განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119002855677
საქმე №1/66-19
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი
სხდომის მდივანი ანა ტეტუნაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ია მეფარიშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ირმა დალაქიშვილი
ბრალდებული - რ---- ვ----–-ს ძე ზ------–---–ი - დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ--------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუქტი.
დისპოზიცია: ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რ---- ზ------–---–მა 2018 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 20 საათზე, რ---- ზ------–---–ი ქ. გორში მ–--------------------ში მდებარე, ლ--------------ს ბანკომატიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა------------ის კუთვნილ ფულად თანხას 170 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც ა------------ემ მიიღო მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარება. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის გათვალისწინებით, მხარეებიც მტკიცებითი პროცედურებისგან თავისუფლდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან.“ აღნიშნული ნორმის დანაწესი, საქმის არსებითი განხილვისას პრეიუდიციის რეალიზაციის შესაძლებლობას წარმოადგენს.
წინასასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქმეზე არსებული მტკიცებულებები სრულად იქნა უდავოდ ცნობილი. შესაბამისად, განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია სამართლებრივი მსჯელობა წარმართოს უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:
ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი აწესებს სასჯელს ქურდობისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალ უფლებას. ქურდობის შემადგენლობის არსებობისათვის, აუცილებელია, რომ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ნივთის მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ადგილი ექნება, ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა, დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხორციელდება სხვებისგან შეუმჩნევლად. ქურდობა, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, შედეგიანი დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთს და რეალური შესაძლებლობა აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. რ---- ზ------–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზანს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება წარმოადგენდა, რაც მან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენით სისრულეში მოიყვანა.
ქურდობის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზემოთ, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული. რიონ ზ------–---–ის მიერ ჩადენილი ქურდობით ა------------ეს მიადგა 170 (ას სამოცდაათი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო ქურდობაში, სრულად დაეთანხმა მტკიცებულებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, მართებულია.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ---- ზ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანებს ჩადენილს, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენას. მან ასევე უდავო სამართალწარმოების წესით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
რ---- ზ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ---- ზ------–---–ის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ოდენობით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის,“ ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.“ სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან რ---- ზ------–---–მა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით, შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დადგენის აუცილებლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ---- ზ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
რ---- ზ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი