გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2019
საქმის ნომერი
330210018002438546
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/13611-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

26 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - ზ---– ხ----ე

მოპასუხე -ა-–---ი შ--–--–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა-–---ი შ--–--–---–ს მოსარჩელე ზ---– ხ----ის სასარგებლოდ დაეკისროს 28 272 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

1998 წლის 15 აგვისტოს, ზ---– ხ----ემ ა-–---ი შ--–--–---–ს ასესხა 1400 ლარი, რომელიც მოპასუხემ არ დაუბრუნა. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ა-–---ი შ--–--–---–ს დააკისრა 2356 ლარის გადახდა 1999 წელს, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არ გადაიხადა. აღნიშნულიდან დღემდე, ქართულმა ფულის ერთეულმა ლარმა განიცადა დიდი ინფლაცია, გაუფასურდა, დაკარგა მსყიდველუნარიანობა. ამასთან, გავიდა 20 წელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის სახით მოპასუხე ა-–---ი შ--–--–---–ისთვის 2356 ლარის 5% სარგებლის დაკისრება, რომელიც შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას, რაც მთლიანობაში შეადგენს 28 272 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა-–---ი შ--–--–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა და საქმის ზეპირი განხილვის მიზნით დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 1998 წლის ხელწერილის თანახმად, ა-–---ი შ--–--–---–მა მიუთითა, რომ 1998 წლის 15 აგვისტოს, ზ---– ხ----ისგან ისესხა 1400 ლარი, ყოველდღიური სარგებლის 14 ლარის დარიცხვით. 1998 წლის 01 სექტემბრის მდგომარეობით ვალდებულება შეადგენდა 1500 ლარს, რომელსაც მსესხებელს დაუბრუნებდა ერთ კვირაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 1998 წლის ხელწერილის ასლი (ს.ფ. 16);

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 10 აგვისტოს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა: გადახდეს ალ--- შ--–--–---–ს ზ---– ხ----ის სასარგებლოდ ძირითადი ვალის 1300 ლარის და სარგებლის 986 ლარის, სულ 2356 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, კრედიტორ ზ---– ხ----ეს განემარტა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული, #2-4---- სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება #0-------------, კრედიტორი ზ---– ხ----ე, მოვალე ა-–---ი შ--–--–---–ი, მოთხოვნა 2356 ლარის გადახდა) სააღსრულებო ფურცელი წარმოებაში იქნა მიღებული 31.12.2009 წელს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს, თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდება კრედიტორს, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის, რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.

 

კრედიტორ ზ---– ხ----ეს ასევე განემარტა, რომ შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს ამ შეტყობინების მიღებიდან ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი თვის ვადაში ეცნობებინა ოფიციალურად სურდა თუ არა სააღსრულებო წარმოების ერთი წლით გაგრძელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი (ს.ფ. 19-20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630- 593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მხარეს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომელიც `მიუღებელია~ ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხრის უსაფუძვლო გამდიდრება. ზიანის ანაზღაურების უმნიშვნელოვანეს დათქმას უსაფუძვლო გამდიდრების აკრძალვა წარმოადგენს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.

 

მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ---– ხ----ე ითხოვს, სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან, კერძოდ, 1999 წლიდან, მოპასუხე ა-–---ი შ--–--–---–ისთვის ყოველთვიური 5%-ის დაკისრებას, რაც შეადგენს ყოველთვიურ 117.80 ლარს და წლიურ 1413.60 ლარს. ოცი წლის განმავლობაში აღნიშნულმა თანხამ შეადგინა 28 272 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეუძლებლობა არ განაპირობებს 1999 წლიდან 20 წლის განმავლობაში, მოპასუხე მხარისთვის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის ა-–---ი შ--–--–---–ისთვის დაკისრებას, ვინაიდან აღნიშნული ზიანი გონივრული ვარაუდის ფარგლებში, არ იყო მოსალოდნელი მოსარჩელე ზ---– ხ----ისთვის, ამასთან იმ გარემოების ცალსახა დადასტურება, რომ სასამართლოს მიერ 1999 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლით ა-–---ი შ--–--–---–ისთვის დაკისრებული თანხის მიღების შემთხვევაში, მოსარჩელე ზ---– ხ----ე მას ყოველთვიურად, 5%-იანი სარგებლით გაასესხება ოცი განმავლობაში, არსებული მოცემულობის გათვალისწინებით შეუძლებელია.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ზ---– ხ----ეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ზ---– ხ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამასთან, მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, მხარეებს არ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ---– ხ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე