განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
160100118002599681
დავის ტიპი
126
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002599681

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/225-18 27 თებერვალი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031040818001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: თამთა როყვა, დიანა ქოჩორაშვილი

ცაცა ებრალიძე

სხდომის სახე : ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზურაბ დალქიშვილი

 

ბრალდებული: რ------ ა-–----

მამის სახელი: ალი

დაბადებული: 1986 წლის 30 აგვისტო

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი შულავერი

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში, შურისძიების ნიადაგზე, რ------ ა-–---მა თავის არეში ნაჯახი ჩაარტყა ყოფილ მეუღლეს ხ--–---ა ი-----–---ას, რის შედეგად ეს უკანასკნელი წაიქცა. ამის შემდეგ, რ------ ა-–---მა სახის, ზურგის, მუხლის და მარჯვენა ხელის არეში ფეხების დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა წაქცეულ ხ--–---ა ი-----–---აზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დადგენილია, რომ ბრალდებული რ------ ა-–---- არის ხ--–---ა ი-----–---ას ყოფილი მეუღლე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ხ--–---ა ი-----–---ა, რომლის ჩვენებითაც დგინდება რომ იყო აგვისტოს თვე, წელი არ ახსოვს, როდესაც დაბრუნდა სამსახურიდან სახლში, რომელიც მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში. სახლში მისულს მეუღლემ რ------ ა-–---მა უკნიდან დაარტყა. რის შემდეგაც ხ--–---ა ი-----–---ამ დაუძახა მამას, ხოლო სანამ ხ--–---ას მამა მივიდა რ------ ა-–---- გაიქცა. ხ--–---ა ი-----–---ას განმარტებით მას რ------მა თავში ჩაარტყა ნაჯახი, ასევე წიხლი ჩაარტყა წელზე, რის გამოც იგი წაიქცა. სასწრაფოს მიერ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც გაუწიეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და დილით დაბრუნდა სახლში. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გამოძიების დროს მიცმული ჩვენება. ხ--–---ა ი-----–---ამ განმარტა, რომ თანახმაა რ------ ა-–----ს მიმართ გამოყენებულ იქნას მსუბუქი სასჯელი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის N005688618 დასკვნის თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ხ--–---ა ი-----–---ას 03.08.2018 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 04.08.2018 წელს დაუდგინდა: თხემის დაჟეჟილი ჭრილობა, ცხვირისა და მარჯვენა მუხლის მრვალობითი ნაჭდევები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგბა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეების რახილა ი-----–---ას და ვიკტორ ი-----–---ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 4 აგვისტოს დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, 2018 წლის 4 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ოქმით, ხ--–---ა ი-----–---ას სამედიცინო დოკუმენტაციით, 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით დადგენილია, რომ რ------ ა-–---მა ყოფილ მეუღლეს - ხ--–---ა ი-----–---ას მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა რ------ ა-–---მა განმარტა, რომ ხ--–---ა ისმაილვას ჩაარტყა ნაჯახი, თუმცა არ წაუქცევია.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა დაზარალებულ ხ--–---ა ი-----–---ას ჩვენებისა), ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა რ------ ა-–----ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ რ------ ა-–----ს ნაწილობრვ აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ხ--–---ა ი-----–---ას ჩვენებას, მოწმეების რახილა ი-----–---ას და ვიკტორ ი-----–---ის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 4 აგვისტოს დათვალიერების ოქმს და ფოტოცხრილს, 2018 წლის 4 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ოქმს, ხ--–---ა ი-----–---ას სამედიცინო დოკუმენტაციას, სამედიცინო ექსპერტიზის N005688618 დასკვნას, 2018 წლის 23 იანვრის განაჩენს.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა რ------ ა-–----ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების (გარდა დაზარალებულ ხ--–---ა ი-----–---ას ჩვენებისა) გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, რ------ ა-–----ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ------ ა-–---მა ხ--–---ა ი-----–---ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით( 2018 წლის 3 აგვისტოს მოქმედი რედაქცია). სისხლის სამართლის კოდექსში - 120-ე მუხლში, 2018 წლის 30 მაისს და 30 ნოემბერს განხორციელდა ცვლილებები. შესაბამისად კვალიფკაცია შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთნ და რ------ ა-–---- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასჯელი დამძიმდა, რ------ ა-–---ს სასჯელი უნდა დაენოშნოს დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სანქციის ფარგლებში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ------ ა-–---მა ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის მიმართ და განხორციელებული ძალადობის მოტივს. ძალადობის გამოხატვის მძიმე ფორმას, კერძოდ მან ნაჯახი ჩაარტყა ხ--–---ა ი-----–---ას და შემდეგ, როდესაც იგი წაიქცა, სხეულის სხვადასხვა არეში ფეხების დარტყმით იძალდა მასზე.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს რ------ ა-–----ს პიროვნულ მახასიათებელს და მის წარსულ ცხოვრებას. კერძოდ, იგი ნასამართლევია იმავე დაზარალებულის (ხ--–---ა ი-----–---ას) მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებისათვის. ასევე მოკლე პერიოდს სასჯელის მოხდიდან ახალ დანაშაულებრივ ქმედებას შორის. (რ------ ა-–---- პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლდა 22.06.2018 წელს).

 

სასამართლო ასევე განმარტავს რომ სასჯელის განსაზღვრისას გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს დაზარალებულის პოზიციას, რომელიც ითხოვს რ------ ა-–----ს მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზანი, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება რ------ ა-–----ს მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნული ცხადყოფს, რომ სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - ისეთი სასჯელით, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან ვერ იქნება მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს. შესაბამისად, რ------ ა-–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით (დღეის მდგომარეობით სსკ-ის სსკ-ის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. (2018 წლის 3 აგვისტოს მოქმედი სანქციის ფარგლებში).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების საკითხი:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ლურჯი ფერის კაბა დაუბრუნდეს დაზარალებულ-ხ--–---ა ი-----–---ას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რ------ ა-–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

რ------ ა-–---ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 16 აგვისტოდან.

 

რ------ ა-–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ლურჯი ფერის კაბა დაუბრუნდეს დაზარალებულ- ხ--–---ა ი-----–---ას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე