გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.03.2019
საქმის ნომერი
330310117002182012
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/7826-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მარტი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: მ--------------–--;

მოპასუხე: შპს ”ე-----–----” (ს/ნ 2--------);

წარმომადგენელი: ვ--------–-----–---–- (დირექტორი);

მოპასუხე: ვ--------–-----–---–- (პ/ნ 0-----------);

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ შპს „ე-----–----“ (ს/ნ 2--------) და ვ--------–-----–---–- (პ/ნ 0-----------) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.

 

სარჩელში აღინიშნა, რომ 2017 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „ე-----–----“-ს აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 18634,22 ლარს. საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია საგადასახადო შემოწმების შედეგად. შემოწმების პერიოდი - 03.10.2013-10.10.2013წწ. დარიცხული თანხა ჯამში 12277,6 ლარი. შპს „ე-----–----“-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მქონე და დამფუძნებელია ვ--------–-----–---–-. 2014 წლის 15 იანვრის „საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ ინფორმაციის მიხედვით ვ--------–-----–---–-- საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ, 2013 წლის დეკემბრის თვეში, ნაცვლად საგადასახადო დავალიანების დაფარვისა, საწარმოდან დივიდენდის სახით გაიტანა თანხა 29611 ლარის ოდენობით. გატანილი თანხა სრულად იქნებოდა საკმარისი შპს „ე-----–----“-ს საგადასახადო დავალიანების დასაფარად. შპს „ე-----–----“-ს საგადასახადო დავალიანება გაიზარდა 1480 ლარით საშემოსავლო გადასახადში, შპს „ე-----–----“-ს მიერ 2014 წლის 15 იანვარს წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის საფუძველზე. დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადში ასევე არ იქნა შესრულებული გადასახადის გადამხდელის მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ შპს „ე-----–----“-ს დირექტორისა და 100%-იანი წილის მქონე დამფუძნებლის ვ--------–-----–---–-ს მიერ ნაცვლად საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა, საწარმოდან ფულადი სახსრების გატანა, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდებას. აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტების გათვალისწინებით, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე ვ--------–-----–---–--, როგორც შპს ”ე-----–----ს” (ს/ნ 2--------) დირექტორმა და როგორც ფიზიკურმა პირმა, დავის სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას არ სცნო სარჩელი და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი: 04.07.2013) შპს „ე-----–----“-ს (ს/ნ 2--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 06.08.1996. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ვ--------–-----–---–- (პ/ნ 0-----------). ყადაღა/აკრძალვა რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება და მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი (იხ. ს.ფ. 18-19);

 

3.2. შემოსავლების სამსახურის "ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" 2017 წლის 4 ოქტომბრის N0------- ბრძანების საფუძველზე, ყადაღა დაედო შპს ,,ე-----–-----ს" (ს/ნ 2--------) საკუთრებაში არსებულ ქონებას. ბრძანება ვ--------–-----–---–ს ჩაბარდა 2017 წლის 12 ოქტომბერს

 

3.3. შპს „ე-----–-----ს“ (ს/ნ 2--------) შედარების აქტის (01.01.2017-დან- 24.10.2017-მდე) თანახმად, გადასახადის გადამხდელს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება: ძირითადი - 9966.82 ლარი, ჯარიმა - 900.07 ლარი, საურავი - 7767.33 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 04.10.2017 წლის ბრძანება N0------- (იხ. ს.ფ. 27);

- შედარების აქტი. (იხ. ს.ფ 26).

 

3.4. საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის დეკემბრის პერიოდში ვ--------–-----–---–ზე დივიდენდის სახით გაიცა 29611.05 ლარი. (03 და 06 დეკემბერი)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 24-25);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 31.1 მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე,გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 34.1. მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 67.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

ამ კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

 

ამ კოდექსის 6.1. მუხლით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

ამ კოდექსის 20.1. მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 8.24. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

 

6.4. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 3.6. მუხლით, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

ამ კანონის 8.1. მუხლით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება

 

ამ კანონის 44.1. მუხლით, ეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.

 

6.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ე-----–-----ს" (ს/ნ 2--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 06.08.1996., დამფუძნებელი, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ვ--------–-----–---–- (პ/ნ 0----------). 04.10. 2017 წლის N0------- ბრძანების საფუძველზე, ყადაღა დაედო შპს ,,ე-----–-----ს" (ს/ნ 2--------) საკუთრებაში არსებულ ქონებას. შედარების აქტის (01.01.2017-დან- 24.10.2017-მდე) მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება: ძირითადი - 9966.82 ლარი, ჯარიმა - 900.07 ლარი, საურავი - 7767.33 ლარი. დივიდენდი გატანილი იქნა 2013 წლის დეკემბერის თვეში (03 და 06 დეკემბერს.) ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დივიდენდის გატანის მომენტისათვის შპს „ე-----–-----ს" ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დვალიანება და აღნიშნული ცნობილი გახლდათ ვ--------–-----–---–-სათვის. სარჩელი შემოტანილი იქნა 2017 წლის 11 ნოემბერს. სარჩელის მიხედვით საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა 2013 წლის ოქტომბერში. (არ იქნა წარმოდგენილი შემოწმების აქტი, გადასახადის დარიცხვის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა).

 

6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

6.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხედ დასახელებული პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარების შემთხევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.2. მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიენიჭება უფლება, გადასახადის გადამხდელის შპს ,,ე-----–-----ს" აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის, მათი მითითებით, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხის გადახდევინების მიზნით, ცრუმაგიერად აღიარებული პირების მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაც სასამართლოს მოსაზრებით, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესს, გამოიწვევს გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის აღდგენასა და ხანდაზმული საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის ახალი ვადის დაწესებას.

 

6.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.2. მუხლით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მქონე პირებს შორის არსებული სამეწარმეო და ეკონომიკური ურთიერთობები იმავდროულად, არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). ამასთანავე ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

სასამართლო აღნისნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ რომ გადასახადის გადამხდელი შპს „ე-----–----“ (ს/ნ 2--------), გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, კავშირში შევიდა მოპასუხედ დასახელებულ ფიზიკურ პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება,ამრიგად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

6.9. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ დამფუძნებლების მიერ საწარმოდან მიღებული დივიდენდის გატანა არ შეიძლება გახდეს საწარმოს და მისი დამფუძნებელ-პარტნიორის, ფიზიკური პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველი. მით უფრო, რო დივიდენდების გატანა მოხდა დავალინების დარიცხვის მომენტამდე.

 

6.10. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს „ე-----–-----ს” (ს/ნ 2--------) და ვ--------–-----–---–-ს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე, ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით (საქმე N3ბ/3078-17), სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინება. ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას. ვ--------–-----–---–-ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ქონებას: 1. 100%-იანი წილს შპს ,,ე-----–----" -ში (ს/ნ 2--------); 2. უძრავ ქონებას მდებარე: თი------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება (საქმე N3ბ/3078-17) იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას. ვ--------–-----–---–-ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ქონებას: 1. 100%-იანი წილს შპს ,,ე-----–----" -ში (ს/ნ 2--------); 2. უძრავ ქონებას მდებარე: თი------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1.,,ლ" მუხლის საფუძველზე მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების - შპს „ე-----–-----ს“ (ს/ნ 2--------) და ვ--------–-----–---–-ს (პ/ნ 0----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება (საქმე N3ბ/3078-17) იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას. ვ--------–-----–---–-ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ქონებას: 1. 100%-იანი წილს შპს ,,ე-----–----" -ში (ს/ნ 2--------); 2. უძრავ ქონებას მდებარე: თი------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

4. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი