმარტა, რომ მხოლოდ ერთხელ შეესწრო დედა-შვილის სატელეფონო საუბარს, თუმცა რა შინაარსის იყო ეს საუბარი, მას არ გაუგია და არც შემდეგ არ უკითხავს მოსარჩელისთვის; ვ-----–---–--ე პირადად არასოდეს არ შესწრებია დ--–-----–--–-–---–სა და მ----------–---–ს შორის კონფლიქტს, რადგან როდესაც მოპასუხე იყო ჩამოსული საქართველოში, თავად იმ დროს არ იმყოფებოდა სოფელ წეროვანში, შესაბამისად უცნობია თუ რა დამოკიდებულება იყო დედას-შვილს შორის;
სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პროცესზე დაკითხული მოწმეებიდან ვერცერთმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა დ--–-----–--–-–---–ის მიმართ შვილის, მ----------–---–ის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი; შესაბამისად, მოწმის ჩვენება სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგეს სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებას. მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება კი იმასთან დაკავშირებით, რომ მას შვილი სატელეფონო საუბრების დროს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ არის საკმარისი და ჯეროვანი მტკიცებულება, მითუფრო, რომ როდესაც მ----------–---–ი 2017 წელს საქართველოში ჩამოვიდა და ცხოვრობდა დედასთან, მათ შორის კონფლიქტის შემსწრე არცერთი მოწმე არ ყოფილა წარმოდგენილი სასამართლოში;
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
3.7. ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
3.8. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დ--–-----–--–-–---–ის მიმართ შვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მძიმე შეურაცხყოფის ფაქტს ან ამ უკანასნელმა უმადურობა გამოიჩინა მჩუქებლის მიმართ; მოსარჩელეს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ----------–---–ი წლების განმავლობაში უგზავნიდა თანხებს დ--–-----–--–-–---–ს; ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, გარდა მისი სიტყვიერი განმარტებისა, ვერ იქნა წარმოდგენილი სასამართლოში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, გამორიცხავს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის სამართლებრივ საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა დ--–-----–--–-–---–ის სარჩელი, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან დასაჩუქრებულის მხრიდან დამსაჩუქრებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის გამოვლენის ფაქტი, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების კანონისმიერი საფუძველია, არ დადასტურდა; გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-525-ე, 529-ე მუხლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 09 ივნისს და დარეგისტრირდა კიდეც საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად ჩაითვალოს.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა „მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას, ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი);
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ----------–---–ის მხრიდან მოსარჩელე დ--–-----–--–-–---–ის მიმართ გამოვლენილ რაიმე ტიპის მძიმე შეურაცხყოფასა და დიდი უმადურობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მ----------–---–ი წლების მანძილზე მატერიალურად ეხმარებოდა დედას. მართალია მათ შორის ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა, რამაც გამოიწვია დედის მიმართ მატერიალური დახმარების შეწყვეტა, აქვე სასამართლო განმარტავს, რომ მზრუნველობის ვალდებულების შეუსრულებლობა, არ შეიძლება ჩაითვალოს ზნეობრივად გასაკიცხ მოქმედებად და დიდ უმადურობად. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები, ხოლო მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ დასაჩუქრებულმა მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, აღნიშნული გარემოება გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი სიტყვიერი შეურაცხყოფა ვერ განიხილება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კანონმდებელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი უშვებს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობას მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან დასაჩუქრებულის მიერ დამსაჩუქრებლის მიმართ უმადურობის გამოვლენის დროს; მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის განმარტებით დ--–-----–--–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა სწორედ მ----------–---–ის მხრიდან გამოვლენილი შეურაცხყოფისა და უმადურობის შედეგად, რამაც საბოლოოდ მიიყვანა მოსარჩელე რთული ოპერაციის საჭიროებამდე. აღნიშნული გარემოებები ვერ იქნა დადასტურებული სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვინაიდან საქმის მასალების თანახმად, დ--–-----–--–-–---–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული აქვს უკვე წლებია, კერძოდ, მას აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი; შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ დედა-შვილს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაცია ვერ იქნება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ--–-----–--–-–---–ის მიმართ შვილის, მ----------–---–ის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფას და დიდ უმადურობას ადგილი არ ჰქონია; შესაბამისად არ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით მოსარჩელე დ--–-----–--–-–---–ის წარმომადგენლის - ნ-----------------–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე მ----------–---–ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მისი კუთვნილი - უძრავი ქონების (მდებარე მცხეთა, სოფელი წეროვანი, ს/კ 7----------8) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 53-ე, 1911-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე დ--–-----–--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასმართლოს მიერ 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც მოპასუხე მ----------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე მცხეთა, სოფელი წეროვანი, ს/კ 7----------8) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა