გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/35389-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე: შპს ,,მშ------------------ი“
წარმომადგენელი: ნი-----–--–--–---–ი
მოპასუხე: ქა-–--------–----------–----–--------------------------------------ა
წარმომადგენელი: თა-----------–--ე
დავის საგანი: შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. ქა-–--------–----------–----–--------------------------------------ას შპს ,,მშ------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5729 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 10 აგვისტოს ქ. თბილისის მ----–----–-------- ს--------- რ------- გ---------- და შპს ,,მშ------------------ი“-ს შორის ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე ჩატარების შედეგად დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს--------- რ------- ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის, მისამართი - ნ---------, ნ------- ქ----, კ--------- 1---------------- ბლოკი, გამაგრება-გაძლიერების, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაციის (კონსტრუქციული ნაწილი, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება (ლოკალურ-რესურსული სახარჯთაღრიცხვო ნაწილით უკვე არსებული და ასლი არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომსახურება) შედგენა-მომზადების მომსახურების შესყიდვა, რომლის ხარჯთაღრიცხვაც მოცემულია დანართის სახით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 8790 ლარს, რომელიც მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
27.09.2018 წლის მიღება-ჩაბარების აქტის N--- საფუძველზე ,,მიმწოდებელმა“ მიაწოდა და ,,შემსყიდველმა“ მიიღო მხარეებს შორის 2018 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული N--.01.1-------- ხელშეკრულებით 2018 წელს გათვალისწინებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამაგრება-გაძლიერების, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაცია, მაგრამ მოსარჩელისათვის გაურკვეველი დაანგარიშების შედეგად ანაზღაურებას დაუქვემდებარეს მხოლოდ 3061,24 ლარი, რომელიც შპს ,,მშ------------------ი“-ს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 2018 წლის 03 ოქტომბერს.
2018 წლის 04 ოქტომბერს შპს ,,მშ------------------მა“ მიმართა მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი ღირებულების გადახდის მოთხოვნით, თუმცა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. ქა-–--------–----------–----–--------------------------------------ამ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული-ახსნა განმარტებით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 27 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოს საერთო ღირებულება შეადგენს 94031 ლარს, შესაბამისად ანგარიშსწორება მოხდა ხელშეკრულებით განსაზღვრული დათქმის საფუძველზე ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება განხორციელდა იმ გაწეული მომსახურების შესაბამისად, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით, შესაბამისად სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 10 აგვისტოს შპს ,,მშ------------------ი“-ს (მიმწოდებელი) და ქა-–--------–----------–----–--------------------------------------ას (შემსყიდველი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--.01.1-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მშ------------------ი“-ს უნდა განეხორციელებინა ს--------- რ------- ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის, მისამართი - ნ---------, ნ------- ქ----, კ--------- 1---------------- ბლოკი, გამაგრება-გაძლიერების, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაციის (კონსტრუქციული ნაწილი, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება (ლოკალურ-რესურსული სახარჯთაღრიცხვო ნაწილით უკვე არსებული და ახალი არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზის მომსახურება) შედგენა-მომზადება.
გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა განსაზღვრული იქნა დანართის სახით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 8790 ლარის ოდენობით.
სამუშაოების მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლის მიერ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი ს-------–----------------–--------–-------------------------------–-----------“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის გავლის შემდეგ დარჩენილი შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობის საფუძველზე ,,შემსყიდველი“-სა და ,,მიმწოდებლი“-ს საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.
სასამართლომ ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--.01.1-------- (ს.ფ. 16-18);
- ხელშეკრულების დანართი N1 (ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2018 წლის 27 სექტემბერს შპს ,,მშ------------------ი“-ს (მიმწოდებელი) და ქა-–--------–----------–----–--------------------------------------ის (შემსყიდველი) უფლებამოსილ პირებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც შპს ,,მშ------------------მა“ მიაწოდა და შემსყიდველმა მიიღო მხარეებს შორის 2018 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული N--.01.1-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული რ------- ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამაგრება-გაძლიერების, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაციის (კონსტრუქციული ნაწილი, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება (ლოკალურ-რესურსული სახარჯთაღრიცხვო ნაწილით უკვე არსებული და ახალი არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზის მომსახურება)) შედგენა-მომზადების სამუშაოების პროექტი სრული მოცულობით, კერძოდ საერთო ღირებულებით 94 031,69 ლარი;
ამავე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე განისაზღვრა მომსახურების ღირებულება 3061,24 ლარის ოდენობით. (94031,69X3,25554%);
სასამართლომ ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. ქა-–--------–----------–----–--------------------------------------ამ შპს ,,მშ------------------ი“-ს, 2018 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებისათვის აუნაზღაურა - 3061,24 ლარი.
სასამართლომ ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.4. შპს ,,მშ------------------მა“ მიმართა თბილისის ს--------- რ------- გ--------- დარჩენილი ღირებულების 5 729 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა მოპასუხის მხრიდან აღნიშნული თანხის გადახდა არ განხორციელებულა.
ქა-–--------–----------–----–--------------------------------------ამ მოსარჩელეს მის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით აცნობა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულების შესაბამისად მომსახურების საფასური შეადგენდა 270 000 X 3,25554%= 8790 ლარს. ფაქტიურად წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა კი შეადგენდა 94 031,69 ლარი X 3,25554%= 3061,24 ლარს და შესაბამისად მომსახურების გადახდა მოხდა აღნიშნული მომსახურების თანხით.
სასამართლომ ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,მშ------------------ი“-ს წერილი (ს.ფ. 21);
- ს--------- რ------- გ--------- წერილი (ს.ფ. 22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების ღირებულების 5729 ლარის დაკისრების საკითხი.
ამ მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხე აპელირებს ვალდებულების შესრულებაზე, როგორც თანხის დაკისრების გამომრიცხველ გარემოებაზე. კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 27 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოს საერთო ღირებულება შეადგენს 94031 ლარს, შესაბამისად ანგარიშსწორება მოხდა ხელშეკრულებით განსაზღვრული დათქმის საფუძველზე ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით.
მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა განსაზღვრული იქნა დანართის სახით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 8790 ლარის ოდენობით, მითითებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე 270 000X 3.25554/100;
მხარეთა შეთანხმებით, სამუშაოების მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლის მიერ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი ს-------–----------------–--------–-------------------------------–-----------“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის გავლის შემდეგ დარჩენილი შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობის საფუძველზე ,,შემსყიდველი“-სა და ,,მიმწოდებლი“-ს საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში განსაზღვრული თანხა 270 000 ლარი წარმოადგენს შესასრულებელ სამუშაოთა (პროექტის) სავარაუდო ღირებულებას, რომლის დადგენის მიზნითაც იქნა მხარეებს შორის მომსახურების ხელშეკრულება დადებული.
დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს რას შეადგენდა შპს ,,მშ------------------ი“-ს მიერ საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების (პროექტის) საერთო ღირებულება და აღემატებოდა თუ არა 2018 წლის 27 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტის განსაზღვრულ თანხას - 94031,69 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულების სახით მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოსარჩელე მხარე, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, შემოიფარგლა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით.
მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების (პროექტის) საერთო ღირებულებას.
მოსარჩელე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შეთანხმებით, სამუშაოების მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლის მიერ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი ს-------–----------------–--------–-------------------------------–-----------“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის გავლის შემდეგ დარჩენილი შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობის საფუძველზე ,,შემსყიდველი“-სა და ,,მიმწოდებლი“-ს საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით, მოსარჩელეს მტკიცების მაღალი სტანდარტის დაცვით ევალებოდა იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების (პროექტის) საერთო ღირებულება აღემატებოდა 2018 წლის 27 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტის განსაზღვრულ თანხას - 94031,69 ლარს.
მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზეც ამყარებდა ახსნა-განმარტებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტების დასკვნა წარმოადგენს მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მტკიცებულებებს სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისთვის, ვინაიდან, მოცემული საკითხის გადაჭრა საკანონმდებლო რეგულაციებთან ერთად მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და განათლებას, რაც სწორედ ექსპერტებს გააჩნიათ. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა), რომელიც მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარის უფლებამოსილი პირი, საპირისპიროს დაადასტურებდა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე 105-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 427-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, იგი ეფუძნება ნარდობის ხელშეკრულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. მოპასუხეს იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა თანხის გადახდის ვალდებულება, თუ მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს ხელშეკრულების იმ პირობების შესაბამისად შესრულებას რაც მხარეთა მიერ იქნა შეთანხმებული. ვალდებულების ყოველგვარი შეუსრულებლობა, გამოიხატება ეს ვალდებულების არადროულად თუ არასრულად შესრულებაში, გულისხმობს ვალდებულების დარღვევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
სარჩელით განსაზღვრული მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლებია.
ვალდებულებითი ურთიერთობა რომ შეწყდეს შესრულებით, გადამწყვეტია, რომ ვალდებულება შესრულდეს სრული მოცულობით, რაზეც დამოკიდებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა. თუ ვალდებულება სრული მოცულობით არ შესრულდება, ვალდებულება შესრულებულად, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება უნდა იყოს ნაკისრი ვალდებულების შესაბამისი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში კი კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს შპს ,,მშ------------------ი“-ს (მიმწოდებელი) და ქა-–--------–----------–----–--------------------------------------ის (შემსყიდველი) უფლებამოსილ პირებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც შპს ,,მშ------------------მა“ მიაწოდა და შემსყიდველმა მიიღო მხარეებს შორის 2018 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული N--.01.1-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული რ------- ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამაგრება-გაძლიერების, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაციის (კონსტრუქციული ნაწილი, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება (ლოკალურ-რესურსული სახარჯთაღრიცხვო ნაწილით უკვე არსებული და ახალი არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზის მომსახურება)) შედგენა-მომზადების სამუშაოების პროექტი სრული მოცულობით, კერძოდ საერთო ღირებულებით 94 031,69 ლარი;
ამავე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე განისაზღვრა მომსახურების ღირებულება 3061,24 ლარის ოდენობით. (94031,69X3,25554%);
მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ქა-–--------–----------–----–--------------------------------------ამ შპს ,,მშ------------------ი“-ს, 2018 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებისათვის აუნაზღაურა - 3061,24 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების (პროექტის) საერთო ღირებულებას.
მოსარჩელე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შეთანხმებით, სამუშაოების მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლის მიერ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი ს-------–----------------–--------–-------------------------------–-----------“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის გავლის შემდეგ დარჩენილი შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობის საფუძველზე ,,შემსყიდველი“-სა და ,,მიმწოდებლი“-ს საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით, მოსარჩელეს მტკიცების მაღალი სტანდარტის დაცვით ევალებოდა იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების (პროექტის) საერთო ღირებულება აღემატებოდა 2018 წლის 27 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტის განსაზღვრულ თანხას - 94031,69 ლარს.
მხარეთა შორის, გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა განსაზღვრული იქნა დანართის სახით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2018 წლის 10 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების ღირებულება შეადგენს 3061,24 ლარს (94031,69*3,25554/100), რაც გადახდილი იქნა ქალაქ თბილისის ს--------- რ------- გ--------- მხრიდან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოვალე ქალაქ თბილისის ს--------- რ------- გ--------- შესრულებული აქვს, რაც ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
შპს ,,მშ------------------ი“-ს მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 172 ლარი (ს.ფ. 24);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 172 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მშ------------------ი“-ს სარჩელი ქა-–--------–----------–----–--------------------------------------ის მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი