განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
170100119002871612
დავის ტიპი
151 , 126
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/12-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

19 მარტი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - პ----–-------–------------------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------, პირადი ნომერი - 5----------- არასრული საშუალო განათლებით, ცოლ-შვილიანი, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: წ--–--------------------–------––---.

 

ადვოკატი - ნ--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და იმავე კოდექსის 111 მუხლი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: (1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; (2) სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თარჯიმანი - ვ-----–--------------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, წ--–---------------------–-----––--–- მდებარე პ----–---------- და მ-------–---------–----- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, პ----–---------- ეჭვიანობის მოტივით, ხელების ყელში მოჭერით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - მ-------–---------–----- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - პ--------------------------------.

 

2. 2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, წ--–---------------------–-----––--–- მდებარე პ----–---------- და მ-------–---------–----- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, პ----–---------- ეჭვიანობის მოტივით, ხელების ყელში მოჭერით და სიტყვიერი მუქარით „მოგკლავ“ მოკვლით დაემუქრა მეუღლეს მ-------–---------–----, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII .). განსახილველ საქმეში ბრალდებულ პ----–---------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია. ბრალდებულმა სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ორივე ეპიზოდთან მიმართებით - ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის - პ----–----------, მ----------------------–---------–------- გამოკითხვისა და დაკითხვის ოქმები, ვიზუალური დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა და მათთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პ----–---------- მიერ იმ დანაშაულების ჩადენას, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ და მე-2 პუნქტებში. ბრალდებულმა პ----–---------- აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და განაცხადა, რომ იეჭვიანა გარკვეულ გარემოებებზე და ყელში წაუჭირა ხელი მეუღლეს, ასევე დაემუქრა მოკვლით, იყო მთვრალ მდგომარეობაში, აღნიშულს შეესწრნენ მისი 3 და 4 წლის შვილები. ანალოგიური დაადასტურეს დაზარალებულმა მ-------–---------–----- და მისმა დამ დ----------–---------–-----, რომელმაც გააშველა ბრალდებული და დაზარალებული. იმავეს ადასტურებს მ-------–---------–------- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად, რომელიც ჩატარებულია 2019 წლის 15 იანვარს, მ-------–---------–---- გარეგნული დათვალიერებით აღენიშნება მცირე ნაკაწრი მარჯვენა ხელის მტევნის არეში, ასევე მარცხენა წინა მხარის არეში ნაკაწრი, ასევე ამავე ადგილას შეწითლებული და მცირე ნაკაწრები, ხოლო ყელის არეში - მცირე სიწითლე. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ-------–---------–---- აღენიშნება ნაკაწრები მარჯვენა მტევნისა და მარცხენა წინამხრის არეში, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მარცხენა წინამხრის მიდამოში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლებიან მეუღლე და შვილი.

 

7. სასამართლოს შეფასებით, დასტურდება პ----–---------- მიერ მ-------–---------–------ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (აღსანიშნავია, რომ მუქარას წინ უძღვოდა დაზარალებულზე ძალადობა ყელზე ხელის მოჭერის გზით, რამაც, სასამართლოს შეფასებით, შექმნა რეალური გარემო დაზარალებულისათვის, ჰქონოდა ბრალდებულის მიერ მუქარის განხორციელების რეალურობის საკმარისი საფუძველი).

 

8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პ----–---------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით მ-------–---------–----- მიმართ ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა პ----–---------- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც პ----–---------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ ორივე ეპიზოდში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

9. პ----–---------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და გულწრფელად ინანიებს მის ჩადენას, ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მასთან და შერიგებულია. პ----–---------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან მეუღლეზე ძალადობა და მუქარა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში განახორციელა. აგრეთვე, სსკ-ის 151-ე მუხლთან მიმართებით მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვნების თანდასწრებით დანაშაულის ჩადენა (საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად).

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

11. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

12. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციას - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ასევე სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

13. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

14. ორივე დანაშაულთან მიმართებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პ----–--------- უმუშევარია, სოციალურად დაუცველია და იღებს შემწეობას, ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ ჯარიმის ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის განსაზღვრა, ასევე მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ხასიათიც. გარდა ამისა, მხოლოდ ამ სასჯელების გავლენა პ----–----------- სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე ხანმოკლე და იმავე დროს ნაკლებად ეფექტური იქნება. პ----–--------- უმუშევარია და მას სასჯელად გამასწორებელი სამუშაო ვერ დაენიშნება. აღსრულების მექანიზმისა და მისი შინაარსის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----–---------- მიმართ სასჯელის სახით შინაპატიმრობის გამოყენება სრულიად არაეფექტური ღონისძიებაა. ამიტომ, ჩადენილი ძალადობრივი ქმედების - თითოეულ შემთხვევაში, გათვალისწინებით, ამ ქმედებების აღსრულების ხერხისა და სახის მხედველობაში მიღებით, მის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

15. პ----–---------- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი ან ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული არ არის, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მის მიმართ, ასევე დამამძიმებელ გარემოებას და სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმთან მიახლოებული ზომა - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმის გათვალისიწნებით, რომ სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, მას ამ მუხლით უნდა განესაზღვროს სანქციის მაქსიმუმი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

16. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - პ----–---------- აღიარა ჩადენილი დანაშაულები, არ არის ნასამართლევი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა გამართლებულ იქნეს მისი თავისუფლებაში ყოფნა: პ----–---------- გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ინანიებს მის ჩადენას, წუხს მომხდარის გამო და პირობას დებს, რომ მომავალში მსგავსი ქმედება არ განხორციელდება, ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი - 3 და 4 წლის ასაკის, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

17. ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო პ----–--------- ნასამართლობის არმქონეა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და ყველაზე მკაცრმა უნდა შთანთქას დანარჩენი სასჯელები. ამასთან, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ([...] გამოსაცდელი ვადა [...] უნდა იყოს [...] დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა, რაც არ ვრცელდება შთანთქმის შემთხვევაში და გამოიყენება ძირითადი რეგულაცია) სასამართლოს მიაჩნია, რომ 1 წელი და 3 თვე გამოსაცდელი ვადა სრულებით საკმარისია პ----–---------- ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

 

18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული იღებს ალკოჰოლურ სასმელებს, რომ იმ დღეს ადგილი ჰქონდა მეუღლეებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას და დანის უმისამართო ქნევას. ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს მიანიშნებს, რომ პ----–---------- გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მსგავსი კურსის გავლა, რის გამოც მას უნდა დაევალოს გაიაროს იგი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ----–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

2. პ----–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და პ----–--------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1 წელი და 3 თვე.

 

4. პ----–---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს - ი-–----------- (პ/ნ 5----------).

 

5. პ----–--------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

 

6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

7. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, პ----–--------- დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

8. ნივთმტკიცებები: დანა და სვიტერი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს მ-------–---------–----.

 

9. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი