გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2019
საქმის ნომერი
010310018002353698
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310018002353698

№3-129/18(3-375/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ნუ------ თა------ი

მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

წარმომადგენელი - ლ---- მა-----–---–ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. 2018 წლის 16 მარტს ნუ------ თა------მა სარჩელი აღძრა სასამართლოში (საქმე №3-129/18), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №1----- განკარგულების ბათილად ცნობა;

,,№3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №2-- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში განთავსებისა და ვიზუალური/ელექტრონული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №2-- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. 2018 წლის 7 ივლისს, ნუ------ თა------მა სარჩელი აღძრა სასამართლოში (საქმე №3-375/18), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 3 ივლისის №5----- განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი, კერძოდ, სატელეფონო საუბრის შეზღუდვა 1 (ერთი) თვის ვადით.

 

1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე №3-129/18 და №3-375/18, ხოლო გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეს მიენიჭა, ნომერი - №3-129/18.

 

1.4. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ნუ------ თა------ი არის სასჯელაღსრულების №3 დაწესებულების პატიმარი. დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №1----- განკარგულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, მითითებულია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს დაახლოებით 21:55 საათზე, სარეჟიმო კორპუსში №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული, ნუ------ თა------ი საკნის სარკმლიდან ხმამაღლა ეძახოდა სხვადასხვა საკნის მსჯავრდებულებს, რათა მიექცია მათი ყურადღება. მორიგე განმწესის წევრების შენიშვნასა და გაფრთხილებაზე ის არ რეაგირებდა და განაგრძობდა იგივე ქმედებას, რითაც გამოიწვია საერთო ხმაური და ხელი შეუშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ------ თა------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელის სახე, სამარტოო საკანში მოთავსება 3 (სამი) დღის ვადით.

მოსარჩელის მტკიცებით, განკარგულებასა და სხვა მასალებში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგანაც ნუ------ თა------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.

მოსარჩელეს ნიშანდობლივად მიაჩნია, რომ 2018 წლის 1-ელ მარტს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა გამოსცა №2-- ბრძანება, „№3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №2-- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში განთავსებისა და ვიზუალური/ელექტრონული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ“. ნუ------ თა------ი მიიჩნევს, დეესკალაციის ოთახში მისი შეყვანა იყო უკანონო, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძოდ, მას ჰქონდა მაღალი სიცხე.

იმ პერიოდში, როცა ნუ------ თა------ი 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სამარტოო საკანში, იქ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა მისი ვიზუალურ/ელექტრონული მეთვალყურეობა და შესაბამისად, დაწესებულების ადმინისტრაცია აღნიშნული ვიდეო - ჩანაწერების ნახვის შემდეგ დარწმუნდებოდა, რომ ნუ------ თა------ი არც აღელვებული იყო, არც არაადეკვატურად იქცეოდა და არც თვითდაზიანების მიყენებით იმუქრებოდა.

დაწესებულების ადმინისტრაციამ არ უზრუნველყო საქმის გარემოებათა ობიექტური, სრულყოფილი და დეტალური გამოკვლევა რასაც მას ავალდებულებს მოქმედი კანონმდებლობა.

2018 წლის 3 ივლისს ნუ------ თა------ს საკანში დაუტოვეს №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებული, №5----- განკარგულება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს, დაახლოებით 12:14 სთ-ზე, №2-- საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ნუ------ თა------მა, სრულიად უსაფუძვლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან მისულ ინსპექტორ კონტროლიორს, ხვ--- კო-–--–--ეს, მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ქმედება, რითაც შეურაცხყო სხვა პირის ღირსება.

მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია მოქმეთი კანონმდებლობის მოთხოვნათა აბსოლუტური უგულებელყოფით, დარღვეულია „პატიმრობის კოდექსის“ დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ დისციპლინური საქმის წარმოების წესს. ისე გამოიცა სადავო განკარგულება, რომ ნუ------ თა------ს არ ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, არ მიეცა მტკიცებულებების წარდგენის უფლება, არ მიეცა შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობა, არ განემარტა, რომ ჰქონდა ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა.

მოსარჩელისავე მტკიცებით, სადავო განკარგულებაში ასახული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს. ნუ------ თა------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დისციპლინური სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ვიზუალურ/ელექტრონული მეთვალყურეობის კამერის ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების შედეგად ნათლად დადგინდება, რომ ხვ--- კო-–--–--ისთვის არა თუ შეურაცხყოფა არ მიუყენებია მას, არამედ, იგი საერთოდ არ უნახავს 2018 წლის 25 ივნისს.

სწორედ, ამ და სხვა გარემოებებმა მიიყვანა დაწესებულების ადმინისტრაცია იქამდე, რომ გამოსცა კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რითაც შელახა ნუ------ თა------ის უფლებები და კანონიერი ინტერესები.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელე კონკრეტულად ვერ ასაბუთებს, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, რომელი გარემოება არ გამოიკვლია ადმინისტრაციულმა ორგანომ.

„პატიმრობის კოდექსის“ 81-ე მუხლის შესაბამისად, დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე დირექტორმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ნუ------ თა------ის მხრიდან დისციპლინური დარღვევების ჩადენის ფაქტს და დააკისრა ჩადენილი დარღვევის პროპორციული, მსჯავრდებული პიროვნების, მისი ქცევის, დარღვევის სიმძიმისა და ხასიათის შესაბამისი და ადეკვატური დისციპლინური სახდელი.

მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ დარღვეულ იქნა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტები, რაც იძლევა ლეგიტიმურ საფუძველს, დაწესებულების დირექტორს გამოეყენებინა შესაბამისი ღონისძიება, დისციპლინური სახდელის დაკისრების სახით.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა ვალდებულებებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის რეალიზებას.

გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არცერთი დასაბუთებული არგუმენტი, თუ რატომ არის აღნიშნული განკარგულება ბათილი და რა არსებითი ხასიათის გარემოება არ იქნა გამოკვლეული განკარგულების გამოკვლევისას.

ნუ------ თა------ს 2018 წლის 1-ლი მარტს №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის №1----- განკარგულებით დაეკისრა დისციპლინური სახდელი, სამარტოო საკანში მოთავსება 3(სამი) დღის ვადით.

ასევე, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 3 ივლისის №5----- განკარგულებით ნუ------ თა------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, კერძოდ, სატელეფონო საუბრის შეზღუდვა 1 (ერთი) თვის ვადით.

აღნიშნული განკარგულებების გამოცემა განხორციელდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე. მხედველობაში იქნა მიღებული დისციპლინურ დარღვევასთან მიმართებით არსებული ყველა ინფორმაცია, რომელთა საფუძველზეც №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

მსჯავრდებულ ნუ------ თა------ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები პროპორციულია, მის მიერ ჩადენილ დისციპლინური დარღვევისა.

მოსარჩელე მხოლოდ ზოგადად მიუთითებს, რომ დაწესებულების დირექტორის მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, გასაჩივრებული განკარგულების მომზადებისა და გამოცემისას, მაგრამ არ არის მითითებული, კანონთან წინააღმდეგობის მომენტები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ბათილობა.

მსჯავრდებულ ნუ------ თა------ის მხრიდან დისციპლინური დარღვევის ჩადენა დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით და შესაბამისად, არ არსებობს დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №1----- და 2018 წლის 3 ივლისის №5----- განკარგულების ბათილად ცნობის რაიმე სამართლებრივი საფუძველი.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ნუ------ თა------ი არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პატიმარი.

,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №1----- განკარგულებით ნუ------ თა------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, სამარტოო საკანში მოთავსება 3 (სამი) დღის ვადით.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 2018 წლის 28 თებერვალს დაახლოებით 21:55 საათზე, სარეჟიმო კორპუსში №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ------ თა------ი საკნის სარკმლიდან ხმამაღლა ეძახოდა სხვადასხვა საკნის მსჯავრდებულებს, რათა მიექცია მათი ყურადღება. მორიგე განმწესის წევრების შენიშვნაზე და გაფრთხილებაზე არ რეაგირებდა და განაგრძობდა იგივე ქმედებას. აღნიშნული ქმედებებით მან გამოიწვია საერთო ხმაური და ხელი შეუშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, რითაც დაარღვია პატიმრობის კოდექსის 80-ე მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტები, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „ი“ და „კ“ გათვალისწინებული ნორმები.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ------ თა------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელის სახე, სამარტოო საკანი 3 (სამი) დღის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №1----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2018 წლის 1-ელ მარტს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა გამოსცა ბრძანება №2-- – „№3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №2-- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში განთავსებისა და ვიზუალური/ელექტრონული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ“.

მასში მითითებულია, რომ სხეულის დაზიანების თავიდან აცილებისა და შემდგომი უსაფრთხოების მიზნით, ასევე სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით, მსჯავრდებული ნუ------ თა------ი 2018 წლის 1-ლი მარტის 03:26 საათიდან სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევებით განთავსებული იქნას სარეჟიმო კორპუსის №2---ე დეესკალაციის ოთახში, არაუმეტეს 72 საათისა და მის მიმართ დაწესდეს ვიზუალური/ელექტრონული მეთვალყურეობა“.

თავის მხრივ ამ ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ინსპექტორის 01/03/2018 წლის NMOC 3---------- შუამდგომლობა - „მსჯავრდებულ ნუ------ ბა-----–---ეს ძე თა------ის მიმართ ვიზუალური/ელექტრონული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ“, სადაც აღნიშნულია, რომ 2018 წლის 1-ელ მარტს სარეჟიმო კორპუსის №03 სამარტოო საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ------ თა------ი არის აღელვებული, იქცევა არაადეკვატურად და იმუქრება თვითდაზიანების მიყენებით, თავისივე უსაფრთხოების მიზნით საჭიროებს გადაყვანას დეესკალაციის ოთახში ვიზუალურ/ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ, რასაც ადასტურებს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №186843 პატაკი“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის ბრძანება №2--.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 3 ივლისის №5----- განკარგულებით ნუ------ თა------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, კერძოდ, სატელეფონო საუბრის შეზღუდვა 1 (ერთი) თვის ვადით.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს, დაახლოებით 12:14 სთ-ზე №2-- საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ნუ------ თა------მა, სრულიად უსაფუძვლოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან მისულ ინსპექტორ კონტროლიორს, ხვ--- კო-–--–--ეს. აღნიშნულით მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ქმედება, რითაც შეურაცხყო სხვა პირის ღირსება.

დარღვევის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად სადავო განკარგულებაში მითითებულია: პატაკი, დარღვევის ოქმი და ახსნა-განმარტება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 3 ივლისის №5----- განკარგულება.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ნუ------ თა------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, დისციპლინურ დარღვევის ჩადენის ფაქტს.

საქმეში წარმოდგენილი, №3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი განყოფილების მთავარი ინსპექტორის, მუ------- ირ----ის და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ - კონტროლიორის, ზაზა შავაძის 28.02.2018 წლის NMOC51800186783 პატაკებით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შესახებ 2018 წლის 28 თებერვლისა და 25 ივნისის ოქმებით, №3 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორების წერილობითი ახსნა-განმარტებების, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული, №3 დაწესებულების ინსპექტორ კონტროლიორების, ელდარ ირ----ის, გი------ აბ---–--ის, სამართლებრივი განყოფილების მთავარი სპეციალისტის, მუ------- ირ----ის, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ირ---–- თუ-------ის, მთავარი ინსპექტორის, მი----- ბრ---–--ისა და ინსპექტორ ხვ--- კო-–--–--ის ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, ნუ------ თა------ის მიმართ 2018 წლის 28 თებერვალს და 2018 წლის 25 ივნისს შედგენილ, დისციპლინური დარღვევის ოქმებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მსჯავრდებულ ნუ------ თა------ის მიერ ჩადენილ გადაცდომებთან დაკავშირებით.

კერძოდ, დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს დაახლოებით 21:55 საათზე, სარეჟიმო კორპუსში №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული, ნუ------ თა------ი საკნის სარკმლიდან ხმამაღლა ეძახოდა სხვადასხვა საკნის მსჯავრდებულებს, რათა მიექცია მათი ყურადღება. მორიგე განმწესის წევრების შენიშვნაზე და გაფრთხილებაზე არ რეაგირებდა და განაგრძობდა იგივე ქმედებას.

ასევე, დადგენილი და დადასტურებულია, რომ 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 12:14 სთ-ზე №2-- საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნუ------ თა------მა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან მისულ ინსპექტორ კონტროლიორს, ხვ--- კო-–--–--ეს და აღნიშნულით ჩაიდინა განზრახი ქმედება, რითაც შეურაცხყო სხვა პირის ღირსება.

ეს ფაქტობრივი გარემოება ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, №3 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა, ხვ--- კო-–--–--ემ.

მსჯავდებულის მიმართ 2018 წლის 1-ლი მარტს შედგენილი №1----- და 2018 წლის 3 ივლისის №5----- განკარგულებების მიხედვით, აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სამართლებრივად განისაზღვრა ჩადენილი დისციპლინური დარღვევების შინაარსი და განხორციელდა ქმედების სამართლებრივი შეფასება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ინსპექტორის, მუ------- ირ----ის პატაკები;

- ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შესახებ 2018 წლის 28 თებერვლისა და 25 ივნისის ოქმები;

- №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №1----- და 3 ივლისის №5----- განკარგულებები;

- მოწმეების, ელდარ ირ----ის, გი------ აბ---–--ის, მუ------- ირ----ის, ირ---–- თუ-------ის, ხვ--- კო-–--–--ის და მი----- ბრ---–--ის ჩვენებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნუ------ თა------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

– საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

– საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების

№3 დაწესებულების დებულება;

– საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

– საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნუ------ თა------ი არის მსჯავრდებული და იგი სასჯელს იხდის (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, კერძოდ, იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პატიმარი.

საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ მე-121 მუხლის თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

პატიმრობის კოდექსის 662-ე მუხლის მიხედვით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას.

ამავე კანონის 30-ე მუხლი განსაზღვრავს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობებს:

1. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები.

2. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:

ა) დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები;

ბ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი;

გ) სურვილის შემთხვევაში, იმუშაოს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №1----- და 3 ივლისის №5----- განკარგულებები წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის დ) პუნქტით განსაზღვრულ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს, რომელთა კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით, რისთვისაც საკმარისი არ არის მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც, უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა კანონისმიერი საფუძველი, სარეგისტრაციო ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმისათვის.

საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსის“ მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

„პატიმრობის კოდექსის“ მე-80 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა.

მე-80 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

6.3. „პატიმრობის კოდექსის“ 81-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგს წარმოადგენს მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული.

„პატიმრობის კოდექსის“ 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.

„პატიმრობის კოდექსის“ 82-ე მუხლით (1-ლი ნაწილი) განსაზღვრულია დისციპლინური სახდელის სახეები:

1. დისციპლინარული სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) მუშაობის უფლების შეზღდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;

დ) ამანათისა და გზავნილის სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;

ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით.

თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

კ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ.

 

6.4.„პატიმრობის კოდექსის“ 84-ე მუხლით დადგენილია დისციპლინური სამართალწარმოების წესები:

1. დისციპლინარული დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს,რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.

11. დისციპლინარული დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს უფლებააქვს, ჰყავდეთ ადვოკატი.

2. ბრალდებულს განემარტება უფლება მისცეს ახსნა-განმარტება წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით,გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ.

3.ბრალდებულს/მსჯავდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინარულ დარღვევასთან დაკავშირებით,ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს.

4. დისციპლინარული დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინარული ღონისძიების გამოყენებუს შესახებ.

5. ზეპირი მომენის დროს ბრალდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.

6. ბრალდებულის/მსჯავდებულის მიმართ დისციპლინარული ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება ბრალდებულის/მსჯავდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარამოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინარული დარღვევა, ბრალდებულის/მსჯავდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ,მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

7. ბრალდებულს/მსჯავდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინარული დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას,რომელიც ტარდება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება,რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში.თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება,ბრალდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავდებული.

8. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს,თუ ბრალდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.

 

6.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109-ე ბრძანებით დამტკიცებული №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 33-ე მუხლი განსაზღვრავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს. №3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლებებთან ერთად, ამ ნორმით კონკრეტულად არის ჩამოთვლილი, ვალდებულებები და დაწესებული აკრძალვები:

4. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:

ა) დაიცვას დებულებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;

ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;

გ) თავაზიანად მოეპყროს დაწესებულების მოსამსახურეებს და დაწესებულებაში მყოფ ან შემსვლელ პირებს;

დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საკანი;

ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება:

ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;

გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;

დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;

ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები;

ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;

ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;

თ) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;

ი) ნებართვის გარეშე კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები;

კ) ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;

ლ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

მ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ერთი საკნიდან მეორეში ან დაწესებულების გარეთ;

ნ) რაიმე ფორმით იერსახე შეუცვალოს ან დააზიანოს დაწესებულების კედლები, იატაკი, ჭერი, შენობის სხვა ნაწილები ან/და იქ განთავსებული ინვენტარი;

ო) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს დღის განრიგს, დებულებას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

 

6.6. სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი, №3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი განყოფილების მთავარი ინსპექტორის, მუ------- ირ----ის პატაკებით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შესახებ 2018 წლის 28 თებერვლისა და 25 ივნისის ოქმებით, №3 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორების წერილობითი ახსნა-განმარტებების, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული, №3 დაწესებულების ინსპექტორ კონტროლიორების, ელდარ ირ----ის, გი------ აბ---–--ის, სამართლებრივი განყოფილების მთავარი სპეციალისტის, მუ------- ირ----ის, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ირ---–- თუ-------ის, მთავარი ინსპექტორის, მი----- ბრ---–--ისა და ინსპექტორ ხვ--- კო-–--–--ის ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, ნუ------ თა------ის მიმართ 2018 წლის 28 თებერვალს და 2018 წლის 25 ივნისს შედგენილ, დისციპლინური დარღვევის ოქმებში მითითებულ გარემოებებს, მსჯავრდებულ ნუ------ თა------ის მიერ ჩადენილ გადაცდომებთან დაკავშირებით.

კერძოდ, დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს დაახლოებით 21:55 საათზე, სარეჟიმო კორპუსში №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული, ნუ------ თა------ი საკნის სარკმლიდან ხმამაღლა ეძახოდა სხვადასხვა საკნის მსჯავრდებულებს, რათა მიექცია მათი ყურადღება. მორიგე განმწესის წევრების შენიშვნაზე და გაფრთხილებაზე არ რეაგირებდა და განაგრძობდა იგივე ქმედებას, რითაც დაარღვია პატიმრობის კოდექსის 80-ე მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტები, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმები.

ასევე, დადგენილი და დადასტურებულია, რომ 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 12:14 სთ-ზე №2-- საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნუ------ თა------მა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან მისულ, №3 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ კონტროლიორს, ხვ--- კო-–--–--ეს და აღნიშნულით ჩაიდინა განზრახი ქმედება, რითაც შეურაცხყო სხვა პირის ღირსება, რითაც დაარღვია პატიმრობის კოდექსის 80-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმები.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-15 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება, ამ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები:

შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურე ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში დაწესებულების სხვა მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული გაფრთხილდება დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც ბრალდებული/მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურე ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში დაწესებულების სხვა მოსამსახურე.

№3 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ მსჯავრდებულს არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი სხვა მსჯავრდებულთან, გარდა თანამესაკნისა. დაწესებულების დებულების თანახმად, დაწესებულება ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ ცალ-ცალკე საკნებში მყოფ პირებს შორის არ იყოს ურთიერთობა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109-ე ბრძანებით დამტკიცებული №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის ,„ი“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან სხვა საკანში ან დაწესებულების გარეთ.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პატიმრობის კოდექსის“ 85-ე მუხლით განსაზღვრულია დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოყენებაზე უფლებამოსილი პირი და გამოყენების წესი:

1.დისციპლინური ღონიძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება.

2.დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

3.დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:

ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;

ბ)შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;

გ)სარეგისტრაციო ნომერს;

დ)მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვ.)

ე)დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დრო. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროს განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;

ვ)მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;

ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.

4.თარჯიმნის მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს განკარგულებაში დისციპლინური ღონიძიების გამოყენების შესახებ.

5.განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.

6.დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.

7.დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.

8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.

 

6.8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 დაწესებულების მიერ, მსჯავდებულ ნუ------ თა------ის მიმართ 2018 წლის 28 თებერვალს და 25 ივნისს შედგენილი ოქმების მიხედვით, დისციპლინური საქმის წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებზე დაყრდნობით სამართლებრივად განისაზღვრა ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შინაარსი, ქმედების სამართლებრივი შეფასება და დარღვეული ნორმები, რის შესაბამისად, ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №1----- განკარგულებით ნუ------ თა------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, სამარტოო საკანში მოთავსება 3 (სამი) დღის ვადით.

,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 3 ივლისის №5----- განკარგულებით ნუ------ თა------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, კერძოდ, სატელეფონო საუბრის შეზღუდვა 1 (ერთი) თვის ვადით.

 

6.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში.

მოცემულ შემთხვევაში, მომჩივან მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად, რომ დისციპლინური გადაცდომის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და სასჯელაღსრულების №3 დაწესებულების ადმინისტრაცია ნუ------ თა------ის მიმართ ახორციელებს განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, უსაფუძვლო დევნას, არ გააჩნია შესაბამისი დამადატურებელი მტკიცებულებები და ის თავისი არაბრალეულობის სამტკიცებლად, მხოლოდ საკუთარი განმარტებით შემოიფარგლება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ნუ------ თა------ის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დროს სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმის გარემოებები და მტკიცებულებათა ობიექტური ანალიზის შედეგად არის მიღებული დასკვნა, რომ ნუ------ თა------ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაწესებულების მუშაკების მიმართ შეურაცხმყოფელი და უცენზურო სიტყვებით მიმართვა და ასევე, საკნის სარკმლიდან ხმამაღლა გადაძახილი, სხვა საკნის მსჯავრდებულებისადმი, მათი ყურადღების მისაქცევად, წარმოადგენდა დაწესებულების დებულების და ამასთანავე, დისციპლინურ დარღვევას.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნუ------ თა------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ორივე შემთხვევაში, №3 დაწესებულების დირექტორის მიერ მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რომ ნუ------ თა------ის მიერ 2018 წლის 28 თებერვალს ჩადენილმა გადაცდომამ ზიანი მიაყენა დაწესებულების წესრიგს და უსაფრთხოებას. „პატიმრობის კოდექსის“ 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი სახდელის ზომად ითვალისწინებს სამარტოო საკანში მოთავსებას, 14 დღემდე ვადით, ხოლო 2018 წლის 1-ლი მარტის №1----- განკარგულებით ნუ------ თა------ს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაეკისრა სახდელი, სამარტოო საკანში მოთავსება, 3 (სამი) დღის ვადით.

ნუ------ თა------ის მიერ 2018 წლის 25 ივნისს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შედეგადაც ზიანი მიადგა დაწესებულების დადგენილ წესრიგს, ასევე, სხვა პირის ღირსებას და ეს ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამ შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ გამოყენებული იქნა, „პატიმრობის კოდექსის“ 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, რაც ითვალისწინებს სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვას, არა უმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო ნუ------ თა------ს 3 ივლისის №5----- განკარგულებით განესაზღვრა ერთი თვით სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა, რაც პროპორციულია, ჩადენილი ქმედებისა და ობიექტურად განსაზღვრავს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის კანონით დაწესებული სახდელის ზომას, შერჩეული დისციპლინარული სახდელი შეესაბამება, ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს.

„პატიმრობის კოდექსის“ 85-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მიხედვით, ნუ------ თა------ის მიმართ მიღებული განკარგულება დისციპინური ღონისძიების გამოყენების შესახებ არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნუ------ თა------ის მიმართ ჩატარებული დისციპლინური საქმის წარმოების პროცესში დარღვეული არ ყოფილა, მისი საპროცესო უფლებები. სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ნუ------ თა------ს არ ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, არ მიეცა მტკიცებულებების წარდგენის უფლება, და არ განემარტა, რომ ჰქონდა ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული წარმოების მასალებით ასეთი გარემოებები არ დასტურდება, ნუ------ თა------ს განმარტებული ჰქონდა თავისი საპროცესო უფლებების თაობაზე და დისციპლინური საქმის წარმოების სტადიაზე ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი საპროცესო უფლებების რეალიზაციისათვის.

 

6.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაშია ბათილი, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად არღვევს მისი მომზადების ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად შეფასებისა და მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ეს აქტი კანონით დადგენილი წესის დაცვით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების მიმართ ზიანის არსებობის საფუძველიც არ მოიპოვება.

ამდენად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სასარჩელო მოთხოვნა, მსჯავრდებულ ნუ------ თა------ისათვის დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №1----- და 3 ივლისის №5----- განკარგულების, როგორც უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნუ------ თა------ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.11. რაც შეეხება №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №2-- ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებულ სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბრძანება არ წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გამოცემულ აქტს.

სასამართლო განმარტავს, რომ „პატიმრობის კოდექსი“ 86-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ადგენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებას, სასამართლოში გაასაჩივროს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება, რომ ის უფლებამოსილია ასეთი განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N109 ბრძანებით დამტკიცებული - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, მოთხოვნის საფუძველზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.

აღნიშნული დებულების 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის საფუძველზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება. 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და დებულებით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა. ამავე დებულების 65-ე მუხლის თანახმად, 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს დეპარტამენტის დირექტორთან კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს, ხოლო დეპარტამენტის დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრით - მინისტრს. 4.დაუშვებელია საჩივრის განხილვაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება ან/და დებულებით გათვალისწინებული უფლებათა სხვაგვარი ხელყოფაც საჩივრდება. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.

„პატიმრობის კოდექსის“ 54 მუხლის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო - ვიდეოსაშუალებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებით. სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.

ამავე კოდექსის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით, დასაბუთებული გადაწყვეტილებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები:

ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება;

ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;

გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;

დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება.

№3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №2-- ბრძანება შეეხება სწორედ „პატიმრობის კოდექსის“ 54 მუხლით განსაზღვრულ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, კერძოდ, ამ ბრძანებით, ნუ------ თა------ი სხეულის დაზიანების თავიდან აცილების, შემდგომი უსაფრთხოების, ასევე სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით, 2018 წლის 1-ლი მარტის 03:26 საათიდან, სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევებით, განთავსებულ იქნა სარეჟიმო კორპუსის №2-- დეესკალაციის ოთახში, არაუმეტეს 72 საათით და დაწესდა მის მიმართ ვიზუალურ/ელექტრონული მეთვალყურეობა.

აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა №3 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის ირ---–- თუ-------ის 2018 წლის 1-ლი მარტის №186844 შუამდგომლობა და მუ------- ირ----ის 2018 წლის 1-ლი მარტის პატაკი. რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ნუ------ თა------ი 2018 წლის 1-ელ მარტს, 03:25 წუთზე იყო აღელვებული, იქცეოდა არაადეკვატურად და იმუქრებოდა თვითდაზიანების მიყენებით.

სასამართლო განმარტავს, რომ №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №2-- ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია, საერთო წესით, ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) და შემდეგ, სასამართლოში.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ნუ------ თა------ი არის მსჯავრდებული და სასჯელს იხდის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 დაწესებულებაში, რაც მიუთითებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობაზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, მსჯავრდებული ნუ------ თა------ი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე, გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ნუ------ თა------ის სარჩელი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ, დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 1-ლი მარტის №1----- და 3 ივლისის №5----- განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მოსარჩელე მხარე, ნუ------ თა------ი გათავისუფლდეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში/ მისამართი; ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე