გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.03.2019
საქმის ნომერი
120210018002720829
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2720829-2/838-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

4 მარტი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ-----–ა ფ------–---–ი

წარმომადგენელი - ლ------ შ--–----ე

 

მოპასუხე - დ----- შ-----–-–---–ი

წარმომადგენელი - ე---------ა ა--–--ე

 

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე დ----- შ-----–-–---–ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის ლ----- ფ------–---–ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღებისა და მისი საქართველოში შემოსვლისა და შემდეგ ესპანეთში გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში ლ----- ფ------–---–ის სრულწლოვანებამდე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 28 ნოემბრიდან მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე დ----- შ-----–-–---–თან. ხშირი უთანხმოების გამო 2016 წლის ზაფხულში დაშორდა და საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთში, სადაც 2016 წლის 23 სექტემბერს შეეძინა ქალიშვილის ლ----- ფ------–---–ი.

თბილისის საქალაქო სასამრთლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

მოსარჩელე შვილთან ლ----- ფ------–---–თან ერთად ცხოვრობს ესპანეთში, ლ----- ფ------–---–ი 6 თვის ასაკიდან დადის საბავშვო ბაღში. ბავშვი შეგუებულია ესპანურ გარემოს და ოჯახს. სურს შვილისათვის პასპორტის აღება, თუმცა ვერ მოიპოვა მამის თანხმობა. რის გამოც ვერ იღებს სოციალურ შეღავათებს, რაც დაწესებულია ესპანეთის კანონმდებლობით მცირეწლოვანი ბავშვების მიმართებაში, კერძოდ უფასო აცრებს, უფასო მკურნალობას, მატერიაურ შემწეობას და სხვა. დაახლოებით ორი წელია დ----- შ-----–-–---–ი ჰპირდება მოსარჩელეს, რომ მისცემს თანხმობას პასპორტის ასაღებად, თუმცა სისტემატიურ იტყუება და თანხმობა დღემდე არ მიუღია.

2018 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში მოპასუხემ თანხმობა განაცხადა ბავშვისათვის პასპორტის აღებაზე. მოსარჩელემ შეიტანა განაცხადი ესპანეთში საქართველოს საელჩოში ბავშვისათვის პასპორტის მისაღებად, გადაიხადა 250 ევრო. მოულოდნელად მოპასუხემ შეცვალა გადაწყვეტილება და წამოაყენა ულტიმატუმები. აღნიშნული გამო განცხადების ვადა ორჯერ გააგრძელეს. იმის გამო რომ დ----- შ-----–-–---–მა თანხმობა არ განაცხადა განცხადების ვადა ამოიწურა.

სურს ჩამოვიდეს საქათველოში ბავშვთან ერთად, რათა მოინახულოს ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები, შემდეგ ისევ უკან დაბრუნდეს ესპანეთში. დ----- შ-----–-–---–ი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე წინააღმდეგი იქნება, რითაც ხელი შეეშლება ბავშვის თავის საცხოვრებელ გარემოში დაბრუნებას. ბავშვი შეგუებულია იქაურ გარემოს, ოჯახის წევრებს, ბავშვს აქვს მათზე მიჯაჭვულობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე დ----- შ-----–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა მისცეს თანხმობა შვილის ლ----- ფ------–---–ის პასპორტის ასაღებად, ასევე საქართვლოში და საქართველოდან ესპანეთში გასვლაზე, თუმცა წინაღმდეგია რომ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხე თანახმაა მისცეს თანხმობა შვილის ლ----- ფ------–---–ის პასპორტის ასაღებად, ასევე საქართვლოში და საქართველოდან ესპანეთში გასვლაზე, მიაჩნია რომ არ უნდა შეეზღუდოს მოპასუხე დ----- შ-----–-–---–ს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ნ-----–ა ფ------–---–ი 2015 წლის 28 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე დ----- შ-----–-–---–თან.

3.1.2. ნ-----–ა ფ------–---–ს და დ----- შ-----–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2016 წლის 23 სექტემბერს დაბადებული ლ----- ფ------–---–ი.

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ-----–ა ფ------–---–სა და დ----- შ-----–-–---–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

 

3.1.4. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ლ----- ფ------–---–ი ცხოვრობს დედასთან ნ-----–ა ფ------–---–თან ერთად ესპანეთში.

 

3.1.5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დ----- შ-----–-–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის ლ----- ფ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდნეობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 07.02.2018 წლიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

3.1.6. მოსარჩელე ნ-----–ა ფ------–---–მა ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართა ლ----- ფ------–---–ისთვის პასორტის მიღების მოთხოვნით, თუმცა მამის თნხმობის არარსებობის გამო ლ----- ფ------–---–ისთვის პასპორტის აღება ვერ მოხერხდა.

 

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- ლ----- ფ------–---–ის დაბადების მოწმობა;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.11.2017წ. გადაწყვეტილება;

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

,,ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენცია''

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: “მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.”

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

 

კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან, აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთ უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სამოქალაქო კოდექსის 1198.1 მუხლი).

 

ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანხმად მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი/მცირეწლოვანის, როგროც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის განვითარებაში. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც იგი არასრულწლოვანის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის მიზნით დაიშვება, როგროც ერთ-ერთი, ისე ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

ამავე კოდექსის 1205-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ-----–ა ფ------–---–ი 2015 წლის 28 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე დ----- შ-----–-–---–თან. შეეძინათ ერთი შვილი - 2016 წლის 23 სექტემბერს დაბადებული ლ----- ფ------–---–ი. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილია და მხარეები ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ლ----- ფ------–---–ი ცხოვრობს დედასთან ნ-----–ა ფ------–---–თან ერთად ესპანეთში. ლ----- ფ------–---–ი 6 თვის ასაკიდან დადის საბავშვო ბაღში. ბავშვი შეგუებულია ესპანურ გარემოს და ოჯახს. დედას ნ-----–ა ფ------–---–ს სურს არასრულწლოვანი შვილი პერიოდულად ჩამოიყვანოს საქართველოში, შემდეგ ისევ დაბრუნდეს. იმის გამო, რომ ლ----- ფ------–---–ს არ აქვს პასპორტი იგი ამ უფლებით ვერ სარგებლობს. გარდა ამისა, ლ----- ფ------–---–ი ვერ სარგებლობს ესპანეთში დაწესებული სოციალური შეღავათებით და აღნიშნულიც დაკავშირებულის პასპორტის უქონლობასთან. მას მოპასუხისგან წინააღდეგობა შეექმნა შვილის პასპორტის აღებასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ ითხოვს ნ-----–ა ფ------–---–ი მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას - არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან და საზღვარგარეთის პასპორტის მიღებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, რათა შეძლოს მცირეწლოვანი ლ----- ფ------–---–ის პერიოდულად ჩამოიყვანოს საქართველოში, შემდეგ ისევ დაბრუნდეს, ამასთან, ისარგებლოს ესპანეთში ბავშვისათვის დაწესებული სოციალური შეღავათებით.

მოპასუხე დ----- ფ------–---–ი განმარტავს, რომ თანახმაა მისცეს თანხმობა, მათი არასრულწლოვანი შვილის ლ----- ფ------–---–ისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებაზე, ასევე საზღვარგარეთ გაყვანაზე. თუმცა სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე რამდენჯერმე შეეცადა აღნიშნული თანხმობის მიღებას მოპასუხისაგან, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხე ჯერ ჰპირდება, რომ მისცემს თანხმობას, თუმცა მოგვიანებით უარს აცხადებს. დღეის მდგომარეობით მხარეთა შორის მეტად დაძაბულია ურთიერთობა, მხარეებს არ აქვს კომუნიკაცია, ყოველივე აღნიშნულით კი შესაძლოა დაზიანდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რაც უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5(4) მუხლიც, რომლითაც სახელწიფო ზრუნავს ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამოიკვეთა რაიმე საფრთხის შემცველი ან ზიანის მომტანი გარემოება მოპასუხისათვის არასრულწლოვანის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოპასუხის მხრიდან არსებული დამოკიდებულებით იზღუდება არასრულწლოვანი ლ----- ფ------–---–ის ინტერესები და უფლებები, რაც მის სამომავლო კეთილდღეობას ზიანს აყენებს. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საკითხი გადაწყდეს ისე, რომ ბავშვს არ მიადგეს რაიმე სახის ზიანი და მის განვითარებას არ შეეშალოს ხელი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხე მხარეს, თავისი შვილის, ლ----- ფ------–---–ის მიმართ, შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის უპირატესად დასაცავ ინტერესებს და ემსახურება მის სამომავლო კეთილდღეობას.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. სურვილის შემთხვევაში, მოპასუხე დ----- შ-----–-–---–ს უნარჩუნდება შვილთან, როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი(Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გაკეთებულ განმარტებაზე - ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ-----–ა ფ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე მხარისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რათა საფრთხე არ შეექმნას ბავშვის საუკეთესო ინტერესს და მისი უფლებების განხორციელებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლ------.

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 120 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა. ამასთან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 20 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ-----–ა ფ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდე.;

2. მოპასუხე დ----- შ-----–-–---–ს (პ/ნ 4----------) არასრულწლოვან ლ----- ფ------–---–ის (დაბ.23.09.2016წ.) მიმართებაში შეეზღუდოს მშობლის შემდეგი უფლება-მოვალეობები ბავშვის სრულწლოვანებამდე: პასპორტის გაცემისას კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, ესპანეთის სახელმწიფოდან საქართველოში და საქართველოდან ესპანეთის ქვეყანაში გამგზავრებაში კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

3. მოპასუხე დ----- ფ------–---–ს ნ-----–ა ფ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

4. ნ-----–ა ფ------–---–ს დაუბრუნდეს 13.11.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 120 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 20 ლარი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი