გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2019
საქმის ნომერი
330210018002619867
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/26119-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: შ------------------–-------------------------ი“, ს/ნ 4--------

წარმომადგენელი: მ----------–-–---–ი

მოპასუხე: შ--------------------------------ი“, ს/ნ 4--------

წარმომადგენლები: გ-------------–---–ი, გ----------------–---–ი, მ--–-----------–-----ი

დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

აღიკვეთოს მოსარჩელის მიმართ მოპასუხის ხელშეშლა, კერძოდ, აღიკვეთოს საჯარო რეესტრში N------------------.) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული კომპლექსის საერთო სარგებლობის ფართის (ვესტიბიულის) გამოყენების უფლების განხორციელებაში მოსარჩელისთვის ხელის შეშლა.

 

მოსარჩელეს სურს, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების გაქირავების მომსახურება გაუწიოს გუდაურში მდებარე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებს, რისთვისაც მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლის შესასვლელში მოწყობილ სივრცეში მაგიდის დადგმა და სამუშაო გარემოს მოწყობა სჭირდება. მოსარჩელე ხელშეშლის აღკვეთას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სადავო ფართის კეთილსინდისიერი მფლობელია. მოსარჩელე საწარმოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელეს მომსახურების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული 21 ბინის 9 მესაკუთრესთან, რომლებიც თანახმა არიან, რომ საერთო სარგებლობის სადავო ფართი მოსარჩელე საწარმოს გადაეცეს სარგებლობაში, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელს სადავო ფართის გამოყენების კანონიერი უფლება აქვს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოპასუხემ განმარტა, რომ ე.წ. „სასტუმროს ტიპის“ შენობა, რომელშიც სადავო ფართი მდებარეობს, ააშენა შ--------------- თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და სადავო შენობაში მდებარე ყვალა ინდივიდუალური ფართის მესაკუთრეს ფართი შ--------------გან“ აქვს ნაყიდი. შ--------------“ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ასევე მოპასუხე საწარმოსთან, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს აღებული აქვს ვალდებულება, უზრუნველჰყოს შენობაში არსებული საერთო ქონების ფუნქციური გამართულობა. მოპასუხე სთავაზობს მესაკუთრეებს ასევე ბინების გაქირავების მომსახურებასაც. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მოპასუხე საწარმოს გაფორმებული აქვს მომსახურების ხელშეკრულებები სადავო სახლში ინდივიდუალური საკუთრების მქონე პირთა 99%-თან, მათ შორის - იმ რამდენიმე პირთანაც, რომლებთანაც ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული მოსარჩელე საწარმოს.

 

მოპასუხე მხარემ მიიჩნია, რომ საერთო სარგებლობის ფართის გამოყენებისთვის მოსარჩელე მხარეს ყველა მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულება სჭირდება და განმარტა, რომ მოპასუხე საწარმომ რამდენიმე 100.000 ლარის ოდენობის ხარჯი გაიღო იმ სივრცის დაგეგმარებაში, გარემონტებასა და ავეჯით მოწყობაში, რომლის გამოყენებაც მოსარჩელეს თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში სურს. მოპასუხე საწარმოს წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ იმ 9 მესაკუთრეს, რომლებმაც მომსახურების ხელშეკრულებები გააფორმეს მოსარჩელესთან, არ ქონდათ უფლება, განეკარგათ საერთო სარგებლობის ფართი, ვინაიდან ამ ფართზე თანაბრად ვრცელდება ასევე ყველა დანარჩენი მესაკუთრის თანასაკუთრების უფლებაც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამოაწერით დადგენილია, რომ შ------------------–-------------------------ი“ სამეწარმეო რეესტრში 2--- წლის 25 სექტემბრიდან არის რეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომრით 4--------. საწარმოს პარტიორი და წილის 100%-ის მესაკუთრეა ნ------------------, პ/ნ 0----------, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია საწარმოს პარტნიორი და დირექტორი ნ------------------ (ტ. I, ს.ფ. 107).

 

3.1.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამოაწერით დადგენილია, რომ შ--------------------------------ი“ სამეწარმეო რეესტრში 2--- წლის 30 მარტიდან არის რეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომრით 4--------. საწარმოს პარტნიორი და წილის 100%-ის მესაკუთრეა შ-------------“, ს/ნ 4--------, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი დ------–------–--ე (ტ. I, ს.ფ. 93).

 

3.1.3. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N------------ მდებარეობს დ--–----- რაიონის სოფელ კ--–-------–-, „მ--------–--–------ საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია და მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ შენობაში საკადასტრო კოდით N------------, 96 ბინა ფიზიკური და იურიდიული პირების ინდივიდუალურ საკუთრებაშია, ინდივიდუალური საკუთრების ობიექტებია ასევე ამავე შენობაში მდებარე 17 კომერციული დანიშნულების ფართი, 9 დამხმარე ფართი, სხვენები და ავტოფარეხები. საჯარო რეესტრის ამონაწერით, მოპასუხის ახსნა-განმარტებითა და შ-------------ს“ წერილობითი განცხადებით დადგენილია და მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ საჯარო რეესტრში N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა საკადასტრო კოდით N------------, სასტუმროს აშენებამდე და ფართების გაყიდვამდე, წარმოადგენდა მხოლოდ შ-------------ს“ საკუთრებას (ტ. II, ს.ფ. 300, ტ. III, ს.ფ. 110, 187).

 

3.1.4. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებებით და მოპასუხის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ შ-------------სთან“ გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს გაფორმებული აქვს მომსახურების ხელშეკრულებები სადავო შენობაში ინდივიდუალური საკუთრების მქონე ყველა პირთან, გარდა ერთი მესაკუთრისა. მხარეთა ახსნა-განმარტებით და მომსახურების ხელშეკრულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე საწარმო მესაკუთრეებს აწვდის შენობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ფართო სპექტრის მომსახურებას, მათ შორის - ბინების გაქირავების მომსახურებასაც (ტ. II, ს.ფ. 24-28, 29-277).

 

3.1.5. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მოპასუხე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ მოსარჩელე საწარმოს გაფორმებული აქვს მომსახურების ხელშეკრულებები სადავო შენობაში ინდივიდუალური საკუთრების მქონე 21 ბინის 9 მესაკუთრესთან (მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

3.1.6. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ სადავო ფართი, რომელშიც მოსარჩელეს სამუშაო მაგიდის დადგმა და სამუშაო სივრცის მოწყობა სურს, არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში და წარმოადგენს საერთო სარგებლობის ფართს.

 

3.1.7. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ სადავო მისამართზე მდებარე შენობაში მესაკუთრეებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ დაუფუძნებიათ და არ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას წესდება არ მიუღიათ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენიი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

„ბინათმესაკუთრეთა შესახებ საქართველოს კანონის“ მე-2 მუხლით დადგენილია, რომ ამ კანონის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განმარტავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ცნებას და ადგენს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის - კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მრავალბინიანი სახლი არის სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდეივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისგან).

 

ამასთან, „ბინათმესაკუთრეთა შესახებ საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა. ამდენად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნებისთვის არ არის სავალდებულო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების მოწვევა და ამხანაგობის დაფუძნება მესაკუთრეთა ნების საფუძველზე. თუ მრავალბინიანი სახლის ფართების მესაკუთრეები არ გამოავლენენ ნებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნების შესახებ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა დაფუძნებულად ითვლება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის საფუძველზე.

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანოის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების, მათ შორის, საერთო ქონებაში შემავალი საერთო სარგებლობის დერეფნების და გალერეების, სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

მითითებული ნორმის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი ყოველთვის ითვლება კეთილსინდისიერ მფლობელად, ვინაიდან მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი მფლობელია თავად მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის ნებიდან გამომდინარეობს. ამდენად, იმისთვის რომ პირი მიჩნეულ იქნეს კეთილსინდისიერ მფლობელად, მას აღნიშნული ფლობის უფლება მიღებული უნდა ქონდეს მესაკუთრისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი წინადადებით დადგენილია, რომ თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა.

 

კანონის მითითებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს, მესაკუთრისათვის მინიჭებული ანალოგიური უფლების მსგავსად, დაიცვას თავისი მფლობელობის უფლება სხვა პირთა ხელყოფისაგან ისეთ ნივთზე, რომელიც მის მფლობელობაში იმყოფება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, კეთლსინდისიერი მფლობელის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს კეთილსინდისიერი მფლობელისთვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც კეთილსინდისიერ მფლობელს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი, რომლის მიმართაც ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. როგორც ზევით განიმარტა, ხელშეშლა გულისხმობს ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც კეთილსინდისიერ მფლობელს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სადავო ფართი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებას წარმოადგენს. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელეს სადავო ფართის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება - არა აქვს, რის გამოც, მოსარჩელე სადავო ფართის კეთილსინდისიერ მფლობელად ვერ მიიჩნევა. სასამართლო გამარტავს, რომ ასამდე მესაკუთრიდან რამდენიმესთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება ვერ აქცევს მოსარჩელეს საერთო სარგებლობის სადავო ფართის კეთილინდისიერ მფლობელად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ მოთხოვნას ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეშლის აღკვეთის შესახებ დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 120 ლარს. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსახილველ დავაზე შეადგენს 60 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 120 ლარი (ტ. I, ს. ფ. 110-111). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარიდან 60 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი, ხოლო ზედმეტად გადახდილი 60 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე-270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შ------------------–-------------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყფოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. შ------------------–-------------------------ს“ დაუბრუნდეს 60 ლარი მ----------–-–---–ის მიერ 2--- წლის 24 ივლისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან. გადახდის რეკვიზიტებია: საგადასახადო დავალება N0, „რეფერენსი“ 2---------, მიმღების ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე