განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
190100118002626822
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-645-18

(№042260618001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20.03.2019 წ. ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ლევან ჯალაღანია

 

დაცვის მხარე: ადვოკატი დავით გირგვლიანი

 

ბრალდებული: ი--------–-----ე

მამის სახელი: რ-----ი

დაბადებული: 02.08.1--- წ.

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: წალკის რ-ნი, სოფ. ბ-–---–--ში

ფაქტობრივად მცხოვრები: თეთრიწყაროს რ-ნი, სოფ. ი-------აში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა.

 

სხდომის სახე - ღია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად სცნო:

 

2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 21:00-22:00 საათებს შორის დროის შუალედში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ი-------აში მდებარე პ-–-------–---------ის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი--------–-----ემ ხელების და ფეხებით, თავის და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით განზრახ მოკლა პ-–-------–---------ი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა-–------–---------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის გარდაცვლილი პ-–-------–---------ის შვილი. 2018 წლის 25 ივნისს საღამოს საათებში იმყოფებოდა სახლში მამასთან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა ი--------–-----ე, პლასტმასის ბოთლით არაყი მიუტანათ და შესთავაზათ დალევა. მას ბევრი არ დაულევია. ვ-------------------თან წასვლამდე ი--------–-----ეს შესთავაზა, დაენებებინა სმისთვის თავი და სახლში წასულიყო. ამ უკანასკნელმა პასპორტი მოსთხოვა შეშის ბილეთის ასაღებად, უარის გამო - ხელი გაარტყა. პ-–-------–---------ი გამოექომაგა, რაზეც ი--------–-----ემ უთხრა, გაჩერდი, თორემ იგივეს მიიღებო. ამის შემდეგ იგი წავიდა ვ-------------------თან, რომელსაც უამბო ი--------–-----ესთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე, რაზედაც ვ-------------------მა უსაყვედურა, ი--------–-----ესთან მამის მარტო დატოვებისთვის, რადგან ყველამ იცოდა ამ უკანასკნელის აგრესიულობა სიმთვრალეში. ვ-------------------ის მომსახურების შემდეგ სახლში დაბრუნებისას, დაახლოებით 9-10 სთ-ის შემდეგ, სახლიდან დაახლოებით 20 მ-ში შეხვდა ძლიერად ნასვამი ი--------–-----ე, რომელსაც ქურთუკზე და ჯოხზე ჰქონდა სისხლი და უთხრა, წადი, ნახე მამაშენს რა ვუქენიო. სახლში მისულს მამა მკვდარი დახვდა, რის თაობაზეც შეატყობინა ვ-------------------ს და ა------------–---------ს. ისინი გამოჰყვნენ და იყვნენ პოლიციის მოსვლამდე. სხვა უცხო პიროვნება არ ყოფილა. მან იატაკზე დავარდნილი მამა დივანზე დააწვინა, შემდეგ წავიდა ლ-----------------ასთან, რომელმაც უთხრა, რომ სასწრაფო ჰყავდა გამოძახებული და დახვედროდა. მისივე განმარტებით, მოგვიანებით ი--------–-----ის მიერ მოტანილი არყის ბოთლი სახლთან ახლოს, ქუჩაში იპოვა პოლიციამ (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ-------------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს ც---------ების სახლიდან დაახლოებით 50-60 მ-ში. 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში ა-–------–---------ი, რომელიც ემსახურებოდა ოჯახის საქმეებში, მივიდა და უთხრა, რომ ი--------–-----ე იყო მათთან, სვამდა, კამათი მოუვიდათ ბერძნულად საუბრის გამო, რა დროსაც ი--------–-----ეს გაურტყავს. მან უსაყვადურა მამის ი--------–-----ესთან მარტო დატოვების გამო. ამის შემდეგ წავიდა ა-–------–---------ი და დაახლოებით საღამოს 10 სთ-ზე დაბრუნდა და უთხრა, რომ ეზოში შეხვდა ი--------–-----ე, რომელსაც უთქვამს, ნახე, მამაშენი რა დღეში ჩავაგდეო, სახლში მისულს - მამა მკვდარი დახვედრია. ამის გაგონებაზე დაუძახა ა------------–---------ას და მივიდნენ ც---------ების სახლში. ფანარის შუქზე ნახეს იატაკზე გულაღმა დაგდებული სისხლიანი პ-–-------–---------ი. ასევე ფარნის შუქზე ნახეს, რომ ა-–------–---------ი არ იყო სისხლიანი. ის და ა------------–---------ა ოთახში არ შესულან, გარეთ გაჩერდნენ, ხოლო ა-–----- შედიოდა ოთახში და გამოდიოდა. მისგან გაიგეს, რომ გარდაცვლილი დივანზე გადააწვინა (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა------------–---------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს ც---------ების სახლიდან დაახლოებით 100-150 მ-ში. ვ-------------------თან ერთად უვლიდა პ-–-------–---------ს. მამა-შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს ძროხების მოსაწველად რომ მივიდა, დაინახა ა-–------–---------ი მიდიოდა ვ-------------------თან. ამ უკანასკნელის ძახილზე წავიდა მათთან, სადაც ა-–----- ამბობდა, რომ მამა მკვდარი იყო. სამივე წავიდნენ ც---------ების სახლში. ეზოში რომ ჩავიდნენ, უნდოდათ ოთახის კარის გახსნა. მან ხელი ჰკრა კარს და ბოლომდე არ გაიღო, ვ-----ამაც სცადა და ვერ გააღო. შეიხედეს და ნახეს პ-–------ი იწვა კარის მარცხენა მხარეს გულაღმა, სახე ჰქონდა სისხლიანი. ამის დანახვაზე მან და ვ-----ამ იყვირეს, მკვდარიაო. ოთახში არავინ შესულა. იგი ცუდად გახდა და წავიდა სახლში. მისივე განმარტებით, ა-–-----ს პირადად მისთვის მამის მკვლელობის თაობაზე რაიმე მისთვის არ უთქვამს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-------------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ც---------ების მეზობელი. ა-–------–---------ი ცხოვრობდა მამასთან პ-–-------–---------თან, რომელსაც უვლიდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. 2018 წლის 25 ივნისს, დილით მასთან მისულ ა-–------–---------ს მისცა ფული სიგარეტის და არაყის მისატანად. საღამოს, დაახლოებით 6 სთ-ზე მიუტანა, დალია მასთან არაყი და მისგან გაიგო, რომ მათთან სახლში იყო ი--------–-----ე. იმავე საღამოს, დაახლოებით 10 სთ-ზე შეიტყო პ-–-------–---------ის მკვლელობის შესახებ. მისივე განმარტებით, ა-–------–---------ს სისხლის კვალი არ ჰქონია. მოგვიანებით ალექსი ც---------ისგან გაიგო, რომ ი--------–-----ე პირადობებს სთხოვდათ და უარის გამო ი--------–-----ემ მოკლა პ-–-------–---------ი. მისივე განმარტებით, ნასვამ ა-–------–---------ს არცერთ მეზობელთან არ ჰქონდა კონფლიქტი(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-----------------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს თეთრიწყაროს რ-ნის სოფ. ი-------აში, კარგად იცნობს ც---------ების ოჯახს. ა-–-----ს მამასთან და სოფელში სხვებთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. იგი ხშირად მიდიოდა მასთან სახლში და ეხმარებოდა სამეურნეო საქმეებში. 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს ა-–------–---------ი მივიდა მასთან სახლში და უთხრა, რომ მოკლეს მამამისი და დაერეკა სასწრაფოში. ა-–----- ნორმალურ ფორმაში იყო. საუბრისას გაიგო, რომ დალიეს ი--------–-----ესთან ერთად, ამ უკანასკნელმა სთხოვა პასპორტი, არ მისცა და იჩხუბეს. ი--------–-----ე შენიშვნებს აძლევდათ, ბერძნულად რომ ლაპარაკობდნენ, მას მობეზრდა და გაიქცა სახლიდან. დაახლოებით საღამოს 11-12 საათზე უთხრა ა-–-----ს წასულიყო და სასწრაფოს დახვედროდა. ამ ფაქტის შემდეგ ა-–-----ს აღარ შეხვედრია(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა------–---------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს სოფ. წ--–------ში. პ-–-------–---------ი არის დეიდის ქმარი, ა-–------დეიდაშვილი. 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს დაახლოებით 10-11 სთ-ზე დაურეკა ვ-------------------მა, რომ დაერეკა სასწრაფოში, რადგან პ-–-------–---------ი იყო ცუდად. მან დარეკა სასწრაფოში. მეორე დღეს დაურეკეს, რომ პ-–------ი მოკლეს. ა-–------–---------ისგან გაიგო, ი--------–-----ე მოვიდა მათთან არაყით, აძალებდათ დალევას და პირადობებს სთხოვდათ. ა-–-----ს განმარტებით, განრიდებია ი--------–-----ეს და წასულა სახლიდან, უკან დაბრუნებისას გზაში შეხვედრია ი--------–-----ე და უთქვამს, ნახე, მამაშენი რა დღეში ჩავაგდეო. მისივე განმარტებით, ა-–----- უვლიდა მამამისს, მათი ჩხუბის თაობაზე არაფერი არ გაუგია(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული, შსს თეთრიწყაროს სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ---------------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ იგი კარგად იცნობს ი--------–-----ეს სოფ. ი-------აში მისი მხრიდან არსებული კონფლიქტების თაობაზე შემოსული საჩივრების გამო. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდებულის დაკავებაში მიიღო მონაწილეობა. მისი ტრანსპორტირებისას მათ კითხვებზე, რატომ მოკლა პ-–-------–---------ი, ი---------–-----ე პასუხობდათ, რომ ღირსი იყო(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N004372618 დასკვნის თანახმად პ-–-------–---------ის სიკვდილის მიზეზია ასპირაციული მექანიკური ასფიქსია განვითარებული ქვედა სასუნთქი გზების სისხლის მასებით დახშობის შედეგად. პ-–-------–---------ის გვამზე აღინიშნება სიცოცხლის დროინდელი ცხვირის, ორივე ყვრიმალის, ზედა ყბის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, ნეკნების ორმხრივი მრავლობითი ხაზოვანი მოტეხილობა, სოლისებრი ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, სისხლჩაქცევა ქალას რბილი საფარის მიდამოში, სისხლნაჟღენთები ორივე თვალ-ბუდის მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს(ტ.2. ს.ფ. 102-108).

 

აღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მირიან ლეფსვერიძემ.

 

2.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 ივლისის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N-005239518 დასკვნის თანახმად ი--------–-----ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი--------–-----ე ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის(შერაცხადობა). მას არ აქვს ფსიქიკური ნაკლი.

ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენის დროს ი--------–-----ე არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. დანაშაულის ჩადენის დროს იგი არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა მის ცნობიერებაზე და ქცევაზე(ტ.2. ს.ფ. 83-97).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა ქეთევან შევარდნაძემ (ექსპერტი-ფსიქიატრი) და მანანა ბრეგაძემ (ექსპერტი ფსიქოლოგი).

 

2.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 15 აგვისტოს ექსპერტიზის N46/22-541 დასკვნის თანახმად, 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 21:00 დან 22:00 საათებს შორის დროის შუალედში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ი-------აში მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლში, პ-–-------–---------ის განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: პ-–-------–---------ის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში მაგიდასთან ხის იატაკის ზედაპირიდან და მისაღებ ოთახში შესასვლელი კარის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ი--------–-----ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის (ტ. 2. ს.ფ. 160-163).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გიორგი ტაბატაძემ.

 

2.11. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 07 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) N008350818 დასკვნის თანახმად:

 

პაკეტში, წარწერით: „ი--------–-----ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ჩექმები (ბოტები)“, მოთავსებულ რეზინის ჩექმებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N7,8), წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის პ-–-------–---------ს(ობ.N49).

 

პაკეტში, წარწერით: „... სამი ცალი ჩანგალი ორ ფაიფურის ჭიქასთან ერთად ამოღებული მისაღებ ოთახში მდებარე კარადიდან (ფოტო 9)..“, მოთავსებულ ერთ-ერთ ფინჯანზე არსებული ბიომასალის (ობ. N17) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის ი--------–-----ეს (ობ. N48; პაკეტი, წარწერით: „...ი--------–-----ის ნერწყვის ნიმუში..“), მეორე წილი ეკუთვნის ა-–------–---------ს (ობ.N47).

 

პაკეტში, წარწერით: „ი--------–-----ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ხის ჯოხი“, მოთავსებული ჯოხის ერთ ბოლოზე არსებული მოყავისფრო ლაქები(ობ. N18) სისხლსა და გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარის, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალურ კონცენტრაციას არ შეიცავს. ამავე ჯოხის მეორე ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.N49) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის ი--------–-----ეს (ობ.N48), მეორე წილი ეკუთვნის პ-–-------–---------ს (ობ. N49).

პაკეტში, წარწერით: „ი--------–-----ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი“, მოთავსებულ მაისურსა და ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ. N20-23) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N20,22,23-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ-–-------–---------ს (ობ. N49). ობ. N21-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--------–-----ეს (ობ. N48). (იხ. ტ. 3.)

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ია ედიბერიძემ.

 

2.12.ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 იანვრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N000247119 დასკვნის თანახმად, ფუთაში წარწერით „ი--------–-----ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი“ მოთავსებული ტანსაცმლიდან (მოკლესახელოებიანი მაისური; ჯინსის შარვალი - ქამრით) მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღინიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად ხევით განვითარებული დაზიანება, რომლის კვალწარმომშობ ობიექტზე კატეგორიული მსჯელობა შეუძლებელია, კვალში რაიმე მაინდივიდუალირებელი ნიშნების აუსახაობის გამო.

ფუთაში წარწერით „ ი--------–-----ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ხის ჯოხი“ მოთავსებულ - ხის ჯოხზე ექსპლუატაციური ხასიათის კვლების გარდა, სხვა რაიმე მორფოლოგიით განსხვავებული დაზიანება არ აღინიშნება(ტ.4. ს.ფ.30-45).

 

2.13. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 ოქტომბრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექპერტიზის N007058118 დასკვნის თანახმად, ი--------–-----ის ფრჩხილების გადანაჭრებში აღმოჩენილ მონაცრისფრო ფერის ბამბის ბოჭკოს ფრაგმენტს და პ-–-------–---------ის სვიტერის ნართის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები(ტ.3, ს.ფ. 140-151).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თინათინ მგელაძემ.

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს: გამომძიებლებმა ნ------–-–--ამ, ნ-------------ამ, ნ-----–-----------–---–მა, გ-------------–---–მა, თეთრიწყაროს რ-ნული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ჯ--–-------–------მა, ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---------------ემ, რომლებმაც აღწერეს და დაადასტურეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები. ასევე დაკითხული იქნენ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმი დ-----------–---–ი, ამავე სამსახურის მძღოლი ს-----------------ი. გამოქვეყნებული იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N005393618 დასკვნა, (ტ. 2. ს. ფ. 120-127), დაკითხული იქნა დასკვნების გამცემი ექსპერტი, გამოქვეყნებული იქნასხვა წერილობითი მტკიცებულებები, დათვალიერდა ნივთმტკიცებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ”ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი”. სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონტიტუციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.

 

სიცოცხლის უფლება დაცულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის პირველ ფაქტობრივ წინაპირობად უნდა განისაზღვროს, რომ ხელყოფა მიმართული იყო ცოცხალ ადამიანზე, ხოლო მეორე ფაქტობრივი წინაპირობაა - სიცოცხლის დამთავრებისა და სიკვდილის მომენტის დადგენა. ვინაიდან ყველა სახის მკვლელობა მატერიალური შემადგენლობისაა, იგი დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. ბრალდებულის ქცევა დინამიკაში მიუთითებს სწორედ ამ სავალდებული სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-2 მუხლის თანახმად, ”ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი”. სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონტიტუციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.

 

სიცოცხლის უფლება დაცულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის პირველ ფაქტობრივ წინაპირობად უნდა განისაზღვროს, რომ ხელყოფა მიმართული იყო ცოცხალ ადამიანზე, ხოლო მეორე ფაქტობრივი წინაპირობაა - სიცოცხლის დამთავრებისა და სიკვდილის მომენტის დადგენა. ვინაიდან ყველა სახის მკვლელობა მატერიალური შემადგენლობისაა, იგი დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა და ხასიათი, მისი ლოკალიზაცია, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და შემდეგ ბრალდებულისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა.

 

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილი იქნეს მხოლოდ განზრახ - პირდაპირ ან არაპირდაპირი განზრახვის ფორმით. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

4.1. ბრალდებულმა ი--------–-----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს თეთრიწყაროს რ-ნის სოფ. ი-------აში. პ-–-------–---------თან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. 2018 წლის 25 ივნისს მივიდა ც---------ების ოჯახში, სურდა ა-–----- სამუშაოსთვის დაექირავებინა. მისვლისას ჯოხი გარეთ მიაყუდა, მამა-შვილს არყის ბოთლი ედგათ, ა-–----- მამას ეკამათებოდა, მთვრალი იყო. მან მხოლოდ 30 გრამამდე დალია. დაემშვიდობა და წავიდა სახლში. თავის ეზოში ფეხი დაუცდა და ტალახში წაიქცა, ხელზე დაზიანება მაშინ მიიღო. გვიან ღამით მათთან სახლში პოლიცია მივიდა. მისივე განმარტებით, პ-–-------–---------ის მკვლელობამდე 3-4 დღით ადრე მისული იყო პ-–-------–---------თან. ხელზე სისხლი სდიოდა და დაეხმარა დაბანვაში, შესაძლებელია აქედან დარჩა მის ტანსაცმელზე სისხლი(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-------–-----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ი--------–-----ის შვილი. პ-–-------–---------ს იცნობდა კარგად, ცხოვრობდა მეზობლად 150-200 მეტრში. მამას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მასთან, ხშირად აწვდიდა საკვებს. მისივე განმარტებით, ა-–------–---------ს იცნობს როგორც კონფლიქტურ და მატყუარა პიროვნებას. ც---------ების სახლის ეზოდან ესმოდა ხოლმე ჩხუბის და მტვრევის ხმა. ი--------–-----ეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია, სიმთვრალეშიც მშვიდია. პ-–------ს და მამამისს კონფლიქტი არ ჰქონიათ (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ--------–-----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ რომ არის ი--------–-----ის შვილი. 2018 წლის 25 ივნისის საღამოს მამა რომ დაბრუნდა სახლში, ბნელოდა, ეტყობოდა რომ წაქცეულიყო. არანაირი სისხლისმაგვარი ლაქა არ ჰქონია, ხელებზე რაიმე ჩხუბის კვალი არ ეტყობოდა. დაწვა და დაიძინა. გვიან ღამეს მივიდა მათთან სახლში პოლიცია. მამამისი გააღვიძეს, რატომ ეჩხუბე პ-–------სო, ოქმები დაწერეს, მამამისის ტანსაცმელი და ბოტები წაიღეს და მამაც წაიყვანეს. მისი განმარტებით, მამამისს და პ-–------ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ტანსაცმელი, რომ ამოიღეს თეთრი ძაფით გაკვანძეს რაშიც ჩააწყვეს. მისივე განმარტებით, ა-–------–---------ს იცნობს როგორც კონფლიქტურ და მატყუარა პიროვნებას. გამომძიებელმა რა დაწერა, არ იცის, თუმცა რომ დაკითხა, უთხრა წაიკითხეო, მაგრამ ემოციური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. მამამისზე ერთი პოლიციელი გადაკიდებულია, რადგან შეშაზე მუშაობისას ქრთამს არ აძლევდა და მან მოაწყო ეს საქმე (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ბრალდებულის სიძე, 15 წელია ცხოვრობს ი-------აში. მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ა-–-----ს და პ-–------ს იცნობდა. პ-–------ი არ იყო კონფლიქტური. ა-–----- იყო კონფლიქტური, ა-–-----ს და პ-–------ს ხშირად ჰქონდათ აურზაური(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ო--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის ქალიშვილის მამათილი. ცხოვრობს სოფ. ი-------აში. პ-–-------–---------თან ი--------–-----ე მეგობრობდა. ა-–------–---------ი ყოველდღე სვამდა და იყო აგრესიული. ერთხელ შეესწრო შეშა ესროლა მამას. მას არასდროს გაუშველებია ისინი, ესმოდა მხოლოდ ჩხუბის ხმა, ცემა-ტყეპა არ უნახავს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ----------------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს სოფ. ი-------აში. ბრალდებული არის მისი დის მამამთილი. 2018 წლის 25 ივნისის საღამოს, იმყოფებოდა ი--------–-----ის სახლში. ეს უკანასკნელი დაბრუნდა ნასვამი, მუშტები ან ხელები გადატყავებული ან დასისხლიანებული არ ჰქონია, იმავე ღამეს, უკვე ეძინა თავის სახლში მეზობლად, რა დროსაც სიძემ, რ--------–-----ემ დაუძახა, გამოდი, პოლიციელები არიანო. მან ნახა, რომ რ-----მა მისცა პოლიციას ტანსაცმელი და ნივთები. პოლიციელებმა ნივთები რომ ჩაალაგეს, რაღაც ქაღალდზე მოაწერინეს ხელი. ნივთები რომ მოათავსეს პაკეტებში, ძაფით გაკვანძეს, ლუქის დადება არ უნახავს(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ----------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს სოფ. ი-------აში. პ-–------ს და ი--------–-----ეს კარგი მეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ, ა-–------–---------ი მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, მაგრამ კონფლიქტი არავისთან ჰქონია. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-–------------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ პ-–-------–---------ს და ი--------–-----ეს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. სოფელში გაუგია, რომ ა-–------–---------ი მამას ეჩხუბებოდა სასმელის ფულის გამო; ასევე გაუგია, რომ ი--------–-----ეც იღებდა ალკოჰოლურ სასმელს (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ი--------–-----ე არის ძმის სიმამრი. პ-–-------–---------ს და ი--------–-----ეს კონფლიქტი არ ჰქონიათ. პ-–------ს და ა-–-----ს ჰქონდათ კამათი და ჩხუბი ბერძნულ ენაზე. ეს უკანასნელი მამას ფულს სთხოვდა დასალევად. პირადად მასთანაც ჰქონია პრობლემები სასმელთან დაკავშირებით. მან ამუშავა, ფული არ ჰქონდა, მერე უნდა მიეცა, მაგრამ დაუწყო კამათი ფულის მიცემაზე(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის სიაში მითითებული დანარჩენი მტკიცებულებები კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმები ბრალდების მხარემ უდავოდ გახადა.

 

5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბრალდებულ ი--------–-----ეს ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია.

 

5.1. დაცვის მხარის განმარტებას, რომ ა-–------–---------ის ჩვენება არ უნდა იყოს გაზიარებული, რადგან ი--------–-----ესთან კონფლიქტის მიზეზად ხან პასპორტს და ხან ბერძნულ ენაზე საუბარს უთითებს, სასამართლო ვერ გაიზიარებს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ა-–------–---------ის ჩვენების გარდა, მოწმე ვ-------------------ის ჩვენებით, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველიც არ არსებობს, დადასტურებეულია, რომ 2018 წლის 25 ივნისის საღამოს, ა-–------–---------ისგან მიღებული ინფორმაციით, ი--------–-----ემ მისივე სახლში სახეში გაარტყა, სთხოვდა პასპორტს და ეჩხუბათ ბერძნულად საუბრის გამო. მოგვიანებით მისგანვე შეიტყო, რომ გზაში შემხვედრ ი--------–-----ეს უთქვამს, ნახე, მამაშენი რა დღეში ჩავაგდეო და მართლაც, მამა მკვდარი დახვდა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლების და თვით ბრალდებულის განმარტებით დადასტურებულია, რომ ი--------–-----ე აწარმოებდა შეშის დამზადება-რეალიზაციას. სასამართლო სხდომაზე ა-–------–---------ის ჩვენებით კი, პასპორტი მოსთხოვა შეშის ბილეთის ასაღებად, სწორედ უარმა გამოიწვია ი--------–-----ის აგრესია, რაც მის მიმართ ხელის გარტყმით გამოიხატა, რასაც პ-–-------–---------ის გაღიზიანება მოჰყვა. ის ფაქტი, თუ გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა პირებთან ა-–------–---------ი ი--------–-----ესთან კონფლიქტის მიზეზად ხან პასპორტის მიცემაზე უარის თქმას და ხან ბერძნულ ენაზე საუბარს ასახელებდა, რის გამოც გაეცალა, არ ცვლის ი--------–-----ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების არსს;

 

5.2. დაცვის მხარის განმარტება, რომ ა-–------–---------ის ჩვენების ის ნაწილი, რომ შენიშნა ი--------–-----ეს სისხლით დასვრილი ტანსაცმელი და ჯოხი, არ უნდა იქნეს გაზიარებული იმ მოტივით, რომ აღნიშნულს არ ადასტურებენ ი--------–-----ე და მისი ახლობლები(ბ----------------ა და რ--------–-----ე), დამაჯერებლობას მოკლებულია. სასამართლო სხდომაზე როგორც ბრალდებულის, ასევე დასახელებული პირების ჩვენებით დადასტურებულია, რომ ი--------–-----ე იმ საღამოს სახლში მივიდა წაქცეული და დასვრილი. ი--------–-----ის განმარტებით, სახლში მისვლისას საკუთარ ეზოში, ტალახში წაიქცა, სადაც ასევე მიიღო დაზიანება ხელზე. აღნიშნული განმარტება ლოგიკურია ა-–------–---------ის ჩვენებისა, რომელმაც წაქცევამდე და ტანსაცმლის დასვრამდე ნახა სისხლით დასვრილი ტანსაცმლით ბრალდებული.

 

5.3. ი--------–-----ის განმარტებას, რომ 3-4 დღის წინ სისხლი დაბანა გარდაცვლილს, რის გამოც ტანსაცმელზე დარჩა სისხლი, სასამართლო ვერ გაიზიარებს. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 07 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) N008350818 დასკვნის თანახმად, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, დადასტურებულია, რომ ი--------–-----ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ი--------–-----ის არა მარტო ტანსაცმელზე (მაისურსა და შარვალზე) არსებული სისხლი, არამედ, რეზინის ჩექმებზე არსებული სისხლს ლაქებიც ეკუთვნის პ-–-------–---------ს. დაცვის მხარის აპელირება, რომ ჯოხზე არ აღმოჩნდა პ-–-------–---------ის სისხლი, ახსნილია თვით ბრალდებულის ჩვენებით, რომ ც---------ებთან სტუმრობისას ჯოხი მიაყუდა გარეთ და ოთახში ისე შევიდა.

 

5.4. დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ი--------–-----ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი და ბოტები, ბრალდებულის ოჯახის წევრების განმარტებით, არ დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო აღნიშნული ნივთების ამოღების შემდეგ პოლიციელებმა გადაუხვიეს ც---------ების სახლისკენ, რაც მიაშნებს ი--------–-----ის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე სისხლის კვალის ხელოვნურ გაჩენასთან, ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს, აღნიშნული ჩვენების მიმცემი პირები არიან ბრალდებულის ახლობლები და ცდილობენ ბრალდებულის მიმართ პასუხისმგებლობის აცილებას. ი--------–-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში და მის დაკავებაში მონაწილე პირების გ---------------ის, ნ-----–-----------–---–ის, ლ---------------–-–---–ის და სხვათა ჩვენებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ი--------–-----ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ადგილზე ამოღებისთანავე დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

5.5. დაცვის მხარის განმარტება, რომ ა-–------–---------ს სისტემატიური კონფლიქტი ჰქონდა მამასთან, რაც არ გამორიცხავს მის მიერ მამის შესაძლო მკვლელობას, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს. აღნიშნულს ადასტურებენ მხოლოდ ბრალდებულის ახლობლები, რომლებიც, როგორც აღინიშნა, აშკარად დაინტერესებული არიან საქმის შედეგით. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ც---------ების მეზობლების, ე.წ. ნეიტრალური მოწმეების, მ-------------------ის, ა------------–---------ას, ვ-------------------ის და თვით დაცვის ინიციატივით დაკითხული ლ----------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ა-–------–---------ი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, მაგრამ მამასთან კონფლიქტი არასოდეს არ ჰქონია. სასამართლო მამა-შვილს შორის კონფლიქტის დაშვების შემთხვევაშიც, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების თანხვედრით და ერთობლიობით, არ გამორიცხავს ი--------–-----ის მხრიდან აღნიშნული ქმედების ჩადენას.

 

5.6. დაცვის მხარის განმარტება, რომ ა-–------–---------ი აბრალებს ი--------–-----ეს მამის მკვლელობას, პასუხისმგებლობის თავის არიდების მიზნით, არადამაჯერებელია. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვ-------------------ის და მ-------------------ის განმარტებით, ა-–------–---------მა როდესაც აცნობათ, რომ პ-–------ი მკვდარი იყო, ტანსაცმელზე სისხლი არ ჰქონია, არც რაიმე საეჭვო შეუმჩნევია.ვ-------------------ის განმარტებით, მან და ა------------–---------ამ ნახეს იატაკზე დაგდებული პ-–-------–---------ის გვამი, რომელიც შემდგომში ა-–------–---------მა ტახტზე გადაასვენა, რის შემდეგაც გასაგებია, რომ სისხლით დაესვარა ტანსაცმელი. დაცვის მხარის განმარტება, რომ ა-–------–---------მა სამხილები გაანადგურა, მხოლოდ მოსაზრებაა და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. ასევე დაცვის მხარის განმარტება, რომ ა------–---------ას შეეპარა ეჭვი, ა-–------–---------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც სასწრაფოს არ აცნობა პ-–------ის გარდაცვალება, ასევე არადამაჯერებელია; ა------–---------ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურებულია, რომ ვ-------------------ის მიცემული ინფორმაციით, პ-–-------–---------ი იყო ცუდად, რაც გადასცა სასწრაფოს გამოძახებისას.

 

6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებული ი--------–-----ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ი--------–-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა;

შემამსუბუქებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

 

8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთ-ერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, ი--------–-----ის სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც პროპორციული იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

9.1. ი--------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს;

 

9.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 ცალი პლასტმასის ბოთლი - წარწერით „ბაკურიანი“, მაკრატელი, მუქი ფერის ქუდი, შპალიერის მონაჭერი მუქი ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, ბიოლოგიური მასის ანაწმენდები, სისხლის მაგვარი ლაქა ბიოლოგიურ ჩხირზე და ხის ფრაგმენტებზე, სუნის ნიმუშები, პ-–-------–---------ის, ალექსი ც---------ის და ი--------–-----ისგან აღებული ხელის ანაწმენდების, ხელის ფრჩხილის, ნერწყვის, თმების და სისხლის ნიმუშები - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს ქვ. ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში საქმის გამომძიებელთან);

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 3 ცალი ჩანგალი, 2 ცალი ფაიფურის ჭიქა, მინის ჭიქა, ი--------–-----ის საცხოვრებელი ადგილიდან ამოღებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, შავი მაისური, რეზინის ჩექმები და ხის ჯოხი - უნდა დაუბრუნდეთ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს ქვ. ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში საქმის გამომძიებელთან);

 

- შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა ერთ DVD დისკზე (ერთვის სს საქმეს) - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი--------–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ი--------–-----ის მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის №1/16-16 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის №1/16-16 განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი ნაწილობრივ - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ი--------–-----ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. ი--------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

3. ი--------–-----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 ცალი პლასტმასის ბოთლი - წარწერით „ბაკურიანი“, მაკრატელი, მუქი ფერის ქუდი, შპალიერის მონაჭერი მუქი ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, ბიოლოგიური მასის ანაწმენდები, სისხლის მაგვარი ლაქა ბიოლოგიურ ჩხირზე და ხის ფრაგმენტებზე, სუნის ნიმუშები, პ-–-------–---------ის, ალექსი ც---------ის და ი--------–-----ისგან აღებული ხელის ანაწმენდების, ხელის ფრჩხილის, ნერწყვის, თმების და სისხლის ნიმუშები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს ქვ. ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში საქმის გამომძიებელთან);

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 3 ცალი ჩანგალი, 2 ცალი ფაიფურის ჭიქა, მინის ჭიქა, ი--------–-----ის საცხოვრებელი ადგილიდან ამოღებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, შავი მაისური, რეზინის ჩექმები და ხის ჯოხი - დაუბრუნდეთ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს ქვ. ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში საქმის გამომძიებელთან);

 

- შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა ერთ DVD დისკზე (ერთვის სს საქმეს) - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი