გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-3123-18
(საქმე N190210018002732712)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე: დ----- ჯ------–---–ი
წარმომადგენელი: მ-----– ჯ------–---–ი
მოპასუხე: ლ--–- ც----–---–ი
დავის საგანი: განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს დ----- ჯ------–---–სა (პ/ნ 3---------- დაბადებული 1----–-–-------------ს) და ლ--–- ც----–---–ს (პ/ნ 3---------- დაბადებული 1----–-–-------------ს) შორის სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2007 წლის 27 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება აქტის ჩანაწერით N 0------;
სარჩელში მითითებულია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2007 წლის 27 დეკემბრიდან თანაცხოვრების საერთო შვილი არ შესძენიათ. მხარეებმა ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვიტეს უკვე დიდი ხანია, მაგრამ მიუხედავად ამისა მოპასუხე უარს აცხადებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინებაზე.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მხარეებს შორის არ არსებობს დავა არც უძრავ ქონებასთან და არც საერთო შვილთან დაკავშირებით, მაგრამ მოპასუხე უარს აცხადებს ნებაყოფლობით სამოქალაქო რეესტრის მეშვეობით ქორწინების შეწყვეტაზე, რის გამოც მხარემ მომართა სასამართლოს და ითხოვა 2007 წლის 27 დეკემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ აქტის ჩანაწერი N 0-------ით დარეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ--–- ც----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით და ასევე 2019 წლის 06 მარტს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ სარჩელი ცნო. მან მოითხოვა შესარიგებელი ვადის დადგენა შერიგების მიზნით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები 2007 წლის 27 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა.
3.2.2. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს საერთო შვილი არ შეძენიათ.
მტკიცებულება: 2018 წლის 12 ნოემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია #01/351819.
3.2.3. მოსარჩელეს და მოპასუხეს თანაცხოვრების პერიოდში უძრავი ქონება არ შეუძენიათ.
მტკიცებულება: 2018 წლის 09 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია N466074.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში საქმისთვის მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შეწყდეს მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. აღნიშნული უფლების რეალიზაცია, თავისთავად გულისხობს, იმას რომ მეუღლეს აქვს განქორწინების მოთხოვნის უფლებაც. განქორწინების უფლება პირის ინდივიდუალური უფლებაა და მისი რეალიზაცია დამოკიდებულია პიროვნების სუბიექტურ სურვილზე, შესაბამისად ამ აბსოლუტურ უფლებაში ვინმეს მხრიდან ჩარევა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის საფუძველია განქორწინება.
მითითებული კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები დაცილდნენ ერთმანეთს ოჯახური უთანხმოების გამო. ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ამ ხნის მანძილზე მიუხედავად ქორწინებაში ყოფნისა, არცერთ მათგანს არ უცდია შერიგება და ოჯახის აღდგენა. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის მიხედვით, მას არ სურს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრება. მოპასუხემ მოითხოვა შესარიგებელი ვადის დადგენა, თუმც მოსარჩელე ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ და უკვე დიდი ხანია კავშირი არა აქვს ლ--–- ც----–---–თან, ეს უკანასკნელი ვერც კი უკონკრეტებს სასამართლოს ბოლოს როდის ჰქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათი შერიგება და ოჯახის აღდგენა ვერ მოხდება რაიმე ვადის დაწესებით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება არის შეუძლებელი, რის გამოც უნდა მოხდეს მათი განქორწინება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქმის სასამართლოში განსახილველად გადახდილი ახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ საქმის სასამართლოში განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, არ დაეკისროს მოპასუხეს და აღნიშნული ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს დ----- ჯ------–---–ის სარჩელი მოპასუხე ლ--–- ც----–---–ის მიმართ.
2. შეწყდეს დ----- ჯ------–---–სა (პ/ნ 3---------- დაბადებული 1----–-–-------------ს) და ლ--–- ც----–---–ს (პ/ნ 3---------- დაბადებული 1----–-–-------------ს) შორის სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2007 წლის 27 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება აქტის ჩანაწერით N 0------.
3. მოსარჩელის მიერ საქმის სასამართლოში განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი