გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210118002390064
საქმე №2/700-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წ. ქ. გორი
სარეზოლუციო ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - შ----------------------------ი”
წარმომადგენელი - მ-----------ძე
მოპასუხე - ი--------------------–--ე”
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხე ი--------------------–--ეს” მოსარჩელე შ----------------------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს მოხმარებული გაზის ღირებულების - 2046.16 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ი--------------------–--ეს” მოსარჩელე შ----------------------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ვადებულების დარღვევიდან, 2017 წლის დეკემბრიდან, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებამდე, 2018 წლის ოქტომბრამდე 818.45 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2018 წლის ოქტომბრიდან ყოველთვიურად დაჩენილი დავალიანების - 2046.16 ლარის 0,1% ყოველთვიურად, რაც შეადგენს 20.46 ლარს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ასევე ადვოკატის მომსახურების თანხის დაკისრება (იხ. სარჩელი და 26.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ი--------------------–--ე” არის ბუნებრივი გაზის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც შ----------------------------ისაგან” წლების განმავლობაში მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი. მოპასუხე რეგისტირებულია აბონენტის №3--------6 და №2--------- და შესაბამისად ბუნებრივ გაზსაც ამ სააბონენტო ნომრებით მოიხმარდა. ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხეს წლების განმავლობაში ქ. გორში, ქ-------ის ქ. 49-ში არსებულ ობიექტზე მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი (კომერციული მიზნებისათვის) №3--------6 აბონენტის ნომრით. მეორე სააბონენტო ნომერზე მოპასუხეს დავალიანება არ გააჩნია. მოსარჩელის განმარტებით, საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ხდება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით, ხოლო მოპასუხის მიერ შესყიდული (მოხმარებული) გაზის ღირებულება ასევე გადახდები ასახულია ბილინგის ბაზაში არსებულ მონაცემებში, აბონენტის პირად ბარათში, შესაბამისად, გაზის შესყიდვის ფაქტი დადასტურებულია ბილინგის ბაზაში არსებული ჩანაწერებით. მიწოდებული გაზის ღირებულებას აბონენტის ნომერზე №3--------6 მოპასუხე იხდიდა პერიოდული დაგვიანებით და არასრულად, რის გამოც მას წარმოეშვა დავალიანება, რაც 2017 წლის ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 9 205. 45 ლარს.
მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს ადგება ზიანი. მოსარჩელეს დროულად რომ გადაეხადა არსებული დავალიანება, მოსარჩელეს საშუალება ექნებოდა კუთვნილი თანხა შეეტანა საბანკო დაწესებულების ანგარიშზე და მიეღო სულ მცირე სარგებელი წლიური 12% .
მოსარჩელე მხარემ მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მოპასუხემ სარჩელის სასამართლოში შემოტანის შემდეგ, 2018 წის 18 სექტემბერს, დარიცხული დავალიანებიდან, 9 205.45 ლარიდან გადაიხადა 6 595.80 ლარი, გადასახდელი დარჩა 2046.16 ლარი. შესაბამისად, მოთხოვნა დააზუსტა ზიანის ნაწილშიც და მოითხოვა დავალიანების ნაწილის დაფარვამდე ზიანის სახით, ძირითადი დავალიანებიდან დაანგარიშებული 828.45 ლარის გადახდა, ხოლო დავალიანების დაფარვის შემდეგ - დარჩენილი დანალიანებიდან - 2046.16 ლარიდან დაანგარიშება, რაც შეადგენს ყოველთვიურად 20.46 ლარს (იხ. სარჩელი და 26.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი--------------------–--ემ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2017 წლის ნოემბრის თვეში მას ერიცხებოდა დავალიანება 9 205.45 ლარის ოდენობიტ. აღნიშნული დავალიანებიდან 2018 წლის 5 სექტემბერს გადაიხადა 6595.78 ლარი, რითაც მან სრულად დაფარა დავალიანება და მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოთითებულ 2 046.16 ლარს, აღნიშნული დავალიანება ხანდაზმულია (იხ. შესაგებელი და 26.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ი--------------------–--ე” არის ბუნებრივი გაზის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც შ----------------------------ისგან” აბონენტის ნომრებზე: №3--------6 (გორი ქ-------ის ქ. №49); №2--------- და №3--------4 (გორი, მ---–----–-–---–ის ქ. №8) მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბარათი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ი--------------------–--ეს” აბონენტის ნომერზე: №2--------- დავალიანება არ ერიცხება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- ამონაწერი აბონენტის ბარათიდან;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ი--------------------–--ეს” აბონენტის ნომერზე: №3--------6 (გორი ქ-------ის ქ. №49) 2017 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება 9 205.4- ლარის დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი აბონენტის ბარათიდან;
- ამონაწერი გ--------------–--ის პირადი ბარათიდან.
3.2.2. ი--------------------–--ის” მიმართ აბონენტის ნომერზე №3--------6 დარიცხული დავალიანებიდან 9 205.45 ლარიდან 01.05.2018 წ. განხორციელდა ვალის, 3258.31 ლარის, გადატანა აბონენტის ნომერზე №3--------4.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი აბონენტის ბარათიდან;
- მოპასუხის განმარტება.
3.2.3. გ--------------–--ემ 2018 წლის 05 სექტემბერს გადაიხადა 6 595.80 ლარი, რომლითაც დაიფარა სოკარ ჯორჯია გაზის მიმართ, აბონენტის ნომერზე №3--------6, დარიცხული დავალიანება და აღნიშნულ სააბონენტო ნომერზე ი/მ „გ--------------–--ეს“ 2018 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით, მრიცხველის ჩვენებით დავალიანება არ ერიცხება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლიბერთი ბანკში თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
- საქორგგაზის 26.11.2018წ. წერილი.
3.2.4. ი--------------------–--ეს” აბონენტის ნომერზე №3--------4 (გორი, მ---–----–-–---–ის ქ. 8) დღეის მდგომარეობით, ერიცხება დავალიანება 2046.16 ლარის ოდენობით, რომლის დარიცხვაც განხორციელებულია 2007 წლის 01 ივნისიდან 2008 წლის 01 ივლისამდე პერიოდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქორგგაზის 28.01.2019წ. წერილი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შ----------------------------ის” სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შ----------------------------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 404-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე მუხლებით;
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ბუნებრივი გაზის მიწოდების (ნასყიდობის)ხელშეკრულება.
6.4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, 1. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიანტს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. 2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
6.5. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. 2. ეს წესები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიანტის, მიმწოდებლისა და საცალო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. 3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ან/და განაწილების, ასევე გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 4. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის, ასევე, ამ წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
6.6. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ბუებრივი გაზის მიწოდების შესახებ ურთიერთობაში ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ბუნებრივიმ ხოლო აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი აირის საფასური.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ი.მ „გ--------------–--ე“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზისაგან“ იღებდა ბუნებრივ გაზს აბონენტის ნომრებზე: 3--------6; 2--------- და 3--------4, ე.ი. მათ შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რომლის საფუძველზე მოპასუხეს ეკისრება მიღებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულება.
როგორც უკვე აღინიშნა, დადასტურებულია, რომ მოპასუხე მხარეს ერთერთ სააბონენტო ნომერზე 3--------4 გააჩნია დავალიანება 2046.16 ლარის ოდენობით, რომელზეც მოპასუხე მიუთითებს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია, ე.ი. სადავოა ის გარემოება ვალდებულია თუ არა მოპასუხე მხარე, გადაიხადოს აღნიშნული დავალიანება და ამ აანაზღაუროს ამ დავალიანების გადაუხდელობის გამო მიყენებული ზიანი.
6.8. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან და მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
6.10. კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, ბუნებრივი გაზის საფასური მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ყოველთვიურად, ბუნებრივი გაზის ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. ამავე წესების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით).
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ კომპანიებს მომხმარებლისგან ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება წარმოეშობათ ყოველ თვეში, მომხმრებლისათვის მიცემული გადახდის ვადის ამოწურვის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულებაც მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდით განისაზღვრება, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისთვის ვალდებულების შეუსრულებლობა, როგორც პირის უფლების დაღვევა, ცალ-ცალკე განიხილება და ხანდაზმულობის ვადის ათვლაც თავიდან იწყება.
განსახილველ შემთხვევაში გ--------------–--ესა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოპასუხეს მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი, რომლის ღირებულებაც მას სრულად არ გადაუხდია და დავალიანება, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს სააბონენტო ბარათზე 3--------4 დაერიცხა 2007 წლის 01 ივნისიდან 2008 წლის 01 ივლისამდე დროის მონაკვეთში, შესაბამისად, კომპანიის მოთხოვნა, როგორც 2008 წლის 01 ივლისამდე არსებული დავალიანების - 2046.16 ლარის, ისე ამ დავალიანების გადაუხდელობის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ, ხანდაზმულია ვინაიდან მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება გ--------------–--ის მხრიდან რაიმე ფორმით ამ დავალიანების აღიარების შესახებ. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას, რომ გ--------------–--ის მხრიდან 6595.80 ლარის გადახდისას ნაწილი თანხიდან დაიფარა სწორედ 3--------4 სააბონენტო ნომერზე დარცხული დავალიანება, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან შესაგებელზე დართული გ--------------–--ის მიერ დავალიანების დასაფარად თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით ცალსახად დასტურება, რომ გ--------------–--ემ აღნიშნული თანხა გადაიხადა გორში, ქ-------ის ქ. 49 დარეგისტრირებული აბონენტის ნომერზე 3--------6 დარიცხული დავალიანების დასაფარად.
6.11. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას დავალიანების წარმოშობიდან ნაწილობრივ, 6595.80 ლარის გადახდამდე, ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.12. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
6.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ არის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი და ბუნებრივ გაზს შეისყიდის უცხოურ ვალუტაში, ამასთან, მოსარჩელე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და როგორც ყველა მეწარმე, ისიც სარგებლობს ბანკის საკრედიტო მომსახურებით, იხდის პროცენტს, სახელმწიფოს მიმართ შესასრულებელი აქვს ვალდებულებები, მოპასუხის (აბონენტის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით კი მას ხელი ეშლება მესამე პირებთან თავისი ვალდებულებების შესრულებაში და როგორც მოსარჩელე მიუთითებს, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში, თუნდაც თანხის საბანკო დეპოზიტზე განთავსებით, შემოსავლის სახით მიიღებდა წლიურ 12% სარგებელს.
განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი - არის ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც კრედიტორმა ვერ მიიღო მის მიმართ ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
6.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად მოპასუხეს უნდა დაეკისროს იმ სარგებლის გადახდა, რასაც მოსარჩელე მიიღებდა თუნდაც სესხის ხელშეკრულების შესრულებით მიღებული თანხის ბრუნვაში გამოყენების შედეგად.
განსახილველ საქმეში დავის საგანია ფულადი ვალდებულების დაკისრება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფული გამოირჩევა სყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, რის გამოც ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა და შეუძლია შესძინოს მის მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალის საბანკო პროცენტის სახით.
ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანის შემთხვევაში, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას ( უზენაესი სასამართლოს, 2014 წლის 4 მარტის განჩინება, საქმე №ას-992-950-2013).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის არსებობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მოპასუხეს არა აქვს შესრულებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ვალდებულება. გასათვალისწინებელია, რომ დავა შეეხება სამეწარმეო იურიდიული პირის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულებას, რის გამოც მოსარჩელის საქმიანობის სამეწარმეო შინაარსის გამო მოსარჩელე ამ თანხას კომერციული დანიშნულებით გამოიყენებდა.
6.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება.
მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-929-869-2017) განმარტავს, რომ „ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარაგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვრის მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“.
ფულადი ვალდებულების დარღვევა მიუღებელი შემოსავლის სახით მატერიალურ დანაკლისს წარმოშობს, რადგან კრედიტორს არ ეძლევა შესაძლებლობა თანხა კომერციული მიზნისათვის გამოიყენოს, განათავსოს ბანკში დეპოზიტზე.
მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად საბანკო პროცენტის დაკისრებას ერთ შემთხვევაში დავალიანების წარმოშობიდან მის ნაწილობრივ შესრულებამდე (2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე), ხოლო შემდეგ დარჩენილი დავალიანების ნაწილში 2018 წლის ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა დარჩენილი დავალიანების (2046.16 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრებისა და ამ დავალიანების გადაუხდელობის გამო ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასამართლომ მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია, რაც შეეხება მოპასუხის მიერ დაფარულ დავალიანებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს დავალიანება 6595.80 ლარის ოდენობით წარმოეშვა 2017 წლის დეკემბრიდან, რომელიც მან დაფარა მხოლოდ 2018 წლის 05 სექტემბერს, ე.ი. დაგვიანებით, რის გამოც მოსარჩელე მხარემ მიიღო ზიანი, რომელიც მოპასუხის მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურებას.
რაც შეეხება ზიანის ოდენობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება. ამ შემთხვევაში მოპასუხის ფულადი ვალდებულება გამომდინარეობს მიწოდებული ბუნებრივი აირის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან, რის გამოც კრედიტორის უმთავრესი ინტერესია მიიღოს მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური და მიღებული თანხა კვლავ ბუნებრივი აირის მიწოდების ვალდებულების შესრულების გაუმჯობესებას მოახმაროს, მაგალითად გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და ა.შ. ამის გათვალისწინებით, მოპასუხეს ზიანის ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს 9 თვის განმავლობაში მიუღებელი შემოსავალი, რაც შეადგენს - არსებული დავალიანების - 6595.80 ლარის წლიურ 12%-ს, ყოველთვიურად 65.95 ლარს, რაც 9 თვის განმავლობაში არის 593.55 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
7.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 3611.17 ლარამდე, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც შეადგენს 108.4- ლარს. ამდენად, მოსარჩელეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 376 ლარიდან, უნდა დაუბრუნდეს 267.55 ლარი, დანარჩელი 108.4- ლარიდან კი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, 17.85 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების შესახებ, მისი მხრიდან დაკონკრეტებული არ ყოფილა აღნიშნული ხარჯების ოდენობა და ასევე არ ყოფილა დასაბუთებული სათანადო გარემოებების მითითებისა თუ მტკიცებულებების წარმოდგენით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-91-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლის მ-----------ძის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისიებების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე ი/მ გ--------------–--ის (პ/№5----------) სახელზე არსებულ ფულად სახსრებს/ანგარიშებს, საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში დავის საგნის 9205.45 ლარის ფარგლებში და ასევე მოპასუხე ი/მ გ--------------–--ეს (პ/№5----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მის: ქ. გორი ქ-------ის ქ.№65, საკადასტრო კოდი: 6-.4-.1-.0--. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
იმ გარემოებების გათვალისწიინებით, რომ აღნიშნული ღონისძიებების გამოყენებისას სარჩელის ფასი შეადგენდა 12 519.25 ლარს, შემდეგში თავად მოსარჩელის მიერ შემცირდა 3611.17 ლარამდე, ხოლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 593.55 ლარი, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ორივე ღონისძიების უცვლელად დატოვების აუცილებლობა, რადგან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას სრულად უზრუნველყოფს გ--------------–--ისათვის მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ი/მ გ--------------–--ის სახელზე არსებულ ფულად სახსრებსა/ანგარიშებზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ დაზუსტებული სარჩელი მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმე გ--------------–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმე გ--------------–--ეს მოსარჩელე შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 593.55 ლარის ოდენობით.
3. მოსარჩელის მოთხოვნა ინდივიდუალური მეწარმე გ--------------–--ისათვის მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გაუქმდეს ნაწილობრივ და მოეხსნას ყადაღა ი/მ გ--------------–--ის (პ/№5----------) სახელზე არსებულ ფულად სახსრებს/ანგარიშებს, საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხე ი/მ გ--------------–--ისათვის, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მის: ქ. გორი ქ-------ის ქ.№65, საკადასტრო კოდი: 6-.4-.1-.0--. გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ, დარჩეს უცვლელი.
5. მოსარჩელე შპს „სოკარ ჯორჯია გაზს” (ს/ნ: 202403121), მის მიერ 03.04.2018 შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 376 ლარიდან დაუბრუნდეს 267.55 ლარი, ხოლო დანარჩენი 108.45 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმე გ--------------–--ეს მოსარჩელე შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 17.85 ლარისა ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი