გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2019
საქმის ნომერი
330210118002384335
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/10085-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 მარტი, 2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - სს „--------–--

წარმომადგენელი - მა------------

მოპასუხე - შპს „ჯი---------ი“

წარმომადგენლები - 1 - ნა------------ე

2 - მა----------ე

დავის საგანი - შეთანხმების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს „გუ-----–სა“ და შპს „ჯი---------ს“ შორის 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება.

 

1.2. მოპასუხე შპს „ჯი---------ს“ სს „გუ-----–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 28 145 ლარის გადახდა.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 01 დეკემბერს სს „გუ-----–სა“ და შპს „ჯი---------ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „გუ-----–ს“ შპს „ჯი---------ის“ მოთხოვნის შესაბამისად უნდა მიეწოდებინა სს „გუ-----–ის“ სარეალიზაციო ქსელში არსებული საქონელი. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, წლიური შესყიდვის რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო ჯამურად 1 000 000 ლარზე ნაკლები. მითითებული პირობის დარღვევის შემთხვევაში კი ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, შპს „ჯი---------ს“ უნდა გადაეხადა შეუსყიდავის საქონლის ღირებულების 10%. 2017 წლის 22 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დაფიქსირდა, რომ შპს „ჯი---------ს“ სს „გუ-----–ის“ მიმართ გააჩნდა შეუსრულებელი ვალდებულება 981 449.68 ლარის ღირებულების შეუსყიდავი პროდუქციის 10%, რაც შეადგენდა 98 144.96 ლარს. აღნიშნული შეთანხმებით, შპ „ჯი---------მა“ აიღო ვალდებულება სს „გუ-----–ისათვის“ გადაეხადა დავალიანებიდან - 98 144.96 ლარიდან 70 000 ლარი და 2016 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ჩაითვლებოდა შესრულებულად. შესაბამისად, შეთანხმებით მოხდა დარჩენილი თანხის - 28 144.96 ლარის შემცირება/პატიება. 2017 წლის 26 დეკემბერს მხარეთა შორის ასევე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც შპს „ჯი---------მა“ სს „გუ-----–ს“ გადაუხადა 70 000 ლარი, რითაც ვალდებულება ჩაითვალა სრულად შესრულებულად და მხარეებმა დააფიქსირეს, რომ მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება წარმოადგენს ბათილ გარიგებას, როგორც აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებული. მხარის მითითებით, სს „--------–-- იმყოფება გადახდისუუნარობის რეჟიმში, კერძოდ, კომპანიაში მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი და სასამართლო განჩინების საფუძველზე დანიშნულია რეაბილიტაციის მმართველი და განსაზღვრული არის საზოგადოების დირექტორისა და რეაბილიტაციის მმართველის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები. სასამართლო განჩინებით დამტკიცებული უფლებამოსილებათა წრის განსაზღვრის თაობაზე დოკუმენტის თანახმად, საწარმოს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს კომპანიის დირექტორი რეაბილიტაციის მმართველთან შეთანხმებით. რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განსაზღვრის შესახებ პროექტის მე-3 პუნქტის თანახმად კი საოპერაციო საქმიანობათან დაკავშირებული ხელშეკრულებების დადებასა და უკვე არსებული ხელშეკრულებების შეწყვეტაზე უფლებამოსილ პირად განსაზღვრულია დირექტორი, თუმცა თუკი გარიგების ღირებულება აღემატება 25 000 ლარს, ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია რეაბილიტაციის მმართველის მიერ გაცემულ წინასწარ თანხმობაზე. 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც მოხდა შპს „ჯი---------ის“ დავალიანების შემცირება/პატიება 28 144.96 ლარის ოდენობით, არ ყოფილა შეთანხმებული რეაბილიტაციის მმართველთან და შესაბამისად, აღნიშნული გარიგება წარმოადგენს ბათილს. ის ფაქტი, რომ სს „--------–-- იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს და მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს ამონაწერში ისედაც დაფიქსირებულია რეაბილიტაციის საქმისწარმოება და რეაბილიტაციის მმართველი, მოპასუხე კომპანიისათვის ისედაც ცნობილი იყო, რომ ასეთი გარიგების გაფორმებისათვის აუცილებელი იყო უფლებამოსილების საკითხის გადამოწმება და შემდგომში გარიგების დადება. იმის გათვალისწინებით, რომ უფლებამოსილი პირის მხრიდან არ ყოფილა დავალიანების შემცირების (ვალის პატიების) თაობაზე გამოხატული ნება, შეთანხმება ბათლად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვალდებულება აუნაზღაუროს სს „გუ-----–ს“ დარჩენილი დავალიანება 28 145 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხემ მიუთითა, რომ 2017 წლის 22 ნოემბრის შეთანხმება შედგენილია სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმის დაცვითა და მხარეთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების - დირექტორთა ხელმოწერით. შეთანხმება გაფორმებულია იგივე წესით და იგივე ფორმით, როგორადაც გაფორმდა 2016 წლის 01 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება. რომც ჩაითვალოს შეთანხმება ბათილად, მაშინ თავდაპირველი ხელშეკრულებაც არაუფლებამოსილ პირთა მიერაა გაფორმებული და აღნიშნულიც ბათილ გარიგებას წარმოადგენს, ვინაიდან 2017 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების გაფორმება მოხდა სწორედ 2016 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ის ფაქტი, რომ სს „--------–-- იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში, მართალია დასტურდება ორგანიზაციის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით, თუმცა სასამართლოს მიერ განჩინებით დადგენილი დირექტორისა და რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციების გადანაწილების თაობაზე მოპასუხე ორგანიზაციას არ ჰქონდა ინფორმაცია და შესაბამისად, დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის ფაქტი ვერ მიიჩნევა საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის შეუსყიდველობა გამოწვეულია თავად სს „გუ-----–ის“ მხრიდან ვალდებულების დარღვევით, რის თაობაზეც გაგზავნილი და ჩაბარებული ჰქონდა მოსარჩელეს შეტყობინებები. შემდგომში, ვინაიდან ყველა მოლაპარაკებამ უშედეგოდ ჩაიარა, შპს „ჯი---------მა“ 2017 წლის 17 ნოემბრის წერილით აცნობა მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მოგვიანებით კი ვინაიდან მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა, მხარეთა მოლაპარაკებით 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა შეთანხმება და შპს „ჯი---------მა“ თანხის ნაწილობრივ გადახდის სანაცვლოდ მოაწერა ხელი შეთანხმებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 01 დეკემბერს სს „გუ-----–სა“ და შპს „ჯი---------ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „გუ-----–ს“ შპს „ჯი---------ისათვის“ პერიოდულად უნდა მიეწოდებინა მის სარეალიზაციო ქსელში შეკვეთის დროისათვის არსებული პროდუქცია, ხოლო თავის მხრივ შპს „ჯი---------ი“ ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, წლიური შესასყიდი პროდუქციის რაოდენობა ჯამურად არ უნდა ყოფილიყო 1 000 000 ლარზე ნაკლები დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის მიხედვით კი მყიდველის მიერ ხელშეკრულების 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „ჯი---------ი“ ვალდებული იყო აენაზღაურებინა სს „გუ-----–ისათვის“ შეუსყიდავი საქონლის ღირებულების 10% (ათი პროცენტი). ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა შპს „ჯი---------ის“ დირექტორის - რა-----------სა და სს „გუ-----–ის“ დირექტორის - გი-----------–---–ის მიერ.

 

(მტკიცებულება: 2016 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულება, ს.ფ. 23-26)

 

3.2.2. 2017 წლის 22 ნოემბერს სს „გუ-----–სა“ და შპს „ჯი---------ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს 2016 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად შპს „ჯი---------ის“ შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობა 98 144.96 ლარის ოდენობით და შეთანხმდნენ, რომ შპს „ჯი---------ი“ სს „გუ-----–ს“ შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილში გადაუხდიდა მხოლოდ 70 000 ლარს, რითაც 2016 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულება ჩაითვლებოდა სრულად შესრულებულად და მხარეებს ერთმანეთის მიმართ ხელშეკრულების ფარგლებში პრეტენზია აღარ ექნებოდათ. ამასთან, შეთანხმებით ნაკისრი ვალებულების შესრულების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. მსგავსად 2016 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულებისა, 2017 წლის 22 ნოემბრის შეთანხმება ასევე ხელმოწერილ იქნა შპს „ჯი---------ის“ დირექტორის - რა-----------სა და სს „გუ-----–ის“ დირექტორის - გი-----------–---–ის მიერ.

 

(მტკიცებულება: 2017 წლის 22 ნოემბრის შეთანხმება, ს.ფ. 27-28)

 

3.2.3. 2017 წლის 26 დეკემბერს სს „გუ-----–სა“ და შპს „ჯი---------ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ შპს „ჯი---------მა“ სს „გუ-----–ს“ გადაუხადა 70 000 ლარი და შესაბამისად დადასტურდა 2016 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულებისა და 2017 წლის 22 ნოემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება.

 

(მტკიცებულება: 2017 წლის 26 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 29)

 

3.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით დამტკიცდა ამჟამად სს „გუ-----–ის“ კრედიტორთა მიერ კრედიტორთა კრებაზე მიღებული რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განსაზღვრის შესახებ ცვლილებების პროექტი. სს „გუ-----–ის“ რეაბილიტაციის მმართველსა და საწარმოს დირექტორს შორის უფლებამოსილებათა წრის განსაზღვრის პროექტის მე-3 პუნქტის პირველი ნაწილის თანახმად განისაზღვრა, რომ საწარმოს (სს „გუ-----–ის“) წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორი, რეაბილიტაციის მმართველთან შეთანხმებით. ამავე პუნქტის მე-3 ნაწილის მიხედვით კი საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული მიმდინარე ხელშეკრულებების (გარიგებების) დადებასა და არსებული ხელშეკრულებების (გარიგებების) შეწყვეტაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა დირექტორი, თუ ცალკეულ შემთხვევებში არსებული ან დასადები ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატებოდა 25 000 ლარს. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული ხდებოდა რეაბილიტაციის მმართველის წინასწარ თანხმობაზე. ამ პუნქტის მიზნებისათვის საოპერაციო ხელშეკრულება (გარიგება) ნიშნავდა გარიგებას რომელიც ეხებოდა საქონლის შესყიდვა/გაყიდვას, კომუნალური გადასახადების გადახდას.

 

(მტკიცებულება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინება, რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა წრის განმსაზღვრელ დოკუმენტში ცვლილებების დამტკიცების მიზნით კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე სასამართლოში წარდგენილი განცხადება, სს „გუ-----–ის“ რეაბილიტაციის მმართველსა და საწარმოს დირექტორს შორის უფლებამოსილებათა წრის განსაზღვრის პროექტი, ს.ფ. 36-48)

 

3.2.5. სს „გუ-----–ის“ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგენილია, რომ მიმდინარეობს სს „გუ-----–ის“ რეაბილიტაციის საქმისწარმოება და საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად დაფიქსირებულები არიან გენერალური დირექტორი - გი-----------–---–ი, ხოლო რეაბილიტაციის მმართველად - შპს „ბი------------------------–--ი“.

 

(მტკიცებულება: სს „გუ-----–ის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 53-54)

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს დადებული შეთანხმება სს „გუ-----–ის“ მხრიდან გაფორმებული იქნა ნებართვის გარეშე, ვინაიდან არ არსებობდა რეაბილიტაციის მმართველის შესაბამისი თანხმობა შესასრულებელი ვალდებულების შემცირებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ ვინაიდან სს „გუ-----–სა“ და შპს „ჯი---------ს“ შორის თავდაპირველი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიის დირექტორების ხელმოწერით, დავალიანების შემცირების თაობაზე შეთანხმებაც დირექტორთა მიერაა ხელმოწერილი და შესაბამისად, გარიგება მიიჩნევა ნამდვილად. ასევე არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ შპს „ჯი---------ისათვის“ არ იყო ცნობილი სს „გუ-----–ის“ დირექტორსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილების გადანაწილების საკითხი და აღნიშნულის გათვალისწინებით, გარიგება მიჩნეულ უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის მიერ დადებულად და ნამდვილად.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „--------–-- იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში და კომპანიის ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან, საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, გენერალურ დირექტორთან ერთად, დაფიქსირებულია რეაბილიტაციის მმართველი - შპს „ბი------------------------–--ი“. ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებით დამტკიცდა სს „გუ-----–ის“ კრედიტორთა მიერ კრედიტორთა კრებაზე მიღებული რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განსაზღვრის შესახებ ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოების დირექტორს შეზღუდული ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არსებული ან მომავალში დასადები ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე, თუკი მისი ღირებულება აღემატებოდა 25 000 ლარს. ასეთ შემთხვევაში, გარიგების ნამდვილობისათვის საჭირო იყო რეაბილიტაციის მმართველის წინასწარი თანხმობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც კომპანიის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და იგი იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ფაქტი მიიჩნევა თუ არა საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად, სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაცია წარმოშობს ამ საზოგადოებასთან გარიგების დადების მსურველი სუბიექტის ხელმძღვნელობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების გადამოწმების მოვალეობას. ხელშეკრულების ერთი მხარე, რომელიც რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ მეორე მხარესთან შედის სახელშეკრულებო ურთიერთობაში, გონივრული წინდახედულობის ფარგლებში, ვალდებულია გადაამოწმოს ამ საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილებების არეალი, მით უფრო იმ მოცემულობაში, როდესაც სახელშეკრულებო მოვალეობათა აღება ხდება სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან, რომელსაც უფრო მეტი ვალდებულება აკისრია სხვა კომპანიასთან გარიგების დადების დროს გადაამოწმოს ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის კომპეტენცია და მისი უფლებამოსილება.

 

სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების თანახმად საჯაროა და მის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ამავე კანონის მე-51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი საზოგადოების გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმისწარმოების შესახებ ინფორმაცია ექვმდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრში ასახვა-რეგისტრაციას. ამდენად, როდესაც საზოგადოების ამონაწერში დაფიქსირებულია საზოგადოების რეაბილიტაციის პროცეში ყოფნის ფაქტი, გარიგების მონაწილე მეორე მხარე მოვალეა წინდახედულობის ფარგლებში გამოარკვიოს ხელმძღვანელთა და წარმომადგენელთა კომპეტენცია კონკრეტული გარიგების გაფორმების დროს. გადახდისუუნარობის, გაკოტრებისა თუ რეაბილიტაციის პროცესი გულისხმობს საზოგადოების მენეჯმენტის, საზოგადოების ხელმძღვანელ პირთა არასათანადო საქმიანობის შედეგად საზოგადოების გადახდისუუნარობამდე მიყვანას, რაც განაპირობებს კიდეც ამ ხელმძღვანელ პირთა უფლება-მოვალეობების გარკვეული წესებითა და პირობებით შეზღუდვას, სამეწარმეო სუბიექტის ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველივე აღნიშნული კი დაუსაბუთებელს ხდის მოპასუხე მხარის განმარტებას მხოლოდ მოსარჩელე კომპანიის დირექტორად რეგისტრირებული პირის მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერის არსებობით გარიგების უფლებამოსილი პირის მხრიდან დადებულად მიჩნევის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებით მხარეთა მიერ მოხდა ვალდებულების 28 144.96 ლარის ოდენობით შემცირება და აღნიშნული გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელი იყო რეაბილიტაციის მმართველის თანხმობა, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შეთანხმება სს „გუ-----–ის“ მხრიდან გაფორმდა შესაბამისი ნებართვის გარეშე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სს „გუ-----–ის“ მოთხოვნა შეთანხმების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 59-ე, 316-ე, 317-ე, 417-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება, შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ნამდვილობის ერთ-ერთ პირობად მიჩნეულია ნებართვის არსებობა, თუკი ამ გარიგებისათვის საჭიროა ასეთი ნებართვა. ისევე როგორც გარიგების ფორმა, ნებართვაც წარმოადგენს გარიგების ნამდვილობის პირობას და მისი დარღვევა (ნებართვის არარსებობა) წარმოშობს და იწვევს გარიგების ბათილად ცნობას. ამდენად, როდესაც გარიგება იდება უფლებამოსილი მესამე პირის ნებართვის გარეშე, იგი ბათილად მიიჩნევა და არ წარმოშობს ამ გარიგებით გათვალისწინებულ შედეგებს მონაწილე პირთა მიმართ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა გათვალისწინებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება სს „გუ-----–ის“ მხრიდან დადებული იქნა რეაბილიტაციის მმართველის შესაბამისი თანხმობის გარეშე. თანხმობის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია და არც რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გარიგება მიიჩნევა ბათილად და დავალიანების შემცირების თაობაზე შეთანხმება არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს, ვერ მიიჩნევა ვალდებულება სრულად შესრულებულად. შეთანხმებით გათვალისწინებული შემცირებული ვალდებულების თაობაზე კრედიტორის გადაწყვეტილება არ ყოფილა უფლებამოსილი პირის მიერ გამოხატული, რის გათვალისწინებითაც არ არსებობს ვალდებულების შესრულებულად (შეწყვეტილად) ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობიათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს „გუ-----–სა“ და შპს „ჯი---------ს“ შორის 2016 წლის 01 დეკემბერს გაფორებული ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლითაც სს „--------–-- იღებდა ვალდებულებას შპს „ჯი---------ისათვის“ მიეწოდებინა კონკრეტული პროდუქცია, ხოლო თავის მხრივ შპს „ჯი---------ი“ ვალდებული იყო გადაეხადა ნასყიდობის შესაბამისი საფასური. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლიური შესასყიდი პროდუქციის ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 1 000 000 ლარზე ნაკლები დღგ-ს ჩათვლით. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი შპს „ჯი---------ს“ წარმოეშვებოდა ვალებულება გადაეხადა მიმწოდებლისათვის შეუსყიდავი საქონლის ღირებულების 10 პროცენტი. ასევე დადასტურებულია, რომ შპს „ჯი---------ის“ მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რის გათვალისწინებითაც მას წარმოეშვა შეუსყიდავი საქონლის ღირებულების 10%-ის - 98 144.96 ლარის სს „გუ-----–ის“ სასარგებლოდ გადახდის ვალდებულება, საიდანაც შპს „ჯი---------ის“ მიერ გადახდილია 70 000 ლარი.

 

ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობა თავისი შინაარსით წარმოადგენს საჯარიმო სანქციას, რომელიც კრედიტორის სასარგებლოდ მოვალეს აკისრებდა კონკრეტული ოდენობით ჯარიმა/საურავის გადახდის ვალდებულებას, თუკი არ შესრულდებოდა ძირითადი პირობა შესასყიდი საქონლის ოდენობასთან დაკავშირებით. აღნიშნული საჯარიმო სანქცია კი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.

 

2017 წლის 22 ნოემბრის შეთანხმებით, რომელიც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა აღიარებული, მოხდა შპს „ჯი---------ისათვის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის (პირგასამტეხლოს) სახით გადასახდელი თანხისაგან გათავისუფლება 28 144.96 ლარის ოდენობით, იგივე ვალის პატიება. იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლება მოხდა ნებართვის გარეშე და იგი ბათილია, შპს „ჯი---------ს“ ეკისრება მითითებული თანხის სს „გუ-----–ის“ სასარგებლოდ გადახდის ვალდებულება. რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას, რომ თუკი 2017 წლის 22 ნოემბრის შეთანხმება მიიჩნევა ბათილად, თავად ძირითადი ხელშეკრულებაც წარმოადგენს ბათილ გარიგებას და აღნიშნული არ წარმოუშობს მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულებას, სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულება მოწონებულ იქნა კომპანიის რეაბილიტაციის მმართველის მიერ და შესაბამისად, იგი ვერ მიიჩნევა ბათილ გარიგებად, ვინაიდან ადგილი აქვს უფლებამოსილი პირის მხრიდან გამოხატულ შემდგომ თანხმობას (მოწონებას). შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხის განმარტება ძირითადი ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ამდენად დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად მისთვის პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ, კერძოდ, გადასახდელი 98 144.96 ლარიდან გადახდილია 70 000 ლარი და არ არსებობს დარჩენილი დავალიანებისაგან - 28 145 ლარის გადახდისაგან მხარის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 28 145 ლარის დაკისრების თაობაზე სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის სახით 844.35 ლარის, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე მოსარჩელეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით ეთქვა უარი, უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახ. ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „გუ-----–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს „გუ-----–სა“ და შპს „ჯი---------ს“ შორის 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება.

 

1.2. მოპასუხე შპს „ჯი---------ს“ სს „გუ-----–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 28 145 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს „ჯი---------ს“ მოსარჩელე სს „გუ-----–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 844.35 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი