გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6277-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - ნინ----------–-ილი;
წარმოადგენელი - ია--------ე;
მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმოადგენელი- ვალ---------------ე;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმოადგენელი- ხა---------------ე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მაისის N------ დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 09 ნოემბრის N------ ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის წლის 10 მაისის N------ დადგენილებით ნინ----------–-ილი დაჯარიმდა 10 000 ლარით და დაევალა ქ. თბ--–--–---–-------–ის მონუმენტის ირგვლივ, თვითმმართველ ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული მავთულღობის დემონტაჟი. სადავო საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მითითებული ქონების მართლზომიერ მფლობელს და აღნიშნულის თაობაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, რაც გამორიცხავდა ნინ----------–-ილის სამართალდამრღვევად ცნობას. მითითებული აქტი მოსარჩელემ გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მერიის 2017 წლის 09 ნოემბრის N------ ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმოდგენილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი (მდ. ქ. თბ--–----------–-------------–-------–--------------ის ირგვლივ, ნაკვეთი 0-----, ს/კ 0---------------) საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ს.ფ. 139);
3.1.2. 2017 წლის 10 იანვარს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის N------- მითითების თანახმად, ქ. თბი-–--–----–-------–-----------ნტის ირგვლივ, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ.0---------------) ნინ----------–-ილმა განათავსა მსუბუქი კონსტრუქციის ღობე (მავთულბადე). ამავე მითითებით, ნინ----------–-ილს დაევალა წარმოედგინა აღნიშნული ობიექტების კანონიერების დამადასტურებელი სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინა მისი დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 იანვარის N------- მითითება (ს.ფ. 135-137);
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის დათვალიერების. ( ს.ფ. 137-138);
3.1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 10 მარტს შედგენილ იქნა N------- შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც დაფიქსირდა, რომ ნინ----------–-ილის მიერ არ შესრულდა 2017 წლის 10 იანვარის N------- მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 213.03.2017 წლის N------ შემოწმების აქტი (ს.ფ. 146-147);
3.1.4. 2017 წლის 4 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომლის დროსაც ნინ----------–-ილის წარმომადგენელმა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე განმარტა, რომ საამშენებლო სამუშაოები ნი-----------–---–ის მიერ განხორციელებულია 2007 წლამდე, 2005 წლიდან მფლობელობაში აქვს აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რასთან დაკავშირებითაც წარდგენილ იქნა 2006 წლის 7 ივნისის დადგენილება ნინო კვატაშვილის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე. ამასთან, წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მხარე სამართალდარღვევას გამოასწორებს მიწის დაკანონების შემდეგ ლეგალიზაციის გზით. ასევე, მიწის დაკანონების თაობაზე მიმართული აქვთ საკრებულოსათვის 2017 წლის იანვრის განცხადებით და აღნიშნული განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ითხოვა ვადა. ამასთან აღნიშნა, რომ ვინაიდან არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის ბრძანება ლეგალიზებაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებულია და არ არის შესული კანონიერ ძალაში არ უნდა განახლებულიყო მითითებით განსაზღვრული ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 4 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი.(ს.ფ. 218-219);
3.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების და ლანდშაფტურ სარეკერეაციო ტერიტორიების დაცვის სამმართველოს გლდ---------–----------აიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2017 წლის 10 თებერვლის N64 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ეთხოვა 2017 წლის 10 იანვრის N------ მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ ნი-----------–---–ს მიმართული ჰქონდა ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურისათვის ობიექტის ლეგალიზების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 10 თებერვლის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების და ლანდშაფტურ სარეკერეაციო ტერიტორიების დაცვის სამმართველოს გლდანი ნაძალადევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათი. (ს.ფ. 125);
3.1.6. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 მარტის N------- ბრძანებით ნინ----------–-ილს უარი ეთქვა თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში (ს/კ 0---------------) არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილი ღობის ლეგალიზაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 მარტის N------- ბრძანება (ს.ფ.127-129);
3.1.7. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის დადგენილებით ნი-----------–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად სამართალდარევათა კოდექსისი 552 მუხლის პირველი ნაწილით და სახდელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, გლდ---------–----------აიონში, თე------------–-----------/რ მიმდებარედ, ყეე--------------ში, პანსიონატ ,,სა-------ს“ უკანა მხარეს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის 500მ2 ფართობის უნებართვოდ დაკავებისა და სარგებლობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის დადაგენილება. (ს.ფ. 198);
3.1.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მაისის N------- დადგენილებით ნინ----------–-ილი დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარით, თბ--–--–---–-------–ის მონუმენტის ირგვლივ, ს/კ 0----------------ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობისათვის. მასვე დაევალა უნებართვოდ ობიექტის დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მაისის N------- დადგენილება. (ს.ფ. 113-115);
3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მაისის N------- დადგენილება ნინ----------–-ილის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. 2017 წლის 13 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა ზეპირი მოსმენის სხდომა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 29 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 186-188);
2017 წლის 13 ივნისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი, ადმინსიტრაციული წარმოების მასალა. (ს.ფ. 224-236);
3.1.10. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 09 ნოემბრის N------ ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ნინ----------–-ილის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10.05 N------ დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 09 ნოემბრის N------ ბრძანება (ს.ფ. 21-30).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მაისის N------ დადგენილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 09 ნოემბრის N------ ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მაისის N------- დადგენილების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ნინ----------–-ილი დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარით, თბ--–--–---–-------–ის მონუმენტის ირგვლივ, ს/კ 0----------------ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით ნინ----------–-ილს დაევალა უნებართვოდ ობიექტის დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,–ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 10 იანვარს ნინ----------–-ილის მიმართ შედგენილ იქნა N------- მითითება, რომლის თანახმად ნინ----------–-ილის მიერ, ქ. თბ--–--–---–-------–ის მონუმენტის ირგვლივ, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ.კ0---------------), შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილ იქნა მსუბუქი კონსტრუქციის ღობე. ამავე მითითებით ნინ----------–-ილს დაევალა წარედგინა აღნიშნული ობიექტების კანონიერების დამადასტურებელი სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინა მისი დემონტაჟი. დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა 15 კალენდარული დღე.
6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
დადგენილია ე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 10 მარტს შედგენილ იქნა N------- შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც დაფიქსირდა, რომ ნინ----------–-ილის მიერ არ შესრულლდა 2017 წლის 10 იანვარის იქნა N------- მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 მარტის N------- ბრძანებით ნინ----------–-ილს უარი ეთქვა თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში (ს/კ0---------------) არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილი ღობის ლეგალიზაციაზე და სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 10 მაისის მიიღო გასაჩივრებული N------ დადგენილება, ნინ----------–-ილის დაჯარიმების თაობაზე.
6.5. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევად არის მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა.შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.
6.6. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები. ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მაისის N------- დადგენილებით ნინ----------–-ილი დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარით, თბ--–--–---–-------–ის მონუმენტის ირგვლივ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს..კ0---------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი, კონსტრუქციის ღობის მოწყობისათვის. მასვე დაევალა უნებართვოდ ობიექტის დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
6.7. სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი) ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება(არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება;
ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
6.8. სასამართლო აქვე მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-10 პუნქტით კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
სასამართლო მიაჩნია, რომ ისეთი სახის სამშენებლო საქმიანობას, რომელსაც ადგილი აქვს განსხილველ შემთხვევაში, კერძოდ, მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობა, როგორც პირველი კლასის შენობა-ნაგებობას, არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა, თუმცა მისი მშენებლობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი პროცედურების დაცვა, კერძოდ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსაგან წერილობითი დასტურის მოპოვება. ამ წესის დარღვევა, სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, გათანაბრებულია უნებართვო მშენებლობასთან.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნინ----------–-ილმა განახორციელა მშენებლობა ქ. თბილისში, თბ--–--–---–-------–ის მონუმენტის ირგვლივ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ.0---------------), რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, საჭიროებდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსაგან წერილობითი დადასტურების მოპოვებას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დადასტურება ნინ----------–-ილს არ გააჩნია.
ზემოაღნიშნული გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძელზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ნინ----------–-ილის დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მაისის N------- დადგენილება კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას მიმართული ჰქონდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის, რაც გამორიცხავდა აღნიშნული საფუძვლით ნინ----------–-ილის სამართალდამრღვევათ ცნობას - სასამართლო განუმარტავს მოსარჩელეს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნას არანაირი შემხებლობა არა აქვს და ვერ შეაჩერებს უნებართვო შენობა-ნაგებობის გამო პირის დაჯარიმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესს, თუ დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ მიმართა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნებართვოდ აშენებულ შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით. ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საამშენებლო სამართალდარღვევაზე დადგენილების მიღების შემდეგ, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობა არ არის სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება თავისთავად არ გულისხმობს მასზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის კანონიერ ჩარჩოში მოქცევას. ამდენად, მოსარჩელის არგუმენტები აღნიშნულის საფუძველზე უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.
6.7. მოსარჩელე მხარის მეორე მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 09 ნოემბრის N------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 09 ნოემბრის N------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილ ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ნინ----------–-ილის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნინ----------–-ილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი