განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/4----18
გამოძიების N00----------
20 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ნ--------------–ი, ლ-------------–---;
დაცვის მხარე:
ბრალდებული გ-------------- (პ/ნ 0----------) - დაბადებული 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, გ-–------------------------------------------------ში,ადვოკატი - ნ------–-------ე,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2--- წლის 0-----------ს, დილის საათებში, ქ.თბილისი, გ-–-----------------------------------------------------------ში არსებულ სარდაფში განთავსებულ N-- საცხოვრებელ ბინაში, გ--------------მ ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ე--------------ს მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შეკრული ხელის მტევნები რამდენჯერმე დაარტყა სახის, თავისა და ტანის არეში, ხოლო ფეხები რამდენჯერმე დაარტყა ფეხებზე, რა დროსაც ე--- მ--------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა გ--------------ს ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ. ა-------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გ-------------- საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
დანაშაულის შეტყობინების რეგისტრაციის N1------ ბარათის თანახმად, 2--- წლის 0-----------ს 10:13 სთ-ზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს - „112“-ს დაუკავშირდა ე--------------, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები და აწუხებს თავის ტკივილი.
მოწმე ფ------------------–---–ის, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–---------------------–-----------–------------–---- დეტექტივ-გამომძიებლის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2--- წლის 0-----------ს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება მეუღლის მიერ ე--------------ს ცემის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება საფუძვლად დაედო ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას. დაზარალებული ე. მ--------- განყოფილებაში ნახა, რა დროსაც იგი აღელვებული ჩანდა და სახის მარჯვენა მხარეს შესიება ეტყობოდა. გამოკითხვისას დაზარალებული ე. მ--------- შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
მოწმე დ-------------–---–-ს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–---------------------–-----------–------------–-------------------------გამომძიებლის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2--- წლის 0-----------ს, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ე--------------ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. დაზარალებული, რომელსაც სახესა და ხელ-ფეხზე დაზიანებები აღენიშნებოდა, გამოკითხვისას აცხადებდა, რომ მეუღლემ სცემა. შემთხვევის დღეს დაზარალებულის გამოკითხვა მისი შეუძლოდ ყოფნის გამო შეწყდა. ექიმებმა განყოფილებაში ე. მ---------სთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკაში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
მოწმე რ-------–----ს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–---------------------–-----------–------------–---- გამომძიებლის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ე-------------- მის მიერ სრულად, შემთხვევიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ იქნა გამოკითხული, ვინაიდან დაზარალებული თავს ცუდად გრძნობდა. დაკითხვის დროისათვის ე. მ--------ს სახეზე, მარჯვენა ყვრიმალზე, იდაყვზე და მუხლებზე დაზიანებები ეტყობოდა. დაკითხვის დროს ე. მ--------მა განმარტა, რომ ზემოაღნიშნული დაზიანებები მეუღლემ - გ--------------მ მიაყენა.
მოწმეებმა: რ--------------–-–---–მა და თ------–------–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მონაწილეობდნენ თარჯიმნის სახით, ვინაიდან ე-------------- სრულყოფილად ვერ ფლობდა სამართალწარმოების ენას. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს ე. მ--------- აცხადებდა, რომ სცემა მეუღლემ. ქალბატონს სახესა და ფეხებზე დაზიანებები ჰქონდა.
მოწმეებმა: თ--- და დ---- კ-----------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2--- წლის 0-----------ს მათ გამომძიებელმა შეატყობინა, რომ მათი დედა - ე-------------- იმყოფებოდა საავადმყოფოში. დედა რომ მოინახულეს, მას სილურჯეები ეტყობოდა და თავსა და ფეხს იტკიებდა. მისგან შეიტყვეს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა გ--------------მ მიაყენა. სხვა მსგავსი ინციდენტის შესახებ არასდროს სმენიათ რაიმე, გ. ა-------ე ე. მ--------ს ეხმარებოდა და ერთმანეთთან მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ე-------------- ეტანება ალკოჰოლურ სასმელს და სიმთვრალის მდგომარეობაში საკმაოდ ემოციურია.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით ირკვევა შემდეგი: სს „სა-----–----------------–---------ს“ ტ-----------–-------------------–-- სტაციონარული პაციენტის N5--- სამედიცინო ბარათის თანახმად, ე-------------- აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 06.08.2--- წ. 21:45 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა; დაჟეჟილობა მარჯვენა ყვრიმალის და ქვედა ყბის არეში მარჯვნივ.
ე--- მ--------ს 09.08.2--- წ. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მარჯვენა მუხლის, წვივების, ბარძაყების, ორივე წინამხრის, მარცხენა იდაყვის, მხრების და გულმკერდის მარცხენა ნახევარზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით.
დაზიანებები /სისხლნაჟღენთები, თავის ტვინის შერყევა/ განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 06.08.2--- წ.
ბრალდებულმა გ--------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევამდე დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე--- მ--------თან. ვინაიდან ე--- ალკოჰოლზეა დამოკიდებული, თანაცხოვრების პერიოდში მათ მოსდიოდათ კონფლიქტები, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არასდროს მიუყენებია. იგი უშლიდა ე---ს ალკოჰოლის დალევას და ფულსაც იმ ოდენობით აძლევდა, რომ მას ალკოჰოლური სასმელის ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონოდა. 2--- წლის 0-----------ს ე---ს უარი უთხრა ფულის მიცემაზე, რის გამოც მან წყევლა და ლანძღვა დაუწყო. აღნიშნულის გამო შეკამათდნენ და სახლიდან წავიდა. მეორე დღეს სახლში რომ დაბრუნდა, ე--- შინ არ დახვდა. ვინაიდან ღამის ცვლაში მუშაობდა, დაიძინა. რამდენიმე ხანში პოლიციის თანამშრომლებმა გააღვიძეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის 2--- წლის 0-----------ს გ--------------ს მიერ ე--------------ს მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტის დასადგენად, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ე. მ---------ს სხეულზე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანებები მას სწორედ ბრალდებულმა მიაყენა.
სასამართლო განმარტავს, რომ სხდომაზე დაკითხულ ბრალდების მოწმეთა ჩვენებები განეკუთვნება ირიბ ჩვენებათა კატეგორიას, რადგან მათში ასახული ინფორმაციის წყაროდ დაზარალებულ ე--- მ--------ს მიუთითებენ, რომელმაც, თავის მხრივ, საქმის არსებითი განხილვისას, ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
საქართველოს კანონმდებლობაში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის კრიტერიუმს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი პირები - ფ------------------–---–ი, დ-------------–---–-, რ-------–----, რ--------------–-–---–ი, თ------–------–ი, თ--- და დ---- კ-----------ი - უშუალოდ არ არიან გ. ა-------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შემსწრენი, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ პირთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი, უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ--------------ს მიერ მისი არარეგისტრირებული მეუღლის - ე--------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა. შესაბამისად, გ. ა-------ის მიმართ საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარდგენილმა ბრალდებამ საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დადასტურება ვერ ჰპოვა.
სამართლებრივი შეფასება:
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლიდან გამომდინარე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გ--------------ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდეს გ--------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 10 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
გამართლებულ გ--------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულება:
ლაზერული დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
ტელევიზორი, რომელიც ინახება თ---–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-----------–-----------–---–- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი