გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/26745-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - ლ------ თ----------
წარმომადგენელი - ი------------–-–---–ი
მოპასუხე - მ----- გ---------ე
წარმომადგენელი - ენ--------------ე
დავის საგანი : სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დადგენილ იქნეს ლ------ თ----------ს მიერ მ----- გ---------ის მიმართ, 2017 წლის 30 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 30 მაისს, მ----- გ---------ეს და ლ------ თ----------ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ----- გ---------ემ მ----- თ----------ს ასესხა 25 000 ლარი. სესხი იყო სარგებლიანი, თვეში 3%-ის დარიცხვით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე, ხოლო სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ლ------ თ----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–--ში, უ-------------ის ქ. #6. ამასთან, მოსარჩელე კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ დათქმუ დროს იხდიდა პროცენტს. ამას დადასტურებს ის გარემოებაც, რომ მ----- გ---------ემ მოსარჩელეს ხელშეკრულების ვადა გაუგრძელა 2018 წლის 31 იანვრამდე.
2018 წლის 04 ივლისს, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსმა ელ-----–----–---–-ა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც ლ------ თ----------ს დაეკისრა თანხის გადახდა კრედიტორ მ----- გ---------ის სასარგებლოდ, სესხის ძირი თანხის 25000 ლარის, საპროცენტო სარგებლის 3000 ლარის, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის 126.72 ლარის ოდენობით, რომლის საფუძველზეც კერძო აღმასრულებელმა გი----------ა დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება.
მოსარჩელის წარმომადგენელმა, სარჩელში ასევე მიუთითა, რომ ლ------ თ----------მ 16.08.2018 წელს განახორციელა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ძირი თანხის 25 000 ლარის და საპროცენტო სარგებლის 3000 ლარის გადახდა. მან ამ გადახდის განხორციელების მიზნით, ისარგებლა გადახდის აპარატით 2018 წლის 16 აგვისტოს 15:00 საათზე, მოწმე მ----- ბ--------ესთან ერთად, რომელიც ამავდროულად შუამავალი იყო. ჯერ ჩარიცხა 100 ლარი, 2-3 წუთში 900 ლარი და მიყოლებით ჯამში 28 000 ლარი (25 000 ლარი ძირი თანხა და 300 ლარი საპროცენტო სარგებელი). აღმოჩნდა, რომ სწრაფი გადახდის აპარატში გათავდა ქვითარი და პირველი ორი ქვითრის გარდა, აპარატმა სხვა ქვითარი აღარ დაბეჭდა. ლ------ თ----------მ ჩარიცხვის მომენტში დაინახა, რომ ქვითრებს ბეჭდავდა, აღარ გადაამოწმა და საბოლოო ჯამში თანხის გადარიცხვის შემდგომ ნახა, რომ აპარატმა დაბეჭდა მხოლოდ ორი ქვითარი, 100 ლარიანი და 900 ლარიანი.
ვინაიდან, კრედიტორმა მ----- გ---------ემ უარი განაცხადა ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე, მოსარჩელემ ხელახლა უნდა გადაიხადოს 28 000 ლარი ან დაკარგოს ერთადერთი, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ----- გ---------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ლ------ თ----------ს მისთვის ნამდვილად გადახდილი აქვს ჯამში 1000 ლარი (100 ლარი +900 ლარი), რაც შეეხება დარჩენილ ვალდებულებას, ლ------ თ----------ს ის არ შეუსრულებია. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 30 მაისს, ლ------ თ----------ს და მ----- გ---------ეს შორის დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მ----- გ---------ემ ლ------ თ----------ს ასესხა 25 000 ლარი, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 3%-ს დარიცხვით, 6 თვის ვადით.
სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ლ------ თ----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–--ში, უ-------------ის ქ. #6, საკადასტრო კოდი #0-----------------------.
31.01.2018 წელს, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შესახებ, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა 30.05.2017 წლის ხელშეკრულებაში, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 ივლისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.05.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-27);
- 31.01.2018 წლის შეთანხმება (ს.ფ. 28-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 04.07.2018 წელს, კრედიტორ მ----- გ---------ის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა ელ-----–----–---–-ა გასცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე ლ------ თ----------ს მიმართ, 30.05.2017 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით.
აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით, შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: ძირითადი ვალდებულება 25 000 ლარი, საპროცენტო სარგებელი 3 000 ლარი, აღსრულების ხარჯი 126.72 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.07.2018 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 30-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. კერძო აღმასრულებელ გი----------ს 10.07.2018 წლის #A---------------- გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების თანახმად, მოვალე ლ------ თ----------ს განესაზღვრა 7 დღის ვადა, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღმასრულებლის 10.07.2018 წლის # A---------------- წინადადება (ს.ფ. 32-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე ლ------ თ----------ს მიერ 30.05.2017 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულების შესრულების მიზნით, მ----- გ---------ისთვის გადარიცხული აქვს 2018 წლის 16 აგვისტოს ჯამში 1000 ლარი (900 ლარი და 100 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითარი (ს.ფ. 35);
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 76);
- მხარეთა ახსნა-განმარტება -იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
3.2. საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლ------ თ----------მ, 30.05.2017 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ფულადი ვალდებულება დავალიანების ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტისათვის შეადგენს ძირი თანხის სახით 25 000 ლარს და საპროცენტო სარგებლის სახით 3000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე არ უარყოფს მოსარჩელე ლ------ თ----------ს მიერ ვალდებულების ნაწილის, ეტაპობრივად, 900 ლარის და 100 ლარის, მთლიანობაში 1000 ლარის ოდენობით შესრულების ფაქტს. რაც შეეხება ვალდებულების დარჩენილ ნაწილს, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, რომ შესრულებული აქვს, თუმცა ვერ ადასტურებს, რადგან ,,ფეი ბოქსის“ აპარატის ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით, ვერ წარმოადგენს გადახდის ქვითრებს, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა და მიუთითა, რომ მოსარჩელეს ვალდებულება ამ ნაწილში შესრულებული არ აქვს, შესაბამისად ვერც გადახდის ქვითრებს წარმოადგენს. სარჩელის სასამართლოში წარმოდგენას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი - ვალდებულების შესრულების გაჭიანურება.
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გარემოება მოპასუხემ სადავო გახადა, მოსარჩელეს მისი მტკიცების ფარგლებში არსებული გარემოება, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, შესაბამისი არგუმენტებით და წერილობითი მტკიცებულებებით უნდა გაემყარებინა. მეტიც, თავად მოპასუხე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი იქნა სს ,,სა---------–---------ს“ ანგარიშიდან ამონაწერი, რომლითაც ცალსახად დასტურდება მხოლოდ 900 და 100 ლარის ანგარიშზე შეტანის ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნული თანხების გარდა, ანგარიშზე 0106.2018 წლიდან 09.11.2018 წლამდე ფულადი თანხის შეტანა, რომელსაც მიუთითებს მოსარჩელე მხარე არ ფისირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.05.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-27);
- 31.01.2018 წლის შეთანხმება (ს.ფ. 28-29);
- 04.07.2018 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 30-31);
- აღმასრულებლის 10.07.2018 წლის # A---------------- წინადადება (ს.ფ. 32-33);
- გადახდის ქვითარი (ს.ფ. 35);
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 76);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე და 624-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, 2017 წლის 30 მაისს, ლ------ თ----------ს და მ----- გ---------ეს შორის დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მ----- გ---------ემ ლ------ თ----------ს ასესხა 25 000 ლარი, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 3%-ს დარიცხვით, 6 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ლ------ თ----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–--ში, უ-------------ის ქ. #6, საკადასტრო კოდი #0-----------------------. 31.01.2018 წელს, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შესახებ, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა 30.05.2017 წლის ხელშეკრულებაში, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 ივლისი. 04.07.2018 წელს, კრედიტორ მ----- გ---------ის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა ელ-----–----–---–-ა გასცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე ლ------ თ----------ს მიმართ, 30.05.2017 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით, რომლის საფუძველზეც კერძო აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება.
ასევე დადგენილი გარემოებაა, რომ მოსარჩელე ლ------ თ----------ს მიერ 30.05.2017 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულების შესრულების მიზნით, მ----- გ---------ისთვის გადარიცხული აქვს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ 2018 წლის 16 აგვისტოს ჯამში 1000 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
წარმოდგენილ შემთხვევაში, როგორც უკვე მითითებული იქნა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს დავალიანების ძირ თანხას 25 000 ლარს და საპროცენტო სარგებელს 3000 ლარს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, მოსარჩელე ლ------ თ----------მ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების ფარგლებში არსებული გარემოების, მის მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის ნაწილში, მის მიერ ვალდებულების შესრულება სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტამდე. შესაბამისად, ვინაიდან სადავოს წარმოადგენს სწორედ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მონეტისათვის ფულადი ვალდებულების მოცულობა და სისწორე, სასამართლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ გადახდილი თანხის 1000 ლარის გათვალისწინებას ვალდებულების შემცირების კუთხით მხედველობაში ვერ მიიღებს, თუმცაღა აღნიშნული თანხა (1000 ლარი) უნდა გამოაკლდეს სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალის - ლ------ თ----------ს ფულადი ვალდებულების მოცულობას.
აღნიშნულის შესაბამისად, არ არსებობს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელში შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის ცვლილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ლ------ თ----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 890 (840 ლარს + 50 ლარი) ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ელ-----–----–---–-ს მიერ 04.07.2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №1-------- აღსრულება.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე ლ------ თ----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ელ-----–----–---–-ს მიერ 04.07.2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №1-------- აღსრულება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე